“დედამ უნდა გადაწყვიტოს, გამორთონ თუ არა... აირჩიე, 7 დღე სიცოცხლე და ტანჯვა, თუ ახლავე სიკვდილი - მითხრეს საქმიანად” - კვირის პალიტრა

“დედამ უნდა გადაწყვიტოს, გამორთონ თუ არა... აირჩიე, 7 დღე სიცოცხლე და ტანჯვა, თუ ახლავე სიკვდილი - მითხრეს საქმიანად”

2017 წლის 23 თებერვალი ის თარიღია, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ემახსოვრება. ტელეწამყვან მაია ასათიანის ქალიშვილი, 18 წლის ნუცა საფრანგეთში მენინგიტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაია ასათიანი მაშინვე გაფრინდა შვილთან...

ტელეწამყვანი ერთ-ერთ გადაცემაში ნუცას დაღუპვის პერიოდს და იმ რთულ წუთებს იხსენებს, როცა ექიმებმა მას აპარატის გათიშვის გადაწყვეტილების მიღება შესთავაზეს.

screenshot-2023-11-11-173933-1699710621.png

"ამოირჩიეთ, გვითხრა სოლიდური ასაკის ექიმმა. პაციენტის ტვინი კვდება. თუ საღამოს 6 საათამდე ოდნავი პროგრესი არ დადგა, აპარატიდან უნდა გამოვრთოთ. 6-ს აკლდა 15 წუთი. გვერდით მივუწექი, ისე როგორც ბავშვობაში. სახეზე ხელები მოვკიდე და ბევრი, ბევრი ვეძახე, რომ ჩემი გაეგონა, რომ არ წასულიყო, რომ დარჩენილიყო, რომ არ მოვეკალი.

მერე ისევ შეიკრიბა კონსილიუმი და ითქვა, რომ პროგრესი არაა, რომ ტვინი მოკვდა, რომ ასე აპარატით მაქსიმუმ 7-8 დღე გულს ძალით შეუძლია მუშაობა, რომ ეს ორგანიზმს დიდ ტკივილს აყენებს. დედამ უნდა გადაწყვიტოს გამორთონ თუ არა... აირჩიე, 7 დღე სიცოცხლე და ტანჯვა თუ ახლავე სიკვდილი - მითხრეს საქმიანად.

2017022323502520468-d2c25-1699711119.jpg

დერეფანში გავედი, იატაკზე დავჯექი და თავი ჩავქინდრე. ვიცოდი რასაც ვიტყოდი, ვიცოდი რას გადაწყვეტდა ნუცა. მაინც ვითხოვე 10 წუთი. ზუსტად ამ დროს თბილისში სოციალურ ქსელში ჩემი იატაკზე მოკუნტული ფოტო გავრცელდა. ჩვენი დედა-შვილობის ყველაზე კოშმარულ წამს ვიღაცამ ტელეფონი აიღო, ფოტო გადამიღო და გაავრცელა...

ეტკინება? - ვკითე ექიმს.

რა? - გაოცებულმა შემომხედა... როცა აპარატს გამორთავთ, ვერაფერს იგრძნობს ძილს გააგრძელებს - მითხრა და ხელზე ხელი მომკიდა. და მეც გადავწყვიტე..."