თბილისიდან ცხინვალში "ტაქსით გადაპარვის" სკანდალური საქმე - ვინ არის რაფაელ შეპელევი:ანტიპუტინისტი თუ აგენტი?!
გუშინ შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომელმაც საზოგადოების დიდი ნაწილის ინტერესი გამოიწვია. "შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, რ.შ.-ს შესაძლო გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს. შეტყობინების მიღებისთანავე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შექმნილი ძებნის საქმის ფარგლებში სამართალდამცველების მიერ, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ჩატარდა გასაუბრებები ყველა იმ პირთან, რომელთაც შესაძლოა ჰქონოდათ რაიმე სახის ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, დათვალიერდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ 12 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მისი საცხოვრებელი მისამართიდან გაემგზავრა შიდა ქართლში, კერძოდ ქალაქ გორში, საიდანაც ტაქსით სოფელ კირბალის მიმართულებით გაემგზავრა. გამოკითხული პირების, მათ შორის ტაქსის მძღოლის და ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა ავტომობილიდან გადასვლის შემდეგ, საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმისკენ", - აღნიშნული უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქმე ეხება რუსეთის მოქალაქე რაფაელ შეპელევს, რომელიც თბილისში მთაწმინდაზე ცხოვრობდა. მას მეგობრები ეძებდნენ, ამბობდნენ, რომ ადამიანი არ ჩანდა და ნაქირავებ ბინაში კი პირადი ნივთები დატოვებული ჰქონდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეპელევი ვლადიკავკაზში იქაურ სამართალდამცავებს ჰყავდათ დაკავებული.
არსებული ინფორმაციით, რაფაელ შეპელევი საქართველოში 2021 წლის სექტემბრიდან ცხოვრობს. იგი რუსული უფლებადამცველთა ორგანიზაცია "არტპოდგოტოვკას" წევრია. მას 12 ოქტომბრის შემდეგ ეძებდნენ. მისი მეგობრები ამბობენ, რომ შეპელევი რუსეთში დაბრუნებას არ აპირებდა, რადგან მის წინააღმდეგ, ისევე როგორც სხვა აქტივისტების წინააღმდეგ, იქ დაუსწრებლად აღძრეს სისხლის სამართლის საქმეები. ამიტომ მათთვის გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა ის რუსეთში. აქტივისტის მეგობრები არ გამორიცხავდნენ მის გატაცებასაც. 13 ოქტომბერს, აქტივისტის გაუჩინარების მეორე დღეს, პორტალმა "Первый отдел" დაწერა, რომ ვლადიკავკაზის ადგილობრივმა სასამართლომ რაფაელ შეპელევი წვრილმან ხულიგნობაში სცნო დამნაშავედ. მოგვიანებით კი, მას ტერორიზმის ბრალდება წაუყენეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
შეპელევის გაუჩინარებაზე წერს რუსული ოპოზიციური მედია. მათი ინფორმაციით, შეპელევი რეგულარულად მონაწილეობდა სხვადასხვა საპროტესტო აქციებში. ამ საკითხზე ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილს ვესაუბრებით.
- უცნაური რაღაც ხდება. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს ადამიანი ჩანერგილი ყოფილიყო და თბილისში მცხოვრებ რუსებს უთვალთვალებდა. შესაძლოა, მიიღო ინსტრუქცია, რომ სასწრაფოდ დაეტოვებინა საქართველო და ამის შემდეგ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით რუსეთში აღმოჩნდა. ვფიქრობ, აქ ემუქრებოდა საფრთხე.
- შსს-ს ვერსიაზე რას იტყვით?
- ამის არ მჯერა, ასე ვერავინ ვერ ჩავა ე.წ. საზღვართან, თუ არ აქვს ნებართვა. ამიტომ ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ჩვენმა სამართალდამცავებმა გააპარეს ეს ადამიანი - რაღაც სერიოზული საფრთხე ელოდა და რუსებმა მოინდომეს მისი გადაყვანა. თქვენ რომ მოინდომოთ კირბალში ჩასვლა, უამრავი ბარიერი უნდა გადალახოთ თუ ჩვენებმა არ გაატარეს, როგორ მოხვდებოდა იქ? ალბათ, ეს ადამიანი ჩანერგილი ჰყავდათ რუსეთის სპეცსამსახურებს და შეიძლება გაშიფრეს აქაურმა რუსებმა, ემუქრებოდა საფრთხე და გაიყვანეს. ამ ლოგიკას ვხედავ. ის აქციებზე დადიოდა, აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას, აშკარად აქტიურობდა რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. ხშირად ჩანერგილები ასე იქცევიან...
ჩემი ვარაუდით, მას ქართულ სპეცსამსახურებთანაც რომ არ ჰქონოდა კომუნიკაცია, ისე ვერ მოხვდებოდა იმ ადგილას. ჩვენი საგუშაგოები აუცილებლად უნდა გაევლო. სახელმწიფო სამსახურში ვიყავი და ვიცი, როგორ არის ჩვენი საგუშაგოები განლაგებული, მათ ვერ გამოეპარებოდათ მისი გადაადგილება. ტყე-ტყე რომ გადაპარულიყო, მაშინ ამდენი კითხვა არ იქნებოდა.
საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზიო.. ასე არ ხდება... თუ გაატარეს ჩვენმა საგუშაგოებმა, მაშინ ესეც უნდა უნდა თქვან. კარგია, რომ შსს განცხადებას აკეთებს, მაგრამ დეტალები უნდა გაირკვეს. ტრაგედია არ არის, თუ ის საგუშაგოებზე გაატარეს, მაგრამ მიზეზიც უნდა დაასახელონ.
(სპეციალურად საიტისთვის)