"ჰოლივუდი, მოდის სამყარო, საპროდიუსერო საქმიანობა... - ყველაფერს გავეცანი. ამერიკაში ყოფნის პერიოდში ბევრს ვფიქრობდი, თუ როგორ უნდა მემოქმედა საქართველოში ჩამოსულს"
რას გეგმავს მსოფლიო მოქალაქე საქართველოში - „ჩემი მიზანია მსოფლიო უკეთესობისკენ შევცვალო“
ნიკოლოზ ბარტყულაშვილი, იგივე ნიქს ენერგი მსოფლიო მოქალაქეა. წლების განმავლობაში, ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასაადგილებლად, სხვადასხვა საშუალებას იყენებდა: თვითმფრინავი, ავტობუსი, მანქანა, გემი, ველოსიპედი, ცხენი, სპილო, აქლემი... დასახულ მიზნამდე მისაღწევად, საკმაოდ დიდი მანძილი ფეხითაც უვლია და თანაც, ყველანაირ ამინდსა თუ სეზონზე. 29 წლის ასაკში უკვე 106 ქვეყანა ჰქონდა მოვლილი, დღეს კი ეს რიცხვი 182-მდეა გაზრდილი. 37 წლის მოგზაური ბოლო 4 წელი ამერიკაში იმყოფებოდა. ამ შემოდგომაზე სამშობლოში ჩამოვიდა. ამბობს, რომ მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლა სურს და ამ მიზნის შესასრულებლად უახლოეს მომავალში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებს.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"ჩემი გეგმა და მიზანია მსოფლიო უკეთესობისკენ შევცვალო. ჩემთვის პრორიტეტია ჯანმრთელი ცხოვრების წესი, სიკეთე და ზრდილობა. ამერიკა დიდი მასშტაბის ქვეყანაა, საიდანაც მსოფლიოს დიდი ნაწილი კონტროლდება. ჩემი სურვილი იყო, იქ ყველა სფერო შემესწავლა, რაზეც დგას და რითაც სუნთქავს ქვეყანა. ნასა, ამერიკის სამხედრო სისტემა, მშენებლობა, უძრავი ქონება, სატრანსპორტო სფერო, საინფორმაციო სამყარო, ჰოლივუდი, მოდის სამყარო, საპროდიუსერო საქმიანობა... - ყველაფერს გავეცანი. ამერიკაში ყოფნის პერიოდში ბევრს ვფიქრობდი, თუ როგორ უნდა მემოქმედა საქართველოში ჩამოსულს..."
"ქართველებში არის ის მთავარი გენეტიკური კოდი, რითაც ჩვენ მსოფლიოსთვის მაგალითი უნდა ვიყოთ. არ მოვუსმინთ მათ, ვინც გვეუბნება, რომ რომელიღაც დასავლეთის „ფინტიკრუშკა“ ქვეყნიდან რაღაც უნდა ვისწავლოთ, მაგალითი ავიღოთ, პირიქით, მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ ჩვენგან ისწავლოს..."
"საერთოდ, საკუთარი ქვეყნიდან გასული ადამიანი რადიკალურად იცვლება, სტილით, გონებით. სხვა ქვეყანაში მყოფი უფრო მეტად აფასებენ საქართველოსა და ქართველობას. მაქსიმალურად ჩაჭიდებულები არიან თავიანთი იდენტობის შენარჩუნებას, ისევე როგორც საქართველოში დატოვებულ სახლ-კარსა და ნათესავებს..."
"ვცდილობ ჩემი იდეოლოგიის ხალხი ვიპოვო, მათ აზრები გავუზიარო და სამომავლოდ შემოვიკრიბო. ამ შემთხვევაში ჩემთვის კიდევ ერთი პრიორიტეტული თემა ჯანმრთელობაა და მინდა ამას ხაზი გავუსვა: სადაც ჩვენ დავიბადეთ და გავიზარდეთ, დედამიწის იმ ადგილს ვართ „მიწებებული“. შესაბამისად, ჩვენს მიწაზე მოყვანილი პროდუქტი არის ჩვენი ორგანიზმისთვის სასარგებლო და მკურნალიც..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 9 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.
ანა კალანდაძე