"მამლუქში" რომ თავადის სახლია, სწორედ ჩვენი სახლია... გადაღებების პერიოდში აქ სულ ქეიფი ყოფილა" - რას ჰყვება მეპატრონე მის წინაპრებზე - კვირის პალიტრა

"მამლუქში" რომ თავადის სახლია, სწორედ ჩვენი სახლია... გადაღებების პერიოდში აქ სულ ქეიფი ყოფილა" - რას ჰყვება მეპატრონე მის წინაპრებზე

"სახლი გადაღებულია ფილმში "მამლუქი". გურია, ბუკისციხე" - ამ წარწერით ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომელსაც ძალიან დიდი ინტერესი მოჰყვა... ჩვენ ვახტანგ შარაშიძეს დავუკავშირდით, რომელიც სახლისა და წინაპრების შესახებ "კვირის პალიტრას" უამბობს:

- სახლი ბაბუაჩემის ბაბუის მიერ არის აშენებული, დაახლოებით, 1860 წლიდან 1870 წლამდე. 1900 წელს ამ სახლს რესტავრაცია ჩაუტარდა, ნაწილი მიაშენეს, დაახლოებით, ერთი მეოთხედი, პოლონური ბუხარი, თაღოვანი ნაწილიც იმ პერიოდისაა. ჩემი გვარი - შარაშიძე გურული ერისთავების განაყოფია. სოფლები - ერკეთი, ბუკისციხე და დაბლაციხე - ერთგვარი სამკუთხედია... ამ სოფლების ციხისთავები იყვნენ შარაშიძეები. ციხე გურიიდან ადიგენში გადასასვლელს კეტავდა. მეოცე საუკუნის დასაწყისშიც მოქმედი ციხე იყო. შემდეგ რუსები რომ შემოვიდნენ, ფუნქცია დაკარგა... 1924 წლის აჯანყების დროს ამ ციხეში გურული ბოლშევიკები ჰყავდათ დაპატიმრებული, ციხეს სახურავი არ ჰქონდა. შემდეგ იგი კომუნისტებმა ააფეთქეს, ვითომ სკოლა უნდა აეშენებინათ და ციხე დანგრეული დარჩა...

გურია ისეთი რეგიონია, სადაც გლეხი, აზნაური რთულად გასარჩევი თემაა... პეწიანობას, თავმოყვარეობას გურულს ვერ წაართმევ... თედო სახოკია წერდა: ქართლში, აღმოსავლეთში გლეხსა და აზნაურს შორის თუ სხვაობა იყო, გურიაში ეს სხვაობა არ ყოფილა, გლეხსაც კარგად ეცვა და აზნაურსაც. ერთადერთი სხვაობა ის იყო, რომ ომის დროს თავადების, აზნაურების ოჯახებიდან მამრობითი სქესის ყველა წევრი გაჰყავდათ ომში, გლეხს კი მხოლოდ ერთის გაყვანა ევალებოდა...

ბაბუაჩემის მამა - რაფიელ შარაშიძე ცნობილი სამხედრო პირი იყო, პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა. იგი გურული მილიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო და თურქეთში იბრძოდა, როგორც საცხენოსნო დაზვერვის მეთაური...

ჯანყი გურიაში როცა იყო - 1905 წელს, გურიაში 11 თებერვალს გაიგზავნა სადამსჯელო ჯარი - 10 000 ჯარისკაცის შემადგენლობით, გენერალ ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით... ჩოხატაურის აწიოკება არ მომხდარა, რადგან რაფიელმა აღმოსავლეთ გურიის დამშვიდება მან ითავა...

გურიის ერთობის კრება, 1905 წელს ჩვენს ოჯახში ჩატარდა... რაფიელ შარაშიძე იმდენად დამსახურებული პიროვნება გახლდათ, მეფე ნიკოლოზსაც დახვდა, მეფის ამალაში იყო.

ალექსანდრე ქუთათელს თავის წიგნში ჰყავს მოხსენიებული რაფიელ შარაშიძე, როგორც თავადი... ეს თავადობის მინიჭება მაშინ მოხდა, როდესაც უკვე მეფის ძალაუფლება აღარ ვრცელდებოდა. დაახლოებით, 1913 წლიდან - 1921 წლამდე. ქართული თავად-აზნაურობა ხომ მეფის გარეშეც არსებობდა და როგორც ვიცი, კოწია ერისთავმა უშუამდგომლა თავადის წოდება მიეღო. კოწია ერისთავი დასავლეთ საქართველოს თავად-აზნაურობის მარშალი იყო, ჩემს წინაპრებს მასთან ახლობლობა, ნათესაობა აკავშირებდათ...

კომუნისტები რომ მოვიდნენ, ბაბუაჩემი არ დახვრიტეს, მხოლოდ იმიტომ, რომ დიდი დამსახურება ჰქონდა. აწიოკებას გადაარჩინა გურიის ნაწილი...

- სახლი რითაა უნიკალური?

- სახლში სპეციფიკური ბუხარია, რომელიც ანთებული არც მე მახსოვს, არც - მამაჩემს. ცოტა ხნის წინ, ჩემი ახლობელი იყო ჩამოსული და მან მითხრა, რომ საკმაოდ ძვირად ღირებული იმდროინდელი აპარატურაა შიგნით ჩაყენებული... შენობა კი ყველაზე მეტად იმით არის უნიკალური, რომ ერთადერთი სახლია საქართველოში, რომელსაც შიგნით თაღოვანი გუმბათი აქვს. ეს სახლი ლაზი ხელოსნების მიერ არის აშენებული.

სახლის გადატანა, თავის დროზე, თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში სურდათ, მაგრამ ჩემებმა არაფრით გაყიდეს...

კომუნისტებმა სახლის პირველი სართული ჩამოგვართვეს და იქ კოლმეურნეობის საწყობი იყო გახსნილი. ბებიაჩემმა საბავშვო ბაღი გახსნა და ეს სახლი ამით შევინარჩუნეთ... 50 წლის განმავლობაში აქ სწორედ საბავშვო ბაღი იყო.

რარიტეტები და გამორჩეული ნივთები ბებიამ, სამწუხაროდ, ომის დროს სიმინდში გადაცვალა. აბაშაში მიჰქონდა ირანული ნოხები და სხვა ნივთები...

- როდის და როგორ გადაწყდა ამ სახლის ფილმში გადაღება?

- ფილმში რომ თავადის სახლია, ჩვენი სახლია... დეტალები არ ვიცი, მაგრამ იხსენებდნენ, რომ გადაღების დროს, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში, აქ განუწყვეტლივ ქეიფი ყოფილა...

- თქვენ სად დაიბადეთ და აღიზარდეთ?

- მე დავიბადე ბათუმში და ნახევრად - ბუკისციხეში, ნახევრად - აჭარაში გავიზარდე, რადგან დედაჩემის დედა აჭარაში სკოლის დირექტორი იყო... მამაჩემი ჩოხატაურში მუშაობდა, გურიაში ვცხოვრობდით და ასე ვმოძრაობდით...

- როგორ შეძელით სახლის ასე კარგად შენარჩუნება?

- როცა სახლში ცხოვრობ, ძალაუნებურად იმ სახლს უვლი... დედაჩემი ამ სახლში ცხოვრობს, იქიდან არაფრით მოდის...

- ამ სახლის მიმართ ყოველთვის დიდი ინტერესი იქნებოდა...

- დიახ, მუზეუმებმა ჩვენი სახლიდან გარკვეული ნივთები წაიღეს. ბაბუაჩემს ჩაქურა ჰქონდა, რომელიც გურული ჩოხის ნაირსახეობაა. გურულ მილიციას თავის ფორმა, ჩოხები ჰქონდა... რაღაცნაირი მოკლე ჩოხაა, ძალიან ლამაზი.

ასევე წაიღეს ბაბუას იარაღები, სხვა ნივთები. სამწუხაროდ, შემდეგ მუზეუმებიდანაც ბევრი რამ დაიკარგა.

- თუ ცდილობთ, სახლს პირვანდელი სახე, ავთენტურობა შეუნარჩუნოთ?

- დიახ, გარკვეულწილად ვახერხებთ... გულწრფელად გითხრათ, გადაკეთება მსურს, მაგრამ ძალიან დიდ ფინანსებს მოითხოვს.

1900 წელს ბაბუამ მიაშენა, შემდეგ მამაჩემმა ალუმინით დახურა, რიკულების რაღაც ნაწილიც შევცვალეთ... წყალი აზიანებს და უკვე საჭირო იყო შეცვლა.

ბუხრის სვეტები, შიგნით გუმბათი, თაღი და ბევრი რამ, პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული. ადრე სანთლის ჭაღი იყო, ის აღარ არის...

ამ სახლში ძალიან ბევრი ისტორიული პიროვნებაა ნამყოფი, რომელიც ამიერკავკასიის ჟანდარმერიის შეფი იყო.

ბაბუაჩემს, ასევე, მეგობრობა აკავშირებდა მემედ აბაშიძესთან, ერთმანეთთან მიმოსვლა ჰქონდათ...

ერთი ძალიან საინტერესო ისტორია მახსენდება: ბაბუაჩემის მამას სელემ ხიმშიაშვილმა თავისი ძუძუმტე - ალია ღლონტი გამოუგზავნა... მას კაცი ჰყავდა მოკლული. შემდეგ ალია ბაბუაჩემის მხლებელი, დაცვა იყო... ამ კაცს ჩვენი მოახლე შეუყვარდა, ეს გოგონა დაფეხმძიმდა... ბაბუაჩემის მამამ მოსთხოვა, რჯული შეიცვალე და ცოლად მოიყვანეო, მაგრამ მან რჯული არ შეიცვალა და წავიდა... შემდეგ ის ალია ტრაპიზონში მოკლეს... ამ გოგონას პატარა ბიჭი გაუჩნდა, რომელიც ბაბუაჩემის ძუძუმტედ გაიზარდა, როგორც ჩვენი ოჯახის წევრი ისე იყო, როგორც ძმა, ისე დაასახლეს. არაჩვეულებრივი კაცი იყო, მათთან ახლობლობა დღემდე გრძელდება...

(სპეციალურად საიტისთვის)