„მთავარი ის არის, რაც კანდიდატის სტატუსს მოჰყვება...“ - კვირის პალიტრა

„მთავარი ის არის, რაც კანდიდატის სტატუსს მოჰყვება...“

"უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი სპეკულაციები დასრულებულია, რომ მთავრობა­ არ იმსახურებს და ხალხი იმსახურებს. უკაცრავად და, შარშან ხალხი არ იყო და არ იმსახურებდა ამ სტატუსს?" - ასეთია მმართველი გუნდის პასუხი იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებისთვის, რომლებიც "ქართულ ოცნებას" საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გამო უსამძიმრებენ და ამბობენ, რომ სინამდვილეში კანდიდატის სტატუსის მიღება მმართველ გუნდს სულაც არ სურს. ვის ინტერესებში შედის სინამდვილეში ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოება და ვინ მოიგებს კანდიდატის სტატუსის მიღებით, ვინ რა დივიდენდებს დაიწერს 2024 წლის არჩევნებისთვის, ამის გარკვევას ანალიტიკოს გია ხუხაშვილთან შევეცადეთ.

- ვიზიარებ ქართველი ხალხის საყო­ველთაო სიხარულს, მაგრამ ფორიაქი მაინც მაქვს. რატომ?! ყველას კარგად ესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გზა გავიარეთ, ევროკომისიის რეკომენდაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ყველას გვიხარია, რომ ამ ორგანომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. თუმცა მთავარი ჯერ კიდევ წინ არის, ევროსაბჭო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს. დიდი ალბათობით, საბოლოოდ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, მაგრამ რამდენადაც ჩვენს ხელისუფლებას კარგად ვიცნობ, მეშინია, მანამდე რაიმე ისეთი­ არ ჩაიდინონ, რომ ევროპარლამენტარების განწყობა არ შეიცვალოს. ამის ალბათობა მცირეა, მაგრამ მაინც არის. ასეა თუ ისე, პროგნოზის გაკეთება რთულია, უბრალოდ, ვიმედოვნებ, რომ "ქართული ოცნება" წყალს აღარ აამღვრევს.

- როგორ წარმოგიდგენიათ, რატომ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს წელს და რატომ არ მოგვცეს გასულ წელს?

- იმიტომ, რომ გასულ წელს არ ვიყავით მზად, მეტიც, ევროკავშირის საწინააღმდეგო პოლიტიკას ვატარებდით. აბსოლუტურად გასაგებია, რატომ არ მოგვცეს შარშან სტატუსი. სხვა საკითხია, ახლა რატომ გვაძლევენ - იმიტომ, რომ კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა "ქართულ ოცნებას" მიზეზს მისცემდა, რომ საქართველო რუსულ ორბიტაზე დაეყენებინა. დასავლეთს არ უნდოდა ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რის შედეგადაც საქართველო საბოლოოდ აღმოჩნდებოდა რუსეთის კლანჭებში.

- როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა­ განაცხადა, ჩვენ­თვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდა­ცია იმ თვალსაზრისით გასცეს, რომ უნდა გატარდეს ზოგიერთი რეფორმა. ერთ-ერთი პირობაა დეპოლარიზაცია, რომელიც, ალბათ, ყველაზე რთულად შესასრულებელია, შეიძლება ითქვას, შეუძლებელიც კი.

- დეპოლარიზაციის საკითხის მოგვარება მეც წარმოუდგენლად მიმაჩნია, ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამ მოწინააღმდეგის ლანძღვის მეტი არაფერი იცის. შესაბამისად, ნეგატიურ ქაოსში ვცხოვრობთ. ჩემი შეხედულებით, პოლარიზაცია უფრო და უფრო გაიზრდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად.

- დიდი ალბათობით, ამის შესახებ ევროპელმა პარტნიორებმაც იციან და როდესაც დეპოლარიზაციაზე საუბრობენ, რევოლუციური­ სცენარების გამორიცხვასა და სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან არიდებას გულისხმობენ.

- შეიძლება, მაგრამ დღეს რევოლუციური სცენარის განვითარების ან სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ვერ ვხედავ. ევროკომისიის რეკომენდაცია, ჩემი აზრით, ასეთ საფრთხეებს გამორიცხავს. სიმართლე გითხრათ, არც რუსეთისგან ველი აგრესიულ ქმედებას. მეტიც, არა მგონია, რუსეთი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგი იყოს.

- რას გულისხმობთ?

- რუსეთს შეუძლია ეს სათავისოდ გამოიყენოს. ნახეთ, როგორ იყენებს უნგრეთს, ფაქტობრივად, მისი სახით "ტროას ცხენი" ჰყავს უკრაინაში. რატომ არ უნდა აწყობდეს ორი "ტროას ცხენი"?! მე არ ვარ დარწმუნებული, რომ თუ საქართველო რუსეთთან ლოიალურ პოლიტიკას გააგრძელებს, მოსკოვი ამას ხელზე არ დაიხვევს და ევროკავშირში საკუთარ პლაცდარმად არ გამოგვიყენებს.

- გარდა იმისა, რომ საქართველოში კრიტიკული ოპოზიცია, ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტიური სამოქალაქო სექტორია, ჩვენს ქვეყანას გამადიდებელი შუშით აკვირდება დასავლეთი, ამასთან, ვიცით, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ უფრო გაძლიერდება საერთაშორისო კონტროლი...

- მერე რა? აქ ყველაზე მნიშვნელოვანი "ქართული ოცნების" ხელისუფლების პოლიტიკაა. დღემდე მმართველი გუნდი რუსეთისთვის ხელსაყრელ პოლიტიკას აწარმოებდა, რა გარანტია გვაქვს, რომ ამ პოზიციას შეცვლიან? სხვათა შორის, დათქმებში, რომლებიც რეკომენდაციებს მოჰყვა, პირდაპირ არის ნათქვამი, რომ უნდა მოვახერხოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების სინქრონიზაცია იმ პოლიტიკასთან, რომელიც ევროპას აქვს. მე არა მგონია, ჩვენი ხელისუფლება ამას აპირებდეს.

- თუმცა ვერ ვიტყვით, რომ "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელი რიტორიკა შეცვლილი არ არის.

- კი ბატონო, რაღაც დონეზე შეცვლილია, თითქოს ცალკეული პირების გამონათქვამები შედარებით პროდასავლურია, მაგრამ ამას არა აქვს სისტემური ხასიათი. მე მაინც მგონია, "ქართულ ოცნებას" ისე აქვს მოქოქილი პროპაგანდისტული მანქანა, რომ ამის გაგრძელებაზე საბოლოოდ უარს არ იტყვიან. ეჭვი მეპარება, "ქართული ოცნების" ლიდერებმა აღარ თქვან, რომ დასავლეთი ომში გვითრევს და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთ. ვერც დასავლეთი მოძებნის მათი შეჩერების მექანიზმს. შესაბამისად, ჩვენი ხელისუფლება იმავე პოლიტიკას გააგრძელებს, მით უფრო, ახლა, დარწმუნებული ვარ, ეს პოლიტიკური ძალა მიიჩნევს, რომ ყველაფერი შერჩა. შეიძლება თავიანთი პოლიტიკური ხაზი ოდნავ დააკორექტირონ, მაგრამ არსებითად მაინც არაფერს შეცვლიან.

- თქვენც ხომ არ იზიარებთ იმ ოპოზიციონერების განწყობას, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ ხელისუფლების ხელში კანდიდატის სტატუსი ქვეყანას სასიკეთოდ არ წაადგება?

- არა, პირიქით, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია - გარდა იმისა, რომ დასავლეთს "ქართული ოცნების" მონიტორინგის შესაძლებლობა ეძლევა, ჩვენთვის ევროატლანტიკური ალიანსისკენ სავალ გზაზე კარი არ ჩაიკეტა. შეიძლება რაღაც ხარვეზები არის, მაგრამ მხოლოდ მოკლევადიანი თვალსაზრისით, გრძელვადიანად კი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა.

- გამოკვეთილად რომ ვთქვათ, ვინ რჩება მოგებული საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ვინ რა დივიდენდებს დაიწერს 2024 წლის არჩევნებისთვის?

- ჯერ არავის არაფერი მოუგია, თუ კანდიდატის სტატუსმა შინაარსი არ შეიძინა, ცარიელ სტატუსს რა აზრი აქვს? მთავარი ის არის, რაც კანდიდატის სტატუსს მოჰყვება, აი, ამას რომ ვნახავთ, მერე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ვინ რა მოიგო ან წააგო.

- 2024 წლის არჩევნებს დასავლეთი გამადიდებელი შუშით დააკვირდება, შესაბამისად, წესით, ამ არჩევნების სამართლიანობაზე კითხვის ნიშნები არ უნდა იყოს. თქვენი აზრით, როგორ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას ესა თუ ის ოპოზიციური პარტია?

- კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება ძალიან დიდი შესაძლებლობაა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრებისთვის. რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მყავს "ნაციონალური მოძრაობა", ვინაიდან მიმაჩნია, რომ ეს პოლიტიკური პარტია ჩაკეტილი ორგანიზაციაა და გარედან ამომრჩევლის მოზიდვა არ შეუძლია, განვითარების პოტენციალი არა აქვს. შესაბამისად, დიდი სივრცეა გახსნილი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრებისთვის. სხვა საქმეა, ვინ როგორ გამოიყენებს ამას.

მე თქვენსავით ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი და ვერ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ 2024 წელს ყველაზე დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება. კი ბატონო, ეს არჩევნები იქნება ყველაზე დიდი დაკვირვების ობიექტი, რაც ამ დრომდე ყოფილა, მაგრამ ხელისუფლებამ, რომლისთვისაც მთავარი ფასეულობა ძალაუფლებაა, შეიძლება აკრძალული მეთოდებიც გამოიყენოს. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას იზამს საზოგადოება. მგონი, ძალიან რთული წელი გვექნება,­ თუმცა ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად დასრულდება. თუ არჩევნების შემდეგ ევროპელ პოლიტიკოსებს კითხვის ნიშნები დარჩათ, ჩათვალეთ, რომ ჩვენთვის ევროკავშირის კარი საბოლოოდ დაიხურება.

ხათუნა ბახტურიძე