"ნუ ჩათვლის ჩვენი საზოგადოება, ამოვხტით ჩვენი გეოპოლიტიკიდან, სამეზობლო შეგვეცვალაო" - კვირის პალიტრა

"ნუ ჩათვლის ჩვენი საზოგადოება, ამოვხტით ჩვენი გეოპოლიტიკიდან, სამეზობლო შეგვეცვალაო"

8 ნოემბერი დიდი ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში - ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. მოლოდინი­ გამართლდა, წინ უფრო დიდი გეგმებია... ჩვენი კითხვები პოეტ დავით მაღრაძესთან­ 8 ნოემბრის მნიშვნელობას შეეხება. ინტერვიუ ბატონი დათოს ესპანეთიდან დაბრუნებისთანავე შედგა:

- მინდა საუბარი მადრიდში, სერვანტესის ინსტიტუტში გამართული საღამოთი და პოემა­ "ბარაქიანი მიწის" პრეზენტაციით დავიწყოთ. ელოდით, რომ "აღიარების მედლით" დაგაჯილდოებდნენ?

- პოემა ,,ბარაქიანი მიწა" ესპანურად 2 წლის წინ ითარგმნა. პირველი პრეზენტაცია შარშან მადრიდში, კლუბ ,,მატადორში" გაიმართა, ახლა კი მეორე პრეზენტაცია­ სერვანტესის ინსტიტუტში იყო. დიდი პატივის და სიხარულის მომნიჭებელი ამბავია, ასეთი საერთაშორისო სახელისა და ავტორიტეტის ინსტიტუტი რომ გიწვევს. რაც შეეხება ,,აღიარების მედალს" - ასე ჰქვია ჯილდოს, რომელიც პრეზენტაციის ბოლოს ინსტიტუტის დირექტორმა გადმომცა - სიურპრიზი იყო ჩემთვის. რა თქმა უნდა, სასიხარულოა და ამასთანავე­, საპასუხისმგებლოც. ამით არ იწურება ესპანური ტურნე, ის ბარსელონაში გაგრძელდება, სადაც უკვე მიმიწვიეს. იქ წარვადგენ პოემას და გაიმართება შემოქმედებითი საღამო.

- ევროკომისიის დასკვნამ ყველა გაგვახარა.­ ვისი დამსახურებაა მისი მოპოვება? ოპოზიცია­ ამბობს, ჩვენი, რადგან ხალხმა დაიმსახურა, ჩვენ კი "ოცნება" ვაიძულეთ რეკომენდაციები შეესრულებინაო; მთავრობა ამბობს, რა თქმა უნდა, ჩვენი, იმიტომ, რომ ხალხმა დაიმსახურა, ჩვენ კი წარმოვადგენთ ქართველ ხალხს, მის არჩეულ მთავრობასო; პრეზიდენტი ამბობს, ჩემი დამსახურებაა, რადგან პროევროპელი ლიდერი ვარ და სწორედ მე მიმიძღვის წვლილი, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია მივიღეთო.

- ევროპას ეხება საქმე, აზიას, წვიმას თუ თოვლს, ერთი რამ ცხადია - მთქმელი უნდა ჰგავდეს ნათქვამს. თუ მთქმელი ნათქვამს არ ჰგავს და მათ შორის კავშირი არ იკითხება, იმ თემის მხოლოდ დისკრედიტაცია ხდება, რომელი თემის მუსირებაც აქვთ განზრახული. მინდა მივულოცო ქართველ საზოგადოებას, ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპასთან დასაახლოებლად ევროინტეგრაციის გზაზე. ამ ნაბიჯის გადადგმაში ძალიან დიდია როგორც ქართველი ხალხის, ასევე ხელისუფლების როლი. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ "ქართულმა ოცნებამ", ქართველ ხალხთან ერთად 2012 წელს დაამარცხა­ რეჟიმი და სისხლიანი ხელისუფლება­ უსისხლოდ გაუშვა. რაც მნიშვნელოვანი იყო. ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ ამ ხელისუფლებამ შეძლო და დაამყარა მშვიდობა, ააცდინა ჩვენი სახელმწიფო ომს, რომლის მოთხოვნაც აშკარად ისმოდა მეორე ფრონტის გახსნის სახით. ააცდინა დიდ, სავარაუდოდ, სავალალო ქარტეხილს. ეროვნული ინტერესები ყველაფერზე­ მაღლა დააყენა. სახელმწიფოსა და ქართველი­ ხალხის ღირსება დაიცვა. არ დადგა­ ცალ ფეხზე, არამედ სათანამშრო­მლოდ განწყობილი დადგა­ ღირსეულად ევროსტრუქტურების წინაშე და მოიპოვა რეკომენდაცია ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე. ამის დაუნახაობა შეუძლებელია, რადგან ეს ყველაფერი მოხდა არა ცალ ფეხზე დგომით, არამედ სახელმწიფოს ღირსების დაცვით, ყველაზე მაღლა ეროვნული ინტერესების დაყენებით. ის მოარული ფრაზები,­ რომ ევროკომისიისგან ქართველ ხალხს მიეცა რეკომენდაცია და არა ხელისუფლებას, ძალიან უსუსურია, იმდენად, რომ განხილვასაც ვერ უძლებს,­ არათუ კრიტიკას. თუ ვინმეს ჰგონია ევროკომისიაში ილია ჭავჭავაძეები სხედან და ქართველი ხალხის გულისთქმასა­ და მაჯისცემაზე არიან მიყურადებული, ცდებიან. ევროკომისიას ქართველ ხალხთან პირდაპირი შეხება­ არა აქვს, მას ურთიერთობა აქვს საქარ­თველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკოსებთან. შეაფასეს ვითარება, ნახეს, რომ ოპოზიციას არა აქვს რესურსი­ და ხალხის მხარდაჭერა, დაინახეს, რომ ხელისუფლებას მტკიცე პოზიცია აქვს. ის ყველაფერზე მაღლა ეროვნულ ინტერესებს აყენებს და ამ პოზიციას არ შეცვლის, ამდენად მიიღეს გადაწყვეტილება და ღირსეული პოზიციის ხელისუფლებას და ქვეყანას მისცეს რეკომენდაცია ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე. ეს არის რეალობა, დანარჩენი ყველაფერი უსუსური ლირიკაა. ჩემი აზრით, რაც მე ახლა გითხარით, ყველაზე მკაფიოდ პრემიერისა და ბატონი ბორელის პრესკონფერენციაზე გამოიკვეთა. როდესაც ევროკომისიამ და ევროკავშირმა ნათლად­ დაინახეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა გააზრებული რისკის ფასად ჩამოყალიბე­ბ­ული მტკიცე პოზიცია, რომელსაც არ დათმობს ეროვნული­ ინტერესების ხარჯზე. ეს ბრწყინვალედ წარმოაჩინა ამ პრესკონფერენციაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. სხვა შემთხვევაში, ჩემი აზრით, საეჭვო იქნებოდა ჩვენთვის რეკომენდაციის მოცემა.

- პრეზიდენტიც ფიქრობს, რომ მისი დიდი წვლილია ამ გადაწყვეტილებაში.

- ამაში ცუდი არაფერია, რომ პრეზიდენტი ასე ფიქრობს. მე ერთს ვიტყოდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი­ მოვლენაა ჩვენთვის, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის ეს უმნიშვნელოვანესი დღე ევროინტეგრაციის გზაზე იმდენად ტევადი, სერიოზულია, რომ აღარ სჭირდება აღმატებით ხარისხში აყვანა. ისედაც საკმარი მნიშვნელობა აქვს, რომ აღარ ვეცადოთ მიხმარებას გადაჭარბებული ფრაზებით. რაღაც ფრ­აზები კანდიდატობის სტატუსის მონიჭებისთვის, ტერიტორიული მთლიანობის­ აღდგენისთვის დავიტოვოთ - ეროვნული დღესასწაულის ხარისხში ნუ ავალთ დღეს, ეროვნული დღესასწაული წინ გვაქვს.

- რას ნიშნავს ევროკომისიის დასკვნა, ფაქტობრივად, როგორც გარანტირებული სტატუსი, ჩვენი ხალხისთვის პოლიტიკურად, ფსიქოლოგიურად, მორალურად?

- მნიშვნელოვანი კითხვაა. ეს არის ჩვენი საუკუნეობრივი მისწრაფების დიდი ექო, რომელიც სიმბოლურია, რომ 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს გაისმა. ეროვნული დღესასწაულისთვის შევინახოთ ფრაზები-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ეიფო­რიისკენ განწყობილი არის ხოლმე ჩვენი საზოგადოება და ნუ შევალთ ახლა ეიფორიაში, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი ევროინტეგრაციის გზაზე. მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო, რათა ეს პროცესი ეროვნული ინტერესების სრული დაცვით, ღირსეულად გაგრძელდეს. ეიფორიაში იმას ვგულისხმობ, რომ ნუ ჩათვლის ჩვენი საზოგადოება, ამოვხტით ჩვენი გეოპოლიტიკიდან, სამეზობლო შეგვეცვალაო. იმავე სამეზობლოში ვრჩებით და იგივე გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ესპანეთით, იტალიითა და საფრანგეთით ჩვენი სამეზობლო არ იცვლება. ჩვენს გეოპოლიტიკას აქვს როგორც პოზიტივი, ისე საფრთხეებსაც შეიცავს. ეს პრობლემატური საფრთხეები ისევ ძალაში რჩება, ამიტომ ისევ იგივე მნიშვნელობა აქვს ჩემთვის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელებას. არ არის შემთხვევითი, როცა პრემიერმა ბატონ სალივანს, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, მადლობა გადაუხადა 8 ნოემბრის რეკომენდაციისთვის, ვინაიდან აშშ-ს აქვს თავისი გავლენა ევროკავშირზე და ეს ყველასთვის ცნობილია. ამდენად, პრემიერის ვაშინგტონში მიმავალი გზავნილი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რაც იმის მანიშნებელია, რომ ეს პროცესი უნდა გაღრმავდეს, გამძაფრდეს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, ვინაიდან ჩვენი სამეზობლო არ იცვლება და არ გამოირჩევა საერთაშორისო ნორმების პედანტური დაცვით. ამიტომ ნუ ჩავთვლით, რომ ამ რეკომენდაციით ყველა პრობლემა მოიხსნა და ჩვენ უკვე შუაგულ ევროპაში გავიღვიძეთ. წინ დიდი გზაა. ყურადღება არ მოვადუნოთ, პირიქით გავამახვილოთ, საიდან შეიძლება გვემუქრებოდეს, როგორ ავირიდოთ საფრთხეები, როგორ შევინარჩუნოთ მშვიდობა.

- როგორ ფიქრობთ, სტატუსი ურთიერთსიძულვილს და პოლარიზაციას შეამცირებს?

- ჩემთვის ყბადაღებული პოლარიზაცია ნიშნავს, როდესაც დაახლოებით ორი თანაბარი ძალის მქონე მხარე პოლიტიკურად უპირისპირდება ერთმანეთს. საქართველოში დღეს პოლარიზაციის პრობლემა არ ჩანს, იმიტომ, რომ ხელისუფლება ახორციელებს ხელისუფლებას ძალიან მტკიცე პოზიციითა და ხალხის მხარდაჭერით და მოპირისპირე მხარე არ გამოირჩევა ხალხის მხარდაჭერით, ამდენად, ვერ დავარქმევ ამას პოლარიზაციას. თუ სიძულვილის ენას გულისხმობთ, არიან ჩვენში ადამიანები, რომლებიც კანდიდატის საფეხურიც რომ გამოტოვოს ევროკავშირმა და პირდაპირ წევრობა მოგვანიჭოს, სიძულვილის ენას მაინც არ მოიშლიან. მათთვის ჩვენი ევროინტეგრაცია არ არის მნიშვნელოვანი, მათთვის მნიშვნელოვანი ხელისუფლებაში ყოფნაა და ამდენად, არც განწყობას შეცვლიან და არც ფრაზეოლოგიას გამოიცვლიან. ისინი ჩარჩებიან წარსულში, რომელიც არანაირად არ გულისხმობს ჩვენს ხვალინდელ დღესა და ევროინტეგრაციის გზას.

- თამაზ გინტურის მკვლელობაზეც ვისაუბროთ. როდის და როგორ უნდა დამთავრდეს საქართველოში რუსების თარეში?

- მოხდა მკვლელობა, ქართველი კაცი გამოაკლდა წუთისოფელს. სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს და თანაგრძნობის განცდა ისადგურებს ჩვენში. კარგი იქნებოდა, ეს ტრაგიკული შემთხვევები ერთხელ და სამუდამოდ დასრულდებოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთ სიტყვებს ,,ერთხელ და სამუდამოდ" არც პოლიტიკა და არც წუთისოფელი არ ცნობს... რაც შეეხება პოლიტიკურ ვითარებასა და ოკუპირებულ ტერიტორიას, ეს, რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნის, ხელისუფლების, ერის, ბერის, ყველასი, ერთი დიდი განზრახვა და მიზანია, რომ აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ამ ტრაგედიების პოლიტი­კური მიზნით გამოყენება ძალიან უსუსური და შემზარავია. საოკუპაციო ხაზი ამ ხელისუფლებას არ მოუტანია იქ, სადაც დღეს გადის. ეს პრობლემა ამ ხელისუფლებას დახვდა. მხოლოდ ამ ხელისუფლების დადანაშაულება ასეთ ტრაგედიებში უზნეობაა და მრჩება განცდა, რომ ასეთ დროს მავანში თანაგრძნობა კი არ ისადგურებს, უფრო ანგარიშსწორების ვნება. რა თქმა უნდა, ჩვენი საზრუნავი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ეს რომ ერთ-ორ დღეში არ მოხდება, მგონი, გავიაზრეთ. პოლიტიკა იმის არის, რომ რეალობას, მოგვწონს თუ არა, გათვალისწინება სჭირდება და რეალობიდან გამომდინარე უნდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიღება, თორემ, რა თქმა უნდა, მიზანი ისაა, რომ დამოუკიდებლობის ხარისხის შენარჩუნებით აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა­ და საზღვრები ისე იყოს დაცული, ვერავინ ბედავდეს ლეკიანობას, თანასწორ ურთიერთობაზე იფიქრონ და არა კოლონიურ მმართველობაზე. სხვა რა შემიძლია ვთქვა, საქართველოში წლების განმავლობაში იყო პათეტიკა - არაერთხელ დავამარცხეთ რუსთაველზე რუსეთიც, არაერთხელ შევუტიეთ აფხაზეთს რუსთაველზე, არაერთხელ შევუტიეთ ცხინვალს რუსთაველზე, სინამდვილეში კი დავკარგეთ ტერიტორიები. რუსთაველზე დიდ წარმატებებს ვაღწევდით, რომლებიც არ აირეკლა რეალობაზე. ამ ეიფორიიდან და პათეტიკიდან უნდა გამოვიდეთ. ჩემი აზრით, ხშირად ეს იმის ბრალია, განათლების პრობლემა რომ არსებობს საქართველოში. რაც საქართველო გათავისუფლდა, მას მერე განათლების რეფორმაზეა ლაპარაკი, თუმცა დღემდე არ ვიცი, რას ნიშნავს ეს რეფორმა, რა გზით მიდის. ინფორმაცია არ გადადის განათლებაში. ბევრი ორატორი ვიცით, რომელიც ინფორმირებულია, მაგრამ არ ტოვებს განათლებულის შთაბეჭდილებას. ინფორმაცია რომ განათლებაში გადავიდეს, ამას კულტურა სჭირდება და როცა ინფორმაცია ვერ გადადის განათლებაში, შემდეგ ქარტეხილი ვერ გადადის გამოცდილებაში.

ბოლო ხანს გამიჩნდა განცდა, პირველად ვტოვებთ შთაბეჭდილებას, რომ რაღაც გამოცდილება უკვე შევიძინეთ და მხოლოდ პათეტიკისა და შეძახილების იმედად აღარ ვართ. გააზრებული რისკის ფასად მტკიცე პოზიციისა და პოლიტიკის ნიშნები დავინახეთ. ეს მაძლევს იმედს, რომ პრობლემას გააზრებულად და გამოცდილებით შევხვდებით, როცა ქარტეხილი გამოცდილებაში გადავა. ვისურვოთ, რომ ეს ტრაგედიები დასრულდეს, დღედაღამ ვიმუშაოთ ამაზე, ეს საზოგადოებასაც ეხება და ხელისუფლებასაც. პრობლემები მარტო ჩვენ არა, ევროპასაც აქვს, მნიშვნელოვანი პრობლემები ახლავს მის დღევანდელობას, ამიტომ ვისურვოთ, რომ გეოგრაფიულ ევროპაში კულტურული ევროპა გადარჩეს.