"არიქა, ქართველები მოდიან!" - აფხაზი სეპარატისტების პანიკური შეტევა და ანეკდოტი: სტრაიკბოლის მოთამაშეები ქართული სპეცრაზმი ეგონათ
მგელი მოდის, მგელიო - ასე გამოუვიდათ ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტთა ლიდერებს მას შემდეგ, რაც გუშინდელი დღიდან პანიკური ინფორმაციების გავრცელება დაიწყეს.
"აფხაზეთში შვიდ შეიარაღებულ ადამიანს ეძებენ", - ამის შესახებ განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი - რობერტ კიუტი ავრცელებს.
მისი თქმით, გულრიფშის რაიონში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურები შეიარაღებული ადამიანების ჯგუფს ეძებენ მას შემდეგ, რაც ისინი ადგილობრივმა მონადირეებმა შეამჩნიეს.

კიუტმა აღნიშნა, რომ მონადირეების ცნობით, შეიარაღებული ადამიანების ჯგუფს რამე საიდენტიფიკაციო ნიშნები არ გააჩნდა.
“ისინი უცხოური იარაღით იყვნენ შეიარაღებულები, სავარაუდოდ, М4 შაშხანებით, შავ ფორმაში, ნიღბებით, ჩაფხუტებით, კარგად ეკიპირებულნი. მათ, ასევე, დრონი გააჩნდათ, რომელიც ტერიტორიაზე დაფრინავდა,” - განაცხადა კიუტმა, რომელსაც აფხაზური "სპუტნიკი" ციტირებს.
კიუტმა, ასევე, აღნიშნა, რომ სოხუმამდე ყველა მისასვლელი გადაკეტილია“.
რუს პროპაგანდისტებსაც მეტი რა უნდოდათ და იმავე დღის 8 ნოემბერს, საღამოს 10:02 საათზე (მოსკოვის დროით), თვით ვლადიმერ სოლოვიოვმა (ალბათ, ყველაზე აგრესიული პუტინის მხარდამჭერი პროპაგანდისტი) თავის ტელეგრამ-არხზე სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა - „აფხაზეთში საქართველოდან შევიდა 50 კაცამდე დივერსიული ჯგუფი. მიზანი - სოხუმის აეროპორტის წინააღმდეგ ტერაქტის განხორციელება“...

მოკლედ, 8-9 ნოემბრის ღამით მაგრად „გადარჩენილა“ ჩვენი საქართველო, რადგან კინაღამ ახალი ომის წამოწყება დაგვაბრალეს...
და იცით, რატომ?
იმიტომ, რომ ვიღაც მთვრალ აფხაზ მონადირეებს, გულრიფშის ტყეში პლასტმასისტყვიებიანი აირსოფტის ავტომატებით მოთამაშე მოზარდები... ქართველების სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფად მოეჩვენათ - ამაზე სოციალურ ქსელებში თავად აფხაზეთის მაცხოვრებლები მასობრივად წერენ - ალბათ იმიტომ, რომ ხელში ამერიკული M4 ტიპის ავტომატური კარაბინის მსგავსი იარაღები დაუნახესო...
არადა, სტრაიკბოლის თამაშისას ერთმანეთს 6 მმ დიამეტრის პლასტმასის ტყვიებს სწორედ ისეთი იარაღებიდან ესვრიან, რომლებსაც შორიდან ნამდვილისგან მართლაც ვერ გაარჩევ...
თავის სირცხვილს სოხუმელი სეპარატისტები მხოლოდ დღეს, 9 ნოემბრის დილას მიხვდნენ და ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის დაწყნარება სცადეს - აფხაზეთში დივერსანტების შემოღწევის ინფორმაცია არ დადასტურდაო. ხოლო პროპაგანდისტმა სოლოვიოვმა სასწრაფოდ წაშალა თავისი ტელეგრამ-არხიდან „ქართველი დივერსანტების სოხუმის აეროპორტზე ტერორისტული თავდასხმის მცდელობის“ სენსაციური ინფორმაცია...

რა უნდათ, რას გვერჩიან?
დღეს ხომ საქართველო, არათუ რეგიონში, არამედ - მთელ მსოფლიოშიც ყველაზე უწყინარი და მშვიდობისმოყვარული ქვეყანაა, რომლის ხელისუფლება შინ და გარეთ ყველას გასაგონად შეუჩერებლივ გაჰყვირის - არ მინდა ომი, ომში საქართველოს არ ჩაგართვევინებთო...
ისე კი, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მოქმედი ადგილობრივი სეპარატისტული ლიდერების შიში, თუგინდ პლასტმასის ტყვიების მსროლელი ავტომატებით მოთამაშეების გამოჩენაზე, გასაგებია, რადგან ისინი ქვეცნობიერად მუდმივად გრძნობენ, რომ ადრე თუ გვიან მათ და მათ შთამომავლებს მოუწევთ პასუხისგება იმისთვის, რაც ოკუპანტი რუსეთის კალთისქვეშ ქართველების და მთლიანად საქართველოს წინააღმდეგ ჩაიდინეს და სჩადიან...