"90 წელს გადაცილებული იყო და სიარულიც საკმაოდ უჭირდა... ასეთი რამის გაკეთება მხოლოდ მას შეეძლო" - რას ამბობდა ვიდეოფილმში ევგენი ხარაძე გავრცელებულ ხმებზე, თითქოს მას უჭირდა - კვირის პალიტრა

"90 წელს გადაცილებული იყო და სიარულიც საკმაოდ უჭირდა... ასეთი რამის გაკეთება მხოლოდ მას შეეძლო" - რას ამბობდა ვიდეოფილმში ევგენი ხარაძე გავრცელებულ ხმებზე, თითქოს მას უჭირდა

"ნამდვილად მითი იყო ის ამბავი, რომ თითქოს ევგენი ხარაძეს უჭირდა. ვინც ევგენი ხარაძისადმი მიძღვნილ იზა ვეფხვაძის ფილმს ნახავს - "ვარსკვლავიერი ზეცის მესაიდუმლე", ბევრ სიახლეს და საინტერესო ამბავს შეიტყობს. ფილმში თავად ბატონი ევგენი ჰყვება თავისი ცხოვრების შესახებ..." - ამბობს რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის რეჟისორი - იზა ვეფხვაძე, რომელსაც ევგენი ხარაძე უმცროს მეგობარს ეძახდა...

იზა ვეფხვაძემ "კვირის პალიტრასთან" საუბარში დიდი აკადემიკოსი კიდევ ერთხელ გაიხსენა:

- წელს ევგენი ხარაძის იუბილის მრგვალი თარიღი არ არის, თუმცა გასულ წელს, 115 წლის იუბილე ხარაგაულში ფართოდ აღინიშნა, ასევე, ვრცელი და საინტერესო ღონისძიება გაიმართა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და ახალციხის უნივერსიტეტის თაოსნობით. ხარაგაულის ლიტერატურულმა თეატრმა აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომლის ჩვენება შედგა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, ახალციხის უნივერსიტეტში, ხარაგაულში. წელსაც იგეგმებოდა ხარაგაულში აბასთუმნის ობსერვატორიიდან ევგენი ხარაძის მშობლიურ სოფელში ობსერვატორიის თანამშრომლების და მეცნიერების სტუმრობა, მაგრამ ერთი მეცნიერის მოულოდნელი გარდაცვალების გამო, ეს შეხვედრა ვერ შედგა.

აქვე აღვნიშნავ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტი და სოფელ ფარცხნალის საკრებულო უვლის და პატრონობს ბატონი ევგენის კარ-მიდამოს. იქ მუდამ წესრიგი და სისუფთავეა. რაც შეეხება სახლს, ის კერძო საკუთრებაა... ორი საუკუნის ხის სახლია, სხვანაირად ვერ იქნება, წყალი არ ჩადის, რაც მთავარია.

- სამწუხაროდ, ევგენი ხარაძის მშობლიურ სოფელში მისი სახელობის სკოლა დაიხურა...

- ფარცხნალში იყო სკოლა, რომელსაც თავის დროზე, დიდი კონტინგენტი ჰყავდა. ამ სკოლის აშენებაში უდიდესი წვლილი ჰქონდათ ბატონ ევგენის და მის ძმას - არჩილ ხარაძეს. სამწუხაროდ, სოფელში აღარ არის ბავშვი, ვინც სკოლაში ისწავლის და ამის გამო, ფარცხნალის სკოლა დამოუკიდებლად აღარ არსებობს, ის შეუერთდა დაბის ერთ-ერთ საჯარო სკოლას. ნამდვილად სამწუხაროა, რომ ასეთ დიდებულ სოფელში ახალგაზრდების სიმცირეა.

- ათეული წლებია გავრცელებულია ხმები, თითქოს ევგენი ხარაძეს იმდენად უჭირდა, საკუთარ წიგნებს ყიდდა...

- ნამდვილად მითი იყო ის ამბავი, რომ თითქოს ევგენი ხარაძეს უჭირდა.

ბატონ ევგენი ხარაძეს ყოველთვის ვსტუმრობდი სოფელ ფარცხნალში, როცა იგი მამა-პაპისეულ კარმიდამოს ეწვეოდა. საოცრად და დაუჯერებლად თავმდაბალი გახლდათ. ერთხელ, მორიგი სტუმრობისას, აივანზე ვისხედით, ჩაის და ნამცხვარს შევექცეოდით, ბატონი ევგენი თავის ბავშვობას იხსენებდა და სულ მცირე დეტალებსაც კი მიამბობდა. უცებ მკითხა, თქვენ ფეხით მოხვედით? არა, მანქანით მოვედი და მძღოლი გარეთ მელოდება-მეთქი, ვუპასუხე. არაფერი უთქვამს, ორიდე წუთის შემდეგ წამოდგა, ხელსახოცზე ორი ნაჭერი ნამცხვარი, რამდენიმე შოკოლადი დადო, ჯოხი მოიმარჯვა, ბოდიში მოიხადა და სადღაც წავიდა, თვალი მივადევნე, გაიარა აივანი, გადაიარა ვრცელი ეზო და მძღოლს მანქანაში მიართვა ნუგბარი თავისი ხელით... არადა, 90 წელს გადაცილებული იყო და სიარულიც საკმაოდ უჭირდა... ასეთი რამის გაკეთება მხოლოდ მას შეეძლო...

სულ ამბობდა, რომ ხარაგაულის სიყვარულს ბოლო წლებში ჩემთან საუბრით და ურთიერთობით ივსებდა, რადგან მუდამ ვცდილობდი ხარაგაულის გაზეთი, ყველა წიგნი თუ მნიშვნელოვანი ამბავი მიმეწოდებინა. ვიცოდი, რომ ხარაგაულის ამბების მოყოლა უსაზღვროდ ახარებდა. ერთხელ, ხარაგაულის კულტურის მოღვაწენი თბილისს, აკაკი ხორავას მსახიობის სახლს ვსტუმრობდით. უნდა გვეჩვენებინა ხარაგაულის კულტურული ცხოვრება, სიმღერა, ცეკვა, თეატრალური წარმოდგენიდან ნაწყვეტები. საღამო მე გავხსენი და ვრცლად ვისაუბრე ხარაგაულის ქაესულის შესახებ. ბატონი ევგენი წინა რიგში იჯდა, მაგრამ ხედვა მაინც უჭირდა. როცა ჩემი სიტყვა დავასრულე, სცენიდან ჩამოვედი და რამდენიმე წუთის შემდეგ დარბაზში ბატონი ევგენის გვერდით დავჯექი. მომეხალისა, მაგრამ ცოტაოდენ დაბნეული მეჩვენა, ცოტა ხნის შემდეგ მკითხა, ის ვინ იყო სცენაზე რომ საუბრობდა, მე შენ ხარაგაულში ყველაზე ენამეტყველი მეგონე და ისიც შენზე არანაკლებია, მიხარია, ხარაგაულში ბევრი ნიჭიერის არსებობა, მაგრამ გამოგიტყდებით და ცოტა გული დამწყდაო, თან ჩვეული აკადემიური ღიმილით გაიღიმა. როცა ავუხსენი რომ, "ის" მე ვიყავი, პატარა ბავშვივით გაიხარა. მოიბოდიშა, შორს ხედვა მიჭირსო და დასძინა: მიხარია, რომ არჩევანში არ ვცდებიო.

ჩემთვის ენით უთქმელი ბედნიერება იყო ის ფაქტი, რომ მე, სრულიად ახალგაზრდას მერგო უდიდესი ბედნიერება, ლეგენდარულ ქართველთან მეგობრობისა. ბატონი ევგენის დაკრძალვის დღეს მე მერგო პატივი, დიდუბის პანთეონში, სამარის პირას, დიდ ქართველებთან ერთად, ხარაგაულელთა სახელით, გამოსათხოვარი სიტყვა მეთქვა ლეგენდარული მეცნიერისთვის, შემდგომ კი - რუსთაველის თეატრში, საიუბილეო საღამოზე. მე ჩემი სათქმელი ბატონი ევგენისადმი მიძღვნილ ფილმში და ლიტერატურულ სპექტაკლში ჩავტიე, ორივე მათგანის წარდგენა მეცნიერებათა აკადემიასა და აბასთუმნის ობსერვატორიაში გავმართე.

აქვე დავაანონსებ, რომ დასასრულს უახლოვდება წიგნი ბატონი ევგენი ხარაძეზე, სადაც კიდევ უფრო მეტ სათქმელს ვიტყვი. ვფიქრობ, მომავალ წელს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, ბატონი კობა ლურსმანაშვილის სურვილით და თანადგომით ხარაგაულში ევგენი ხარაძის ბიუსტი გაიხსნება, მისივე სახელობის სკვერში.

დიდი სიყვარულით იხსენებდა ფარცხნალში გატარებულ ბავშვობის წლებს, საოცარი იუმორით გვიყვებოდა კურდღელზე ნადირობის ამბებს, როგორ მისდევდა სოფლის თანატოლებთან ერთად კურდღლის კვალს, მაგრამ ერთხელაც ვერ ავიხდინე ოცნება და კურდღელი ვერ მოვინადირეო. იხსენებდა შემდგომში დიდ საოპერო მომღერალთან - ნადეჟდა ხარაძესთან ერთად, ბავშვობაში კახორის სალოცავზე მოგზაურობის ისტორიებს, როცა დაღლილ ნადეჟდას, როგორც მგელი კრავს, ისე მოიგდებდა ზურგზე და "მოაძუნძულებდა"...

განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა განათლებისადმი და ადრეული ბავშვობიდან სულ წიგნებით სავსე ჩანთით უწევდა სოფელში ჩამოსვლა, რომ თანატოლებისთვის წაეკითხა, ეამბნა და მერე საჩუქრებად დაეტოვებინა ის წიგნები, სოფლის თეთრწვერა მოხუცებთან ურთიერთობას დიდ აკადემიად მიიჩნევდა... ისეთ საკითხებზე და ისე ბრძნულად საუბრობდნენ ფარცხნალელი გლეხები, რომ მსგავსი შემდეგ სამეცნიერო წრეებშიც კი იშვიათად მომისმენიაო.

ვინც ევგენი ხარაძისადმი მიძღვნილ ფილმს - "ვარსკვლავიერი ზეცის მესაიდუმლეს" ნახავს, ბევრ სიახლეს და საინტერესო ამბავს შეიტყობს. ფილმში თავად ბატონი ევგენი ჰყვება თავისი ცხოვრების შესახებ.

(სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ფილმი: