"ქართული სიმღერა ისე პოპულარული არასდროს ყოფილა, როგორც დღეს არის" - დავით ცინცაძის რჩევები მშობლებს - კვირის პალიტრა

"ქართული სიმღერა ისე პოპულარული არასდროს ყოფილა, როგორც დღეს არის" - დავით ცინცაძის რჩევები მშობლებს

ქართული ხალხური მუსიკა ეს ის სფეროა, რითაც ჩვენს ერს ნამდვილად აქვს საამაყო. როგორც მუსიკოსები აღნიშნავენ, ბოლო წლების განმავლობაში, ამ ხელოვნებისადმი ინტერესი განსაკუთრებით გაზრდილია. მუსიკალურ განათლებასთან დაკავშირებულ აქტუალურ კითხვებზე, ანსამბლის „შავნაბადა“ და ბავშვთა გუნდის „შავნაბადა“ ხელმძღვანელი, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ლექტორი, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტი, თბილისის ბავშვთა და ახალგაზრდული ფოლკლორული გუნდების ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით ცინცაძე პასუხობს:

- როგორ უნდა მივხვდეთ, ბავშვს სმენა აქვს თუ არა?

- ბავშვს მუსიკასთან პირველი შეხება მაშინ აქვს, როცა მას დედა „იავნანას“ უმღერის. ხშირად ისმის შეკითხვა, დედას თუ სმენა არ აქვს, რა ხდება ამ შემთხვევაში? მუსიკა კომუნიკაციის ერთ-ერთი ფორმაა და მნიშვნელობა არ აქვს დედას სმენას, მთავარია ბიორეზონანსული ველი, განცდების გულწრფელობა და შვილს ის გადასცეს, რასაც მშობელი გრძნობს და განიცდის. ამას არც საქართველოში ეძახიან სიმღერას და არც მსოფლიოში. „იავნანა“ არის ცალკე ჟანრი, რომელიც ინტონაციიდან არის აღმოცენებული, ისევე როგორც ჩვენი დიალოგია ინტონაციაზე დაფუძნებული. ეს ინტონაცია ნებისმიერ ბავშვს შეუძლია, ვისაც იოგები ემორჩილება. ანუ სიმღერის პირველი ფრაგმენტები ინტონაციაში ჩანს. თუ ბავშვს სურვილი აქვს თამაშისას, ან სხვა დროს ინოტნირებდეს და ეს მას სიამოვნებს, ე. ი. გონებას ნაპოვნი აქვს ის მთავარი წერტილი, რასაც ბგერისადმი ყურადღების მიქცევა ჰქვია. ედიშერ გარაყანიძე ამბობდა, უსმენო ადამიანი არ არსებობსო. ასეა, უბრალოდ ზოგს მეტად აქვს ბგერისადმი ინტერესი და ზოგს ნაკლებად. რასაკვირველია ბაზას მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მუსიკა და სიმღერა გამომუშავებადია. შეიძლება ყველა დიდი მომღერალი არ გამოვიდეს, მაგრამ სიმღერის შანსი ყველას ექნება და საამისოდ ინტენსიურად უნდა ხდებოდეს „დადებითი“ მუსიკის მოსმენა.

- რა ასაკიდან არის რეკომენდირებული ბავშვი სიმღერაზე შეყვანა?

- ბავშვს აქვს საეტაპო პერიოდები, ანუ გარდატეხის რამდენიმე ეტაპი. რასაკვირველია ეს ინდივიდუალურია, მაგრამ დაახლოებით 6-7 წლიდან ბავშვი სოციუმს აღიქვამს და მასში თავის ინდივიდს მეტად მკაფიოდ ხედავს. ამ დროს სირცხვილის გრძნობა მძაფრდება. ამიტომ ჩვენ ვირჩევთ ასეთ გზას: ვისაც სიმღერაზე მოსვლა სურს, გვირჩევნია 4 წლიდან მივიღოთ. ალბათ ყველა ზრდასრულ ადამიანს მიკროფონში ერთი სიტყვა მაინც აქვს ნათქვამი, რომლის დროსაც ჩვენი ხმა გვეხამუშება. როცა ბავშვი თავის ხმას ადრეული ასაკიდან ეჩვევა, სირცხვილის განცდას მარტივად გადალახავს ხოლმე და შემდეგში დისკომფორტის განცდა აღარ ექნება.

- ეს ეხება გოგონებსაც და ბიჭებსაც?

- დიახ, სიმღერის სწავლისა და მუსიკალური გონიერების თვალსაზრისით, ბიჭსა და გოგოს შორის განსხვავება არ არის. ამიტომ, გასაკვირი არ არის, თუ რატომ ვიღებთ სიმღერაზე 4 წლის ბავშვებს. პატარები თამაშ-თამაშში სწავლობენ ინტონაციას, ეჩვევიან თავიანთ ხმას, გარე სამყაროსთან კომუნიკაციას, მღერის კულტურას...

- რამდენად მდიდარია ქართული საბავშვო ფოლკლორი და პირველ ეტაპზე, პედაგოგები ბავშვებთან მუშაობას ამ ნიმუშების გაცნობით იწყებთ?

- ხალხურ სიმღერაში არსებობს საბავშვო რეპერტუარი, თუმცა მას საზოგადოების დიდი ნაწილი ნაკლებად იცნობს. ეს არ არის სასცენოდ მაღალღირებული ნიმუშები, რომელიც საზოგადოების აღფრთოვანებას იწვევს. საბავშო სიმღერები თამაშზეა აგებული: პატარა საფერხულოები, ტაშის დასაკრავი სიმღერები, მეტიც, „იავნანასა“ და „ნანების“ ჟანრში არის როგორც დასაძინებელი, ისე გასაღვიძებელი სიმღერები. ბავშვი პირველად ფეხზე რომ გაივლის, ისტორიულად შესაბამისი ნიმუშიც არსებობს. ეს მუსიკალურ-ინტონაციური გათამაშებები, ბავშვებს ბაზას უმზადებს იმისათვის, რომ მასზე რთული მუსიკალური ნიმუშები და პოლიფონიური თვალსაზრისით მსოფლიო კულტურისთვის მნიშვნელოვანი რეპერტუარი დაშენდეს.

- რას სწავლობს ბავშვი ხალხური სიმღერის შესრულებისას საბავშვო გუნდებში, რაც სხვაგან, ან ინდივიდუალურად სწავლებისას შეიძლება ვერ მოხერხდეს?

- სხვადასხვა სპორტში, ან ხელოვნების დარგში, ჯგუფების დაკომპლექტება ბავშვების წლების მიხედვით ხდება. ჩვენთან ანსამბლში ჯგუფების შედგენისას ეს საკითხი დომინანტი არ არის. მაგალითად, ბავშვთა ანსამბლში გვყავს ყველაზე დიდი 18 წლის წევრი, რომელიც ვერ წყდება ჩვეულ გარემოს, სამეგობროს და იქვეა 6 წლის ბავშვიც, რომლებიც ერთად დგანან სცენაზე და ასრულებენ „მრავალჟამიერს“. სხვადასხვა ასაკისგან დაკომპლექტებულ გუნდში, უფროსი უმცროსს უფრთხილდება და უმცროსი კი ცდილობს, უფროსისგან აიღოს სიმღერისა თუ ქცევის მაგალითი. საბავშვო ანსამბლში სიმღერის პერიოდი, მეც გავიარე და ძალიან კარგად მახსოვს, „პატარა“ თუ როგორ გავხდი „დიდი“ . იხილეთ სრულად