„აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია!“
ჩვენი ინტერვიუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების წინა პირობას - ევროკომისიის რეკომენდაციის გაცემასა და საქართველოს თანმდევი სულის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს დაემთხვა. ამ ერთ დღეს თითქოს ერთად მოიყარა თავი საქართველოს წარსულმა და აწმყომ, რათა მათმა კავშირმა მომავალში სანუკვარი მიზნის მისაღწევად "ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მომცემ მოძრაობას და მხოლოდ მოძრაობას" კიდევ ერთხელ ჩაჰბეროს სული. მწერალ გურამ ოდიშარიასთან ინტერვიუს სწორედ ამ ისტორიული დღის მნიშვნელობაზე საუბრით ვიწყებთ.
- მართლაც დიდი მოვლენაა და იშვიათი დღეა ჩვენთვის... ის, რომ ევროკავშირის სტატუსი ილიას დაბადების დღეს დაემთხვა, სიმბოლურია. ილიას მთელი შემოქმედება და მოღვაწეობა ევროპისკენ იყო მიმართული. ის არის მაგალითი იმისა, როგორ უნდა გიყვარდეს მოყვასი და როგორ ჩაახედო სარკეში. ილია ყველაზე დიდ მოწინააღმდეგესთანაც კი აგრძელებს დიალოგს და ამას ემოციით, აგრესიითა და ყვირილით კი არ გამოხატავს... ოლღამ სასამართლოზე მოსამართლეს სთხოვა, ილიას მკვლელები ჩამოხრჩობით არ დაესაჯათ, რადგან ილია ამის წინააღმდეგი იყო და მათი სიცოცხლის მოსპობა მის სულს ეწყინებოდა. ეს არის სრულიად სხვა ჰუმანიზმი, ლიბერალიზმი, რომელიც მაშინ ვერ იკვლევდა გზას და ცოტა ხანში კომუნისტური რეჟიმის ქვეყანაში მოვხვდით, სადაც იყო სისასტიკე, დახვრეტები... სანამ აქამდე მოვიდოდით, ბევრმა რამემ გადაიარა ჩვენს თავზე. ძალიან მიხარია ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი. ასე თუ ისე, ვიცი ევროპა, ბევრ ქვეყანაში ჩემი წიგნებიც გამოვიდა, იქ ხშირად ვარ და ვიცი მისი ფასეულობები, ევროპული დემოკრატია. უნიკალური არც ერთი დემოკრატია არ არის, მაგრამ უკეთესი დედამიწაზე არ გვაქვს, ჩვენ ჯერ დემოკრატიას, განვითარებული ქვეყნების დონეს უნდა მივაღწიოთ, მერე ყველაფერი დაიხვეწება, ეს ჩვენთვის იქნება ახალი გზაჯვარედინი. ახლა ისეთი პერიოდია, მთელი პლანეტა გამოცდის წინაშეა და ჩვენ გამარჯვებული უნდა გამოვიდეთ.
- სანამ ამ დღემდე მოვიდოდით, მუდმივად ომებში ვიარეთ, მუდმივად დასაცავია ჩვენი სამშობლო, დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ერთთავად ბეწვის ხიდზე გვიწევს სიარული და ჩვენი უღელტეხილები გვაქვს გადასავლელი... რარიგ დიდი წარსულიც არ უნდა ჰქონდეს ერს, ის მაინც მომავლით უნდა ცხოვრობდეს. როგორი გესახებათ ეს მომავალი?
- უპირველესად, ერთი რამის მჯერა და ესეც ილიასეულია - ერთმანეთთან საუბარი უნდა ვისწავლოთ. ჩვენი დამოუკიდებლობა ისე დაიწყო, მძიმე დღეები გავიარეთ. აფხაზეთის ომს სხვადასხვაგვარად მოიხსენიებდნენ - ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, რუსეთ-საქართველოს ომი, ზოგიც ამერიკა-რუსეთის ომს ამბობდა. ყველა ამ შეფასებაში ჭეშმარიტების მარცვალი დევს. ჩვენ და აფხაზები მარტო რომ ვიყოთ ამ პლანეტაზე, აქამდე მოვრიგდებოდით კი არა, ომიც არ გვექნებოდა. მაგრამ პლანეტა მეგა, საშუალო და პატარა სახელმწიფოებისგან შედგება, ყველას თავისი მიზანი და ინტერესები აქვს. ჩვენი ისტორია ომების ისტორიააო, ამასაც ილია წერდა. ბარბაროსული პერიოდიდან მოყოლებული, ყველა სახელმწიფო ცდილობს, ძალისმიერი მეთოდებით გადაჭრას პრობლემა და ამაში მოვხვდით ჩვენც. ქართულ-აფხაზური კონფლიქტი შეერქვა და ამავე დროს ჩვენ გვქონდა და გვჭირდა ერთი უბედურება - ქართულ-ქართული კონფლიქტი, შეიარაღებული სისხლიანი კონფლიქტი ჩვენ დედაქალაქის გულში, რუსთაველის პროსპექტზე გვქონდა, როდესაც ერთმანეთს ვესროლეთ. პირველ ყოვლისა, გასაანალიზებელია, რაც გამოვიარეთ, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ და საზოგადოებამ ერთად. ისინი როცა ერთად მუშაობენ, ამას ჰქვია ორი ხელით მუშაობა. მოქანდაკე ცალხელა არ არსებობს, ორი ხელით მუშაობს და როცა ხელისუფლება და საზოგადოება ჰარმონიაშია, მაშინ კარგად გამოდის საქმე. ამ ორმა ხელმა უნდა გამოიძიოს, რა იყო აფხაზეთის ომი, რა და როგორ იყო ცხინვალის რეგიონში, ვთქვათ სიმართლე და ამასობაში ჩვენს შეცდომებსაც აღმოვაჩენთ. რუსეთს რომ უამრავი ცოდვა აქვს და ამ კონფლიქტებში მისი როლი დიდია, ეს პატარა ბავშვებმაც იციან. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ის შეცდომები, რაც ჩვენ დავუშვით. გავარკვიოთ, რატომ და როგორ დაიწყო ეს ომები, ერთმანეთს სიმართლე უნდა ვუთხრათ, ოღონდ, ისევ ილიასეულად, კარგად საუბარი უნდა ვისწავლოთ, უნდა ველაპარაკოთ ერთმანეთს, რაც არ უნდა არ მოგვწონდეს მეორე მხარე...
- რუსულ ოკუპაციას დასასრული არ აქვს... ევროპის კარის გაღებამდე კიდევ ერთი ქართველი მოგვიკლეს ოკუპანტებმა. მათ მიერ ამოქოლილი ლომისას მონასტრის კარის გაღებას შეეწირა თამაზ გინტური...
- ეს არის ზუსტად არაადამიანური მოპყრობა. ევროპული კულტურა და დემოკრატია, პირველ რიგში ითხოვს იმას, რომ თითოეული ადამიანის უფლება იყოს დაცული, რომ ყოველი ადამიანის სიცოცხლე ძვირფასი და განუმეორებელია. დაპყრობითი პოლიტიკისთვის კი ის ერთი კაცი, ეკლესიის ეზოში რომ მოკლეს, ერთი კაცია და მეტი არაფერი, სტატისტიკაა და ამას შეჩვეული ვიყავით. არადა, ამ ერთეულისგან შედგება ერი, ხალხი, მისი ტრადიცია, ღირსება. ჩვენ ღირსება გვაქვს დასაბრუნებელი და განსაკუთრებულად უნდა ვიცავდეთ ნებისმიერი მოქალაქის სიცოცხლეს და კეთილდღეობას, ისე, როგორც ებრაელები აკეთებენ ღირსებასა და სახელზე სწორებას. ერთმანეთში თუ აირია სიკეთე და ბოროტება, კარგი და ცუდი, შავი და თეთრი, მერე დაიკარგება ის ღირებულებები, რომლითაც ჩვენი ერი დღემდე მოვიდა და რაც ჩვენს შვილებს უნდა გადავცეთ. ერი რომ გადარჩეს, ამიტომ გვჭირდება დიდი დიალოგი. ერთმანეთს არ ვინდობთ, მკვლელ სიტყვებს არ ვიშურებთ და რამდენს გაუსკდა გული ამ სიტყვების გამო? სიტყვით მკვლელები მომრავლდნენ ჩვენში და ეს უკვე დანაშაულია. ეს ახალ თაობაში თუ გადავიდა, პოლარიზაცია წალეკავს ხალხს, ვერც სახელმწიფოს შევინარჩუნებთ. აზრთა სხვადასხვაობის გარეშე ღმერთმა ნუ ამყოფა ჩვენი ქვეყანა, ჩვენ სხვადასხვა აზრით, ოღონდ, ერთ დიდ უმრავლესობად უნდა ვიცხოვროთ. ასეთი ერი და სახელმწიფო მოწინააღმდეგეებსაც უყვართ, თუ არ უყვართ, აფასებენ მაინც და ანგარიშს უწევენ. ერთიანობა თუ არა, ყველა აბუჩად აგიგდებს.
მეგობრები არა, მაგრამ კარგი სოხუმელები და ნაცნობები ვიყავით მე და გურამ გაბისკირია - ბიჭობაში კარგი ბიჭი, კარგი ფეხბურთელიც და დიდობაში - კარგი მერი. მან იცოდა, რომ მოკლავდნენ და სიკვდილის წინ, როცა უთხრეს, დაიჩოქეო, მისი ბოლო სიტყვა იყო - "არასოდეს!" ეს არის ღირსება, რაც იმავე ილიას ჰქონდა, ამასთან, ილიას ჰქონდა დიპლომატიური ნიჭიც - სადაც ხმლით და იარაღით არ შეიძლებოდა, სიტყვით უნდა მოგვეგო. სიტყვა არის პირველი, სიტყვა არის ღმერთი ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის. ამ სიტყვებს ხშირად გვეუბნებოდა ილია და როცა ბევრი მწარე სიტყვა თქვა, უთხრეს, არ გიყვარს შენი ხალხიო, რაზეც მიუგო: "ჩემზედ ამბობენ: ის სიავეს ქართვლისას ამბობს,/ ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!.. /ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს - /ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" ეს არის განვითარების საფეხურები, რომლებიც შემდეგ ჩვენთან საბჭოთა ტერორმა გააჩერა...
- ანუ დიალოგში ხედავთ იმ პრობლემის მოგვარებას, რასაც ქართველებისა და აფხაზების გაუცხოება ჰქვია? თუ არსებობს დღეს შერიგების რესურსი, ან როგორია შერიგების ფორმულა?
- რა თქმა უნდა, ძალა ისევ სიტყვაშია, სიტყვის მაგიაშია. სანამ ომი დაიწყებოდა, ჟურნალ "რიწის" მთავარი რედაქტორი ვიყავი და სულ ვამბობდი, რომ დიალოგი არ უნდა შეგვეწყვიტა. დიალოგი თუ შეწყდა, მერე "კალაშნიკოვები" და "მაკაროვები", ავიაცია და ჰაუბიცები დაიწყებენ ლაპარაკს. ამის მერე კონფლიქტის დარეგულირება, შერიგების პროცესის წარმართვა ძნელდება. ოპტიმისტი კაცი ვარ, მთელი ომის განმავლობაში სოხუმში ვიყავი, არ ვიბრძოდი, მაგრამ კარგად ვიცი, ჩემს გარშემო ვხედავდი, რა დღეში ჩავარდა ხალხი. ხანდახან გავდიოდი, რომ მენახა, რა იყო ომი, გადავხედავდი ფრონტის ხაზს... ყოველთვის მეგონა, ომი მარტო სხვა ქვეყნებში ხდება და მან როცა ჩემს ქალაქში და ჩემს ქუჩებში მოგვაკითხა, ეს ჩემთვის თავზარდამცემი იყო. მაგრამ მე უნდა მენახა ეს საშინელება, მისთვის თვალებში ჩამეხედა. მიუხედავად იმისა, რომ მე ვნახე ის, მაინც მჯერა ერთი რამის, რომ ისევ დიალოგიდან, ქართულ-აფხაზური საუბრებიდან დაიწყება დიდი შერიგების პროცესი. მჯერა, რომ არის შერიგების ფორმულა და ის ჩვენ ერთად უნდა ვიპოვოთ.
- ბოლოს როდის იყავით აფხაზეთში და რა გრძნობა გეუფლებათ წარსულთან შეხვედრისას, ალბათ, ძალიან განიცდით და გიჭირთ...
- დიდი ხანია, რაც არ ვყოფილვარ, ბოლოს 7 წლის წინ ვიყავი. ოპერაციას გადავურჩი და აფხაზეთიდან მეგობრები ჩამოვიდნენ, მინახულეს, ვუთხარი, სულ მამაჩემი მესიზმრებოდა-მეთქი. მითხრეს, გამოკეთდი, ჩავიდეთ და მის საფლავს გაჩვენებთო. მაშინ პირველად წავედი, ეს თავისებური რისკიც იყო, მაგრამ არის ქართული სიბრძნე - ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო. გაზეთი და ტელევიზია რომ გეტყვის სხვაა და როცა მიდიხარ და ამ ყველაფერს შენი თვალით ხედავ, ადამიანებს ესაუბრები, ეს სულ სხვა რამაა. ისტორა სავსეა მოულოდნელობებით. ქართველებსა და აფხაზებს მოულოდნელი და კარგი ამბები წინ რომ გვაქვს ამის მჯერა.
- წერდით, სოხუმში ქართულ-აფხაზური მეგობრობის მეტი რა იყოო და გამოდის, მეგობრობა არ ყოფილა საკმარისად ძლიერი, პროვოკაციებისთვის რომ გაეძლო?
- ომის ანატომიას კარგად თუ შევისწავლით, მეგობრობა ომს ვერ აჩერებს, ძმობაც ვერ აჩერებს ომს. ვიცნობ ორ თბილისელ კაცს, ჩემს მეგობრებს, თბილისის ომის დროს ერთი პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრე რომ იყო, მეორე კი მისი მოწინააღმდეგის. ოჯახები გაყოფილი იყო, ისინი შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობდნენ, ავტომატები ეჭირათ. ერთმანეთს პირდაპირ ნიშანში კი არ იღებდნენ, მაგრამ ძმები იყვნენ დაპირისპირებულები. ანუ ძმობამაც ვერ შეაჩერა კონფლიქტი. ეს სხვა ფსიქოლოგიაა, ომს სხვა ანალიზი სჭირდება. ქართველები და აფხაზები მეგობრობდნენ ბავშვობიდან, სკოლიდან, მსოფლიოში ყველაზე გემრიელ ნაყინსაც ერთად მიირთმევდნენ ზღვის სანაპიროზე, მაგრამ როდესაც კონფლიქტი დაიწყო და ისინი საავტომატე ასაკისანი გახდნენ, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ჩემს ერთ მეგობარს, სოსო ჯიშკარიანს, რომელიც თბილისში ცხოვრობს, ომი როცა იწყებოდა, აფხაზი მეგობარი ესტუმრა და ჯავშანჟილეტი მოუტანა, თავისი ხელით ჩააცვა და უთხრა - მე და შენ მეგობრები ვართ, მაგრამ ახლა ჩემი ხალხის გვერდით უნდა დავდგე. შენ შენი ხალხის გვერდით დადგები და მესმის შენი. ჯავშანჟილეტს იმიტომ გჩუქნი, ჩემმა ნასროლმა ტყვიამ არ მოგკლასო და წავიდა გუდაუთაში. ის აფხაზი ბიჭი ომში დაიღუპა და სოსო დღესაც სევდიანად იხსენებს მეგობარს, რომელიც ომმა წაართვა. როცა ჩემი პიესის მიხედვით თემურ ჩხეიძემ "ზღვა, რომელიც შორია" დადგა, მასში ეს პასაჟიც გამოიყენა. უცხოელები გაოცებულები მეკითხებოდნენ, კი მაგრამ, ჯავშანჟილეტი რატომ მისცა, მერე სასროლად რომ წავიდაო. მათ ასე მიაჩნდათ, რომ ისინი თავის სამშობლოს იცავდნენ, ჩვენ - ჩვენს სამშობლოს, ორივე მხარემ სამშობლოს უპირველესობა აღიარა და გასაკვირი არც არაფერია.
- რა დაგრჩათ და მოიტოვეთ აფხაზეთში, ან რა მოგყვებათ იქიდან, რაც სულ თან დაგყვებათ? თქვენმა ერთმა პერსონაჟმა აქ თავისი ზღვა გამოიგონა. გაკლიათ ზღვის სურნელი, "ზღვის, რომელიც შორია"?
- ომის შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და ჩვენ ყველანი დაჭრილები ვიყავით უფრო სულიერად, ვიდრე - ფიზიკურად. მერე, ფიქრობ, მეორე მხარეს, ილორს იქით როგორ არიან, დაიდეს თუ არა ჭრილობაზე მკურნალი ბალახი, მოირჩინეს თუ არა თავი... მერე უკვე პირველი მოკითხვები წავიდა - როგორ ხარ? ცოცხალი ხარ? სად ხარ?... მერე მოდიოდნენ გაეროს საერთაშორისო ურთიერთობების ორგანიზაციები, ბევრ რამეს ვგებულობდით ერთმანეთზე, მერე მივხვდით, რომ აფხაზეთში გარდა ლამაზი ბუნებისა და ზღვისა, იყო კარგი და ლამაზი ურთიერთობა... როგორც ბავშვობა და ახალგაზრდობა, ისე ის ურთიერთობებიც არ განმეორდება, მაგრამ მათი დაბრუნება მაინც შეიძლება. ერთ-ერთი წამალი, სალბუნი ჩვენსა და აფხაზებს შორის ისევ ადამიანური ურთიერთობების გამთლიანებაა. მთავარია, ადამიანებმა აღვადგინოთ კავშირი, რომელიც ომმა გაგლიჯა. შერიგების ფორმულა არსებობს, უბრალოდ, მას დროსა და სივრცეში ვერ მივაკვლიეთ. ჩვენ ზღვის სურნელსაც და მონატრებასაც ურთიერთობებით ვინაზღაურებთ, ხშირად ველაპარაკებით ერთმანეთს, ჩემს წიგნებში ყოველთვის ვიგონებ, სულ იქ ვტრიალებ, სულ აფხაზეთში ვბრუნდები... ჩემს ასაკში მოგონებების მთელი ბანკი მაქვს, იმდენი დამიგროვდა... ეს მოგონებები სულ ჩემთან ერთად დადის და იმედი მაქვს, წინ კიდევ ბედნიერი და კარგი წუთები, დღეები და წლები გვექნება ყველას. მთავარია, ომახიანად ვიყოთ და ერთმანეთიც გავამხნევოთ.
- მარადიული კითხვა - დავიბრუნებთ აფხაზეთს?
- ერთი ცნობილი პოლიტიკოსი ამბობდა, გეფიცებით, ხალხო, კვადრატ-კვადრატ დავიბრუნებთ აფხაზეთსო. არა, აფხაზეთი ადამიან-ადამიან უნდა დავიბრუნოთ, არა სისხლით, ტანკით და ავტომატით, არა - კვადრატ-კვადრატ. მჯერა, რომ ადამიანური ურთიერთობა გაიმარჯვებს, ოღონდ, ჩვენ და მეორე მხარემაც უნდა წამოწიოს ის ადამიანები, რომლებმაც იციან საუბარი, რომელთაც აქვთ სუფთა სინდისი, სუფთა ცხოვრება აქვთ გავლილი, არიან ზნეობრივები. ეს იმიტომ, რომ ჩვენსა და აფხაზებს შორის დღეს არის დანაღმული ველი და ვინც ამ ველზე სიარული არ იცის, ის ამ ნაღმებს კიდევ ააფეთქებს.
- დაბოლოს, "იარე ლიზას" სიუჟეტიდან გამომდინარე, მართლა გვაქვს ბოდიში მოსახდელი აფხაზებთან?
- როდესაც ჩემმა მეგობარმა აფხაზმა ჩემი წიგნიდან გაიგო, რა ჯოჯოხეთიც უღელტეხილზე გამოვიარეთ, როგორ იხოცებოდა ხალხი, მეგობრების პირით შემომითვალა: ეს რა ჯოჯოხეთი გაგივლიათ, მე ეს არ ვიცოდი და თუ შენ ფიქრობ, რომ ამ ომში რაღაც ბრალეულობა მაქვს, მაშინ ამ ომის გამო ბოდიშს გიხდიო. ეს შემონათვალი როცა გადმომცეს (1996 წელია), მაშინ გავიგე, რომ მას ძმა დაღუპვია ომში. მეც ჩემი წიგნი "სოხუმში დაბრუნება" გავუგზავნე წარწერით: ჩემო მეგობარო, შენ თუ ფიქრობ, რომ მე ვარ ბრალში, მაშინ მე მომიხდია ბოდიში... ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ჩვენი ომები, რა გზები გამოვიარეთ ჩვენი დამოუკიდებლობის 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რათა მერე ძველი შეცდომები აღარ გავიმეოროთ, დავიბრუნოთ მეგობრები, გადავდგათ სწორი ნაბიჯები და ვიაროთ ილიას გზით.