„დასავლეთ ევროპაში ნაკლებად გრძნობენ საფრთხეს, რა საშიშია ომში რუსეთის გამარჯვება...“ - კვირის პალიტრა

„დასავლეთ ევროპაში ნაკლებად გრძნობენ საფრთხეს, რა საშიშია ომში რუსეთის გამარჯვება...“

8 ნოემბერს ცნობილი გახდა ევროკომისიის ანგარიში, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუმცა ითქვა, რომ ევროკომისია ამ გადაწყვეტილებას იღებს დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა მიმართულებით უნდა გადადგას ნაბიჯები. ამ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო დეკემბერში მიიღებს - მას 27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის გულწრფელ სურვილს, გაწევრდეს ევროკავშირში. ევროკავშირისკენ ეს მისწრაფება უკეთ უნდა აირეკლოს ხელისუფლებამ", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიამ ასევე მწვანე შუქი აუნთო უკრაინასა და მოლდოვას, გახსნან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები, რაც კანდიდატის სტატუსის მომდევნო ნაბიჯია ევროკავშირში გაწევრებამდე. უკრაინას ამ გზაზე ოთხი პირობა წაუყენეს, მოლდოვას - სამი. საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა პირობიდან ნაწილი 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის გაგრძელებაა, ზოგიერთი კი სრულიად ახალია. ახალია დათქმა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასა და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლაზე. ევროკომისია ასევე ყურადღებას ამახვილებს საჭიროებაზე, რომ საქართველომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას დაუახლოოს. ამასთანავე, ლაპარაკია, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფაზე, განსაკუთრებით, 2024 წელს. სწორედ ამ თემით დავიწყეთ საუბარი ექსპერტ მამუკა არეშიძესთან:

areshidze.jpg

- სასიხარულოა, რომ ევროკომისიამ ეს რეკომენდაცია გასცა და საქართველო მიიღებს ევროკავშირის წევრობის სტატუსს. მიუხედავად ამისა, მაინც მგონია, რომ ევროპას ჯერჯერობით არა აქვს ბოლომდე გადაწყვეტილი ევროკავშირის გაფართოების პროცესი რამდენად სწრაფად წარიმართება... თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაშიც უშუალოდ წევრობის თაობაზე გადაწყვეტილება ახლო მომავალში არ იქნება მიღებული. ამის თაობაზე, ცოტა არ იყოს, სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რის საფუძველსაც მაძლევს, ერთი მხრივ, საქართველოს თუ დანარჩენი ქვეყნების არასაკმარისი მომზადება და იმავდროულად, თავად განწყობები ევროკავშირში. მეც იმ აზრზე ვარ, რომ ევროკომისიის ანგარიში უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებების ნაყოფია. ჩემი აზრით, ეს არის კონიუნქტურული გადაწყვეტილება, რაც გეოპოლიტიკური ვითარებით არის განპირობებული. ვგულისხმობ იმ ვითარებას, რაც შექმნილია ევროპაში რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების შედეგად.

- სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრების თემა სწორედ ამ ომის გამო გაჩნდა, თორემ ცნობილია, რომ საქართველო განაცხადის გაკეთებას 2024 წელზე ადრე არც გეგმავდა...

- გეთანხმებით, ეს განაპირობა იმ გეოპოლიტიკურმა ვითარებამ, რაც ამ ომმა შექმნა. თუ ამ გადაწყვეტილებას ასევე დაჩქარებულად მოჰყვება შემდეგი ნაბიჯებიც, ნამდვილად კარგი იქნება, თუმცა ამას, ცოტა არ იყოს, ვეჭვობ... სულ ცოტა, უკრაინაში ომი თუ არ დასრულდა, შემდგომი გადაწყვეტილებები, ალბათ, არ იქნება. უნდა გაირკვეს ამ ომში გამარჯვებული და დამარცხებული და ამის შემდგომ დადგება უკრაინის და მასთან ერთად მოლდოვისა და საქართველოს გაწევრების საკითხიც. საინტერესოა, რომ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, გარკვეულწილად იცვლება განწყობები, მე არ ვამბობ, რომ რუსეთს აგრესორად და მტრად არ მიიჩნევენ, მაგრამ თვითონ უკრაინის დახმარების თემა და ამით შექმნილი დისკომფორტი რიგით მოქალაქეებს უკვე გვარიანად აწუხებთ.ყველაფერთან ერთად მიდის საინფორმაციო ომიც და რიგ შემთხვევაში რუსული პროპაგანდა ახერხებს მოგებას. შესაბამისად, ევროპაში ჩნდება კითხვები უკრაინაში კორუფციის თუ სხვა საკითხების შესახებ. ეს არ შეეხება აღმოსავლეთ ევროპას, რომელმაც კარგად იცის, რომ ამ ომში რუსეთის გამარჯვება დაუშვებელია, რომ ეს იქნება ევროპისთვის უდიდესი საფრთხის შემქმნელი. მეჩვენება, რომ აი, ამ საფრთხეს დასავლეთ ევროპაში ნაკლებად გრძნობენ.

- ერთია ევროკავშირის ქვეყნების გაფართოების გეგმა, მაგრამ მეორე საკითხია, თავად საქართველო რას აკეთებს იმ მიზნის მისაღწევად, რაც კონსტიტუციაშიც ჩავწერეთ. ფაქტია, ჩვენი ევროპელი პარტნიორები არ მიიჩნევენ სრულად შესრულებულად ცნობილ 12 რეკომენდაციას, რომელთა ნაწილმა ახალ დათქმაშიც გადმოინაცვლა, ამას დაემატა ახალი პირობებიც.

- რასაკვირველია, პრობლემა უამრავია, მათ შორის მართვის სისტემებში. გარდა ამისა, ევროპული სამართლიანობის ის ხარისხი, რომლისკენაც ვილტვით და რომელიც არის ევროპულ ქვეყნებში, ჩვენთან კვლავ მიუღწეველია. ეს არის უპირველესად მისახედი. ამაზე გველაპარაკებიან ჩვენი პარტნიორები გამუდმებით. ხელისუფლება ვითომ ცდილობს რაღაცის შეცვლას, მაგრამ საბოლოოდ სისტემა იგივე რჩება, მისი ცვლილების გარეშე კი წარმოუდგენელია ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ბაზა სამოქალაქო სამართლიანობაა. უამისოდ დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ამას კი ძალიან ბევრი რეფორმა და ცნობიერების ამაღლება სჭირდება. ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ ადამიანები, რომელთაც გათავისებული ექნებათ ამის მნიშვნელობა. დღევანდელი ხელისუფლების დიდ ნაწილს უცხოეთში აქვს მიღებული განათლება და თითქოს უნდა იცოდეს, რა არის დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლები, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ცნობიერებაში კვლავ ფესვგადგმულია საბჭოთა გადმონაშთი პარადიგმები და თავს ვერ აღწევენ. არადა, სწორედ ეს არის საჭირო, რათა მართლაც გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი. ევროკომისიის რეკომენდაციების ახალ დათქმაში კარგად ჩანს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ როგორ მოახერხებს ქვეყანა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რამდენად თავისუფალ გარემოში ჩაივლის წინასაარჩევნო კამპანია თუ უშუალოდ საარჩევნო დღე.

- ვიდრე არჩევნების საკითხზე უფრო ვრცლად ვისაუბრებთ, მინდა მწუხარებით გავიხსენო 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან დატრიალებული ტრაგედია, როდესაც რუსმა სამხედროებმა სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური, 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. საბედნიეროდ, ეს უკანასკნელი უკვე თავისუფალია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოკუპანტები თუ მათგან წახალისებული სეპარატისტები სასიკვდილოდ უსწორდებიან თუ იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, რა ბერკეტები შეიძლება ავამოქმედოთ ამ ტრაგედიების დასასრულებლად?

- რაც მოხდა, დიდი ტრაგედიაა, ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახსა და მთელ ქვეყანას. სამწუხაროდ, საქართველოს არა აქვს არანაირი ბერკეტი, რომ ამგვარი ტრაგედიები ავიცილოთ თავიდან. რა შეგვიძლია გავაკეთოთ, როდესაც ვხედავთ, რომ რუსეთი ანგარიშს არ უწევს საერთაშორისო საზოგადოებრივ აზრს, უკრაინის მაგალითი ხომ ამას აჩვენებს. ეს ქვეყანა უამრავი საერთაშორისო ხელშეკრულებიდან არის გასული, ზოგიდან კი გარიცხეს. დღეს რუსეთის პოზიცია ორიენტირებულია არდათმობაზე ნებისმიერი მიმართულებით. კრემლში ფიქრობენ, რომ ნებისმიერი დათმობა სისუსტედ აღიქმება და ამიტომაც არ სურთ ამის დაშვება. მიუხედავად იმისა, რომ ისმის ყიჟინა ოპოზიციიდან, ხელისუფლება არასწორად იქცევაო, ფაქტია, ხელისუფლება ხელფეხშებორკილია... მაინც რა უნდა გააკეთოს? კი ბატონო, განცხადებები, საერთაშორისო ტრიბუნების გამოყენება, ბრძოლა საერთაშორისო ასპარეზზე აუცილებელია, მაგრამ ბოლო ხანს ხომ აჩვენა ზოგიერთმა ქვეყანამ, რომ საკუთარი სიმართლის დამტკიცება მხოლოდ სამხედრო ძალით არის შესაძლებელი. დღევანდელ მსოფლიოში ასე "მოსულა". აგერ გვაქვს აზერბაიჯანის მაგალითი და ახლა იმავეს ცდილობს ისრაელი.

გაეროს სრულიად აქვს გავლენა დაკარგული - გინდ ყოფილა მისი განცხადებები და პოზიცია და გინდ არა. აგერ ისრაელი საერთოდ აღარ აქცევს მის მოწოდებებს ყურადღებას. მოკლედ, არსებული მსოფლიო წესრიგი კრახის წინაშეა. ჩვენ, ფაქტობრივად, ახალი წესრიგის დაბადების დასაწყისთან ვართ.

აქედან გამომდინარე, საქართველო ხელფეხშეკრულია და მიმაჩნია, რომ ეს მანკიერი პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ არ გვექნება ის უნარი და ძალა, ჩვენს პარტნიორებთან ერთად კომპლექსურად გადავწყვიტოთ ეს პრობლემა. ეს კი გულისხმობს როგორც პოლიტიკურ შემადგენელს, ისე ოკუპირებული ტერიტორიების საკითხში რბილი ძალის გამოყენებას. ამას წინ არაფერი უდგას... ამ სისტემის შექმნა, დამუშავება, გამოყენება აუცილებელია. ეს, ალბათ, სულ ცოტა, ასჯერ მაქვს ნათქვამი, მათ შორის თქვენთან ინტერვიუებშიც, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. პრაქტიკულად, სისტემა, ინიციატივების პაკეტი, რომელიც შეიძლებოდა შექმნილიყო, არ არსებობს. ამიტომაც ამ მდგომარეობაში ვიქნებით კარგა ხანს. ფაქტია, სამხედრო-პოლიტიკური ძალით ამ პრობლემების მოგვარება ჩვენ არ შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია მოგვარების დაწყება. ეს შეგვეძლო გუშინ და გუშინწინაც, რათა როდესაც რეალური ცვლილებების დრო დადგება, ამისთვის მზად ვიყოთ. ახლა ჩვენ ინერციას მინდობილი ვართ, როცა რაღაც ხდება, ამაზე კეთდება განცხადებები, ვიწყებთ ყვირილს შინ თუ გარეთ, მერე მიგვავიწყდება, მერე კიდევ რაღაც ხდება, ისევ ხელახლა ვიწყებთ ლაპარაკს და ა.შ.

სამწუხაროდ, ამ მდგომარეობიდან გამოსავალი დღეს არ ჩანს, მაგრამ თუ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, მაშინ სულ სხვა რეალობა იქნება. ამიტომაც არაფრით შეიძლება რუსეთმა უკრაინაში გაიმარჯვოს, ეს არ უნდა დაუშვას მსოფლიომ.

- გასულ კვირას "პარიზის მშვიდობის ფორუმს" პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტუმრობდნენ. მთავრობის ადმინისტრაციის თქმით, სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთში ვიზიტის შესახებ მთავრობისთვის არ მიუმართავს. საინტერესოა, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების გამოსვლებიც განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. თუ პრეზიდენტმა რუსულ ოკუპაციაზე, ქართველების მკვლელობებზე (მათ შორის გინტურის ახლახან მომხდარ ტრაგედიაზე), აფხაზეთში აეროპორტების, პორტების მშენებლობაზე ისაუბრა და საჯაროდ გააკრიტიკა კრემლის აგრესია, პრემიერმა ქვეყნის განვითარებაზე, სტაბილურობასა და მშვიდობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა. მან ისაუბრა ოკუპაციაზე, თუმცა არ უხსენებია ოკუპანტების მიერ ახლახან მოკლული თამაზ გინტური...

- არ ვიცი, რატომ არ ახსენა ეს ტრაგედია პრემიერ-მინისტრმა. ჩვენ გვჭირდება ყველა ტრიბუნის გამოყენება ჩვენს სიმართლეზე სალაპარაკოდ. ეს შეიძლება არსებითად არაფერს ცვლის, მაგრამ მაინც უნდა ეთქვა. იმდენად რთული ვითარება გვაქვს ამ ოკუპირებული ტერიტორიების საქმეში, რომ ხელისუფლების გაკრიტიკება მარტივია, საქმის კეთება კი რთული... ისე, გულწრფელად მაინტერესებს, რატომ არასდროს აკრიტიკებს ოპოზიცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრსა და მის აპარატს. ჩემი დაკვირვებით, ეს სამინისტრო არაფრის მაქნისი არ არის. საინტერესოა ოპოზიციას მოსწონს მისი მუშაობა?რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მისი პარიზული ვიზიტი კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კონფრონტაციაა. როცა ის თავის დროზე წამოაყენეს საპრეზიდენტო კანდიდატად, მხარი დავუჭირე, რადგან ვიცნობ დიდი ხანია, პატივს ვცემ და ის ჩემს ახლობლად მიმაჩნია, მოკლედ, მის მიმართ ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება მაქვს და ამიტომაც ამ თემაზე მეტს არაფერს ვიტყვი.

- გასულ კვირას ტელეკომპანია "ფორმულამ" გამოაქვეყნა Edison Research -ის მორიგი კვლევის შედეგები. კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? - გამოკითხულთა 37% "ქართულ ოცნებას" ასახელებს, "ნაციონალური მოძრაობა"/"სტრატეგია აღმაშენებელს" - 21%, პარტიას "საქართველოსთვის" - 9%, "ლელოს" კი - 5%. ამ შედეგების მიხედვით, 4 პოლიტიკურ ძალას აქვს ბარიერის გადალახვის შანსი. თუ არჩევნებზე იგივე შედეგი დადგა, მმართველი პარტია და ოპოზიციური ძალები ჯამურად ისეთ მხარდაჭერას მიიღებენ, რომ გარდაუვალი იქნება კოალიციური მთავრობის შექმნა.

- მოდი, შევთანხმდეთ, ეს არის 6 ნოემბრამდე არსებული რეალობა, მას შემდეგ იყო ევროკომისიის რეკომენდაცია და იქნება კიდევ ბევრი რამ, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის მხარდაჭერის ამ პროცენტებს. გარდა ამისა, ველი, რომ პოლიტიკურ ველზე გამოჩნდება ახალი ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალა. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", თუ არ ჩამოყალიბდა იმაზე, თუ რა უნდა, არ ვიცი, რა პერსპექტივა ელის. ჩემი ხედვით, "ნაციონალური მოძრაობის" ხმის მიმცემთა დიდი ნაწილი მაინც პირადად მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებისგან შედგება. რაც შეეხება გახარიას 9%-ს, ეს არ მიკვირს, შესაძლოა საარჩევნოდ ოდნავ კიდევაც გაიზარდოს. მან სწორი ტაქტიკა აირჩია, არ ჩანს აქტიურად პოლიტიკურ ველზე, თუმცა მაინც სულ ახსენებს საზოგადოებას თავს, საუბრობენ მისი პარტიის წევრები. ამის შედეგად მის მიმართ საზოგადოების ნაწილში გარკვეული მოლოდინი არსებობს. "ლელოს" მხარდაჭერაც რეალური მგონია.

ყველაფრის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს სერიოზული შედეგის მიღების შესაძლებლობა. მაშინ როდესაც გამოწვევები ძალიან სერიოზულია, ხელისუფლებამ მოახერხა მნიშვნელოვანი რამ - სტაბილურობის განცდის მეტ-ნაკლებად გაჩენა. ამაში ვგულისხმობ შიდასტაბილურობასაც და რეგიონულსაც. ეს იქნება საარჩევნოდ ხელისუფლების მთავარი გზავნილი. თუ ამას დაემატება სერიოზული სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტებიც, მაშინ კიდევ უფრო მყარი გახდება მისი პოზიცია. ინფრასტრუქტურულ პროექტებში არ ვგულისხმობ მხოლოდ გზების გაყვანას, ვგულისხმობ რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს, როგორიც არის პორტი, აეროდრომები, ანუ ე.წ შიდა დერეფნის გამტარობის გაზრდის საშუალებები. ეს პროექტები საქართველოს ფუნქციის მნიშვნელობას უფრო გაზრდის. ეს თუ გაკეთდა და ხალხმა ეს დაინახა, მერწმუნეთ, "ოცნება" მოახერხებს გამარჯვებას, მაგრამ ასევე არ გამოვრიცხავ ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას, რომელიც აუცილებლად მოინდომებს ძველი ბალასტის მოშორებას და მაქსიმალურად ახლებური იმიჯის შექმნას. ეს ხელოვნურად მოხდება თუ ახალი პარტია სპონტანურად დაიბადება, არ ვიცი.

- გულისხმობთ, რომ ის "ქართული ოცნების" წიაღში აღმოცენდება?

- უფრო "ქართულ ოცნებასთან" ახლოს მყოფ ახალ პოლიტიკურ ძალას ვგულისხმობ, რომელიც შეიძლება ისევ ბიძინა ივანიშვილის ქოლგის ქვეშ გაჩნდეს. მოკლედ, თუ მან ამის საჭიროება დაინახა, აუცილებლად შექმნის.