ცხინვალი, გროზნო, ღაზა - გაკვეთილები "ცახალისთვის" ანუ შტურმი ბეტონის ჯუნგლებში, რომელიც შესაძლოა, საბედისწეროდ დამთავრდეს - კვირის პალიტრა

ცხინვალი, გროზნო, ღაზა - გაკვეთილები "ცახალისთვის" ანუ შტურმი ბეტონის ჯუნგლებში, რომელიც შესაძლოა, საბედისწეროდ დამთავრდეს

მოწინააღმდეგის დასახლებულ პუნქტებზე და მით უმეტეს ქალაქებზე კონტროლის აღება, ოდითგანვე ურთულეს სამხედრო ოპერაციად ითვლებოდა და ამ მხრივ დიდად არაფერი შეცვლილა დღესაც-ქალაქის იერიშზე გადასულები დიდად რისკავენ,რადგან ქუჩების ბრძოლებში დიდი საბრძოლო დანაკარგიც შეიძლება ნახონ და ვერც საწადელს მიაღწიონ...

დღეისათვის მსოფლიოში ,უკრაინისა და ღაზის ფრონტებზე ორი ფართომასშტაბიანი ოპერაცია მიმდინარეობს-თუკი რუსი ოკუპანტები უკრაინის დონბასში ქალაქ ავდეევკის ალყაში მოქცევასა და დაპყრობას ცდილობენ(რაც მათ 2014 წლიდან მოყოლებული ვერ შესძლეს), ისრაელის თავდაცვის არმია ღაზის სექტორის მთავარი ქალაქს-ღაზას ბლოკადაში აქცევს და მის „გაცხრილვას“ იწყებს...

ქალაქებისთვის ბრძოლების მწარე გამოცდილება აქვს რუსეთის არმიას, რომელსაც 1994-95 წლების ახალწლის ღამეს გროზნოს ქუჩებში ჩეჩნებმა ნამდვილი სასაკლაო მოუწყვეს და თავისივე ჯავშანმანქანებში ასობით რუსი სამხედრო ჩაწვეს.

წარუმატებელი ქალაქის ბრძოლის მაგალითი, სამწუხაროდ, ქართულ არმიასაც მოეპოვება, 2008 წლის აგვისტოს ომის სახით, როდესაც ცხინვალის ცენტრალურ ქუჩაზე ყუმბარსატყორცნებით რამდენიმე ქართული ტანკი აგვიფეთქეს...

1-t1-1699604915.png
ისრაელის „ცახალის“ საბრძოლო ტაქტიკა-ღაზის ქუჩაზე ჯერ შეჯავშნული ბულდოზერი მიდის, რომელიც „დანით“ ჭრის მიწის ზედა ფენას ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების მოსაცილებლად, მას უკან მიჰყვებიან კარგად შეჯავშნული „მერკავები“, სატანკო ქვემეხებიდან გასროლით ჩასაფრებების გასანადგურებლად, ხოლო თავად „მერკავებს“ კი ავტომატიანი მებრძოლები მისდევენ კუდში, „ჰამასის“ ყუმბარმტყორცნელებისგან დასაცავად...

რაღაცით ძალზე წააგავდა რუსეთის არმიის მიერ გროზნოს წარუმატებელი საახალწლო იერიში იმას, რაც ჩვენ უკვე ცხინვალის ქუჩებში დაგვემართა-ორივეგან არასაკმარისი გახლდათ ჩატარებული სადაზვერვო სამუშაოები ქალაქის ქუჩებში მოწინააღმდეგის ჩასაფრებების წინასწარ აღმოსაჩენად, არ იყო ძლიერი საჰაერო და საარტილერიო საცეცხლე მომზადება, სანამ ჯავშანტექნიკა ქალაქში შევიდოდა და რაც მთავარია-ხშირად ქვეითები თან არ მიჰყვებოდნენ ქუჩებში მიმავალ ტანკებს, რაც მოწინააღმდეგეს საშუალებას აძლევდა ქუჩის კუთხეებიდან და სახლების სახურავებიდან დამიზნებით, დაუსჯელად გაეშვათ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები...

სხვათა შორის, აგვისტოს ომის შემდეგ, „კვირის პალიტრაში“ ამ ბლოგის ავტორთან ინტერვიუს ასაღებად ცნობილი რუსი სამხედრო ჟურნალისტი ორჰან ჯემალი მოვიდა და საუბარში ასეთი რამ მითხრა-ცხინვალში ჩეჩნურ რაზმს „ვოსტოკს“ შემოვყევი და გაოცებული დავრჩი, როდესაც ქუჩებში აფეთქებული ქართული ტანკები ვნახე, ნუთუ ქართველ გენერლებს არ გაეგონათ, თუ რა დღე დააწიეს რუსულ ტანკებს ჩეჩნეთის პირველ ომში, როდესაც ისინი გროზნოს აღებას ქვეითების მხარდაჭერის გარეშე ცდილობდნენ, რატომ გაიმეორეთ იგივე სერიოზული შეცდომაო?

ალბათ, ბევრს უნახავს მძაფრსიუჟეტიანი მხატვრული ფილმი „შავი ქორის დაცემა“, რომელშიც მეტ-ნაკლებად ზუსტადაა გადმოცემული 1993 წლის 3-4 ოქტომბერს სომალის დედაქალაქ მოგოდიშოში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის სრული ფიასკო.

2-t1-1699605046.png
ამ რუკაზე გამოსახულია, თუ როგორ მოახერხა ისრაელის ცახალმა ათიოდე დღეში ღაზის სექტორის შუაზე „გაჭრა“ და ქალაქ ღაზის სრული ბლოკირება, ქალაქის ქუჩების „გაცხრილვის“ დაწყებით...

იმ დღეებში საქართველო სოხუმის დაცემასა და აფხაზეთის დაკარგვას გლოვობდა, ამის ჩამდენი რუსეთის პრეზიდენტ ელცინის ბრძანებით მოსკოვში, მთავრობის სახლში შეფარებულ შეირაღებულ კომუნისტ-ოპოზიციონერებს ტანკებიდან ესროდნენ, ხოლო აფრიკის სომალიში კი ამერიკული არმიის ყველაზე ელიტარული დანაყოფები სამარცხვინო მარცხს განიცდიდნენ „ფლოსტებიან“ აფრიკელებთან, რომლებიც მხოლოდ „კალაშნიკოვის“ ავტომატებით, ტვიამფრქვევებითა და ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნებით თუ იყვნენ შეიარაღებულნი, მაგრამ მაინც კუდით ქვა ასროლინეს ამერიკელ რეინჯერებს...

იმიტომ, რომ სპეცპერაციის დამგეგმავმა ამერიკელმა გენერლებმა სათანადოდ არ შეაფასეს მოწინააღმდეგე მხარის საბრძოლო შესაძლებლობები, არ განახორციელეს წინასწარი სადაზვერვო მოქმედებები, აირჩიეს შაბლონური ტაქტიკა, შეცდომები დაუშვეს ოპერაციის მართვისას და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მოგადიშოს ქუჩებში გადაადგილებისას იყენებდნენ მხოლოდ შეჯავნულ „ჰამვებს“(„ჰამერის სამხედრო მოდიფიკაცია), რომლებსაც ადვილად ხვრეტდა სომალელების 7,62 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევების ჯერებიც კი, ხოლო „ჰამვიდან“ თავამოყოფილი ამერიკელი მეტყვიამფრქვევი ადვილი სამიზნე ხდებოდა, რადგან მას შეჯავშნული კოშკურა არ იცავდა...

კიდევ არაერთი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როდესაც ქალაქის იერიშს დიდი მსხვერპლი მოჰყვა და ვერც ეს ქალაქი იქნა აღებული, რის შესახებაც ძალიან კარგად მოეხსენებათ ისრაელის „ცახალში“, მითუმეტეს, რომ თავადაც წლების წინ რამდენჯერმე უკვე აქვთ ჩატარებული საბრძოლო ოპერაციები ღაზის სექტორში, ამიტომაც ისრაელმა მაქსიმალური საბრძოლო შესაძლებლობების გამოყენების ტაქტიკა აირჩია ღაზაში სახმელეთო ოპერაციის დაწყებისას.

ისრაელის თავდაცვის არმიამ "ცახალმა" სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორში 28 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც შეჯავშნულ ბულდოზერებს "მერკავას" ტანკები და "ნამერის" მძიმე ჯავშანტრანსპორტიორები ბრძოლით შეჰყვნენ ღაზის დასახლებულ პუნქტებში.

სახმელეთო შეტევა "ცახალმა" სამი ძირითადი მიმართულებიდან დაიწყო: ჩრდილოეთიდან, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გაყოლებით; ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, ქალაქ ბეით-ჰანუნის მხრიდან და აღმოსავლეთიდან დასავლეთით, ქალაქ ღაზის სამხრეთ ნაწილში.

"ცახალის" ჯავშანჯგუფებს ზუსტად ერთი კვირა დასჭირდათ, რომ ძლიერი საჰაერო (თვითმფრინავების, შვეულმფრენებისა და დრონების), საზღვაო (ხმელთაშუა ზღვაში, ღაზის სექტორის სანაპიროს სიახლოვეს მოდრეიფე ისრაელის სარაკეტო და საპატრულო კატარღების საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლის) და საარტილერიო მხარდაჭერით ღაზის სექტორში ალყა შემოერტყათ 14 კმ სიგრძისა და 7 კმ სიგანის ტერიტორიისთვის, რაც დაახლოებით შეესაბამება თბილისის გლდანი-მუხიანის ფართობს. თუმცა ამ შედარებამ არ უნდა შეგვაცდინოს, რადგან ღაზის სექტორის თითოეული კმ-ის დასაკავებლად ისრაელის "ცახალს" მძიმე ბრძოლები უწევდა, მათ შორის დასახლებული პუნქტების დანგრეული შენობებსა და ქუჩებში, სადაც ყველგან შეიძლება ჩასაფრება და მძლავრი ასაფეთქებელი მოწყობილობების ფარულად დამონტაჟება.

ისტორიულად, ისრაელში ძალზე მკაცრი სამხედრო ცენზურა მოქმედებს, მაგრამ ასეთ სიტუაციაშიც კი ხდება ცნობილი, რომ "ცახალს" ამ სახმელეთო ოპერაციის კონკრეტულ ეტაპზე წარმატების მიღწევა არცთუ ისე მცირე საბრძოლო დანაკარგად დაუჯდა როგორც პირად შემადგენლობაში, ასევე აფეთქებული სამხედრო ტექნიკის სახით.

"ჰამასის" მებრძოლები, როგორც მოსალოდნელი იყო, აქტიურად იყენებენ "ღაზის მეტროს", მიწისქვეშა გვირაბებს, "ცახალის" ჯავშანჯგუფებზე მოულოდნელად თავდასხმისთვის, მათ შორის ტანდემური, ორ კუმულაციურქობინიან ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებსა და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს, რითაც მოახერხეს "აუფეთქებელი ტანკის" გაპიარებული იმიჯის მქონე არაერთი "მერკავის" მწყობრიდან გამოყვანა ან სულაც სრული განადგურება.

3-t-1699605108.png
ისრაელის „ცახალს“ არ სურს გაიმეოროს რუსების გროზნოზე, ამერიკელების მოგოდიშოზე და ქართველების ცხინვალზე იერიშების დროს დაშვებული სერიოზული შეცდომები და ქალაქ ღაზის „გაცხრილვას“ დიდი ძალებით და აუჩქარებლად ახორციელებს, თუმცა „მერკავების“ აფეთქებას მაინც ვერ გადაურჩა...

პრინციპში, ისრაელმა მიაღწია დაგეგმილის მინიმუმს - მოახდინა ქალაქ ღაზის ბლოკირება და ამასთან, შუაზე გაყო თავად ღაზის სექტორიც, რასაც ჯერ კიდევ 10 ოქტომბერს ჩემს ბლოგში ვვარაუდობდი, როდესაც გავიხსენე 2008-2009 წლის სახმელეთო ოპერაცია "ჩამოსხმული ტყვია" - მაშინ ისრაელმა ასევე შუაზე გაყო ღაზის სექტორი და ქალაქი ღაზა ალყაში მოაქცია. ეს სწორი ტაქტიკაა, რადგან მთლიანად ღაზის სექტორის ოკუპირება და იქ მცხოვრები 2 მლნ-ზე მეტი მტრულად განწყობილი ადამიანის გაკონტროლება თვით ისრაელის შესაძლებლობებსაც აღემატება.

ახლა ისრაელის "ცახალის", "ამანისა" (სამხედრო დაზვერვა) და "შაბაკის" (კონტრდაზვერვა) მთავარი ამოცანა გახდება ღაზის სექტორის უკვე ბლოკირებულ ნაწილში გულმოდგინე გაცხრილვის ჩატარება როგორც მიწის ზემოთ, ისე მიწის ქვეშ "ჰამასისა" და "ისლამური ჯიჰადის" მებრძოლებისა და მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის აღმოსაჩენად და გასანადგურებლად.

ქალაქ ღაზას ისედაც დანგრეულ ქუჩებში ნელ-ნელა გადაადგილებისას „ცახალის“ მოიერიშე რაზმებს შორის გაყოფილია ფუნქციები-ერთნი ასრულებენ დაზვერვას(მათ შორის საჰაერო დაზვერვას დრონების გამოყენებით) „ჰამასის“ ჩასაფრებების გამოსავლენად შენობებში და ნანგრევების გროვებში, მეორენი სპეციალურ ზემგრძნობიარე რადიოლოკაციური,სითბური და ლაზერული აპარატურის გამოყენებით ცდილობენ აღმოაჩინონ „ღაზის მეტროს“ მიწისქვეშა გვირაბები, მესამენი ინჟინერული საშუალებებით აფეთქებენ უკვე აღმოჩენილ გვირაბებში ჩასასვლელებს, რომ იქიდან მათ ზურგში „ჰამასის“ ყუმბარმტყორცნელმა არ ამოყოს თავი, მეოთხენი უკან მიჰყვებიან შეტევაზე გადასულ „მერკავებს“, რათა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჯერებით გაანადგურონ მოწინააღმდეგის ყუმბარმტყორცნელები და ეს ყველაფერი ხორციელდება ძლიერი საავიაციო და საარტილერიო ცეცხლის მუდმივი აკომპონენტით...

„ცახალის“ მთავარი საბრძოლო მიზანი ქალაქის ღაზის ალ-შიფას საავადმყოფოსთან გასვლაა, რომლის ქვეშ, ისრაელის დაზვერვის ინფორმაციით სპეციალურ ბუნკერებში განთავსებულია „ჰამასის“ მთავარი შტაბი და იქ თავს აფარებენ „ჰამასის“ ლიდერებიც...