"ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება და შემდგომი ეტაპები, დამოკიდებულია უსაფრთხოების გარემოზე, პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეალობაზე" - კვირის პალიტრა

"ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება და შემდგომი ეტაპები, დამოკიდებულია უსაფრთხოების გარემოზე, პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეალობაზე"

მოლაპარაკებების დაწყება და შემდგომი ეტაპები, რა როდის იქნება, დამოკიდებულია უსაფრთხოების გარემოზე, პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეალობაზე - ველოდებით მეტ სიცხადეს, მნიშვნელოვანია, არსებობდეს საგზაო რუკა, რეფორმების გეგმა და კონკრეტული თარიღები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის განცხადებით, ის, რომ 12 რეკომენდაციიდან საკითხები მეორდება 9 დათქმაში დაკავშირებულია იმასთან, რომ ევროპული რეფორმები ერთწლიანი საქმე არ არის.

„პირობები, რეფორმები და დათქმები, რომელზეც ევროკავშირმა გახსნა დისკუსია ანგარიშის გამოქვეყნების შემდგომ არის მომავალზე ორიენტირებული სამუშაო და თუ რომელიმე რეკომენდაცია (12 - დან) კვლავ არის მოცემული ამ დათქმებში, არის იმიტომ, რომ მაგალითად, საპარლამენტო არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა, უნდა ჩატარდეს მომავალ წელს. შესაბამისად, ამის ამოღება არალოგიკური იქნებოდა. პირიქით, ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ რეკომენდაციები, რომელიც დროში არის მომავალ წელს შესასრულებელი, მივიყვანოთ ბოლომდე და შევასრულოთ პასუხისმგებლობიანად. ნუ შეიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში, რომ თითქოს ევროინტეგრაცია და ევროპული რეფორმები არის ერთწლიანი საქმე, რომელიც თითქოს დღეს დასრულდა ამ ანგარიშის გამოქვეყნებით და ახლა საქართველო მოლოდინის რეჟიმში გადავიდეს და მიიღოს კანდიდატის სტატუსი და მერე მომავალში საჩუქრად უნდა მიიღოს წევრობა. ევროინტეგრაციის პროცესი გრძელდება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

კითხვაზე, რა პერიოდში იქნება შესაძლებელი პირობების შესრულება და მოლაპარაკების ეტაპზე გადასვლა, თალაკვაძე ამბობს, რომ ეს დამოკიდებულია შიდა და გარე ფაქტორებზე და „ჰაერზე ცარიელ განცხადებებს ვერ გააკეთებენ, ეს მოხდება მომავალი წლის მაისში თუ კიდევ ორი წლის შემდეგ".

„დაახლოებით რა ვადა დასჭირდება, კარგი შეკითხვაა, საზოგადოებას აინტერესებს - მოლაპარაკებების დაწყება, გაწევრიანების პროცესი და შემდგომი ეტაპი, რა როდის იქნება. ამაზე არსებობს შემდეგი პასუხი - ეს დამოკიდებულია უსაფრთხოების გარემოზე, პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეალობაზე, რომელიც არის დიდ რეგიონში, სადაც საქართველო იმყოფება და იმ გეოპოლიტიკურ კონტექსტზე, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას გავატაროთ რეფორმები თუ ხელს გვიშლის, რომ სწრაფად გავატაროთ. უსაფრთხოების გარემო ამას იმიტომ ებმება, რომ როცა საქართველოს შიდა და გარე მტრები გააქტიურებულები არიან საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ და რის მაგალითებიც ვნახეთ, როცა აშშ-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია თავის კანონზე დაყრდნობით, როგორ იხდიდნენ ფულს, რომ დაებლოკათ სტატუსი, გამოქვეყნდა ლობისტების სიაც, ვინც ამის წინააღმდეგ მუშაობდა. ეს არის ზუსტად უსაფრთხოების ნაწილი, ამიტომ რამდენადაც საშუალებას მოგვცემს გარე და შიდა პოლიტიკური ფაქტორები, ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადავიდეს საქართველო შემდეგ ეტაპებზე და რაც შეიძლება მალე გახდეს ევროკავშირის წევრი. 10 წლის განმავლობაში ხალხის მხარდაჭერით მივაღწიეთ ასოცირების ხელშეკრულებას, უვიზო რეჟიმს, თავისუფალ ვაჭრობას, ევროპულ პერსპექტივას და ახლა დეკემბერში ველით სტატუსს, აქედან შეიძლება შევიქმნათ წარმოდგენა მომავალ პროგრესთან დაკავშირებით, თუ როდის დადგება ის მომენტი, როცა ევროპა მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით. სრულიად შესაძლებელია დადგეს დრო ახლო მომავალში, როცა გაწევრიანებაზე საქართველოსთან დაკავშირებით იქნება გადაწყვეტილებები მიღებული. გაწევრიანებას და მოლაპარაკების დაწყებას ნუ ავურევთ ერთმანეთში. მოლაპარაკებებში არიან წლების განმავლობაში, მაგალითად თურქეთი.

ჩვენ საზოგადოება არ გვინდა შევიყვანოთ შეცდომაში, ჩვენ ვართ ხელისუფლება და ჰაერზე ცარიელ განცხადებებს ვერ გავაკეთებთ, რომ ეს მოხდება მომავალი წლის მაისში თუ კიდევ ორი წლის შემდეგ, რადგან ეს დამოკიდებულია საგარეო, საშინაო ფაქტორებზე და ევროპაში არსებულ პოლიტიკურ რეალობაზე, რამაც ამ შემთხვევაში ევროკავშირს მისცა შესაძლებლობა მიეღო სწრაფი გადაწყვეტილებები ჩვენს ქვეყნებთან დაკავშირებით. თუმცა, რამდენიმე წლის წინ ეს გადაწყვეტილებები ასე მოკლე დროში არ იყო ნავარაუდევი. გახსოვთ, 2024 წელს გეგმავდა ასოცირებული ტრიო -ჩვენ, უკრაინა და მოლდოვა განაცხადის შეტანას,"- განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძე აღნიშნავს, რომ ევროკავშირისგან ელოდებიან უფრო მეტ სიცხადეს თარიღებთან დაკავშირებით. მისი თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებით არსებობდეს მკაფიო საგზაო რუკა, რეფორმების გეგმა და კონკრეტული თარიღები.

„დათქმები, პირობები და მკაფიო საგზაო რუკა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება და რაზეც არაერთხელ მიგვიმართავს პარტნიორებისთვის. კარგია, რომ საქართველოსთვის ამ საგზაო რუკის მონახაზი უკვე არსებობს. დამატებითი პირობები შემდგომ რეფორმებთან დაკავშირებით არის ამ საგზაო რუკის შინაარსობრივი ნაწილი, ჩვენ ჩვენი მხრიდან მივესალმებით ნებისმიერ საქმიან პირობას, რეკომენდაციას, რომელიც დაგვეხმარება, რომ საქართველო გახდეს კიდევ უფრო ძლიერი დემოკრატია, ეკონომიკა და კიდევ უფრო ძლიერი პარტნიორი ევროკავშირის. ასევე, ველოდებით უფრო მეტ სიცხადეს თარიღებთან დაკავშირებით, არამარტო საქართველოსთან, არამედ უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებით, ვინაიდან ასოცირებული ტრიოსთვის მნიშვნელოვანია არსებობდეს მკაფიო საგზაო რუკა, რეფორმების გეგმა და კონკრეტული თარიღები, თუ როდის რა ეტაპზე გადადიან ჩვენი ქვეყნები და როდის მოხდება გაწევრიანება იქნება პროგნოზირებადი", - განაცხადა თალაკვაძემ.

IPN