ჯოჯოხეთიდან თბილისში - რა გადაიტანეს და როგორ ცხოვრობენ ისრაელელი დევნილები საქართველოში - კვირის პალიტრა

ჯოჯოხეთიდან თბილისში - რა გადაიტანეს და როგორ ცხოვრობენ ისრაელელი დევნილები საქართველოში

2023 წლის 7 ოქტომბერს დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელს ღაზას სექტორიდან კიდევ ერთხელ შეუტია. სწორედ ამ დღის შემდეგ არ შეწყვეტილა ცეცხლი ორ მხარეს შორის. „ჰამასთან “ შეტაკების პირველივე წუთებში ბევრი ადამიანი დაიღუპა, მსხვერპლს შორის იყვნენ ქართველი ებრაელებიც. საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვშია, სადაც კონფლიქტის ზონიდან წამოსულმა ადამიანებმა შეაფარეს თავი. გამოცემა "სოვასთან" ისრაელიდან ჩამოსულმა მოქალაქეებმა კონფლიქტის დაწყების პირველი წუთები გაიხსენეს:

"გაურკვეველ რეჟიმში ცხოვრება"

ირინა მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ისრაელის ქალაქ ნეს-ციონში უკვე წლებია ცხოვრობს. ირინას მეუღლე ისრაელში 90-იანი წლებიდან ცხოვრობს, თავად ირინამ კი ისრაელში 12 წელი იცხოვრა, მათ საოჯახო ბიზნესი ჰქონდათ.

7 ოქტომბერს, პირველი შეტევისას, განგაშის ხმაზე მათ უკვე შემუშავებული გეგმის მიხედვით ბავშვები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, თან რამდენიმე წიგნი და სათამაშო წაიღეს.

„ახალი ამბების მოსმენისას ვკანკალებდით. ბავშვებზე ვდარდობდით, როგორ გადაიტანდნენ კიდევ ერთ საჰაერო განგაშს? უფროს გოგონას ტელეფონში whatsupp წავუშალე, რათა ის საშინელებები არ ენახა, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა. ის 11 წლისაა. სადილობისას უეცრად ძალიან შეგვეშინდა, რადგან ჩემი ისრაელში ცხოვრებისას პირველად ხდებოდა, როცა საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ყველაზე მეტად კი იმის გვეშინოდა, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს ყველაფერი და რა მასშტაბებს მიიღებდა“ , - იხსენებს ირინა.

ირინას მეუღლე კონფლიქტის დაწყებიდან პირველივე დღეს გამოიძახეს, ის იმავე საღამოს 9 საათზე წავიდა. როგორც ქალი ამბობს, მისთვის რთული წარმოსადგენი იყო, როგორ შეძლებდა სამ შვილთან ერთად მარტო დარჩენას.

„საკუთარ თავში ვერ ვგრძნობდი ძალას, რომ ამ გაუთავებელი განგაშისგან და აფეთქებებისგან გამოწვეულ წნეხს გავმკლავებოდი. თან შემენარჩუნებინა სახე ისე, რომ ბავშვების ფსიქიკა არ დამეზიანებინა - ისედაც სულ მეშინოდა, მეუღლის გარეშე კი ათჯერ უფრო მეტად შემეშინდა. ჩვენი სახლი ისეთ ადგილას მდებარეობს, რომ მეზობელ ქალაქებში საჰაერო განგაშიც კი ისე ისმის, თითქოს ეს ჩვენს ქალაქში ხდება. უბრალოდ ჩვენი სიცოცხლის გამო მეშინოდა“.

„საქართველოში მშობლები და დები მყავს, ამიტომ პრიორიტეტული საქართველოში წამოსვლა იყო, რამდენჯერმე ვცადე ბილეთის დაჯავშნა თუმცა უშედეგოდ, რამდენიმე ცდის შემდეგ კი 9 ოქტომბრისთვის ავიღე ბილეთები. შემეძლო სხვა ქვეყანაში იმ დღესვე წავსულიყავით, თუმცა ბილეთი არაადეკვატური ფასი ღირდა, თან როცა სტრესულ მდგომარეობაში ხარ, გაცილებით უკეთესია ახლობლებთან ჩასვლა, ვიდრე სრულიად უცხო ქვეყანაში გამგზავრება“.

"სოვა ნიუსის" ცნობით, ირინა შვილებთან ერთად ამ დრომდე თბილისში ცხოვრობს. ბავშვები კი ონლაინ რეჯიმში ესწრებიან გაკვეთილებს. თუმცა, როგორც აღნიშნავენ, ერთი კვირის შემდეგ ბავშვებს თანატოლები ენატრებოდათ. ირინას სახლის დატოვება ძალიან სწრაფად მოუხდა, თან სამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. მან ვერ შეძლო ბევრი ნივთის წამოღება, თუმცა თბილისში აღმოჩნდნენ კარგი ადამიანები, რომელთაც ირინას თბილის სამოსი და სხვა აუცილებელი ნივთები მიუტანეს.

„აქ ადამიანთა მხრიდან დახმარებაში ეჭვი არც ერთი წამით არ შემპარვია, რადგან მეც უამრავი ნივთი გადავეცი უკრაინიდან ჩამოსულ ოჯახებს, რომელთაც ეს სჭირდებოდათ. მჯერა სიკეთის. არსებობს კერძო სკოლები და ბაღები, რომლებიც ისრაელიდან ჩამოსული ბავშებისთვის ფასდაკლებას და სხვადასხვა საშეღავათო პირობებს გვთავაზობენ“, - აღნიშნავს ირინა გამოცემასთან საუბრისას.

„რეალურ ცხოვრებაში საშინელებათა ფილმში აღმოვჩნდით“

ოლესია ისრაელში, თელ-ავივთან ახლოს 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ოჯახთან ერთად მშვიდად ცხოვრობდა, თუმცა 7 ოქტომბრის დილას მათ განგაშის ხმაზე გაიღვიძეს. თავიდან ვერავინ მიხვდა, რა ხდებოდა და დასაწყისში პანიკაც ნაკლები იყო.

„სამწუხაროდ, ჩვენ შევეჩვიეთ პერიოდულად „მეზობლების“ თავდასხმას. შემდეგ საინფორმაციო გამოშვება ჩავრთეთ და თანდათან დავიწყეთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მასშტაბის გააზრება. ახალ ამბებს ვუყურებდით და ვერ ვიჯერებდით, რომ ეს ნამდვილად ხდებოდა. პარალელურად, ბავშვების გამო ვცდილობდით სიმშვიდე შეგვენარჩუნებინა, რადგან ისინი უამრავ კითხვას სვამდნენ.

რამდენჯერაც მახსენდება 7 ოქტომბრის დილა, სულ ვტირი. ამ მოვლენებს სიტყვებით ვერ აღწერ და გადმოსცემ. თითქოს რეალურ ცხოვრებაში საშინელებათა ფილმში აღმოვჩნდით ან ცუდ სიზმარში, რომელიც მთელი ქვეყნისთვის ცხადად იქცა“, - აღნიშნავს თბილისში ისრაელიდან ოჯახთან ერთად ჩამოსული ოლესია, რომელიც გამოცემა „სოვასთან“ 7 ოქტომბრის დღეს იხსენებს. (წყარო)