"ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის მიერ არის შექმნილი იმ ფასეულობების გარშემო, რომელსაც ახლაც ასხივებს" - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის მიერ არის შექმნილი იმ ფასეულობების გარშემო, რომელსაც ახლაც ასხივებს"

ნიკა მელია თავისი განცხადებებით შორდება „ნაციონალურ მოძრაობის“ ფასეულობებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.

როგორც შაშკინმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ნიკა მელიამ 8 თვის წინ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გამართულ შიდა პარტიული არჩევებში დამარცხება „ვერ მოინელა“.

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მიერ არის შექმნილი იმ ფასეულობების გარშემო, რომელსაც ახლაც ასხივებს. სააკაშვილმა დროული და მნიშვნელოვანი ინიციატივა დააყენა, რომელიც ითვალისწინებს მანიფესტების იდეის ჩამოყალიბებას, რომლის გარშემო ვართ ჩვენ გაერთიანებულები. მიხეილ სააკაშვილი საუბრობს იდეაზე - საქართველოს მომავალზე. ნიკა მელია პირადად ჩემდა სამწუხაროდ, კვლავ საუბრობს იმავეს, რასაც რვა თვის განმავლობაში საუბრობს - ეს არის თანამდებობების გადანაწილება. სამწუხაროა, რომ რვა თვის განმავლობაში ნიკა მელიამ ვერ მოინელა დამარცხება.

საიდან მოიტანა, რომ პარტია ორად არის გახლეჩილი. პარტიის რეიტინგს შეხედეთ, ნიკა მელიას თავმჯდომარეობის შემდეგ კი არ შემცირდა, გაიზარდა“,- განაცხადა შაშკინმა.

მისივე შეფასებით, ნიკა მელია თავისი განცხადებებით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორდება.

„ჩემი რეიტინგი, მელიას, ყველას რეიტინგი არის მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი. ეს პარტია არის მიშა სააკაშვილი. ეს არის ის იდეოლოგია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ასხივებს.

მელია არჩევნებში მონაწილეობდა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის სახით. მელია არჩევნებში დამოუკიდებლად არ მონაწილეობდა, ის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ნიკა მელია თავისი განცხადებებით სამწუხაროდ, ძალიან შორდება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. პოლიტიკური კაპიტალი, რაც ნიკა მელიას გააჩნია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ კაპიტალი. არასდროს ვიტყვი, რომ რომელიმე ჩვენ ლიდერს ცალკე რეიტინგი აქვს. პარტია დგას მიხეილ სააკაშვილზე და ხალხზე“,- განაცხადა შაშკინმა.

კითხვაზე, რატომ არიან ერთ პარტიაში და რატომ არ გარიცხეს პარტიიდან მელია და მისი თანამოაზრეები, შაშკინი პასუხობს, რომ გარიცხვის მეთოდი არ არსებობს.

შაშკინის თქმით, გამოსავალი მდგომარეობს მანიფესტში, რაც მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა პარტიას.

„პირადად მე წინააღმდეგი ვარ გარიცხვის და ა.შ. ამის გზა არის მარტივი, რაზეც სააკაშვილმა ისაუბრა. მან თქვა, რომ პარტიის მნიშვნელოვანი ფუნდამენტი არის შიდა დებატები. როდესაც დებატები სრულდება, და დებატები არჩევნებით დასრულდა, ან უნდა მიიღო არჩევნები, ან სხვა გადაწყვეტილება უნდა მიიღო. გარიცხვის მეთოდი არ არსებობს. ჩვენ ყველას, მაინც მოგვიწევს მოლაპარაკება. ეს არ ეხება მხოლოდ ნიკა მელიას, არამედ მთელ ოპოზიციურ პარტიას. მომავალ წელს, მაინც მოგვიწევს არჩევნების შემდეგ ერთად დაჯდომა და კოალიციური მთავრობის შექმნა. ხომ არსებობს ფასეულობები, რომლებზეც შეგვიძლია შევთანხმდეთ, თავი დავანებოთ თანამდებობების გადანაწილებას“,- განაცხადა შაშკინმა.

"ინტერპრესნიუსი"