"მამამ პირველად საკუთარი ნაშრომი გამოიტანა ქუჩაში გასაყიდად. შემდეგ უცნობმა ქალმა სთხოვა - იქნებ, ჩემი წიგნი ჩაიბაროთო" - ვინ არის ქალაქის პირველი ბუკინისტი, რომელიც საკუთარ თავს წიგნთუხუცესს უწოდებს
ჩვენი ქალაქის პირველი ბუკინისტი, რომელიც საკუთარ თავს წიგნთუხუცესს უწოდებს
როდესაც თენგიზ თაქთაქიშვილის ცხოვრებისეული დეტალები გავიგე, იოსებ გრიშაშვილი გამახსენდა, რაღაცით ჰგავს მას - ორივე ობლობაში გაიზარდა, სკოლაში სათანადო განათლება ვერ მიიღო, წიგნთან კავშირი გვიან დაიწყო, მაგრამ ეს ურთიერთობა ორივემ უნიკალურ კავშირად აქცია...
ის არ არის მხოლოდ წიგნის ჩამბარებელი და გამყიდველი. თენგიზ თაქთაქიშვილიც და მისი შთამომავლებიც ერთგვარ კოლექციონერებად ჩამოყალიბდნენ. 1990-იან წლებში თენგიზ თაქთაქიშვილმა ბუკინისტობა პირველმა დაიწყო, მერე აჰყვნენ სხვები და ბუკინისტობა ერთგვარ პროფესიად აქციეს. მისი თაობის ბუკინისტები დღეს ცოცხლები აღარ არიან, ბატონი თენგიზი კი ავად არის. მე მის შვილს - ცოტნე თაქთაქიშვილს გავესაუბრე, რომელიც ერთობ საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა.
- მერე რა, რომ კითხვა გვიან დაიწყო, სამაგიეროდ, ისე მჭიდროდ გადაიჭდო წიგნისა და მამის (თენგიზ თაქთაქიშვილის) ურთიერთობა, რომ ფილოლოგიც გახდა, მწერალთა კავშირის წევრიც იყო და მის მიერ მოგროვილი უნიკალური წიგნები ეროვნულ მუზეუმსა და ხელნაწერთა მუზეუმში არის დაცული.
1992-93 წლებია, მე პატარა ბიჭი ვარ იმხანად, საკმაოდ ხელმომჭირნედ ვცხოვრობდით და ამ წლებმა კიდევ მეტად დაგვაზარალა, სკოლიდან გამოუშვეს მამა... მანამდე, მწერალთა კავშირის დაფინანსებით, საკუთარი წიგნი ჰქონდა დასტამბული; ადგა და ქუჩაში საკუთარი ნაშრომი გამოიტანა გასაყიდად. შემდეგ უცნობმა ქალმა სთხოვა, იქნებ ჩემი წიგნი ჩაიბაროთო... მოკლედ, სხვა ავტორების წიგნებიც შეიძინა და ბუკინისტობა მის ცხოვრებაში თავისთავად დაიწყო.
ბუკინისტურ წიგნად, რევოლუციამდე გამოსული წიგნები ითვლებოდა. ბუკინისტები ნაკითხი ხალხი იყო, განათლებულები, წიგნის შერჩევა შეეძლოთ, დღეს ცოტა სხვაგვარადაა... თენგიზ თაქთაქიშვილი საკუთარ თავს წიგნთუხუცესს უწოდებს, მისი ოჯახის წევრები, რომლებმაც ეს პროფესია მემკვიდრეობით მივიღეთ, კოლექციონერებად უფრო ვთვლით თავს...
- ცოტნე, წლების წინ ხალხი წუხდა, ამბობდნენ, ისე გაუჭირდა, წიგნი გაყიდაო. დღეს თითქოს ასე არ არის, მხოლოდ გასაყიდად და მატერიალური სიდუხჭირის გამო არ მიაქვს ხალხს წიგნები ბუკინისტთან. დღეს, თითქოს პრაგმატული დამოკიდებულებაცაა ყველაფრის მიმართ და მათ შორის - წიგნების მიმართაც. ვგულისხმობ, წაიკითხა და მორჩა, იცის ეს წიგნი და თითქოს აღარ არის საჭირო მისი შენახვა...
- თუ ასეა, ეს ცოტა მაკვირვებს. დღეს, თითქოს დემორალიზებულია წიგნის კითხვა, არ ევალება მოსწავლეს, გაარჩიოს, გააანალიზოს... წაკითხული წიგნი რაღა საჭიროა? წიგნს გაშორდა იდუმალება, დაირღვა ურთიერთობა მასსა და ადამიანს შორის. ამას ვამბობ იმიტომ, რომ თუ წიგნის ფასი ვიცი, თუ რაღაც მომცა წიგნმა, დამყარდა ურთიერთობა ჩემსა და მას შორის, არ მესმის, როგორ უნდა შეველიო. როგორც ადამიანთან, ისე - წიგნთან, ვერ წყვეტ ურთიერთობას.
ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩვენ არ გაგვიყიდია წიგნები. ერთი ასეთი ამბავიც დაგვემართა. რამდენიმე წლის წინ, მატერიალური სიდუხჭირის გამო, მამამ უნიკალური წიგნი გაყიდა... რამდენიმე დღე ნერვიულობდა, ცუდად იყო, ექიმმა დიაბეტი დაუდგინა, დაავადდა დარდისგან...
- ცოტნე, აქვე ისიც უნდა გკითხოთ, დღეს ყველაფერს ელექტრო-ვერსია ანაცვლებს. როგორ ფიქრობთ, ნაბეჭდ წიგნს ოდესმე სრულად ჩაანაცვლებს კომპიუტერული ვერსია?
- ეგ პროცესი რომ დაიწყო, მამა წუხდა, ინტერნეტი ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის საშუალებაა. ბუმბერაზი კლასიკოსები ინტერნეტში როგორ უნდა წაიკითხოო...
მე კი ვფიქრობ, რომ ელექტრონული წიგნები, ალბათ, რაღაც დოზით ჩაანაცვლებს ნაბეჭდს და ეს პროცესი სახეზეა უკვე.
წარმოვიდგინე, ვმოძრაობ, სადღაც დავდივარ და თან დამაქვს მთელი ჩემი ბიბლიოთეკა. როგორი მარტივია, ერთი შეხედვით, პრაქტიკულია, მით უფრო - სტუდენტებისთვის. პირადად მე არ დავგმობ ამ პროცესს, მაგრამ ნაბეჭდ წიგნთან შედარება, მასთან შეხება სხვაგვარი შეგრძნებაა. სხვანაირად იღებ ინფორმაციას. უშუალო, თითქოს ცოცხალი კონტაქტი გაქვს.
სხვა მხრივ, შესაძლოა, ბუკინისტების მუშაობის შემცირება გამოიწვიოს. გულწრფელად გეტყვით, დღეს ჯერ კიდევ იმით ვსუნთქავთ ბუკინისტები, რომ ისეთი წიგნები გვაქვს, რომლის ელექტრონული ვერსია ან არასრულად, ანაც - საერთოდ არ არსებობს. ყოფილა შემთხვევა, „მეშოკით“ მოუტანია ქალს წიგნები... მთელი დღე გადის თითოეულ წიგნთან კონტაქტში, მტვრის გადაწმენდაში, მისგან ინფორმაციის მიღებაში...
ვიდრე ინტერვიუს დავიწყებდით, ერთმა დამირეკა, ჩუბინიშვილის წიგნს ეძებდა, რამდენიმე ადგილას უთქვამთ, ინტერესი არ არის და ჩამოვწერეთო და თქვენ არ გაქვთო? როგორ ფიქრობთ, სად მიდის ეს ჩამოწერილი წიგნები? - ალბათ, მაკულატურაში. როცა მაკულატურაში უნიკალური წიგნი ხვდება, ეს ხომ სავალალოა?
კარგი იქნებოდა, ფონდი გამოიყოს და მთელი რიგი იშვიათი წიგნების რებრენდინგი მოხდეს, რომ არ განადგურდეს, სამუდამოდ არ დაიკარგოს.
- შეუძლებელია ისე დაგემშვიდობოთ, რომ იმ გარემოზე არ გკითხოთ, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ. ძალიან ლამაზი და მყუდრო ადგილია...
- სამწუხაროდ, დღესაც ხელმომჭირნედ ვცხოვრობთ, მაგრამ გაცილებით დიდი სივრცე რომ მქონდეს, გარეთ აღარ დავდგებოდი, მეტროსთან. ყველა წიგნს ერთ სივრცეში მოვათავსებდი. სადაც ჩვენ ვართ, აქ ყველა წიგნი არ ეტევა, თუმცა მამას ოცნება იყო, ბუკინისტური მაღაზია გვქონოდა და ეს შევძელით. მერე თავად მომხმარებელმა მოგვთხოვა დასვენების და თან - ცხელი სასმელების შესათავაზებელი გარემოც ყოფილიყო და ასე მოვედით აქამდე. ამჟამად ამ მცირე სივრცეში ორი სფერო გვაქვს გაერთიანებული. ჩემი მეუღლე მხატვარია და ეს გარემო საკუთარი ხელით შევქმენით. ეზოს გარშემო ნერგებიც კი ჩვენი ხელით დავრგეთ. ხელნაკეთი ნივთებიც დავამატეთ.
აქ მომსვლელს შეუძლია წიგნები მთელი დღე ათვალიეროს ან იკითხოს. თუ სურვილი აქვს, ცხელი სასმელები შეუკვეთოს... არ არის ვალდებულება, რაიმე შეიძინოს. არავინ შეაწუხებს, არაფერში ვზღუდავთ. წიგნთან ურთიერთობის მეტ დროს ვაძლევთ...
ვისთვის - როგორ, მაგრამ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის წიგნი გასაყიდ ნივთზე მეტია, მკითხველი ადამიანი კი - მომხმარებელზე მეტი.
ესაუბრა ჟურნალისტი ნინო ცხვარაშვილი