თეკლა ზუროშვილი 5 წელია ესპანეთში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, მერიკო და ნიტა. ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში განათავსა "ფეისბუქპოსტი", სადაც წერს, რომ ფეხბურთის ვარსკვლავს, ზინედინ ზიდანს გადაეყარა: "გზა აებნათ და მივასწავლე ,,კუდიგორის გზა,, ვუთხარი, რომ ქართველები ვართ...კმაყოფილება სახეზე აწერია. მისი ცოლი ამ დროს ფოტოს გვიღებს. ჩვენ და ზინედინ ზიდანი... რაღა ჩვენ გვიპოვა ამხელა წვიმიან ბილბაოში?" -აღნიშნავს თეკლა. kvirispalitra.ge საინტერესო ისტორიის ავტორს დაუკავშირდა და სთხოვა თეკლას, გაეზიარებინა ჩვენთვის ზინედინ ზიდანთან შეხვედრის დეტალები. - თეკლა, როგორ მოხვდით ესპანეთში? - საქართველოში საერთაშოროსო ურთოერთობები და დიპლომატია მაქვს დამთავრებული, სადოქტორო უნდა დამეცვა, მაგრამ გავთხოვდი და აღმოვჩნდი ესპანეთში, მეუღლემ ჩამომიყვანა. წლებია აქ ვართ. ნიტა ხუთი თვის იყო რომ ჩამოვედით, ახლა ცამეტი წლის გოგოა. - მეუღლე ქართველი გყავთ? - დიახ. თუში მეუღლე მყავს. ქართველი ბალღები ვართ (იცინის). - მოგვიყევით ზინედინ ზიდანთან შეხვედრის დეტალებზე. - დღეს წვიმდა, უნდა შევხვედროდი მეგობარს და გავყოლოდი გაზის კომპანიაში. ამოვედი მეტროდან და ვიდექით მოედანზე, მე და ჩემი შვილი მერიკო ვიყავით და ზიდანის ცოლმა გამაჩერა, ვაიმე, დავიკარგეთო, ხომ ვერ მიმასწავლით საით წავიდეთო. მოიოა ბილბაოში, ისეთია, როგორც თავისუფლების მოედანია ჩვენთან, ბევრი ქუჩა უერთდება ერთმანეთს და სხვა მხარეს მიდიოდნენ. ვუთხარი საპირისპირო მხარეს უნდა წახვიდეთ - მეთქი და რომ შემოვბრუნდი დავინახე ეს ამხელა აყუდებული ზიდანი, ნერწყვი ვეღარ გადავყლაპე, შევხედე, ვაიმე ზიდანი ხარ მეთქი? თავი დამიქნია და დამეთანხმა, ცოლი იცინოდა. მერე ვუთხარი, ბევრს ვკითხულობ ადგილობრივ პრესას და იქ მაქვს წაკითხული, რომ ხშირად ჩამოდის აქ, ბილბაოში ოჯახით ზიდანი. ძალიან უყვარს აქაურობა. გავეცანი, ჩვენ ქართველები ვართ-მეთქი, მაისური ავიწიე და ჩემი საქართველოს ტატუ ვაჩვენე, აი ამ ქვეყნიდან ვართ- მეთქი. ძალიან სასიამოვნოა, ცოლმა მობილური გამომართვა და ფოტო გადაგვიღო, ზურგჩანთა მქონდა, ქოლგაც დამიჭირა, რომ უფრო კომფორტულად ვყოფილიყავი.