ქართველი მოცეკვავეების აკა მოდებაძისა და გვანცა ციხელაშვილის წყვილმა დრესდენში მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. შეჯიბრის დეტალებზე და მიღწეულ წარმატებაზე აკა მოდებაძეს დავუკავშირდით: - გილოცავთ ჩემპიონობას, გაგვიზიარეთ ემოციები და გვესაუბრეთ კონკურსზე, რომლის გამარჯვებულიც გახდით. - მსოფლიო ცეკვების ფედერაცია ატარებს შეჯიბრს WDSF World Championship Show Dance, 4 წუთის განმავლობაში სცენაზე მარტო ასრულებ 5 ლათინო- ამერიკული ცეკვის მიქს ატაცებით და სხვა შოუს ელემენტებით. 10 მსაჯი სხვადასხვა ქვეყნიდან (ქართველი მსაჯი არავინ იყო) და დამატებით მთავარი მსაჯი აფასებს მონაწილეებს. კონკურსის ფინალში გავედით 6 წყვილი: საქართველო, გერმანია, ამერიკა, ჩეხეთი და ბულგარეთი. შეჯიბრი ჩატარდა 11 ნოემბერს გერმანიის ქალაქ დრესდენში. - "არ მჯერა, რომ ახლა ამ სიტყვებს ვწერ, მსოფლიო ჩემპიონები ვართ" - ასე გამოეხმაურე სოციალურ ქსელში თქვენს გამარჯვებას. მოულოდნელი იყო? - დიახ. ეს არავის წარმოედგინა. საქართველოს ისტორიაში ამ ცეკვებში მსოფლიო ჩემპიონი არავინ ყოფილა. ჩვენ 5- გზის ფინალისტები ვიყავით, ყოველ ჯერზე ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან და ახლა ძალიან მაგრად ვიცეკვეთ. ნახევარ ფინალში ვიგრძენით, რომ დიდი შანსი იყო გამარჯვების. ცეკვის ქორეოგრაფებიც კი ჩვენ ვართ და ეს უფრო დაუჯერებელია. - როგორ შეხვდით ჩემპიონობას? - სიხარულისგან მუხლებზე დავეცი, რაღაც წამები არაფერი მახსოვდა. გვანცა მაყურებელთან მივიდა და სიხარულისგან ხტუნავდა. ეს არის ის, რისთვისაც მართლა დღე და ღამე ვვარჯიშობთ. ერთ თვეში დიუსელდორფში მიწვეულები ვართ Dance Gala SUPERSTARS - ზე. ეს არის წლის ტოპ წყვილების შეკრება, სადაც კიდევ ერთხელ ვიცეკვებთ სტუმრის რანგში. - თქვენ გარდა იმისა, რომ წყვილში ცეკვავთ, ცოლ-ქმარი ხართ. რამდენი ხანია ერთად ცეკვავთ ? 15 წელია წყვილში ვცეკვავთ. "ასეთი მსოფლიოს მოგება არის, თუ არის მოგება, ყველა რომ გეუბნება, თქვენ ეს დაიმსახურეთო" - რას ამბობს მსოფლიო ჩემპონი გვანცა ციხელაშვილი - ვიდეო