პუტინის საიდუმლო "თამაშები" - რაკეტების გარეშე დარჩენილი სომხეთი, დაშანტაჟებული ეგვიპტე და გაძარცვული ლუკაშენკო - კვირის პალიტრა

პუტინის საიდუმლო "თამაშები" - რაკეტების გარეშე დარჩენილი სომხეთი, დაშანტაჟებული ეგვიპტე და გაძარცვული ლუკაშენკო

"უკრაინასთან ომში სამხედრო ტექნიკის დიდი დანაკარგების გამო რუსეთი ცდილობს, წინა წლებში სხვა ქვეყნებში ექსპორტირებული ტექნიკა უკან დაიბრუნოს, გამოსყიდვის წესით. კერძოდ, მოსკოვს განზრახული აქვს ეგვიპტისაგან უკვე გაყიდული ვერტმფრენების ძრავები გამოისყიდოს ან სხვა პროდუქციით ჩაანაცვლოს“, - ნათქვამია ამერიკულ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის სათაურია - „მოსკოვი რუსული იარაღის მყიდველებს იარაღის უკან დაბრუნებას სთხოვს, თავისი სამხედრო არსენალის შესავსებად“ (ავტორები - თომას გროუვი და სამერ საიდი).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

რადგანაც რუსეთს სამხედრო ვეტმფრენების ასაწყობად ძრავების დიფიციტი აქვს, მოსკოვი იძულებულია, საბრძოლო ვერტმფრენების ის ძრავები გამოისყიდოს, რომლებიც ადრე პაკისტანს, ეგვიპტეს, ბრაზილიას და ბელარუსს მიჰყიდა. რუსეთს სურს, რომ უკრაინის ომში განცდილი დანაკარგები აინაზღაუროს და თავისი საავიაციო ქარხნები ვერტმფრენების ასაწყობად ძრავებით უზრუნველყოს.

რუსეთმა ათწლეულები მოახმარა იარაღით ვაჭრობის განვითარებას და ამ მხრივ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ბაზარი აითვისა (2021 წელს რუსეთმა იარაღის ექსპორტით 14,5 მილიარდი დოლარი მიიღო, რომელიც გასულ წელს 8 მილიარდამდე შემცირდა). ახლა კი რუსები საიდუმლოდ უბრუნდებიან თავიანთ ტრადიციულ კლიენტებს და ცდილობენ, უკან დაიბრუნონ ის, რაც ადრე გაყიდეს.

როგორც ცნობილია, რუსეთსა და ეგვიპტეს შორის მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა არსებობს. კრემლისათვის ეგვიპტე ძალზე მნიშვნელოვან სამხედრო დამკვეთს წარმოადგენს. 2014 წლიდან მხარეებმა მრავალმილიარდიანი კონტრაქტები გააფორმეს ვერტმფრენების, ავიაგამანადგურებლებისა და ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების (საზენიტო რაკეტების) მიწოდებისათვის. შარშან რუსეთმა ეგვიპტეს რაკეტების უკან დაბრუნება სთხოვა, მაგრამ ქაირომ სანქციების გამო უარი უთხრა. გაზაფხულზე კი რუსებმა ეგვიპტის პრეზიდენტს - აბდელ ფათაჰ ას-სისის სთხოვეს, რომ ამჯერად უკან დაებრუნებინა რუსული ვერტმფრენების - МИ-8-სა და МИ-17-ის ძრავები. რუსეთმა განაცხადა, რომ ამის სანაცვლოდ ეგვიპტეს არ გადაახდევინებდა წინა წლების განმავლობაში დაგროვილ ვალს (ანუ დავალიანებას ჩამოაწერდა) და გააგრძელებდა ეგვიპტისათვის მარცვლეულის მიწოდებას შეღავათიანი ფასით. და თუ ეგვიპტე ამჯერადაც უარს იტყოდა, რუსეთი დაიმუქრა, რომ ქვეყნიდან უკან გაიწვევდა თავის ასობით სამხედრო მრჩეველს და სპეციალისტს, შეზღუდავდა სამხედრო თანამშრომლობას.

ეგვიპტე გარიგებას დათანხმდა - როცა პრეზიდენტი აბდელ ფათაჰ ას-სისი აფრიკის ქვეყნების მეთაურების სანქტ-პეტერბურგში ვიზიტის დროს ვლადიმერ პუტინს შეხვდა, საკითხი საბოლოოდ გადაწყდა. The Wall Street Journal-ის ჟურნალისტებს სამმა წყარომ აცნობა, რომ ეგვიპტე რუსეთისათვის 150 ძრავის დაბრუნებას უკვე დეკემბერში დაიწყებს.

რუსებმა, ასევე, მიმართეს თხოვნით პაკისტანს МИ-35М-ის საბრძოლო ვერტმფრენის ოთხი ძრავის დაბრუნების თაობაზე (თუმცა პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო მსგავსი თხოვნის მიღება).

ბრაზილიას რუსეთმა წინა წლებში 12 ძრავა მიჰყიდა, მაგრამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უარი თქვა რუსეთის თხოვნის დაკმაყოფილებაზე, რადგან იცავს ომში ჩაურევლობის პრინციპს და არც ერთ მეომარ მხარეს საბრძოლო დანიშნულების მოწყობილობებს არ გაუგზავნის.

რაც შეეხება ბელარუსს, რუსეთს მასთან სამოკავშირეო ხელშეკრულება აქვს დადებული და, აქედან გამომდინარე, მინსკმა მოსკოვს არა მარტო ექვსი ძრავა, არამედ - მძიმე სატრანსპორტო ვერტმფრენები МИ-26-ებიც დაუბრუნა.

გარდა ამისა, რუსეთმა გააუქმა ცალკეულ ქვეყნებთან დადებული კონტრაქტები იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით, რადგან შეიარაღება თვითონ მას დასჭირდა. მაგალითად, სომხეთისათვის უნდა მიეწოდებინა რაკეტები ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების „გრადისა“ და „ურაგანისათვის“, მაგრამ არ გაუგზავნა და უკრაინასთან ომში გამოიყენა. როგორც ამბობენ, სომხებმა სწორედ იმიტომ ვერ გამოიყენეს „გრადები“ სექტემბერში (როცა აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ შეტევა დაიწყო), რადგან მათთვის რაკეტები არ ჰქონდათ.

რიგ შემთხვევებში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკვე დამკვეთისათვის გასაგზავნად გამზადებული იარაღის რეკვიზირებას იმ დროს ახდენდა, როცა მათ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დატოვებული ქარხნის ტერიტორია, - ნათქვამია ამერიკული The Wall Street Journal-ის სტატიაში.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო