რა როლი აქვს აშშ-ს ევროკომისიის რეკომენდაციის მიღებაში - კვირის პალიტრა

რა როლი აქვს აშშ-ს ევროკომისიის რეკომენდაციის მიღებაში

8 ნოემბერს, როდესაც ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას აძლევს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა თავის პარტიას, ხელისუფლებას, ივანიშვილს, ევროკავშირს, ევროკავშირის რამდენიმე თანამდებობის პირს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ჯეიკ სალივანს.

"...ასევე მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ვინაიდან მე ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, ერთი თვის წინ მქონდა, შეიძლება ასე ითქვას, გადამწყვეტი და გარდამტეხი შეხვედრები და საუბრები ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან. მე მინდა აქვე გამოვყო ბატონ სალივანთან შეხვედრა და პირადად მას გადავუხადო მადლობა, ვინაიდან ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბატონი სალივანისა და ამერიკის მთავრობის, ასე ვთქვათ, სურვილი და მხარდაჭერა იყო და არის დიდი მნიშვნელობის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ევროკავშირის სტატუსის მონიჭებისთვის­ პარტნიორებისთვის, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან, და მითუმეტეს,­ სტრატეგიული პარტნიორებისთვის, მადლობის გადახდა გასაკვირი არ არის, მაგრამ ძალზე საგულისხმო ჩანს ამ ჩამონათვალში პირადად სალივანის მოხვედრა, თუნდაც მისი თანამდებობიდან გამომდინარე - ის ბაიდენის მრჩეველია უსაფრთხოების საკითხებში. შესაბამისად, იბადება­ კითხვა, რატომ სალივანი და რა როლი აქვს უსაფრთხოებას ამ კონტექსტში?

მადლობის ამ განცხადებაში ღარიბაშვი­ლმა სექტემბრის ბოლოს სალივანთან აშშ-ში­ შეხვედრასაც გაუსვა ხაზი. არადა, ამ ვიზი­ტისას ღარიბაშვილს ბევრი შეხვედრა ჰქონდა და რატომ გამოყო მაინცდამაინც ეს შეხვედრა, ეს არის საკითხავი.

ამ ვიზიტის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ ნიუსებშიც და ასევე მედიის ინფორმაციაშიც მხოლოდ შეხვედრის გამართვაა ნახსენები და განხილულ საკითხებში ერთ-ერთ საკითხად დასახელებულია საქართველოს ევროინტეგრაციაც.

"პრემიერი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს ჯეიკ სალივანს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებსა და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებასაც. ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯეიკ სალივანმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს", - ასეთია მთავრობის ადმინისტრაციის მაშინდელი ნიუსები.

თავად ღარიბაშვილი კი ამ შეხვედრას სოციალურ ქსელებში გამოეხმაურა და "ტვიტერზე" დაპოსტა, რომ "სასიამოვნო იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანთან შეხვედრა. განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონულ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა".

ამ შეხვედრებზე ღარიბაშვილთან ერთად იყო საგარეო საქმეთა მინისტრიც, რომელმაც თქვა, რომ სალივანთან შეხვედრაზე საუბარი იყო უსაფრთხოებისა და ამ კონტექსტში საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე. "შეხვედრაზე, ცალსახად უნდა აღინიშ­ნოს, იყო აქცენტი ზოგადად უსაფრთხოების საკითხებზე ჩვენს რეგიონში, რეგიონს მიღმა, რეგიონში მიმდინარე ომის შესახებ და, რა თქმა უნდა, ეს საკითხი, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებას, იყო განხილვის ერთ-ერთი საგანი. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთ მაღალ დონეზე ხდება კომუნიკაცია ორ ქვეყანას შორის", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა და დასძინა, რომ აშშ-ში გამართული შეხვედრების ერთ-ერთი მიზანი იყო, უფრო მეტად მოხდეს პარტნიორების მობილიზება იმისთვის, რომ საქართველომ წლის ბოლოსთვის მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

ამ პერიოდში საქართველოში ყურადღება ფარცხალაძის აგენტობასა და პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებაზე იყო გადატანილი და ღარიბაშვილის ამ ვიზიტის შესახებ განცხადებები თუ გავრცელებული ნიუსები მხოლოდ ნიუსებად დარჩა და ფაქტობრივად არსებითი ყურადღება არ მიგვიქცევია, მითუმეტეს, რომ კონკრეტული არაფერი იყო ნათქვამი. თუმცა დღეს უკვე კარგად იკვეთება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, რომელიც, ცხადია, უსაფრთხოების საკითხებზეა კონცენტრირებული, ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელსაც ქვეყანაში ოპოზიცია კორუფციას,­ ხელისუფლების მიტაცებას ედავება და საერთაშორისო­ პარტნიორებს სანქციების გამოყენებას სთხ­ოვს. შეხვედრაზე კი რეგიონულ უსაფრთხოებასთან ერთად საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხი განიხილება.

საინტერესოა, რომ ამ პერიოდში აშშ-ის ხელისუფლების მაღალ დონეზე ისე გააქტიურდა უკრაინაში კორუფციის საკითხი და განსაკუთრებით, სამხედრო ნაწილში, რომ ამერიკის წარმომადგენლები პირადად არიან ჩასული უკრაინაში და სწავლობენ ამ საკითხებს. ამ პერიოდში ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე სალივანი პირადად შეხვდა უკრაინის ანტიკორუფციული ინსტიტუტების დელეგაციას სწორედ სამხედრო სფეროში არსებული კორუფციის საკითხებზე. ის, რომ უკრაინაში კორუფცია დიდი პრობლემაა, ფაქტია, განსაკუთრებით პრობლემურად კი სამხედრო სფეროში კორუფცია მიიჩნევა, მითუმეტეს, რომ სამხედრო დახმარებას უკრაინა დასავლეთისგან იღებს და ცხადია, სამხედრო სფეროში კორუფცია, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ევროპის უსაფრთხოებას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც, წესით, უკრაინის ევროინტეგრაციაზეც აისახება და დღეს რომ უკრაინაზეა მიბმული ევროკავშირის ახალი გაფართოება, ცხადია. გარდა ამისა,­ დასავლურ მედიაში სულ უფრო ხშირად ჩნდება სტატიები, რომ დასავლეთის ლიდერები ამ ყველაფრით უკმაყოფილონი არიან და რაც მთავარია, დასავლეთი დაიღალა უკრაინით. ლოგიკურად ჩნდება აზრი, რომ სალივანი-ღარიბაშვილის შეხვედრის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ საქართველოსთვის ახალი მხარდაჭერა თუ ძველი მხარდაჭერის გახსენება იყო - ანუ შესაძლოა ღარიბაშვილმა მიიღო ამერიკის დახმარების პირობა სტატუსის მიღებაში. გასათვალისწინებელია აღმოსავლეთ ევროპის ცალკეული ქვეყნების პოზიციაც, რომლებიც სააკაშვილის ფაქტორის გათვალისწინებით ძალიან ნეგატიურად არიან განწყობილი საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიმართ. ცხადია, ამას ემატება ხელისუფლების უხეში რიტორიკაც და თუნდაც "ოცნებით" დაღლაც, რადგან ხელისუფლებაში წლობით ყოფნა, ცხადია, არ არის თანხვედრაში დასავლურ ფასეულობებთან და ბევრ კითხვას აჩენს. რაც მთავარია, აჩენს ამ ხელისუფლების სანდოობის პრობლემას. საინტერესოა თავად უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაც საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის შესახებ, რადგან, წესით, მისი გადასაწყვეტი არ არის, ჩვენ სტატუსს როდის და ვის შემდეგ მოგვცემენ. ამ განწყობების ფონზე ამერიკის პოზიცია, ცხადია, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს და არც ევროპაში ამერიკის გავლენაა ვინმესთვის უცხო. ამიტომაც ლოგიკურად მივდივართ იქამდე, რომ სწორედ ამერიკის დახმარების შედეგია, რომ ევროკომისიამ სტატუსის რეკომენდაცია მოგვცა, მითუმეტეს, შუალედური დასკვნის შემდეგ ფაქტობრივად არაფერი გაკეთებულა, თუ არ ჩავთვლით ისევ მთავრობის და არა პარლამენტის მიერ მიღებულ დეოლიგარქიზაციის გეგმას, რომელიც სალივანი-ღარიბაშვილის შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე დაამტკიცეს. მეორე მხრივ, საინტერესოა, არა მარტო ამერიკისთვის, არამედ პირადად სალივანისთვის მადლობის გადახდა რას ნიშნავს. პირველი აზრი კი, რაც ამ შემთხვევაში ჩნდება, ის არის, რომ ღარიბაშვილს უნდოდა ამერიკის მხარდაჭერა ეჩვენებინა ქვეყნისთვისაც და მის გარეთაც. აქ კი ჩნდება მეორე ვარიანტი, რომ ღარიბაშვილს ქვეყნისთვის მაინც უნდოდა იმის ჩვენება, რომ პირადად ის არის, ვისაც ამერიკა მხარს უჭერს.

რუსა მაჩაიძე