თბილისი "ჯაშუშთა ქალაქი" - რატომ არეგისტრირებენ რუსები ბიზნესს საქართველოში მაინცდამაინც იქ, სადაც ადრე რუსული ბაზები იყო?! - კვირის პალიტრა

თბილისი "ჯაშუშთა ქალაქი" - რატომ არეგისტრირებენ რუსები ბიზნესს საქართველოში მაინცდამაინც იქ, სადაც ადრე რუსული ბაზები იყო?!

დიდი მსტოვრობა ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღეებიდან დაიწყო: იხსნებოდა სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები, საკონსულოები, ფირმების სავაჭრო წარმომადგენლობები ანუ ლეგალური ჯაშუშობის ე.წ. „სახურავები“. ეს პროცესი დღესაც გრძელდება. სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა მსოფლიოს "ჭადრაკის დაფაზე" ელვის უსწრაფესად იზრდება. ამიტომაც ბუნებრივია, სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ოპერატიულ-აგენტურული მუშაობის გააქტიურობა ამ რეგიონში. ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე აქტიურად მოქმედებენ რუსეთის, ჩინეთის, აშშ-ის, ევროპის წამყვანი ქვეყნების, ისრაელის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანის, საუდის არაბეთის და კიდევ ბევრი სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები. მათი დაინტერესების ობიექტებია, როგორც საქართველოს, ასევე - ერთმანეთის სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, რელიგიური, სოციალურ-კულტურული და ა.შ. საკითხები.

შეიძლება ითქვას, რომ დღეისთვის თბილისი სხვადასხვა გარემოებათა გამო "ჯაშუშთა ქალაქია", სადაც მრავალი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების გადაკვეთა მათი სპეცსამსახურების ინტენსიური საქმიანობით გამოიხატება. ეს კი საზოგადოებისთვის ფარულად, მძიმე და დაუნდობელი ოპერატიულ–აგენტურული დაპირისპირებით მიმდინარეობს. რა უპირისპირებენ ყოველივე ამას საქართველოს სპეცსამსახურები?

სუს-ის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის პარლამენტში წარადგინასას, ამ უწყების ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა შემდეგი განაცხადა: „2022 წელს შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური რეალობების გათვალისწინებით, სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობა ძირითადად მიმართული იყო ქვეყნის უსაფრთხოების გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირებისა და მისი შედეგების განეიტრალებისაკენ. . . . . .

სამსახური 24-საათიან რეჟიმში აწვდიდა ინფორმაციას გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესების შესახებ, რომლებიც რამე ფორმით საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას“.

დამაიმედებელი განცხადება კი არის, თუმცა უკვე გამოიკვეთა ერთი სერიოზული პრობლემა, რომლისგან მომდინარე საფრთხე შეიძლება ჯერ ნაკლებადაა გააზრებული, თუმცა მომავალში საქართველოს ეროვნულ ინტერესებს მნიშვნელოვნად დააზიანებს. ეს, უკანასკნელ პერიოდში, რუსეთიდან შემოსული „ლტოლვილ–გამოქცეულ–შემოპარულთაგან“ მომდინარე პოტენციური საფრთხეა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან სავიზო კონტროლის გარეშე ათასობით ადამიანი შემოვიდა. მათ შორის რამდენი დარჩება მუდმივად საცხოვრებლად და სამუშაოდ საქართველოში და მათგან რამდენია "არალეგალი ჯაშუში", არავინ იცის.

საფრთხე კი ძალზე რეალურია. ათასობით რუსეთის მოქალაქის შემოსვლა და გადაადგილება, მათ მიერ შეძენილი უძრავ–მოძრავი ქონების „მშვიდობიანი მიზნებით“ გამოყენების გაკონტროლება ნამდვილად არაა მარტივი ამოცანა. ამას ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებენ.

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ საქართველოში რეგისტრირებული რუსული წარმოშობის ბიზნესების რიცხვი 11 ათასს აჭარბებს. რუსეთის მოქალაქეების მიერ ყოველთვიურად საქართველოში საშუალოდ 1 400 ახალი ბიზნესსუბიექტი რეგისტრირდება. ამ დროს ისინი მასობრივად იყენებენ ფიქტიურ მისამართებსა და ტელეფონის ნომრებს. ახლად შექმნილი ბიზნესსუბიექტების ტერიტორიული განთავსებაც ბევრ კითხვას აჩენს. რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტირებული ბიზნესის ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, ხოლო საქართველოს რეგიონებიდან ყველაზე „მოთხოვნადია“ სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და ქვემო ქართლის საზღვრისპირა რაიონები. დააკვირდით როგორი „დამთხვევაა“: სადაც ადრე რუსეთის სამხედრო ბაზები იყო და სადაც ლენინ–სტალინის მიერ ჩადებული „ნაღმები“ ჯერ კიდევ მზადყოფნაში აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებს, იქით მიიწევს „რუსული ბიზნესიც“. ვითომ შემთხვევით?

რუსული ბიზნესები: კაფეები, მარკეტები, ბუტიკები, კოსმეტიკური სალონები, ტურისტული ფირმები და ა.შ. იდეალური საფარია რუსეთის სპეცსამსახურებისთვის. შესაძლოა, გახსნან პატარა კაფე და მიამიტ ქართველებს თავი შეგვაცოდონ, ახლა უკვე "პუტინის რეჟიმთან" ან "ბატკას დიქტატურასთან" მებრძოლი დისიდენტის ან თუნდაც უკრაინიდან ლტოლვილის მოპარული ბიოგრაფიით. ჩვენ კი ვენდობით. ჩვენ ხომ ყველა "დაჩაგრული" გვიყვარს!

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დღეისთვის საქართველოს ბანკებში თითქმის 60 000 რუსეთის მოქალაქეს აქვს ანგარიში გახსნილი, მაშინ ნათელი გახდება ამ ფინანსური ნაკადების კონტროლის სირთულე. საბჭოთა/რუსეთის არალეგალური დაზვერვის მთავარი ამოცანა ყოველთვის იყო ლეგალური დაფინანსების წყაროების გამონახვა აგენტურული ქსელის შესანახად. ამის ცნობილია მაგალითია ინგლისში წლების მანძილზე მოქმედი საბჭოთა აგენტი კონან მოლოდი (1922–1970), რომელიც „გორდონ ლონსდეილის“ პასპორტით ცხოვრობდა და ძალზე წარმატებული ბიზნესმენი და მილიონერი გახდა. „გორდონ ლონსდეილის“ ბიზნესიდან მიღებული მოგებიდან ფინანსდებოდა საბჭოთა დაზვერვის აგენტურული ქსელი.

picture-1-1699600556.jpg
საბჭოთა აგენტი და ინგლისელი ბიზნესმენი კონან მოლოდი („გორდონ ლონსდეილი“)

გასული თვის ბოლოს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის დიპლომატიურ მისიებს გაუგზავნა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ მოსკოვი იყენებს ჯაშუშებს, სოციალურ მედიასა და რუსეთის სახელმწიფო მედიას, რათა სხვადასხვა ქვეყნებში შეარყიოს საზოგადოების რწმენა სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობაში. ამისთვის კრემლი იყენებს როგორც ღია, ისე ფარულ ბერკეტებსა და მექანიზმებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთმა 2014 წლიდან დღემდე საიდუმლო დეზინფორმაციულ ოპერაციებზე დახარჯა სამას მილიონ დოლარამდე, რათა გავლენა მოეხდინა პოლიტიკოსებსა და სხვა ოფიციალურ პირებზე რამდენიმე ათეულ, უპირველესად განვითარებად, ქვეყნებში. 2022 წლის გაზაფხულიდან რუსეთი აფინანსებს უკრაინის საწინააღმდეგო დეზინფორმაციულ კამპანიას ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში. დეზინფორმაციის მიზანია ასევე ანტიამერიკული და ნატოს საწინააღმდეგო განწყობების შექმნა და გაავრცელება. ნაცნობი სურათია ხომ?

დღევანდელი მდგომარეობა ძალზე ხელსაყრელია რუსეთის სპეცსამსახურებისთვის: მათ შუძლიათ მესამე ქვეყნების (პირველ რიგში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების) წინააღმდეგ ოპერაციებისთვის თბილისი საკუთარ "სადაზვერვო ჰაბად" აქციონ. სამწუხაროდ, ამ მხრივ ძალზე დიდი პერსპექტივები აქვთ. რას ვუპირისპირებთ რუსეთის "ჰიბრიდულ აგრესიას"?

საქართველოში სხვადასხვა რანგისა და "დაშიფრვის" ასეულობით რუსეთის ჯაშუში (ზოგი შეგნებულად, ზოგიც კი "სასარგებლო იდიოტის" სახით) ათწლეულების მანძილზე რომ მოქმედებს, ეს ახალი ამბავი არაა. რუსეთის სპეცსამსახურების მნიშვნელოვანი ამოცანაა საქართველოს ტერიტორიის ნატოს ქვეყნების საწინააღმდეგო პლაცდარმად გამოყენება. რუსეთმა აქ უკვე შექმნა სადაზვერვო ბაზა მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ სამუშაოდ. რაც მეტი ქვეყნის საელჩო და საკონსულო გაიხსნება საქართველოში, მით უფრო „მიმზიდველი“ გახდება ჩვენი ქვეყანა რუსეთის სპეცსამსახურებისთვის. ეს აქსიომაა და ვერსად გავექცევით, ამიტომაც მზად უნდა ვიყოთ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

ამ აგენტურულ ქსელებში გაერთიანებული არიან, როგორც რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურისა და გე–ერ–უს მზვერავები, ასევე არალეგალი აგენტებიც. საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურების “არალეგალების” მთავარი ამოცანა იყო და არის: ადგილზე აგენტების გადაბირება, საიდუმლო დოკუმენტაციის ხელში ჩაგდება, აგენტებს შორის ოპერატიული კავშირის უზრუნველყოფა, პოლიტიკური მკვლელობებისა და დივერსიების მომზადება– ჩატარება და ა.შ.

დღეს, როდესაც რუსეთის სპეცსამსახურების ფარული ოპერაციებისა და არალეგალური დაზვერვის მაგალითები მომყავს და არა ევროპა–აშშ–ის, ეს იმიტომ ხდება, რომ რუსეთის ხელისუფლება საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს. აბა სხვა რა მიზეზი გვაქვს ჩრდილოეთის იმპერიასთან დაპირისპირებისა? გულწრფელად გეტყვით: არაფერი! იყვნენ თავისთვის და შეირგონ, რაც ღმერთმა სიმდიდრე მისცა, თუმცა მაინც ვერ ისვენებენ და მუდამ ბოროტება უდევთ გულში.

ბევრჯერ დამიწერია და მითქვამს: ზოგადად რუსი ხალხის და რუსეთის სახელმწიფოს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუ ისინი: არ ააგებენ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს ჩვენი ქვეყნების დამონება–დამორჩილებაზე; აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს; არ მოაწყობენ პროვოკაციებს და არ წააქეზებენ სეპარატისტებს.

ჩემი ბავშვობის მომნუსხველი ქიმიის ჯადოსნური სამყაროს მცირე საოცრება – „ლაკმუსის ქაღალდი“ გეოპოლიტიკური ბრძოლის ქარცეცხლში მტერ–მოყვარის გასარჩევადაც შეუცვლელია. ამიტომ პასუხი კითხვაზე: „ვინაა მტერი და ვინ მოყვარე?“ – ჩემი აზრით, ძალზე მარტივი და ცალსახაა – მტერია ის ვინც არ ცნობს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ვინც მუდმივად გეგმავს არასტასტაბილურობას ჩვენს ქვეყანაში, ეძებს სეპარატისტული „აფეთქებების“ ძველ და ახალ კერებს ქვემო ქართლში, სამცხე–ჯავახეთში, აჭარაში, აფხაზეთსა და ცხინვალში.

მტერი ისაა, ვინც მუდმივად ჩვენი ქვეყნის სოციალურ–პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის არევ–დარევას ცდილობს და სამწუხაროდ, „მეხუთე კოლონის“ დახმარებით ხშირად ახერხებს კიდეც.

მოყვარე და მეგობარი კი ისაა, ვისაც პრეტენზია არ აქვს საქართველოს მიწაწყალზე და ვინც ჩვენი ქვეყნის მთლიანობას აღიარებს, ვინც ცდილობს დახმარებითა და რჩევებით სტაბილურობაც შევინარჩუნოთ და წინაც წავიდეთ. ვითომ რთულია ამის გაგება? ვისაც გაგება უნდა, იმისთვის არა, ხოლო ვინც შეგნებულად „ვერ იგებს“, ის მუდმივად ჩხირკედელაობაში იქნება. ვინც რუსეთის დავალება–შეკვეთებს ასრულებს (სხვადასხვა პრეფერენციებისა და წახალისებები მოლოდინში), ის ყოველთვის მტრის მხარეს იქნება, რაც არ უნდა არგუმენტები დაუსახელო.

საქართველოში ესკიმოსების ეროვნული ინტერესები და მათი „სპეცსამსახურების“ ფარული მოქმედებები ჯერ არ შეგვიმჩნევია. ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ორი მთავარი მოთამაშეა: აშშ და რუსეთი. მათი ინტერესებიც კარგადაა ცნობილი. ისინი ცდილობენ იმ პოლიტიკურ ძალებს დაუჭირონ მხარი, რომლებიც მათი ინტერესების რეალიზაციას შეუწყობენ ხელს. თუ ამერიკელენი და ევროპელები ღიად ამბობენ სათქმელს და საბოლოო ჯამში ჩვენთვის სიკეთე უნდათ, რუსეთი ცდილობს თავის საუკუნოვან საწადელს – საქართველოზე გავლენის გაძლიერებას – ფარული გზებით და “ბიზანტიური” პოლიტიკით.

ისტორიულად დამტკიცებული სამწუხარო რეალობაა: რუსეთმა თავად არ დაგვიტოვა გეოსტრატეგიული არჩევანის საშუალება! მწარედ განვლილი 250 წელია ამის დასტური: რუსეთის იმპერია არასდროს არ ცნობდა საქართველოს დამოუკიდებლობას და რუსეთის იმპერატორები (პეტრე პირველი, ეკატერინე მეორე, ელცინ–პუტინი) გვატყუებდნენ და მზაკვრულ გეგმებს აწყობდნენ საქართველოს კვლავ რუსეთის იმპერიაში შესათრევად. იმ ქართველთან ვისაც მოსკოვის მონობა უნდა და ამას ღიად მოითხოვს, საკამათო არაფერი მაქვს: კაცია და გუნება. აი ისინი არიან საშიშნი, ვინც საჯაროდ საქართველოს დამოუკიდებლობას ქადაგებს, ფარულად კი რუსეთის იმპერიის ინტერესებს ემსახურება.

ხვალ თუ თურქეთი, ჩინეთი ან ირანი მინდომებენ საქართველოს დაშლა–დაყოფას, სეპარატისტების მხარდაჭერას, ფარული პოლიტიკური და ეკონომიკური მეთოდებით საქართველოში არასტაბილურობისა და ქაოსის დათესვას – უკვე ისინი იქნებიან ჩვენი მტერი!

თუ ზეგ აშშ და ევროკავშირი მოინდომებს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ფარულ წახალისებას, ჩვენი ქვეყნის დაქუცმაცებას და მოგვთხოვს ძირძველი ადათ–წესების დავიწყებას – ისინიც მტრები გახდებიან!

ამ დროს მთავარია არ გავებათ რუსული დეზინფორმაციისა და მოსკოვიდან დაფინანსებული ქართველი „რადიკალ–კონსერვატორების“ „პატრიოტული“ მანიპულაციების მახეში.

(დასასრული)