"რამდენი ვიღაცა დალევს და მოუნდება, იქით ილოცოს, ჩვენ რამდენი ადამიანი უნდა ვაკონტროლოთ?" - რას ამბობს გორის საკრებულოს თავმჯდომარე გინტურის მკვლელობაზე
გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე მიიჩნევს, საქართველოს მოქალაქეები რუს ოკუპანტებს "მიზეზს აძლევენ" დანაშულის ჩადენისთვის. მან TV მონიტორინგთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სახელმწიფო "უსაფრთხოების ზომებს იცავს" და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადგილობრივები ამას "არ ექვემდებარებიან".
"ფაქტი იყო, რომ ადამიანი გადავიდა იქით, უკვე ის ტერიტორია ოკუპირებულ ტერიტორიად ითვლება მათთვის, ნუ ჩვენთვის კი აღიარებულია, მაგრამ ფაქტია და მოხდა ის, რაც მოხდა. ნიქოზის მხარეს, რამდენი ვიღაცა რამდენიმე ჭიქას დალევს და მერე მოუნდება, იქ უნდა გადავიდეს და იქით ილოცოს, გააგრძელოს ქეიფი, არ შეიძლება. რამდენი ადამიანი უნდა აკონტროლო? ერთი საგუშაგოა ნიქოზთან და იქ რომ ყველამ მოინდომოს ასე... ადამიანი თავისთავს თვითონ რასაც გაუკეთებს, ვერავინ ვერ გაუკეთებს იმაზე ცუდს...
სახელმწიფოს მიერ უსაფრთხოების ზომები დაცულია. ყველანაირ პროპაგანდას წევენ. ის რაღაცა სადემარკაციო ხაზი რომ არსებობს, რაც არ უნდა გადაკვეთონ, იქ არ უნდა გადავიდნენ. რუსი არ ინდობს თავის მოქალაქეს, ჩვენსას დაინდობს? მით უმეტეს, როცა მიზეზს მისცემ და თავის მოგონილ ე.წ საზღვრებს რომ გადალახავ, იმათთვის ეს წითელი ნიშანია.
სახელმწიფო ყველაფერს იცავს, მაგრამ თვითონ იქ არსებული მოსახლეობა ამ ყველაფერს არ ექვემდებარება. რეალობა ეს არის. უნდა აღვიქვათ რეალობა. იქ დგას რუსი, კაცის მკვლელი, ოკუპანტი და ქვეყნის დამაქცევარი, იმას უნდა მოვერიდოთ"- თქვა რაზმაძემ.
ცნობისთვის, ლევან დოთიაშვილი საოკუპაციო ძალებმა 6 ნოემბერს გაიტაცეს. მასთან ერთად მყოფი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე თამაზ გინტური კი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ის 3-დღიანი უკანონო პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა. (წყარო)