"ჩვენ არსად მივისწრაფვით, ჩვენ ვართ ევროპა"
საქართველომ დიდი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირში გაწევრების გზაზე! ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. გვჯერა, რომ ევროპული საბჭო ამ რეკომენდაციას გაითვალისწინებს და ჩვენ სტატუსი ოფიციალურად უკვე დეკემბერში გვექნება. ამ ფაქტს ქართველი საზოგადოების წარმომადგენლები ეხმიანებიან.
"ჩვენ არსად მივისწრაფვით, ჩვენ ვართ ევროპა"
გიორგი კეკელიძე, მწერალი: - სინამდვილე უფრო ეს არის: ჩვენ არსად მივისწრაფვით, ჩვენ ვართ ევროპა. უბრალოდ, საქართველოში კულტურული გეოგრაფია იბრუნებს საკუთარ საზღვრებს - ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ მაინც. ევროპა არის ანტიკურობის იდეა ჩვენს მიწაზე, არის მირიან მეფის არჩევანი თხოთის მთაზე ქრისტიანობის სასარგებლოდ, არის ეგრისის კრების დასკვნა, იოანე პეტრიწის ფიქრი, გრიგოლ ხანძთელის შრომა, დავით აღმაშენებლის ღვაწლი, თამარ მეფის ქვეყანა, "ვეფხისტყაოსნის" აზრი და მისი მთავარი მეტაფორა - სამყაროს ცენტრში მდგომი ადამიანი, გურამიშვილის ოცნებები, სულხან-საბა ორბელიანის გზის გეზი, ერეკლე მეფის ჭრილობები, სოლომონ დოდაშვილის სიბრძნე, ბარათაშვილის გენიალური დარდი, დიმიტრი ყიფიანის გული, ილია ჭავჭავაძის გონება და ნებელობა, ვაჟა-ფშაველას "ალუდა ქეთელაური", ნიკო ნიკოლაძის გეგმა, ამბროსი ხელაიას სიჯიუტე და კირიონის ქადაგება, ექვთიმე თაყაიშვილის მოთმინება, გალაკტიონის ლექსის ზომა და "ცისფერყანწელების" ვარდის სამყენი, ეკატერინე გაბაშვილის გამბედაობა და ხუთი ქალი მეოცე საუკუნის ქართულ პარლამენტში, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ბრძოლა, 9 აპრილის სისხლი.
ჩვენ არსად მივისწრაფვით. ჩვენ ვართ ევროპა. ევროპა ეს არის.
"მოგუდულად და ჩუმად გვიხარია... რომ არ დავაფრთხოთ სამოთხის ჩიტები"
ლაშა თაბუკაშვილი, მწერალი, დრამატურგი: - მეშინია ხმამაღლა თქმის, იმიტომ, რომ ყველაფერი მოსალოდნელია, ისეა პლანეტა აწეწილი, როდის აღმოვჩნდებით ვიღაცის თვალში, ცოფიან რუსეთზე აღარაფერს ვამბობ, სხვებზეც... ამიტომ წინასწარ თქმა მეშინია, მაგრამ თავისთავად წინგადადგმული ნაბიჯია. კარგი იქნება თუ მივხვდებით, რომ ერთადერთი გზა ევროპისკენაა. არც იქაა ყველაფერი დალაგებული, მაგრამ სხვა გზა არ არის. ის, რაც ბოლშევიკებმა გაანადგურეს, მე-19 საუკუნის ჩვენი დიდი მამებით დაწყებული, ეს იყო სწორედ ის ევროპული, ის ლიბერალური თაობა. დღეს ვეღარ ვბედავ ვთქვა, "ლიბერალური", იმდენად ტრანსფორმაცია განიცადა ამ სიტყვამ. უფრო მემარცხენე ელფერი მიიღო. იმედია, ამ თვე-ნახევარში არაფერი შეიცვლება ამ დამოკიდებულებაში.
- ანუ გიხარიათ, მაგრამ ჩუმად და მოგუდულად?
- სწორი შესატყვისი იპოვეთ, ჩუმად და მოგუდულად. მაინც ცოტა დაძაბული ვარ, ყოველ დღე იცვლება სიტუაცია მსოფლიო ჭადრაკის დაფაზე. ჩვენი მთავარი დაცულობა იმაშია, მეტი ქვეყანა იყოს ჩვენთან მშვიდობით დაინტერესებული. ასე რომ, ის აფხაზი და ოსიც, მობრძანდეს და მოფორთხდეს, როგორც უნდათ, სხვა გამოსავალი არაა. სამწუხაროდ, ხმლის მარჯვედ ქნევით ვერაფერს მივაღწევთ, ეს არ ნიშნავს, რომ რამეზე უკან დაიხიო ან ღირსება, ეროვნული თავმოყვარეობა დააჩლუნგო...
უკვე 3 შვილთაშვილი მყავს და ჩემთვის ხვალინდელ დღეზე ფიქრი სულ სხვანაირია, თან იმედიანი... პირველი ნაბიჯი გადადგმულია. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ჩვენი თავი ახალ მსოფლიო მოცემულობაში. იმედია, მოვესწრები. ცოდოა საქართველო, სამოთხე ქვეყანაა ნიჭიერი ხალხით... წარსულზე რომ არაფერი ვთქვა, ხვალინდელი კულტურისაც მჯერა, ქართული ნიჭის. მჯერა იმის, რომ ბოროტები არ ვართ... როგორც შენ თქვი, ერთი ფრაზით, მოგუდულად და ჩუმად გვიხარია, რომ არ დავაფრთხოთ სამოთხის ჩიტები.
"ევროპასაც ვულოცავ საქართველოსთან გაერთიანებას"
დათო ევგენიძე, კომპოზიტორი: - საქართველო ყოველთვის ევროპა იყო. ვულოცავ ჩვენს ქვეყანას, ოღონდ ევროპასაც ვულოცავ საქართველოსთან გაერთიანებას. არ მესმოდა, აქამდე რატომ იყო სალაპარაკო ჩვენი მიღება, იმიტომ, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც ბოლოს მიიღეს, იმდენი არცერთს უომია რუსეთთან, რაც საქართველომ იომა, - გნებავთ ჩვენი ქვეყნის ახლო ისტორიული წარსული ავიღოთ. 1978 წელს ენა ჩვენ შევუნარჩუნეთ ყველა რესპუბლიკას, 9 აპრილს ჩვენგან დაიშალა საბჭოთა კავშირი, აფხაზეთის ომი, სამაჩაბლოს ომი, 8 აგვისტო, მეტი რაღა ეომო ამხელა მონსტრს. რით ვერ დავიმსახურეთ ევროპა და სად გამოიხატება ჩვენი პრორუსულობა, ვერ ვხვდები. საქართველო ღვთისმშობლის ხვედრი ქვეყანაა, რომელიც არ გადაუხვევს ამ გზას არასოდეს, არც თავის იდენტობას. ენა გვაქვს, შოთა გვყავს, მეფედ გვყავდა თამარი. დღემდე ევროპაში მაინც "ქვინ" თამარად მოიხსენიებენ, იმიტომ, რომ ვერ წარმოუდგენიათ, რანაირად შეიძლება იყოს ქალი "კინგი". ჩვენ კი გვყავს. ასე რომ, არავის მისაბაძი არ გვაქვს, ჩვენ ვართ ერთ-ერთი სამაგალითო ერი, რომელიც ყოველთვის ყურადღებას იმსახურებს. ცოტანი ვართ, მაგრამ მაგარი ერი ვართ. ბედნიერი ვარ, რომ ქართველი ვარ!
ყველას ომი მაწუხებს, როგორც ქრისტიანს, მართლმადიდებელს, მაგრამ პირველ რიგში ჩემი ქვეყნის. ჩვენ ჩვენი ტერიტორიები გვაქვს დასაბრუნებელი და ამას თავისი გზები აქვს. ომი ყველაზე მარტივი გამოსავალია, მაგრამ ვნახეთ, ომს რამდენი სიცოცხლე ეწირება, მითუმეტეს, აფხაზები ჩვენი ძმები არიან. აუცილებლად მოლაპარაკებით უნდა მოხდეს, იმათაც სჭირდებათ ჩვენთან დაბრუნება, ჩვენც გვჭირდება და ამის გზები არსებობს. მგონი, დადგა ის მომენტი, რომ ახლო მომავალში უნდა გავერთიანდეთ სრულიად საქართველო.
- სამაჩაბლოზე რას მეტყვით?
- რაც ნაკლები სისხლი დაიღვრება, ღვთის წინაშე უფრო სწორი ვიქნებით. ამისთვის არსებობს ენა. ენა გვაქვს ათასწლოვანი.
- მიუხედავად ამისა, დიდი ხნის განმავლობაში ვერ გამოვნახეთ საერთო ენა.
- ძალიან ბევრი ფაქტორი იყო. ისეთი ბედისწერა გვაქვს, ისე ლაგდება მსოფლიოში ყველაფერი, ჩვენ, როგორც ყოველთვის, ვიყავით ის ქვეყანა, რომელზეც უნდა გაევლოთ, დასავლეთისკენ გაურბოდათ თვალი თუ აღმოსავლეთისკენ. ფასი ყოველთვის ჰქონდა ამას, სხვადასხვა ფორმით. ახლა შეფასდა, ტრანზიტები, რაც საქართველოზე დიდ ბიზნესად იქცა. ბევრისთვის გავხდით სასურველი.
- 30 წლის წინ თუ წარმოიდგენდით იმას, რაც დღეს მოხდა?
- ბავშვობაში მე, ირაკლი ჩარკვიანი, გეგა კობახიძე, ლევან აბაშიძე, ტატო კოტეტიშვილი, გოგიტა ჭყონია ევროპაზე წინ ვიყავით. მე თუ მკითხავ, ჩვენი ცხოვრების წესით და ჩვენი არსით. ასე რომ, ჩვენთვის საკვირველი ეგ არ არის. ჩვენ არასდროს არ ვიყავით საბჭოთა კავშირის შვილები. ეგ ხომ პირადი არჩევანია. ვულოცავ საქართველოს და ევროპას ამ ერთად ყოფნას.
"ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპისკენ"
მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი: - ძალიან გახარებული ვარ, ვინაიდან ნაბიჯი არის ევროპისკენ, კიდევ ერთი ნაბიჯი. მჯერა, ამ ნაბიჯის გადადგმა შემდეგ ნაბიჯებს გადგმევინებს სიკეთისკენ, ევროპისკენ. მე არასდროს მავიწყდება ის ამბავი, რომ ჩვენი კულტურა და ჩვენი არსებობა ყოველთვის საუკეთესო პერიოდში ევროპასთან იყო დაკავშირებული. მადლობა ასეთი დიდი საქმისთვის. რადგან ეს ნაბიჯი გადავდგით, სულელები უნდა ვიყოთ, რომ შემდეგი ნაბიჯები არ გადავდგათ და არ შევიდეთ იმ წრეში, რომელსაც კულტურული ევროპა ჰქვია.
- 20 წლის წინ წარმოიდგენდით, რომ ასეთი რეალობა გვექნებოდა?
- მე ველოდი, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ზურაბ ჟვანიას ნათქვამის შემდეგ ფიქრები ყოველთვის აქეთ იყო მიმართული. მთავარია, გაგრძელდეს და გავხდეთ ევროპის წევრები, თუმცა არასდროს დავივიწყოთ ის, რომ ქართველები ვართ, ჩვენი კულტურა გვაქვს, ენა და თავისთავადობა. არ უნდა გაითქვიფო, უნდა დარჩე ისეთი, როგორიც ხარ.
"ამდენი სისხლის მიუხედავად, ამ დღეს მოვესწარით"
ბექა ქურხული, მწერალი: - ძალიან მნიშვნელოვანი დღეა იმ ფონზე, როდესაც კიდევ ერთი თანამოქალაქე გვყავს ოკუპანტებისაგან ვერაგულად მოკლული - მხოლოდ რუსებს შეუძლიათ სანთლის ასანთებად სალოცავში ასული ადამიანი ზურგში დახვრიტონ. როცა ასეთი მძიმე ფონი გვაქვს, უკრაინის და ისრაელის ომის ფონზე, ძალიან გამიხარდა, ცოტა სინათლე გამოჩნდა გვირაბის ბოლოს. სულხან-საბა ორბელიანიდან მოყოლებული, გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძე, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, თაობები გმირების და წამებულების, რომლებიც ამ დღისკენ ასე ისწრაფოდნენ. ამდენი ვაის, უბედურების, ომის და სისხლის მიუხედავად, ამ დღეს მოვესწარით. ჩვენი ქვეყნის ისტორიულმა ბედუკუღმართობამ საკმაოდ ჩამოგვაშორა ევროპულ კულტურას, ცივილიზაციას, მაგრამ მადლობა ღმერთს, მენტალურად ვერა. ამიტომ ვუბრუნდებით ახლა, როგორც საბრძოლველად წასული შუა საუკუნეების რაინდი, რომელმაც უამრავი რამ გადაიტანა, უამრავი ნახა, ბევრი ჭრილობა მიიღო, მაგრამ ღვთის წყალობით მაინც გადარჩა და ასე მრავალჭირნახული სახლს უბრუნდება, საკუთარ წიაღს, რომელსაც ევროპა ჰქვია, ქრისტიანული ევროპა. ბევრს ეშლება - ქრისტიანობის პირმშო გახლავთ ლიბერალიზმი, ილია ჭავჭავაძისეულ ლიბერალიზმს და ლიბერალობას ვგულისხმობ, რასაკვირველია. რაც უფრო მეტს დაუთმობ, მეტს გაბედავს, იმიტომ, რომ რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ შიშს და ძალას ემორჩილება. სხვა მისთვის არაფერი არსებობს. ჩვენც მაგრად უნდა ვიდგეთ, მაგრამ როდესაც არის საუბარი, რუსეთი გაღიზიანდებაო, მე გარწმუნებთ, უარი რომ ეთქვა ევროპას ამ სტატუსზე, ეს გაცილებით გაუხსნიდა რუსეთს ხელ-ფეხს და ჩვენ მივიღებდით არამარტო გუშინდელ ტრაგედიას, უამრავის მომსწრე ვართ, კიდევ და კიდევ მეტი მსხვერპლი გვექნებოდა თუ ერთი-ერთზე შევრჩებოდით ამ მონსტრს. ამიტომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს და ვულოცავ ჩვენს დიდ წინაპრებს და შთამომავლობას.