ყველაზე გრძელი „სასაფლაო“ - კვირის პალიტრა

ყველაზე გრძელი „სასაფლაო“

დასაწყისი "კვირის პალიტრა" #45 - ცხოვრება „დიდი კედლის“ მიღმა

"ის, ვინც არასდროს ასულა დიდ კედელზე, არ ჩაითვლება ჩინელად!"

მაო ძე დუნი,

ჩინეთის კომპარტიის ბელადი

"ყველა კედელი გამძლეა, იმდენად, რამდენადაც გამძლენი არიან მისი დამცველები".

თემუჩინი (ჩინგის-ხანი)

ერთი შვილი მართლა შვილი

ჩვენი პირველი დღე ბეიძინგში (პეკინი)­ მზიანი გათენდა. ზლაზვნით ვისაუზმეთ (ვინაიდან ჩინეთი 4 საათით წინ არის საქართველოზე, ჩვენი დროით 04 საათზე­ საუზმობა დიდად სახალისო არ იყო). რადგან ჰოლში მოცდას აზრი არ ჰქონდა - ჩინეთში სკამებსა და მოსასვენებელ ადგილებს არ წყალობენ (სავარაუდოდ, ადამიანთა თავშეყრას ერიდებიან) - ყველანი გარეთ გავედით და ავტობუსის მოლოდინში პეკინის მზეს მივეფიცხეთ, დათქმულ დროს ვარდისფერი ავტობუსიდან ჩვენმა გიდმა სინ-სინმაც გამოგვძახა (რუსულენოვან გიდებს "სამსახურებრივი" სახელები რუსული აქვთ, თუმცა ჩვენ მათ სახელებით­ მივმართავდით). ავტობუსი გაჩერებული არც იყო, რომ პირველი შევვარდი და წინა ადგილზე მოვკალათდი. სანამ მე პანორამული­ ხედისთვის ხელსაყრელ ადგილს ვიბევებდი, დაბლა პირველი კომერციული გარიგებაც შედგა, უცხოელების დანახვაზე ერთი ჩინელი ბატონი თვალის დახამხამებაში "სამუშაო ადგილზე" ხელში ნაირფერი აბრეშუმის მოსახვევებით გამოჩნდა. თავიდან ფასები მაღალი იყო, ბოლოს კი მოვაჭრე მხარეები "კაპიკებზე" შეთანხმდნენ და ავტობუსიც მოფრიალე ჰაეროვანი მოსახვევებით გაივსო.

- ახლა ჩვენ ჩინეთის დიდ კედელს დავათვალიერებთ, შემდეგ იმპერატორის­ საზაფხულო რეზიდენციას და ბოლოს კონფუცის სახლსაც ვესტუმრებით, - გამოაცხადა გიდმა, ჩვენი წილი წყლის ბოთლები ჩამოგვირიგა და ავტობუსი დაიძრა.

ბეიძინგის დღის პეიზაჟები წინა საღამოსგან არაფრით განსხვავდებოდა: ფართო პროსპექტები, ერთი ფერის მაღალი საცხოვრებელი კორპუსები, ხალხიც კანტიკუნტად. ერთი ის იყო, რომ მანქანები მომრავლებულიყო. როგორც აგვიხსნეს, დასვენების ბოლო დღე იყო და დღეს ხალხი დედაქალაქში ბრუნდებოდა. შევეცადეთ გიდს უკვე გაზეპირებულ და "სადღაც" შეთანხმებულ თემებზე კი არა, მათთვის მტკივნეულ საკითხებზე ესაუბრა. ასეთი, ჩვენდა გასაოცრად, არა ადამიანის უფლებები, დემოკრატია ან სულაც ტაივანთან გართულებული ურთიერთობა, არამედ დემოგრაფიული პრობლემა აღმოჩნდა(?!).

- ჩვენი მოსახლეობა გასულ წელს 750 000-ით შემცირდა, ინდოეთმა გადაგვისწრო მოსახლეობის რაოდენობით.

ის იყო, უნდა მეთქვა, არა უშავს, 2 მილიარდს არაფერი შეგეტყობათ, აბა, ჩვენ რა უნდა ვქნათ, სულ 3 მილიონი ვართ და აქედან ნახევარი უცხოეთშია გადახვეწილი-მეთქი, მაგრამ ენას კბილი დავაჭირე და ჩემი ნაფიქრალის მხოლოდ შუა ნაწილი აღმომხდა, რასაც გიდის გულიანი გადაკისკისება მოჰყვა. სავარაუდოდ, ვერაფრით დაიჯერა, რომ ჩინეთის პატარა სოფლის მოსახლეობის ტოლი ქვეყანა სახელმწიფო როგორ უნდა იყოს.

- ჩვენთან შვილის გაჩენა აღარავის უნდა, მეტიც, ახალგაზრდებს დაოჯახება აღარ სურთ, - გააგრძელა გიდმა.

- ადრე ხომ მეორე ბავშვის გაჩენა ისედაც აკრძალული გქონდათ! - დაიძახეს ავტობუსის ბოლო რიგებიდან.

- აკრძალული იყო და დიდ ჯარიმასაც ითვალისწინებდა, რომელსაც წლობით ვერ გადაიხდიდი. მეც სანამ შემეძლო მეორე ბავშვს ვმალავდი, თუმცა ჯარიმის გადახდამ მაინც მომიწია, - დაიმორცხვა სინ სინმა ისე, თითქოს დიდი დანაშაული ჩაედინოს (მიუხედავად იმისა, ის დრო წარსულს ჩაჰბარდა, მოსახლეობა დღემდე მხოლოდ ერთ შვილს ახსენებს - პირველს).

- ჩინეთის მოსახლეობის 36%-ს ხანში­ შესულები წარმოადგენენ. ერი ბერდება. იმის გამო, რომ ცხოვრება ძვირია და ჩვენი კულტურიდან გამომდინარე, ოჯახთან ერთად ხანში შესული ოჯახის წევრების შენახვაც გაწევს კისერზე, ბავშვებზე აღარ ფიქრობ. ახლა ჩინოვნიკები ყველაფერს აკეთებენE მოსახლეობის წასახალისებლად, მაგრამ აღარაფერი გამოდის.

- განათლება და მედიცინა ხომ უფასოა? - ვიკითხე გაკვირვებულმა. ვერ წარმომედგინა, კომუნისტურ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი უფასო მეგონა, ცხოვრება ძვირი რატომ უნდა ყოფილიყო?

- ყველგან ფულს ვიხდით, - ის იყო, სიტყვა უნდა გაეგრძელებინა, რომ მოულოდნელად გაჩუმდა. შევამჩნიე, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სინ-სინმა მძღოლის მზერა დაინახა სარკეში.

ჩინეთის კედელი

ჩინეთის დიდი კედლის სანახავად ტრადიციულად ბეიძინგის მახლობლად ბადალანს მივაშურეთ. ასე აღმოვჩნდი ერთ- ერთი იმ 40 მილიონ ტურისტს შორის, რომლებიც ყოველწლიურად კედლის ამ ნაწილს სტუმრობენ. იუნესკოს ნუსხაში შესული ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობა ჯერ კიდევ ძვ.წ. III საუკუნეში იმპერატორ ში-ხუანდის დროს დაწყებულა. მისი სიგრძე 8 851 კმ-ს აჭარბებს, რის გამოც ის მსოფლიოში ყველაზე დიდ საფორტიფიკაციო ნაგებობად ითვლება. 1644-1911 წლებში კედელი, ფაქტობრივად, განადგურებული იყო, საღი მხოლოდ ბადალანის ნაწილი დარჩა, რომელსაც ქალაქის კარიბჭედ იყენებდნენ. 1984 წელს ჩინეთის ხელისუფლებამ დიდი კედლის აღდგენა გადაწყვიტა და სახელმწიფოს დასახმარებლად ფულს არა მარტო დიდი კომპანიები, არამედ სრულიად ჩინეთი აგროვებდა. ძეგლის მშენებლობის ისტორია სისხლიანი­ და ტრაგიკულია. კედლის სამუშაოებს 1 მილიონი კაცი შეეწირა. ყველაზე ცნობილი ლეგენდა, რომელსაც ხშირად გაიგონებთ კედლის ლაბირინთებში, არ მოგვითხრობს მის ამშენებელ იმპერატორებზე, არც მის მამაც დამცველებზე, ის გიამბობთ გლეხის ქალზე, მანგ ჯინგ ნუზე, ღარიბი გლეხის ცოლზე, რომლის ქმარი კედლის მშენებლობაზე წაიყვანეს. როდესაც მისი დაღუპვის ამბავი მიუვიდა, მშენებლობის ადგილას იმდენი იტირა, სანამ მისმა ცრემლებმა კედელი არ ჩამოაქცია და არ გამოაჩინა საყვარელი ადამიანის ძვლები, რომლებიც მგლოვიარე ქალმა მიწას მიაბარა. ჩინეთის დიდი კედელი მსოფლიოში ყველაზე გრძელი "სასაფლაოა". სწორედ აქედან იღებს სათავეს მითი, რომ კედლებში დაღუპულთა დაფქული ძვლებია გამოყენებული, სინამდვილეში მხოლოდ ბრინჯის ფქვილის "დამსახურებაა" კედლების სიმტკიცე. სამწუხაროდ, დღეს კედლის დიდ ნაწილს, ჟამთა სიავის გარდა, ეროზია და ქარიც აცლის ძალას.

კედელზე ბევრი ხალხი არ დაგვხვედრია. თურმე ნუ იტყვით, გაგვიმართლა, რადგან დილა იყო, სხვა დროს კი ტურისტების გვერდის აქცევაც კი ჭირსო. როგორც გიდმა გვითხრა, პანდემიის შემდეგ ჩინეთში უცხოელ ტურისტს ნაკლებად შეხვდებითო.

დიდ კედელზე სრულად მხოლოდ ერთეულები ადიან. ზარმაცებისთვის საკმარისია რამდენიმე საფეხური აირბინო და სამახსოვრო ფოტო გადაიღო. მე მხოლოდ ფოტოს გადაღებას არ დავჯერდი და ჩემი იქ ყოფნის დამადასტურებელი ძველებური ბამბუკის "დოკუმენტიც" წამოვიყოლე, რის გამოც კვლავ მოვხვდი იმ მილიონობით ტურისტთა შორის, ვინც მზად არის ამ "დოკუმენტში" 200 იუანი გადაიხადოს.

მანჯურიელი "დარეჯან ცბიერი"

ჩვენი შთაბეჭდილებებით გათამამებულ გიდს ყველა ერთად ვუყვებოდით, როგორი მაგრები ვართ ქართველები, რომ მართალია, დიდი კედელი ვერ ავაშენეთ, რადგან პატარა ქვეყანა ვართ და ამის საჭიროება არ იყო (იხტიბარს არ ვიტეხდით), სამაგიეროდ, პირველი ღვინის, ოქროს, ხორბლისა და პირველი ევროპელების სამშობლო ვართ, რომ ჩვენი დამწერლობა გვაქვს, მრავალხმიანი სიმღერა და ა.შ. თუმცა როგორც კი ბეიძინგში იმპერატორის საზაფხულო რეზიდენციას მივადექით, ცოტა არ იყოს, აღტყინება გაგვინელდა, რადგან თვალწინ ტბებით, ბორცვებითა და უმშვენიერესი ხეივნებით ლადშაფტური ხელოვნების შედევრი გადაგვეშალა და მივხვდი, რომ ამის შემხედვარე სინ-სინს ზუგდიდის დადიანების ბაღით თავს ვერ მოვაწონებდი. ამიტომაც გაჩუმება ვარჩიე.

1153 წელს, როცა ცინის დინასტიამ ბეიძინგი ჩინეთის დედაქალაქად გამოაცხადა, აქ საიმპერატორო სასახლე "ოქროს ბორცვი" ააგეს. 1750 წელს იმპერატორმა ცინლუნმა მის ადგილას საზაფხულო რეზიდენციის მშენებლობისთვის 4.48 მილიონი ლიენი ანუ 140 000 კგ ვერცხლი და 15 წელი დახარჯა. 1860 წელს, "ოპიუმის ომების" დროს, ფრანგებმა რეზიდენცია დაანგრიეს. 1886 წელს იმპერატორმა ქალმა ცისიმ რეზიდენციის აღდგენა დაიწყო, ამისთვის კი 10 წელი და 30 მილიონი ლიენი ანუ 937.500 კგ ვერცხლი დასჭირდა.

მანჯურიელი ღარიბი ჩინოვნიკის ქალიშვილი ცისი (პატარა ორქიდეა) ეშმაკობისა და ჭკუის წყალობით საიმპერატორო კარის მხევლიდან საბოლოოდ "ცისქვეშეთის" იმპერატორად იქცა. წლების განმავლობაში სამეფო კარის ინტრიგებში გამოწრთობილი ქალის ტახტიდან ჩამოგდება ვერაფრით მოახერხეს. ცბიერი ცისი წელიწადის დიდ დროს საზაფხულო რეზიდენციაში ატარებდა. ამიტომ მისი მმართველობის პერიოდში სწორედ ეს რეზიდენცია გახლდათ ჩინეთის უმაღლესი ხელისუფლების ცენტრი და არა ტრადიციულად "აკრძალული ქალაქი". მის საცხოვრებელ ოთახებში ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, თითქოს მან ეს-ეს არის გაიარა. ბეიძინგში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების კონტროლის უმკაცრესი ზომებია. რამდენიმეეტაპიანი შემოწმების შემდეგაც შენს გადაადგილებას კამერები მუდმივად ადევნებენ თვალს, ზოგიერთ შემთხვევაში, საუბარსაც.

გვარიანად დაღლილებს, ავტობუსიდან ჩამოსვლაც რომ გვეზარებოდა, ყველანი კონფუცის სახლისკენო, შემოგვძახა გიდმა.

მსოფლიოში განთქმული სწავლულის სახლს ყოველდღე უამრავი სტუმარი ჰყავს,­ უმეტესად ბავშვები, რომლებიც მშობლებს ან ხშირად მასწავლებლებს მოჰყავთ და გაღმერთებულ ბრძენკაცს სწავლაში წარმატებას შესთხოვენ. აქ ასევე შეხვდებით სტუდენტებს, სამეცნიერო შრომებზე მომუშავე ან თუნდაც გასაუბრებაზე დაბარებულ ადამიანებს, რომლებსაც კონფუცის ძეგლისთვის ხელის შეხება იღბლის მომტანად აქვთ აღქმული. მათ არც მე ჩამოვრჩი და სწავლულს "ჭკუის მომატება" და საქმეში მეტი სიბეჯითე ჩავუთქვი.

დამქანცველი დღის შემდეგ ქალაქის ერთ ცნობილ რესტორანს მივაშურეთ, სადაც ცნობილ კერძს, იხვს პეკინურად ამზადებენ. სართულებზე დარდიმანდად მოსიარულე რობოტები რომ შევნიშნე, ერთ­ხანს სარგადაყლაპულივით ვიდექი და არ ვიცოდი, სად წავსულიყავი, მაგრამ როდესაც რობოტი დამელაპარაკა, მივხვდი, კონფუცისთვის კიდევ ბევრი რამ უნდა მეთხოვა.

ტიანანმენი

ბეიძინგში ყოფნის მესამე დღეს, დილით ჩვენმა ვარდისფერმა ავტობუსმა გეზი დედაქალაქის მთავარი მოედნისკენ აიღო და ვხედავდით, როგორ იცვლებოდა მინის მიღმა პეიზაჟები. მალე ბეიძინგის სამთავრობო კვარტალი მთელი თავისი სიდიადით გამოჩნდა ჰორიზონტზე. ავტობუსიდან ჩამოვედით და მოედანზე მიმავალ ხალხის რიგებს შევუერთდით. ჩვენი გიდი ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ამაყად მიაბიჯებდა (ჩინელები მთავარ მოედანზე და "აკრძალულ ქალაქში" ეროვნულ სამოსში გამოწყობილი დადიან).

ტიანანმენი ყველაზე დიდი მოედანია მსოფლიოში - ის 440 000 კვადრატული მეტრის ფართობს იკავებს. სწორედ ტიანანმენთან მდებარეობს ჩინეთის სახელმწიფო სიმბოლოდ აღიარებული "ზეციური სიმშვიდის კარიბჭე" (1420 წელი), რომელსაც "მეწამულ აკრძალულ ქალაქში" შევყავართ. ეს კარიბჭე 500 წელი იმპერატორთა ტრიბუნად ითვლებოდა. 1949 წელს სწორედ ამ ადგილიდან გამოაცხადა მაო ძედუნმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.

1989 წლის 4 ივნისს ტიანანმენის მოედანზე ხელისუფლებამ სტუდენტებისა და ინტელიგენციის მიტინგი ძალის გამოყენებით­ დაშალა, რა დროსაც უამრავი­ ადამიანი დაიღუპა. როდესაც შევნიშნე, სპეციალური ქაფით როგორ საგულდაგულოდ წმენდდნენ მოედანს, რატომღაც ის სისხლიანი ივნისი გამახსენდა. ტიანანმენის მოედანს თან აკრავს ჩინეთის სახელმწიფო მუზეუმის, ეროვნული ყრილობისა და მაო ძედუნის მავზოლეუმის შენობები. აქ სულ ხალხმრავლობაა, მოედნის ცენტრში აღმართულ ცოცხალი ყვავილების თაიგულთან ფოტოს გადაღება იმდენად მოდურია, რომ ვის აღარ შეხვდებით იქ. შემოწმება რამდენიმე ადგილას გავიარეთ და ფოტოგადაღების მსურველებს ჩვენც შევუერთდით.

მაოს 12 ელფერი

"ზეციური სიმშვიდის კარიბჭის" ცენტრში მაოს ფოტოა. მისი პორტრეტი 12-მა­ ცნობილმა მხატვარმა დახატა, თუმცა მისი მზერა მუდმივად იგივეა, ამიტომ ძნელია დაიჯერო, რომ მაოს ერთი და იმავე პორტრეტის ავტორი არა ერთი, არამედ 12 მხატვარია. 1949 წლიდან მაოს ცნობილი პორტრეტი მუდმივად ამშვენებს "ზეციური სიმშვიდის კარიბჭის" კედელს, თუმცა იყო ერთი დღე, როდესაც ჩინეთის სახელმწიფო სიმბოლოს კედელზე სულ სხვა ადამიანის პორტრეტი ეკიდა - ეს იყო 1953 წლის 9 მარტს, როდესაც ტიანანმენის მოედანს სტალინის პორტრეტი უყურებდა.

ტიანანმენის მოედანი ყველაზე დაცული მოედანია მსოფლიოში. მის შორიახლოს ცათამბჯენები ჩანს, ბეიძინგის საქმიანი­ უბანი. როდესაც ღამით ავტობუსიდან "ალი-ბაბას" აბდღვრიალებული მრავალსართულიანი ოფისი დავინახეთ, სინ-სინმა გვითხრა, რომ მილიარდერის ცათამბჯენს მხარე, რომელიც მოედნისკენ იყურება, გაუქმებული აქვს. გარედან ეს შეუმჩნეველია, თუმცა შიგნიდან ყველა ფანჯარა დაგმანულია. ასევე ყველა ის შენობა, რომლებიც მოედანს გადაჰყურებს (ჩემი ვარაუდით, მოედანზე სროლის ასაცილებლად).

"მეწამული (აკრძალული) ქალაქი"

"ზეციური სიმშვიდის კარიბჭესთან" დამთვალიერებლების გარდა, შავ კოსტიუმებში გამოწყობილი ახალგაზრდებიც ბლომად ირევიან. ჩინეთის სპეცსამსახურები არასდროს გტოვებენ მარტოს. კიდევ ერთხელ გავიარეთ რამდენიმეეტაპიანი შემოწმება და თავი უკვე "აკრძალულ ქალაქში" ამოვყავით. პირველი, რაც თვალში გხვდება, მისი გრანდიოზულობაა. მას თავისი მასშტაბით მსოფლიოში ანალოგი არა აქვს, განთქმულ პარიზის ლუვრს სამჯერ აღემატება. "აკრძალული ქალაქი" 14 წლის განმავლობაში შენდებოდა (1406-1420წწ.) და 1 მილიონი მუშა და 100 000 ოსტატი იყო დასაქმებული. 492 წლის განმავლობაში ჩინეთის 24 იმპერატორის რეზიდენცია იყო. თვალუწვდენელ ეზოებში ხის დარგვა აკრძალული იყო, რადგან "მეწამული ქალაქის" პატრონები ფიქრობდნენ, რომ ხის ჩრდილი არქიტექტურული ანსამბლის ბრწყინვალებას დაჩრდილავდა. აქ ასევე ვერ ნახავთ ჩიტებს. "აკრძალული ქალაქის" გადახურვა ისეთი კონსტრუქციის არის, რომ ჩიტები დასხდომას ვერ ახერხებდნენ. შესაბამისად, სახურავები მუდმივად სუფთაა.

"აკრძალულ ქალაქში" 9999 1/2½ ოთახია­ - ნახევარი ოთახი აკლია, რათა ღმერთი­ არ განერისხებინათ, რომელსაც 10 000 ოთახი აქვს. აქ ძირითადად ორი ფერი - ყვითელი და წითელი ჭარბობს. წითელი "ცისქვეშეთში" უმაღლესი ხელისუფლების ფერი იყო და მისი გამოყენება მხოლოდ იმპერატორის ოჯახს შეეძლო. 1988 წელს პირველად "აკრძალულ ქალაქში" ოპერა "ტურანდოტის" პრემიერა შედგა.

თავიდან "აკრძალული ქალაქი" თავისი­ მასშტაბურობით სუნთქვას გიკრავს. შემდეგ, როდესაც ნახევარს, როგორღაც შემოივლი, უკვე თვალიც ეჩვევა და ერთი სული გაქვს, სადმე ჩამოსაჯდომი ადგილი იპოვო. "დაილოცოს საქართველოში მოგზაურობა, ჩვენი მეფეების სასახლეებს უცებ შემოირბენ, სულ რამდენიმე ოთახია და... მერე შეგიძლია ბაღშიც წამოკოტრიალდე", - ვბურტყუნებდი ჩემთვის, სანამ იმ ფლიგელს არ მივადექით, სადაც სასახლის ოქროს კოლექციაა დაცული. შიგნით შესულებს, ახალი განსაცდელი გველოდა - უნიკალური ექსპონატების სანახავად ვიტრინების წინ ადგილი მხოლოდ ბრძოლით თუ შეგიძლია მოიპოვო. შეიძლება ფოტოების გადაღება არც დაგცალდეს და მუჯლუგუნებით უკან გამოგაგდონ. "აკრძალულ ქალაქში" საღ-სალამათი შესული, უკან დალურჯებული გვერდებით გამოვედი. ისე, ასე მხოლოდ "აკრძალულ ქალაქში" არ ხდება. იმპერატორის სასახლეს უზარმაზარი წყლის არხები აკრავს, რაც გოროზ იერს სძენს "მეწამული ქალაქის" საგუშაგო კოშკებს. აქ ხშირად გადააწყდებით ახალდაქორწინებულ წყვილებს, რომლებიც შეიძლება აქ ერთი ფოტოს გადასაღებად სხვადასხვა ქალაქიდან სპეციალურად ჩამოვიდნენ.

ბოლო დღე პეკინში "ზეციური ტაძრის" მონახულებით დამთავრდა, თუმცა კონფუცისგან იღბალი, სავარაუდოდ, გზაში დამეწია - ცენტრალური რკინიგზის ვაგზლისკენ მიმავალნი ერთ გზაჯვარედინზე დროზე მეტად შევყოვნდით, გადიოდა წუთები და ყველა სამანქანო გზის 8 ზოლზე ქვეითები, მოპედები თუ მანქანები მშვიდად იდგნენ. 8-10 წუთის შემდეგ, რომ იტყვიან, ცხვირწინ შავი მანქანების კორტეჟმა ჩამიარა - თურმე ჩინეთის კომპარტიის ლიდერი სამსახურიდან ბრუნდებოდა.

ღამის ბეიძინგი ცად აზიდული შენობებით, ელექტრონული ატრაქციონებით, ზაჰა ჰადიდის თოვლივით თეთრი შედევრებით, ზომაზე მეტი ფუფუნებით, წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.

ბეიძინგის შემდეგ იყო სიანი, ჩენდუ, ლოშანის ბუდა და ავატარის მთები, თუმცა ამ მოგზაურობის შესახებ სხვა დროს გიამბობთ.