შავ ზღვაში რუსულ სამხედრო ხომალდებზე ნადირობა გრძელდება - ამჯერად ერთდროულად ორი ჩაუძირეს...
რუსეთ-უკრაინის ომში ყველაზე დაზარალებული, მგონი... რუსეთის შავი ზღვის ფლოტი გამოდის, რომლის ადმირალებმა უკვე აღარ იციან სად გადამალონ ხომალდები, რომ უკრაინული რაკეტებისა თუ კამიკაძე-დრონების მორიგ თავდასხმას რამენაირად გადაურჩნენ...
სულ ახლახანს ჩემს ბლოგში ვწერდი, რომ უკრაინამ ფრანგული „სკალპის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით ქერჩის გემთმშენებელი ქარხნის ნავმისადგომთან პირდაპირი მოხვედრით ფაქტობრივად გაანადგურა უახლესი რუსული, 22800 პროექტის მცირე სარაკეტო ხომალდი „ასკოლდი“, რომელიც ბოლომდე არც კი ჰქონდა შეირაღებაში მიღებული რუსეთის შავი ზღვის ფლოტს და აი, ერთი კვირის თავზე ისევ მიწევს დაწერა ახალ ჩაძირულ რუსულ ხომალდზე, უფრო სწორად... ერთდროულად ორ ერთეულზე...
უკრაინელებმა ფრანგული „სკალპელით“ რუსული სარაკეტო ხომალდი „გადაჭრეს“...
რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე, როგორც „ჩაუძირავ ავიამზიდზე“ შემორჩენილია ათამდე დიდი თუ პატარა პორტი, რომლებსაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტი და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამსახურის სანაპირო დაცვა თავისი ხომალდების ბაზირებისთვის იყენებს.
მას შემდეგ, რაც უკრაინამ მოუხშირა ოკუპირებულ სევასტოპოლში, მთავარ რუსულ სამხედრო-საზღვაო ბაზაზე საჰაერო და საზღვაო თავდასხმები, რუსმა ადმირლებმა ყველაზე ახალი და ღირებული წყალზედა და წყალქვეშა სამხედრო ხომალდები გაარიდეს სევასტოპოლს და ისინი ფეოდოსიისა და ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზებში გადაიყვანეს, იმის იმედით, რომ უკრაინული რაკეტები და დრონები იქამდე ვერ მისწვდებიან...
მაგრამ, ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროს დასაცავად მაინც დარჩნენ სხვადასხვა რანგისა და ტიპის სამხედრო ხომალდები.
აქ მცირედით გადავუხვევ და მკითხველს, ვინც არ იცის, პატარა საზღვაო ლიკბეზს შევთავაზებ:
სამხედრო დანიშნულების მცურავ საშუალებებს, როგორც წესი ხომალდებს ეძახიან და არა გემებს. ხომალდები თავიანთი წყალწყვისა და საბრძოლო დანიშნულების მხრივ კლასიფიცირდებიან რანგების მიხედვით.
პირველი რანგის ხომალდებს მიაკუთვნებენ ავიამზიდებს, სარაკეტო კრეისერებს, საესკადრო ნაღმოსნებს და ატომურ წყალქვეშა ნავებს.
მეორე რანგის ხომალდების სიაში ერთიანდებიან ფრეგატები, დიდი სადესანტო ხომალდები და დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავები.
მესამე რანგის ხომალდებად მიიჩნევენ კორვეტები, საპატრულო და საშუალო სადესანტო ხომალდები.
მეოთხე, ყველაზე ბოლო რანგში კი თავმოყრილია სარაკეტო, სატორპედო და საარტილერიო კატარღები, მცირე სადესანტო ხომალდები და საზღვაო ნაღმების მტრალავები.
10 ნოემბერს უკრაინელებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტს სწორედ მეოთხე რანგის ორი მცირე სადესანტო ხომალდი, იგივე სადესანტო კატარღა ორიოდე წუთში ერთმანეთის მიყოლებით ჩაუძირეს…
ყირიმის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჩერნომორსკოესთან მდებარეობს უბე "უზკაია", რომლის შიდა რეიდზეც იდგნენ რუსული სადესანტო კატარღები...
უკრაინულმა წყალზედა დისტანციურად მართვადმა საზღვაო დრონებმა შესძლეს უჩუმრად შეღწევა ამ უბეში და ერთამანეთის მიყოლებით, დაჯახებით ააფეთქეს ორი რუსული სადესანტო კატარღა, მოძველებული, 1176 პროექტის „აკულა“ და თანამედროვე, 11770 პროექტის „სერნა“, რისი ვიდეოკადრებიც ინტერნეტით გავრცელდა.
რუსული „აკულა“, უკრაინული საზღვაო კამიკაძე-კატარღის დაჯახება-აფეთქებისთანავე ჩაიძირა, „სერნამ“ ცოტა „იწვალა“, მაგრამ მალე ისიც ფსკერზე დაეშვა...
უკრაინის დაზვერვის მტკიცებით, ერთ-ერთ კატარღაზე რუს სამხედროებს ჯავშანტრანსპორტიორიც ეყენათ, რომელიც „წყალქვეშა“ გახდა, ასევე ვრცელდება ინფორმაცია ჩაძირული კატარღების ეკიპაჟების ნაწილის დაღუპვა-დაშავებაზეც.
ომის დაწყების შემდეგ ამ მომენტამდე, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საბრძოლო დანაკარგები 17 ერთეულ სხვადასხვა რანგის სამხედრო ხომალდს შეადგენდა, რომლეთაგან 12 ჩაძირული იყო, ხოლო 5 კი დაზიანებული.
როდესაც უკრაინელებმა შეძლეს მთავარი რუსული ხომალდის-11 500 ტონა წყალწყვის სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ შავი ზღვის ფსკერზე „გაშვება“, მასთან თითქოს რა მოსატანი შეიძლება იყოს, სულ რაღაც 60-100 ტონა წყალწყვის პატარა სადესანტო კატარღების ჩაძირვა, მაგრამ ეს მთლად ასეც არ არის...
პირველი: უკრაინულმა საზღვაო კამიკაძე-დრონებმა მოახერხეს ბუხტა უზკაიაში მალულად შეღწევა,რაც უკვე უკრაინელი სამხედრო მეზღვაურების დიდი წარმატებაა.
მეორე: სადესანტო კატარღა „სერნას“ წინა ღია სადესანტო ნაკვეთურში რუსი სამხედროები ხშირად აყენებდნენ „ტორის“ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის მობილურ დანადგარს, რითაც აძლიერებდნენ რუსული ხომალდების დაჯგუფების საჰაერო თავდაცვას. სხვათაშორის, გასული წლის 5 ივლისს ერთი ასეთი სადესანტო „სერნა“, რომელზეც „ტორის“ საზენიტო-სარაკეტო დანადგარი იყო დაყენებული, უკრაინელებმა უკვე ჩაუძირეს რუსებს კუნულ ზმეინის ნავმისადგომთან.
P.S. არ შემიძლია არ დავამატო, რომ უბე "უზკაიასთან" ჩაძირული „აკულას“ ტიპის მეორე, მოძველებული სადესანტო კატარღა რაღაცანიირად უკავშირდება ჩვენს უახლოესს ისტორიას, კერძოდ კი... აფხაზეთის ომის დაწყებას...
საბჭოთა კავშირის დაშლის მიუხედავად, 1992 წლის ზაფხულისთვის ფოთის სამხედრო პორტში კვლავ რჩებოდა ჯერ კიდევ გაუყოფელი (რუსეთსა და უკრაინას შორის, თორემ საქართველო ვის ახსოვდა) შავი ზღვის ფლოტის 184-ე საზღვაო ბრიგადა, რომლის განკარგულებაშიც იყო სწორედ „აკულას“ ტიპის 1176 პროექტის ორი სადესანტო კატარღა, რომლებიც რუსმა მეზღვაურებმა 80 ათას საბჭოთა მანეთად, თავის ეკიპაჟიანებიანად მიაქირავეს „შავნაბადას“ ბატალიონს და 14 აგვისტოს საღამოს ქართული საზღვაო დესანტი ღია ზღვაში გავიდა-რუსებისგან ნაქირავებ ორ სადესანტო კატარღაზე თითო-თითო ჯავშანტრანსპორტიორი და ქვეითთა საბრძოლო მანქანა იყო განთავსებული, რომლებიც დაბა განთიადთან პირველი ქართული საზღვაო დესანტის გადასხმის დროს ბრძოლაში იქნა გამოყენებული...