"ბაბუ" ასლან აბაშიძე რომ იყო აჭარის უფროსად, მაშინ 15 ლარზე მიწევდა მუშაობა, მერე მოიმატა... სახურავზეც ავსულვარ, როცა ჰაერში გაჩერებულა" - კვირის პალიტრა

"ბაბუ" ასლან აბაშიძე რომ იყო აჭარის უფროსად, მაშინ 15 ლარზე მიწევდა მუშაობა, მერე მოიმატა... სახურავზეც ავსულვარ, როცა ჰაერში გაჩერებულა"

"მინდა წარმოგიდგინოთ მაღალმთიანი აჭარის სოფელი თაგო, სადაც სამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი უმოკლესი გზა საბაგიროზე გადის. ხულო-თაგოს საბაგირო გზა სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა, მისი სიგრძე 1719 მეტრს შეადგენს, ხოლო სიმაღლე - 280 მეტრს. ომარ ცეცხლაძე 35 წელია, ემსახურება ამ საბაგიროს, რომელიც 1985 წელს გაიხსნა და დღემდე ფუნქციონირებს.

საღამო ხანს მოგვიწია ამ სოფლის მონახულება. გამცილებელმა გაგვაფრთხილა, ბოლო რეისი ნახევარ საათში იქნებაო. თუ ვერ დაბრუნდით დროულად, სოფელში ჩემთან მოგიწევთ სტუმრობაო. მზეც მალე მოეფარებოდა გორებს, ცოტა ავღელდი, ჩემი მეგზური და ფოტოტურის ორგანიზატორი თორნიკე მიქელაძე მამხნევებდა, ყველაფერი იდეალურად იქნება, მოვასწრებთო... მართლაც მოვასწარით სოფლის დათვალიერება...", - წერს სოციალურ ქსელში ცნობილი ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა, რომლის ფოტოობიექტივში ოთარ ცეცხლაძეც მოექცა... ოთარ ცეცხლაძე თავის საინტერესო ცხოვრებაზე გვესაუბრა:

- სოფელ თაგოში დავიბადე და გავიზარდე... საბაგიროს გამცილებლის პროფესია 1988 წელს ავირჩიე. ბუნებით უშიშარი ვიყავი და დამაინტერესა. 68 წლის კაცი ვარ, 34 წელია აქ ვმუშაობ. თავიდან ძალიან ბევრი სირთულე იყო... 1991 წელს საბაგიროს ვაგონში მომიხდა ღამის გათევა. ექვსი კაცი ვიყავით, წარმოიდგინეთ, ზამთარში. საბაგირო საღამოს 5 საათზე რომ გაჩერდა, დილის ექვს საათზე გამოგვიყვანეს... თან ორი ქალი იყო, მათ შორის ერთი ფეხმძიმე. თავიდან პანიკაში ჩაცვივდნენ, კიოდნენ, მაგრამ გათენებამდე ხომ ვერ იკივლებდნენ... ღვთის მადლით, ყველანი გადავრჩით, იმ ფეხმძიმე ქალს კი ბიჭი შეეძინა, ახლა ის უკვე ცოლ-შვილის პატრონია... 90-იან წლებში შუქი სულ ქრებოდა და საბაგიროს გაჩერების მიზეზი ეგ გახდა. მაშინ მობილური არ იყო, ვიდექით და ველოდებოდით, როდის გაგვიყვანდნენ.

თავიდან სულ იმაზე ვფიქრობდი, არაფერი მოხდეს-მეთქი, მაგრამ რამდენჯერმე რომ გავედი და გამოვედი, თან რისკიანი­ ბიჭი ვიყავი, შიში დავძლიე... ახლა უკვე ისეთ ასაკში ვარ, მინდა თავი დავანებო, მაგრამ საშუალებას არ მაძლევენ.­ არადა,­ ჯანმრთელობის პრობლემები შემე­ქმნა. ძალიან დამღლელია, სულ ფეხზე უნდა იდგე. სკამი კი მაქვს, მაგრამ ხან მოხუცი,­ ბავშვი ან ქალი შემოდის და ვუთმობ.­ ზო­გჯერ ისეთი ხმაურია, გაძლება ხომ უნდა. ­

sabagiro2-1699824265.jpg

- თუ გაქვთ შესაბამისი ანაზღაურება?

- ძალიან ცოტა, 480 ლარი მაქვს... "ბაბუ" ასლან აბაშიძე რომ იყო აჭარის უფროსად, მაშინ 15 ლარზე მიწევდა მუშაობა, მერე თანდათან მოიმატა.

- სოფლის მთავარი ტრანსპორტი საბაგიროა?

- სამანქანო გზაც არის, მაგრამ ზამთრობით ორი-სამი თვით იკეტება და ერთადერთი ტრანსპორტი საბაგიროა... ბევრჯერ ისეთი მძიმე ავადმყოფები გადაგვიყვანია, სასწრაფოდ რომ სჭირდებოდათ სამედიცინო ჩარევა. ერთ კაცს ტყეში ხე დაეცა, უმძიმესად იყო და რომ გადავიყვანეთ, გადაარჩინეს... რამდენჯერმე გზაში გაგვიხდა მგზავრი შეუძლოდ. გულის მასაჟი გავუკეთე და პირველადი დახმარება გავუწიე.

- სოფელი თაგო ულამაზესია, ალბათ, ბევრი უცხოელი ტურისტი გადაგყავთ...

- ორი-სამი წელია ტურისტების სიმრავლეა... სულ ამბობენ, ასეთი ლამაზი­ ბუნება არ გვინახავსო. ინგლისური არ ვიცი, მაგრამ მათ აღფრთოვანებას ვხვდები. სამაგიეროდ, რუსული ვიცი, რუსი ტურისტები უფრო მეტი არიან.

- თუ გადაგიყვანიათ ნეფე-პატარძლები, ქორწილის სტუმრები?

- გადამიყვანია და გადმომიყვანია კიდეც სტუმრებიანად. ქორწილის სუფრა საბაგიროში არა, მაგრამ იქვე ყოფილა სიმბოლურად. ახალი წელი და სხვა დღესასწაულებიც აღგვინიშნავს. სუფრა არც მაშინ ყოფილა ვაგონში, მაგრამ ახალ წელს სულ სამსახურში ვხვდებით, მაგრამ ღვინოს იმ დღეს არ ვსვამთ. თუ დალევ, საბაგიროს სიახლოვეს არ უნდა გაეკარო. ხალხის უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს.

- სიმაღლის შიშის გამო პანიკაში თუ ჩავარდნილან?

- დიახ, ყვირილი და ისტერიკები ყოფილა, მათი დაწყნარებაც ჩემი მოსაგვარებელია. თუ ვინმე შიშისგან გაითიშა, მათაც პირველად დახმარებას მე ვუწევ.

- გაგვაცანით თქვენი ოჯახი და თუ აპირებს რომელიმე თქვენი საქმე გააგრძელოს?

- მყავს მეუღლე, შვილები, რძალი, შვილიშვილები. ბიჭი ბათუმში ცხოვრობს და მუშაობს. კიდევ სამი გოგო მყავს, სამივე დაქორწინებული. მე და ჩემი ცოლი ხულოში ვცხოვრობთ. არ ვიცი, ამ პროფესიას ჩემი ოჯახიდან თუ ვინმე გაჰყვება. ერთი მე გავრისკე და აღარ მინდა ჩემმა შვილიშვილებმაც მომბაძონ...

- როგორი იყო სოფელ თაგოში ცხოვრების პირობები თქვენს ბავშვობაში, როცა საბაგირო ჯერ კიდევ არ იყო?

- ურთულესი... ძალიან გაჭირვებული სოფელი იყო. ახლა 60 კომლი ვართ და საბაგირო რომ არ გახსნილიყო, აქ აღარავინ დარჩებოდა. ზამთარში გზა იკეტებოდა და ხულომდე ფეხით უნდა მისულიყავი... ტრაქტორებით კი კვალავდნენ სამანქანო გზას, მაგრამ მანქანა მაინც ვერ ამოდიოდა, რადგან გზა მოყინული იყო.

თავის დროზე სოფლის ფოსტალიონმა­ წაიკითხა გაზეთში საბაგიროს შესახებ და კოლმეურნეობის თავმჯდომარესთან საკითხი წამოაყენა, კარგი იქნება, სოფელს თუ საბაგირო ექნებაო. ჩვენი თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძეს შეხვდა, სთხოვა­ და მანაც ეს დიდებული საქმე გააკეთა. საბაგირო კარგად გარემონტებული, სრულიად უსაფრთხოა. კიდევ აპირებენ შერემონტებას. მეტად უნდა დაფასდეს, ვინც აქ მუშაობს. თუ ბათუმში ერთი რეისი საბაგიროზე 30 ლარია, ჩვენთან 5 ლარი ღირს.

480 ლარს ვიღებ, ეს ძალიან დაბალი ხელფასია გამცილებლისთვის. არადა, სარისკო საქმეა, მე საბაგიროს სახურავზეც ავსულვარ, როცა ჰაერში გაჩერებულა... ერთხელ გზაში ქარი ამოვარდა და ტროსი გადაიხლართა. მაშინ მობილურები, რაციაც კი არ გვქონდა და ხელის მუხრუჭი ჩამოვწიე, ვაგონი გაჩერდა და გასახსნელად სახურავზე ავედი, თან ზამთარი იყო და საათ-ნახევარი მაინც დასჭირდა გახსნას... ბოლო 15 წლის განმავლობაში სამჯერ მქონდა ასეთი შემთხვევა,­ თან სამივეჯერ ბევრი მგზავრი მყავდა და ცალკე ყველა მათგანს ვაწყნარებდი. რა ვქნა, მუშაობა თუ გინდა, ყველაფერი უნდა შეძლო! საბაგიროს გამცილებელს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აწევს. შუა გზაში მექანიკოსი ხომ ვერ ამოვა და მე უნდა მივხედო!­ სიცოცხლე განწირული გაქვს, სახურავზე რომ ადიხარ. პირველად რომ ავედი, იმდენად ვინერვიულე, ერთი კვირა დაწყნარებას მოვუნდი. სახლში წამოვედი, სამსახურს თავს ვანებებდი, მაგრამ უფროსმა­ არ გამიშვა... მაშინ ღვთის ანაბარა გავდიოდით და გამოვდიოდით. ახლა რაციები გვაქვს, მემანქანეს, მექანიკოსს ვუკავშირდებით და პრობლემა აღარ არის. ბევრი რამ გაადვილდა.