„ბევრს ეგონა, რომ უკრაინელი ხალხი ერთს „ჩაიშხუილებდა“ და გადაუვლიდა რუსულ არმიას“
პენტაგონი უკრაინისთვის განკუთვნილ სამხედრო დახმარების პაკეტებს ამცირებს, დასავლურ მედიაში კი უფრო ხშირად განიხილავენ რუსეთ-უკრაინის დაზავების შესაძლო სცენარებს. "აშშ გააგრძელებს უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტების მიწოდებას უახლოეს პერიოდში, თუმცა ამ პაკეტების მოცულობა სულ უფრო მცირე ხდება", - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის მოადგილე საბრინა სინგმა. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოიყენა მთლიანი თანხის 95%-ზე მეტი, რომელიც გამოყოფილი იყო უკრაინის დასახმარებლად რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში (62.3 მილიარდი აშშ დოლარი)...
როდემდე გაგრძელდება ამერიკული დახმარება, როდის ან რა შემთხვევაში დაჯდება ზელენსკი მოლაპარაკების მაგიდასთან და როგორ შეიძლება გადაწყდეს საქართველოს საკითხი რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზის დახურვის შემდეგ, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს გიორგი კობერიძეს ვესაუბრეთ:.
- რუსეთი არასდროს ყოფილა ხელწამოსაკრავი ძალა. ამიტომ მიკვირს, როცა ჩავარდნილ თუ გაჭიანურებულ კონტრშეტევაზე საუბრობენ. როგორც ჩანს, ჩვენთან, ისევე როგორც დასავლეთში, ბევრს ეგონა, რომ უკრაინელი ხალხი ერთს "ჩაიშხუილებდა" და გადაუვლიდა რუსულ არმიას. არსებობდა უფრო რეალური მოლოდინი იმისა, რომ უკრაინელები პირველი თავდაცვითი ხაზის გარღვევას მოახერხებდნენ, რაც, სამწუხაროდ, არ მოხერხდა, ოღონდ ამას აქვს ობიექტური მიზეზები. გენერალმა ზალუჟნიმ თავის ცნობილ წერილში გასაგებად ახსნა, რომ გამარჯვება შესაძლებელია, ოღონდ არა ასეთი დახმარებით. ჯერ მხოლოდ ერთ კვირაზე ცოტა მეტია, რაც ისრაელი პალესტინაში შეტევაზე გადავიდა და უკვე გაუჩნდა საარტილერიო ჭურვებისა და სხვა ამუნიციის დეფიციტი. რა გასაკვირია, რომ უკრაინას, რომელიც რუსეთს უკვე ლამის ორი წელია ებრძვის, ექნება იარაღის დეფიციტი. ისრაელი სუპერსამხედრო ინდუსტრიის მქონე სახელმწიფოა და მისი შესაძლებლობები ბევრად აღემატება მოწინააღმდეგის შესაძლებლობებს. უკრაინას ახლა ძალიან რთული ამოცანები აქვს გადასაწყვეტი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ კონტრშეტევის წარმოების პერიოდში ისეთი საფრთხეების განეიტრალება მოახერხა, რაც დონეცკის სამხრეთ ნაწილს კატასტროფით ემუქრებოდა. ეს არ არის ისეთი ხელშესახები წარმატება, როგორსაც უკრაინისგან ელოდნენ, მაგრამ არც უყურადღებოდ დასატოვებელია. უკრაინელებს სჭირდებათ ერთიანი, მასობრივი დახმარება და არა ნაწილ-ნაწილ. რაც შეეხება ამერიკის დახმარების შემცირებას, გასაგებია, რადგან პენტაგონმა უკვე გამოიყენა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ყველა სახსრები, იმავდროულად, იწურება პრეზიდენტის უფლებამოსილების ლიმიტიც. შესაბამისად, კეთდება მინიშნებები, რომ თუ კონგრესი სამხედრო დახმარების რამდენიმემილიარდიან ახალ პაკეტს არ დაამტკიცებს, სამხედრო დახმარება ძველებურად მასშტაბური ვეღარ იქნება. ეს არის შიდაპოლიტიკურ გათამაშებაში კონგრესისთვის გადაგდებული ბურთი.
- ვიდრე ვაშინგტონში პოლიტიკური გადათამაშებებით არიან დაკავებული, შესაძლებელია თუ არა უკრაინაში ისეთი ვითარება შეიქმნას, რომ ზელენსკის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომამ მოუწიოს?
- არა მგონია, უახლოეს მომავალში ეს მოხდეს. უპირველესად იმიტომ, რომ ეს იქნება კოლექტიური დასავლეთის მიერ მარცხის აღიარება რუსეთის წინაშე. ეს იქნება მარცხი, რომელიც რუსეთთან ერთად ჩინეთსაც გაუჩენს განცდას, რომ თუ დასავლეთის ზეწოლას გაუძლებენ, ომსაც მოიგებენ. უკრაინის დამარცხების შემდეგ ძალიან მარტივი იქნება ბელორუსის შთანთქმა და შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნებზე გაწევაც. რუსეთი ამბობს, რომ ომი აქვს არა უკრაინასთან, არამედ კოლექტიურ დასავლეთთან და ამ ეტაპზე ზელენსკი მოლაპარაკების მაგიდასთან რომ დაჯდეს, რუსეთი დარწმუნდება, რომ ის სუპერსახელმწიფოა და უფრო გაეზრდება მადა.
ჩემი აზრით, დასავლეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწოდებს ზელენსკის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას, თუ ნახევარი ტერიტორია მაინც ექნება დაბრუნებული და ყირიმთან იქნება მიმდგარი. ამ მოცემულობაში მოლაპარაკების დაწყება მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინამ კონტრშეტევით ომში ძირეული გარდატეხა ვერ შეიტანა, არარეალურად მიმაჩნია. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ზელენსკის არა აქვს ლეგიტიმაცია მოლაპარაკების დასაწყებად, უკრაინელები ამისთვის მზად არ არიან.
- ზოგიერთი ვერსიით კი უკრაინელი ხალხი ომით გადაიღალა.
- შეიძლება გადაიღალა უკრაინის აღმოსავლეთიდან წამოსული მოსახლეობა, მაგრამ უკრაინული არმია, უშიშროება და პოლიცია, ანუ ადამიანები, რომლებიც იბრძვიან და სისხლს ღვრიან მიწის თითოეული გოჯისთვის, მოლაპარაკების პაკეტებისთვის მზად არ არიან. ამასაც რომ თავი დავანებოთ, დასავლეთმა პუტინი ტერორისტად გამოაცხადა და ის იძებნება. უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ელიტა ახლა პუტინს რომ დაუჯდეს მოსალაპარაკებლად, ეს ნიშნავს, რომ პანდორას ყუთი გაიხსნება, ამას კი ცივილიზებული სამყაროსთვის კარგი არაფერი მოჰყვება. შესაძლებელია ამ ომის დასრულება ბევრს უნდოდეს როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში, მაგრამ ეს ასე ადვილი აღარ არის...
ხათუნა ბახტურიძე