„როდესაც დარწმუნდნენ, რომ საქართველოს პუტინი არ დაარტყამდა, უფრო იმატა ტურისტების რაოდენობამ“
ნონა სალაღაია მრავალი წელია, გიდია. ყველაზე ხშირად გერმანულენოვან ტურისტებთან მუშაობს. ამ პროფესიასთან დაკავშირებული ამბებით ის დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია.
- "ყველაზე სასიამოვნო ტურისტი მსოფლიოში", - ამ დასახელების პრიზი რომ არსებობდეს, ჩემს ტურისტებს შეხვდებოდათ, პუნქტუალური, მოწესრიგებული და ბუნების დამფასებლები არიან. ისე ნურავინ გამიგებს, თითქოს გერმანელი ფულს იხდის და შემდეგ იმაზე ზრუნავს, სხვას როგორ ასიამოვნოს. რა თქმა უნდა არა, მან იცის, რაში გადაიხადა და შესაბამისად, იმ სერვისსაც ელის ჩვენგან. თუ ნაკლებს გაუკეთებ, დაიჩივლებს, მეტზე კი აღფრთოვანდება. "მეტი" ხშირად მამაჩემის გამოხდილი არაყია, რომელიც ტურში გაწერილი არ არის. როგორც კი დავრეკავ, მამა სურამში, იქ, სადაც ნაზუქებს ყიდიან და გზას აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გავდივართ, დგას ბორჯომის ბოთლში ჩასხმული არყით ხელში და გველოდება. მამამ გერმანული არ იცის, სტუმრებმა - ქართული, მაგრამ ისინი ერთმანეთთან საუბარს ჟესტებით მაინც ახერხებენ, ღიმილი ყველა ერის სახეზე ადვილი ამოსაცნობია. სტუმრებს შინნახადი არყის ამბავი ძალიან უკვირთ, მათ ქვეყანაში საამისოდ ნებართვის აღებაა საჭირო, რომელიც არცთუ ისე იოლი მოსაპოვებელია და ძვირიც ღირს.
გამოგვიარეთ სახლშიო, გვეპატიჟება მამა, მაგრამ 20-კაციანი ავტობუსით ვერ მივდივარ, პატარა ჯგუფებს კი ხშირად ვეპატიჟები. თბილისის სიცხეს გაქცეულებს, ქუთაისის სიცხემდე ერთი პატარა ამოსასუნთქი შესვენება ტყესთან, სურამის ეზოში, ადესის ხეივნის ქვეშ გვაქვს. დღეს ამბობენ, ადესის ღვინო შხამიაო. ალბათ, დიდად შხამიანიც არ უნდა იყოს, ბაბუამ 87 წელი იცოცხლა... ასეა თუ ისე, ადესის ხეივნის ჩრდილში მშვენივრად გრძნობენ სტუმრები თავს. საზამთრო უყვართ, გემრიელიაო, ამბობენ, ჩვენთან თურქეთიდან შემოდის და ასეთი გემრიელი არ არისო, პამიდორზე გიჟდებიან, სულ სხვა გემო აქვსო. სახლში დაყენებული მაწონი მოსწონთ. სადღაც დაწერეს, კავკასიელები დიდხანს ცოცხლობენ და გამოკვლევის მიხედვით ისინი ერთ პროდუქტს ჭამენ სისტემატურად და ეს მაწონიაო. იმას აღარ ვეუბნები, რომ კავკასია უკვე დიდი ხანია აღარ არის ადგილი, სადაც ადამიანები ღრმა სიბერემდე ცხოვრობენ... ყველაფერს არ ვეუბნები მოსულს.
- მესმის თქვენი...
- სამშობლო დიდ ოჯახს ჰგავს, იმის ნაწილი ხარ, ის, რაც ქვეყანაში ხდება, ყველაფერი გარეთ არ უნდა გაიტანო, ყველას შენი ჭირ-ვარამი არ უნდა გააგებინო. სხვას შენი ცუდი შეიძლება ეწყინოს, მაგრამ შენს დასალაგებელს ის ვერ დაგილაგებს. ამიტომ ვცდილობ ფაქტები არ დავამახინჯო, მაგრამ ზოგიერთს პირი მოვბანო და სტუმარს ისე მივართვა.
როგორი ცხოველების მოყვარული ხართო, მეუბნებიან, როცა ქუჩაში ამდენ უპატრონო ძაღლს ხედავენ. ძაღლები ძალიან თბილები არიან და ეს თქვენი დამსახურებაა, როგორც ჩანს, ადამიანები მათ არ ერჩიან, კვებავენ და ამიტომაც მშვიდები არიანო. კი-მეთქი, ვეთანხმები, იმას კი აღარ ვამბობ, რომ ამდენი უპატრონო ძაღლი ისევ და ისევ ჩვენი უპასუხისმგებლობის გამო დადის ქალაქში. ქალაქში კიდევ რა უშავს, უღელტეხილებზე დაყრილი ძაღლები უნდა ნახოთ, ყოველ ას მეტრში თითქმის შუა გზაზე წვანან ერთი ნაჭერი პურის მოლოდინში. მათი ბოლო უმეტესწილად ან შიმშილით სიკვდილია, ან მანქანით გადასრესა. მათ უფლებებს არც ხალხი იცავს და არც კანონი.
ღორებისა და ძროხების აქეთ-იქით სიარულიც უკვირთ. მათ ძროხა საძოვარზე ჰყავთ გაშვებული, ჩვენ კი - ავტობანზე. მასწავლებელი რომ გკითხავს, საქართველოში რა ნახე, რას უპასუხებ-მეთქი, ვკითხე 8 წლის ულის. ვეტყვი, ძროხები ავტობანზე დადიან და ძაღლები ქუჩაში გეხუტებიანო. "ღმერთო, რა საშიშია", - აღმოხდებათ ხოლმე სასოწარკვეთისგან, როცა ავტობანის გამყოლი ზოლისკენ, სადაც მწვანე ბალახი ბიბინებს, დინჯად მიმავალ ძროხას დაინახავენ. თქვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს, ხშირად მეუბნებიან, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ იყენებთო... ჩვენი პოტენციალი მე-12 საუკუნის შემდეგ, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, გამოუყენებელია, მაგრამ არც ამ საკითხს ვუღრმავდები სტუმრებთან.
ერთი კვირა სასმელში 50 ევრო მეყოფაო? ისმის სისტემატურად კითხვა. თუ არაფერს დალევთ, კი-მეთქი, ვპასუხობ ღიმილით. უმრავლესობა მაინც იმაზე ცოტას ახურდავებს, რასაც ვეუბნები, ეშინიათ, ზედმეტი ლარი არ დარჩეთ. მალევე ხვდებიან, რომ საქართველო არ არის იაფი ქვეყანა, რომ ზოგიერთი პროდუქტი ჩვენთან უფრო ძვირია, ვიდრე გერმანიაში. ალბათ, ხელფასებიც მაღალი გაქვთო, ამბობენ გაოცებული.
- რას პასუხობთ?
- მაღალი არა გვაქვს, მაგრამ არსებობისთვის საკმარისია-მეთქი. პენსიაზე რომ ვპასუხობ, 360 ლარს იღებენ-მეთქი, ახლა გასაგებია, რატომ დგას მოწყალების სათხოვნელად ამდენი ასაკოვანი ადამიანიო, ამბობენ თანაგრძნობით.
- რის ნახვა აინტერესებთ ხოლმე განსაკუთრებით?
- ავთენტური სოფლის ნახვა გვინდაო, ხშირად მთხოვენ, და ჩვენც ვაჩერებთ რომელიმე სოფელში, მიმყავს სოფლის ორღობეებში სტუმრები, იქვე შეკრებილი ხალხი უცხოელებს ინტერესით აკვირდებიან. ამათ რა ენაღვლებათ, გავლენ პენსიაში და იქნებიან მშვიდად, ჩვენ ვიკითხოთო, ხშირად გამიგონია მათგან. ზოგჯერ მეკითხებიან, სადაური სტუმრები მყავს, ასაკიც აინტერესებთ, მერე ჩემი სტუმრებიც სიამოვნებით ერთვებიან საუბარში და ხშირად ირკვევა, რომ ჯოხზე დაყრდნობილი ჩვენებური სტუმარზე ბევრად ახალგაზრდა, მაგრამ ჯანმრთელობაშელახულია. შრომა კი აკეთილშობილებს ადამიანს, მაგრამ მძიმე შრომა და სტრესი ამას უშვრებაო, მითხრა ერთმა და დაღარულ სახეზე დაისვა ხელი.
რა საჭიროა ამდენი საჭმლის შეკვეთაო, უკვირთ სტუმრებს. ტრადიცია, რომ ჩვენთან სუფრაზე საჭმელი უნდა ეყაროს, ბოლო დროს დიდად არ მოსწონთ. ეს ხომ გარემოსთვის საზიანოა. ამიტომ დამაქვს სუფრაზე მორჩენილი საჭმელი და ხან ძაღლებს ვაპურებ და ხან კატებს. სტუმრებიც კმაყოფილი არიან და ოთხფეხა მეგობრებიც. ვიდრე სალაშქროდ წავალთ, ეგებ ტუალეტი მოგვეთავებინაო, მთავაზობენ სტუმრები უშგულში. ან კაფეში უნდა შევიდეთ და რამე შევუკვეთოთ, ან ამ ტუალეტით ვისარგებლოთ-მეთქი, ვეუბნები და იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესასვლელთან მდინარეზე გადადგმულ ხის ფიცრულზე მივუთითებ. ისინი ფიცრულის კარებს აღებენ, სურათს უღებენ უნიკალურ ტუალეტს, მერე ბრუნდებიან და ღიმილით მპასუხობენ, აჯობებს, კაფეში წავიდეთო...
ის, რომ სვანეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მოუვლელია, ახალი მშენებლობები კი კონტექსტიდან ამოვარდნილი, ამ საკითხზე სტუმრები დანანებით საუბრობენ.
როგორც წესი, საქართველოს გარშემო მოგზაურობას ზღვისპირეთში ვამთავრებთ. რამდენი რამე გვაქვს სანახავი, მოსაყოლი, საამაყო, მაგრამ რამდენიც არ უნდა ისაუბრო მაგნეტიტზე, სტრატეგიულ მნიშვნელობასა და უნიკალურ ბუნებაზე, პირველად მაინც უსახური მაღალსართულიანი სახლები ეჩხირებათ სტუმრებს თვალში, ულამაზესი სანაპირო უმახინჯესი შენობებით. ბათუმი ნელ-ნელა კარგავს თავის ხიბლს. საბედნიეროდ, სტუმრები მაინც კმაყოფილი არიან და ეს ძალიან მახარებს. ჩვენი ბუნება, კულტურა, ისტორია, კულინარია, ღვინო და ქართული ფოლკლორი საუკეთესო წინა პირობაა იმისთვის, რომ ტურისტი ქვეყნით აღფრთოვანებული დარჩეს. თუმცა მომსახურების დაბალი დონე, ტუალეტების უქონლობა, მუზეუმებსა და ნაკრძალებში შესასვლელი საფასურის სიძვირე, მოუწესრიგებელი გზები და უსაფრთხოების ნორმების დარღვევა (მარტო ნარიყალა რად ღირს, არც ერთ გადასავარდნ ადგილას მოაჯირი არ არის გაკეთებული, მისასვლელი კი ყველასთვის ღიაა), საუკეთესო გარემოს ნამდვილად არ ქმნის ტურიზმში დასაქმებულთათვის.
- გიდების ყოფაზეც ვისაუბროთ.
- 2020 წლამდე გიდს თავისი პროფესიით არსებობა შეეძლო. მიუხედავად იმისა, რომ გერმანულენოვანი გიდები სეზონურად ვმუშაობდით, იმ 6 თვეში იმდენს გამოვიმუშავებდით, რომ შეგვეძლო დანარჩენი 6 თვე გვეარსება, თან ზოგი ბავშვებსაც ამზადებდა.
- რამ შეუწყო ხელი ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას გერმანულენოვან ტურისტებში?
- 2018 წელს იმხელა გამოხმაურება მოჰყვა ფრანკფურტის წიგნის გამოფენაზე ქართული ლიტერატურისა და კულტურის წარდგენას, რომ საქართველოს მოგზაურობის მსურველების ნაკადი მოაწყდა. გერმანულენოვანი გიდი სანთლით იყო საძებნელი. თუკი ადრე ხშირად უთქვამთ, რომ მეგობრები წამოსვლას არ ურჩევდნენ და საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად არ აღიქვამდნენ, 2018 წლიდან ყველას დაავიწყდა 2008 წლის 5-დღიანი აგვისტოს ომი და საქართველო ერთ-ერთი ეგზოტიკური ქვეყანა გახდა საინტერესო ისტორიით, დიდი კულტურით, უძველესი ღვინის წარმოებითა და არაჩვეულებრივი სამზარეულოთი. ეს ყველაფერი ორწლიანმა "კორონამ" ჩააგდო... 2022 წლისთვის შეკვეთები ისევ განახლდა, თებერვალში მთელი სეზონი გაწერილი მქონდა, მაგრამ უკრაინაში ომის დაწყებიდან ძალიან მალე ტური ტურზე უქმდებოდა.
- წლევანდელ ტურისტულ სეზონზეც ვისაუბროთ.
- წელს გვიან და ცუდად დაიწყო სეზონი, აგვისტოს ბოლომდე ორ-ორი კვირა თუ ვიმუშავეთ ყოველთვე, მაგრამ აგვისტოს ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ისევ მოაწყდა გერმანიიდან ხალხი. დასაწყისში კიდევ ფრთხილობდნენ და როდესაც დარწმუნდნენ, რომ საქართველოს პუტინი არ დაარტყამდა, უფრო იმატა რაოდენობამ. თუმცა ყველა ამბობს, რომ ნაცნობ-მეგობრები არ ურჩევდნენ წამოსვლას, რადგან ბევრს არ სჯერა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. ასევე დიდი გავლენა აქვს იმ ნეგატიურ სტატიებს, რაც ბოლო დროს ჩვენს პოლიტიკურ მიმართულებაზე ვრცელდება. აოცებთ უკრაინის დროშების სიმრავლე, კაფე-ბარებში ვაი-ფაის პაროლად ისეთი განცხადებები, როგორიც არის: "აფხაზეთი საქართველოა!", "რუსეთი ოკუპანტია!" და ა.შ. არ ელიან, რომ ჩვენს პოზიციას რუსული პოლიტიკის მიმართ ასე ღიად გამოვხატავთ. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ჩემმა ბევრმა კოლეგამ თავი დაანება გიდობას და უფრო სტაბილური სამსახური იშოვა. ასე რომ, მალე კვალიფიციური გიდების დეფიციტი იქნება, გვეყოლება ორი სიტყვა გერმანულის მცოდნე ძალად გიდები, რომლებისთვისაც ის მოკლე სეზონიც მისაღები იქნება.