როდის ეშველება ისტორიული უბნის მცხოვრებლებს - კვირის პალიტრა

როდის ეშველება ისტორიული უბნის მცხოვრებლებს

დედაქალაქისთვის ავარიული სახლების პრობლემა არახალია, მაგრამ იმასაც გააჩნია, ავარიულობის რომელ კატეგორიაზეა საუბარი. არის სახლები,­ რომლებიც არანაირი ლოგიკით აღარ უნდა იდგნენ ფეხზე,­ თუმცა მაინც დგანან, თითქოს იმ უკანასკნელი ბიძგის მოლოდინში, რომელიც მათ საბოლოოდ ჩამოაქცევს. სოლოლაკში, გია აბესაძის #17-ში მდებარე სამსართულიანი სახლი სწორედ ასეთია­. 150 წლის ნაგებობა, რომელიც 17 ოჯახის საკუთრებაა, სწორედ ასეთი შიშით "დგას". იქ შესვლისას აუცილებლად გაიფიქრებ, რომ ყველაფერი შენ თვალწინ დასრულდება: საუკუნენახევრიანი ნაგებობის ისტო­რიაც და, ღმერთმა ნუ ქნას, იმ ადამიანებისაც, რომლებიც დღემდე იქ ცხოვრობენ. შემძრა ამ სახლის ბინადართა მძიმე მდგომარეობამ.

როგორც მითხრეს, თბილისის მერიამ შენობის რეკონსტრუქციისთვის თანხა ჯერ კიდევ შარშან გამოყო, თუმცა ფულიც და მერიის პირობაც ერთდროულად გაუჩინარდა. ნგრევის სურათი კი მართლაც უმძიმესია: სახლის მასიური ჭიშკარი, რომელიც ოდესღაც ტონიანი­ ქვებისაგან გაუკეთებიათ, საყრდენიდან ნახევარი მეტრით არის გადახრილი, შენობაში ზოგან ჭერია ჩამონგრეული, ზოგან შიდა კიბე სახლის კედელს დაშორებული, ზოგან ფანჯრებია ჩამოცვენილი, ზოგიერთ უკვე დაცლილ ბინაში კი მხოლოდ შიშის კვალია დარჩენილი. თუმცა ნაგებობის უმეტეს ნაწილში ხალხი მაინც ცხოვრობს, მათ წასასვლელი არსად აქვთ.

განსაკუთრებით სახლის სარდაფში მცხოვრები 13 წლის ბიჭის მდგომარეობამ შემძრა - ბავშვის საწოლის ზემოთ, სარდაფის თავზე, ავარიულ ნაგებობას, შესაძლოა ერთი ბიძგი ეყოს დასაქცევად­ და სარდაფში მყოფი ყველა ადამიანი შიგ ჩაიტანოს. ბავშვის ბებიას, ჭიჭე კალოიანს, კედელზე მუყაოს ფირფიტა აქვს მიფარებული, იმ იმედით, რომ კედლიდან გამოცვენილ ვირთხებს შეაკავებს, თუმცა სულ ტყუილად.

"სად გაქრა ჩვენი სახლის აღსადგენი ფული?"

- ამ სახლში ათეული წლებია ვცხოვრობ. არ გეგონოთ ყოველთვის სარდაფში­ ვცხოვრობდით. ამავე სახლის პირველ სართულზე ბინა გვქონდა, მაგრამ როდესაც შიდა ეზოში უკანა კედელმა დაიწია, მთელი შენობა გვერდით გადაიხარა და ჩამოინგრა, იძულებული გავხდი სარდაფში გადმოვსულიყავით მე, ჩემი 13 წლის შვილიშვილი და რძალი. შვილი უკვე ცოცხალი აღარ მყავს.

- თბილისის მერია ავარიული სახლების მობინადრეებს ბინის ქირას უხდის და საიმედო ადგილზე გადაჰყავს საცხოვრებლად.

- მერიიდან გვეუბნებიან, 500 ლარს მოგცემთ ბინის დასაქირავებლადო. ამ დროს ბინის ფასები იმდენად სწრაფად იზრდება, ამ თანხაზე დამატება დაგვჭირდება. ჩემს ოჯახს არანაირი მატერიალური სახსარი არ გააჩნია დასამატებლად. მაგრამ ჩემს შვილიშვილს ერთი აგურიც რომ დაეცეს, ვფიცავ, შურს მხოლოდ მე ვიძიებ თბილისის მერიაზე. სახლის აღდგენის ბიუჯეტი დაგვიმტკიცეს­ შარშან, მერე კი გააქრეს. სად გაქრა ჩვენი სახლის აღსადგენი ფული? ბიუჯეტში რომ იყო, კარგად ვიცით, რადგან თავად თბილისის განვითარების ფონდში გვითხრეს, წელს თქვენი სახლის აღსადგენი ფული მიღებული გვაქვს, აღდგენას დავიწყებთო. შარშან, რომ ვნახეთ, წელიწადი მთავრდებოდა და სახლის აღდგენას­ აღარ აპირებდნენ, წავედი და დავჯექი­ თბილისის განვითარების ფონდის წინ. გამე­ცით პასუხი, სად წაიღეთ ჩვენი ფული-მეთქი. ჯერ მითხრეს, თქვენი სახლი იმიტომ არ შეკეთდა, მობინადრეებს ჰქონდათ პრეტენზია ჩვენს პირობებზე, მეტი ფართობი უნდოდათო, რაც ტყუილია. ჩვენი მეზობელი ბინები აღადგინეს, მოვიდნენ ჩვენს სახლამდე და მერე მიგვატოვეს...

dzveli2-1699823129.jpg

"მერიამ უნდა გამონახოს გზა 17 ოჯახის გადასარჩენად"

გია აბესაძის #17-ის მობინადრე გიორგი­ სახელაშვილიც იბრძვის, რომ ნაგებ­ობა აღდგეს და მობინადრეები მოსალოდნელი მძიმე შედეგებისაგან იხსნას­. მასთან ერთად დავათვალიერე მთელი სახლი. ის ნაწილიც, რომლის ყველა სართულზე ჭერია ჩამონგრეული, სართულებს შორის კიბე კი თითქმის ჰაერშია გამოკიდებული.

- ჩვენი შენობის ნგრევა ათეული წლებია­ გრძელდება, კატასტროფა კი ყოველდღეა მოსალოდნელი, ყოველწლიურად იმატებს ბზარების სისქე. წელიწადში ბზარი 10-15 სანტიმეტრით ფართოვდება. ჯერ კიდევ 2013 წელს მოვიყვანეთ სამხარაულის ბიურო, რომელმაც დაადგინა, რომ სახლი ავარიულია და აქ ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია. ეს დასკვნა მოითხოვა მერიამ, რათა რეკონსტრუქციის ბიუჯეტი დაემტკიცებინა. დასკვნაც გვაქვს, შარშან ბიუჯეტიც დაამტკიცეს, ჩვენი სახლი უნდა აღდგენილიყო, მაგრამ სად წაიღეს ბიუჯეტით გაწერილი თანხა, ვერ გეტყვით.

- რას აპირებთ?

- ბრძოლას, როგორც ყოველთვის. აქ მობინადრეთაგან არავის აქვს იმის საშუალება, რომ სახლის აღდგენისთვის ფული გაიღოს. მერიამ უნდა გამონახოს გზა ამ 17 ოჯახის გადასარჩენად. ეს ხომ სახელმწიფოა! არავის აქვს უფლება ბიუჯეტის ფული გააქროს და ათეულობით მოქალაქე მძიმე განსაცდელის წინაშე დატოვოს.

dzveli3-1699823129.jpg

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით:

ჩვენ დავუკავშირდით თბილისის განვითარების ფონდს, მაგრამ კომენტარზე უარი გვითხრეს და თბილისის მერიაში გადაგვამისამართეს. თბილისის მერიის პასუხი კი ასეთია:

"რამდენიმე თვის წინ თბილისის მერიამ დედაქალაქის საკრებულოსთან ერთად იმუშავა ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების საკითხზე და შეიმუშავა ორი პროგრამა, რომელიც თბილისის მერმა კახა კალაძემ 15 მარტს გააცნო საზოგადოებას. პირველი პროგრამით ისტორიულ უბნებში არსებული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება-რეაბილიტაციის პროცესში ბიზნესსექტორი ჩაერთვება. კერძოდ, კონკრეტულ სამშენებლო ან დეველოპერულ კომპანიას, ავარიული სახლის მესაკუთრეებთან შეთანხმების შემდეგ ექნება შესაძლებლობა, ჩაანაცვლოს ძველი, ავარიული შენობა ან განახორციელოს მისი რეაბილიტაცია თბილისის განვითარების ფონდის მიერ შემუშავებული დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. ამის სანაცვლოდ კი მუნიციპალიტეტი ბიზნესსექტორს სთავაზობს მათ საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომელიც უნდა მდებარეობდეს აუცილებლად ისტორიული უბნების­ გარეთ (და არა ისტორიულ უბანში) გასცეს მიმდებარე არეალთან შესაბამისი გეგმარებითი გადაწყვეტილება და მიანიჭოს კონკრეტული პარამეტრები­. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება დაინტერესებულმა ბიზნესსუბიექტმა შესაბამისი­ თანხა პირდაპირ ბიუჯეტში გადაიხადოს და ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების ან რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულება მთლიანად გადააბაროს თბილისის განვითარების ფონდს, მერიის მიერ შეთავაზებული ზემოხსენებული პირობების სანაცვლოდ. დაინტერესებული სამშენებლო/დეველოპერული კომპანიის მოძიება მობინადრეებმა თავად უნდა უზრუნველყონ. ბიზნესის ჩართულობის ეს მოდელი, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს, რომ მშენებლობები არ განხორციელდეს ზედმეტი მოცულობებით და მაქსიმალურად შენარჩუნდეს ისტორიული უბნების იერი, მეორე მხრივ კი, ხელი შეეწყობა ავარიული სახლების მესაკუთრეების საცხოვრებელი და ყოფითი პირობების გაუმჯობესებას.

dzveli4-1699823130.jpg

მეორე პროგრამის მიხედვით, ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებს მიეცემათ შესაძლებლობა, მერიის დახმარებით გაყიდონ თავიანთი უძრავი ქონება.­ მესაკუთრეებისგან ერთობლივი მომართვისა და თანხმობის შემდეგ, თბილისის მერია აზომავს უძრავ ქონებას და უზრუნველყოფს ამ ქონების საექსპერტო შეფასებას ღირებულების დადგენის მიზნით. ამის შემდეგ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო და სხვა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები მიიღებენ ოპტიმალურ გეგმარებით გადაწყვეტილებას და ეს დეტალური ინფორმაცია ორი თვის განმავლობაში თბილისის მერიის ვებგვერდზე განთავსდება. დაინტერესებული პირების მოთხოვნის შემთხვევაში, თბილისის მერია მიაწვდის მათ ყველა საჭირო ინფორმაციას ამ ტერიტორიის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. ინფორმაციის განთავსებიდან ორი თვის გასვლის შემდეგ აღნიშნული ქონება გავა აუქციონზე. საბოლოოდ, აუქციონზე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასი შეეთავაზებათ უძრავი ქონების მესაკუთრეებს და მხოლოდ მათი გადაწყვეტილებით მოხდება აღნიშნული ქონების რეალიზება. ასევე შესაძლებელი იქნება აუქციონი გამოცხადდეს თავად მესაკუთრეების დასახელებული ფასის შესაბამისად. აუქციონის ჩატარებას და მასთან დაკავშირებულ ყველა პროცედურას თბილისის მერია უსასყიდლოდ უზრუნველყოფს".