რა სიახლეები გველის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე
საარჩევნო პროცესში ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და ელექტრონული არჩევნების უპირატესობები, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების ადმინისტრირებისთვის განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები გაგვაცნო.თანამედროვე მეთოდი და საინტერესო სიახლე, რომელსაც ქართველი ამომრჩეველი ახლა უკვე საკუთარ თავზე გამოცდის, უცხოეთის წამყვან ქვეყნებში კარგა ხანია დანერგილია, საპილოტე ეტაპი 2023 წლის პირველი ოქტომბრის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე საკმაოდ წარმატებულად გაიარა.ახალი წესით ხმის მიცემას ამომრჩეველთა თითქმის 90% შეძლებს, დანარჩენ შემთხვევაში კი არჩევნები ტრადიციული მეთოდით ჩატარდება.გიორგი კალანდარიშვილი სწორედ ამ სიახლეებზე, ცესკოს თავმჯდომარეობასა და სხვა საკითხებზე ვრცლად გვესაუბრა:
- ჩვენ ვიმყოფებით არჩევნების მოდერნიზების პროცესში, რაც ნიშნავს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის მორიგი შემადგენლობის არჩევისას, საქართველოს ელექტორატის თითქმის 90%-ს ექნება შესაძლებლობა მიიღოს ისეთი სერვისი, რომელიც ახალ საარჩევნო ტექნოლოგიებს უკავშირდება. საუბარია ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმების მოთავსებისა და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებაზე, რაც უზრუნველყოფს წინასწარი მონაცემების, წინასწარი შედეგების უმოკლეს ვადებში დათვლის და გასაჯაროების შესაძლებლობას.
ვერიფიკაციის აპარატი ამარტივებს ამომრჩევლის რეგისტრაციის პროცესს, თუნდაც სიებში ძებნის მხრივ; უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და დაცულობას; მოქალაქის მიერ განმეორებითი ხმის მიცემის შესაძლებლობა ნულზეა დაყვანილი. რაც შეეხება ხმების დათვლის აპარატის გამოყენებას, სახეზე გვაქვს შედეგების სიზუსტე და უტყუარობა. 2018 წლიდან დღემდე 8 საპილოტე არჩევნები ჩავატარეთ, რამაც ცხადყო, რომ აპარატის ამობეჭდილი და ხელით დათვლილი მონაცემები აბსოლუტურ თანხვედრაში იყო ერთმანეთთან, გარდა უმცირესი სხვაობისა, რაც გამოწვეული იყო ბიულეტენზე არასწორი აღნიშვნების დატანით. აპარატი ჩათვლის მხოლოდ იმ ბიულეტენს, რომელიც წესების დაცვით იქნება წარმოდგენილი, სხვა შემთხვევაში, მაგალითად, რამდენიმე სუბიექტის გაფერადებისას ან წარწერების გაკეთებისას, შემოხაზვისას, ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება.
ამ პროცესში კიდევ ერთი კომპონენტი დავამატეთ - პლანშეტების გამოყენება, რომელთა მეშვეობითაც ცესკოში პირდაპირ საარჩევნო უბნებიდან გადმოიგზავნება და მყისიერად გასაჯაროვდება ცესკოს ვებგვერდზე. ეს, ცხადია, განვლილი არჩევნებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად შეამცირებს წინასწარი მონაცემების გამოქვეყნების დროს.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ტექნოლოგიურმა ინტერვენციამ ჩრდილი არ უნდა მიაყენოს ტრადიციულ მეთოდს, აღსანიშნავია, რომ მოდერნიზების მთელი რიგი ელემენტები აქაც გავითვალისწინეთ, მათ შორის, ბიულეტენების დიგიტალიზაცია - ანუ ყველა იმ უბანზე, სადაც არჩევნები ტრადიციული წესით ჩატარდება, ბიულეტენები გაციფრულდება და საჯარო, სანდო პლატფორმაზე განთავსდება, რის ნახვასაც ნებისმიერი პირი შეძლებს.
ჩვენ რამდენიმე ქვეყანაში ვიმყოფებოდით გაცვლითი და სასწავლო პროგრამების ფარგლებში, მათ შორის, სადამკვირვებლო მისიებში და მათი გამოცდილება გადმოვიტანეთ, საუბარია ისეთ ქვეყნებზე, როგორებიცაა აშშ, ფილიპინები, ალბანეთი, ჩრდილოეთი მაკედონია და ა.შ. რიგი საკითხები დავხვეწეთ და გავაუმჯობესეთ. მოვისმინეთ რეკომენდაციები, მიგნებები. ამგვარად, საარჩევნო პროცესი კიდევ უფრო საჯარო და გამჭვირვალე ხდება, მარტივდება, ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული შეცდომები მინიმუმამდეა დაყვანილი.
საარჩევნო ადმინისტრაციის ტექნოლოგიურ მხარდაჭერას საერთაშორისო კომპანია - "სმარტმატიკი" ახორციელებს, რომელსაც 30-ზე მეტ ქვეყანაში 115-ზე მეტი არჩევნების ჩატარების გამოცდილება აქვს.
სხვადასხვა ჩართული მხარის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტიც ჩავატარეთ - ამერიკული კომპანია Pro V&V ბაზრის კვლევის საფუძველზე შეირჩა და უზრუნველყო ამ პროცესის აუდიტი. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში გამოყენებული ტექნოლოგიები სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო და ადგილობრივ კანონმდებლობასთან და შოურცე-კოდი დაწერილია საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად.
სამწუხაროდ, ხშირად გვესმის არასწორი ინფორმაცია, მითი, მანიპულაცია, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიებისა და ინსტიტუციის დისკრედიტაციას. საუბრობენ არა მის ნაკლოვანებაზე, არამედ ავრცელებენ არასწორ ნარატივებს. ამით ცდილობენ მოსახლეობაში არასწორი აღქმები ჩამოყალიბდეს და უნდობლობა გაჩნდეს. თუმცა არაერთი კვლევის საფუძველზე ამ მეთოდის მიმართ გამოიკვეთა მოსახლეობის კმაყოფილება და მიმღებლობა. როდესაც შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე "პილოტები" ჩავატარეთ, ამომრჩეველმა პრაქტიკაში თავად ნახა ყველაფერი.
ეს აპარატები მეტროსადგურებში, იუსტიციის სახლებში, შსს-ს მომსახურების სააგენტოებში დგას და მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს თავად გამოცადოს. ამომრჩეველი სწორად უნდა იყოს ინფორმირებული, რომ არასწორმა ნარატივებმა, ცრუინფორმაციამ მასზე გავლენა ვერ მოახდინოს და არ მოხდეს მისი შეცდომაში შეყვანა.
- თქვენს შესახებაც გვიამბეთ. ვიცით, რომ 2008 წლიდან ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელი ხართ, მანამდე რას საქმიანობდით, რა პროფესიის ხართ?
- საარჩევნო ადმინისტრაციაში სხვადასხვა პოზიციაზე მიმუშავია და სწორედ მრავალწლიანმა გამოცდილებამ მომცა იმის გამბედაობა, რომ 2021 წელს ცესკოს თავმჯდომარის შესარჩევ კონკურსში მიმეღო მონაწილეობა. პროფესიით იურისტი გახლავართ, ასევე, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და უცხო ენის სპეციალისტი; გარდა ამისა, მრავალი სასწავლო კურსი მაქვს გავლილი, უმეტესი მათგანი უცხოეთში, სადაც კონკრეტული სპეციალიზაციით ვიღებდი ცოდნას და სამუშაო გამოცდილებას, მათ შორის, საარჩევნო მისიებში, რამაც შესაძლებლობა მომცა სხვა კუთხით დამენახა არჩევნების ჩატარებისა თუ ადმინისტრირების საკითხები და შემდგომ, ჩვენს ინსტიტუციაში მოგვეხდინა ამ გამოცდილების იმპლემენტაცია, გაგვევითარებინა მთელი რიგი საკითხები.
- საარჩევნო პროცესის სწორად დაგეგმვასა და წარმართვაზე, ობიექტურად ჩატარებასა და შედეგებზე, სწორედ იმ ერთ დღეზე, დიდწილადაა დამოკიდებული ქვეყნის ბედი, მისი შემდგომი განვითარება. თქვენთვის რა პასუხისმგებლობაა ცესკოს თავმჯდომარეობა?
- გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ საკუთარი თავი მე თვითონ დავაყენე ამ გამოწვევის წინაშე. დავისახე ამოცანა, რომ თუ შესაბამისი შერჩევის პროცედურების წარმატებით გავლის შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანო ამ მანდატს მომანიჭებდა, ეს გამოწვევა ღირსეულად მიმეღო და სწორად გვემართა სათანადო პროცესები.
ცესკოს თავმჯდომარეობა არის, ერთი მხრივ, ძალიან საინტერესო, შემოქმედებითი, რადგან შესაძლებლობების რეალიზებისთვის იმდენად დიდი არეალია, რომ საზღვრები არ აქვს. მეორე მხრივ კი ძალიან რთულია. შენს გადაწყვეტილებებზე, მოქმედებაზე, აქტივობებზეა დამოკიდებული მოსახლეობისთვის სერვისების მიწოდება. შესაბამისად, ეს გვიათმაგებს პასუხისმგებლობას, რათა ყველა სერვისი იყოს სრულყოფილი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფილი. პროცესი უნდა იყოს უმაღლეს დონეზე ადმინისტრირებული, ელექტორატს უნდა ჰქონდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში არჩევნებში მონაწილეობისა და საკუთარი ნების ფარულად გამოვლენის შესაძლებლობა, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის დემოკრატიული პროცესების განვითარების მთავარი ინდიკატორია.
ჩემი საქმიანობის მთავარი პრინციპი, რომელსაც არ გადავუხვევ, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობაა. პიარულად ვისაც არ უნდა სჭირდებოდეს ერთ ადამიანზე ან ერთ ორგანოზე რაიმეს გადაბრალება, ერთი რამ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს - ჩვენ კოლეგიური ორგანო ვართ, გადაწყვეტილებებს კომისია იღებს და საარჩევნო საკითხები საოლქო, საუბნო დონეზე წყდება, სადაც კომისიის 17 წევრი მონაწილეობს, საიდანაც 8 არის პროფესიული ნიშნით არჩეული წევრი, 9 კი იმ პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენს, რომელთაც უფლებამოსილება აქვთ კომისიაში თავიანთი წევრები ჰყავდეთ. შესაბამისად, ეს არის ინკლუზიური პროცესი და კენჭისყრის დღეს არჩევნების ადმინისტრირებასა და ჩატარებაზე პასუხისმგებლობა კომისიის ჩვიდმეტივე წევრს ეკისრება.არჩევნები საერთო საქმეა, ყველას თავისი დიდი თუ პატარა წვლილი აქვს, მათ შორის, ამომრჩეველს, რომლის წილი პასუხისმგებლობა არჩევნებში აქტიურობაშია, რომ მოვიდნენ და მოქალაქეობრივი ვალი მოიხადონ. დიდია მედიის როლი, რომ ინფორმაცია ობიექტურად გააშუქოს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების - ობიექტურად დააკვირდნენ პროცესს, ჰქონდეთ ჯანსაღი მიგნებები და რეკომენდაციები.
- ასეთი დატვირთული სამუშაო გრაფიკით, ოჯახისთვის დროის გამონახვას ახერხებთ?
- სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს, რომელთათვისაც მშობლის ყურადღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მზრუნველი მამა ვარ და როდესაც ბავშვი მზრუნველობასა და სითბოსაა მიჩვეული, შემდგომ კი ისეთი ინტენსივობით ვერ იღებს, რა თქმა უნდა, მეც მაწუხებს და ჩემი ოჯახის ყველა წევრს, ამიტომ ვცდილობ მთელი ჩემი თავისუფალი დრო მათ დავუთმო.
ზოგი შეიძლება ფიქრობდეს, რას აკეთებს საარჩევნო ადმინისტრაცია არასაარჩევნო პერიოდში, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - უკვე თვეებია, მთელი ჩვენი საქმიანობა, ყოველი დღე, მიმართულია იქითკენ, რომ ის ერთადერთი დღე - 2024 წლის 26 ოქტომბერი და ზოგადად ყველა მომდევნო არჩევნების დღე სათანადო დონეზე იყოს დაგეგმილი, ორგანიზებული და მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარებული. მე და ჩემს კოლეგებს 24 საათის განმავლობაში გვიწევს მუშაობა, რაც, თავის მხრივ, ჩვენგან "მსხვერპლს" მოითხოვს, ოჯახთან მცირე დროის გატარების კუთხით.