"ვენეციის კომისია აცხადებს, რომ კანონპროექტში ამგვარი რეგულაციები არ ყოფილა" - კვირის პალიტრა

"ვენეციის კომისია აცხადებს, რომ კანონპროექტში ამგვარი რეგულაციები არ ყოფილა"

არასამთავრობო სექტოი "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს კვლავაც აპროტესტებს და აცხადებს, რომ ამ კანონით შემოღებული ახალი რეგულაციები უაღრესად სახიფათო ვითარებას ქმნის. როგორც ჩანს, ამ ცვლილებებს უარყოფითად აფასებენ საერთაშორისო ორგანიზაცებიც. შესაძლოა სწორედ მათი შეფასებების გამო, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა უკვე ორი შეხვედრა გამართა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რამაც გააჩინა იმედი, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გადახედოს ცვლილებებს, განსაკუთრებით იმ ჩანაწერებს, რაც არასამთავრობო სექტორს ეხება. იმ შემთხვევაში, თუ კონტროლის პალატა გადაწყვეტს, რომ ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ ან არაპირდაპირ კავშირშია რომელიმე პარტიასთან, მასაც იმგვარი ფინანსური რეგულაცია დაუწესდება, როგორიც პარტიებს. ვესაუბრებით "არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" დირექტორს ბატონ კახა კახიშვილს:

- ბატონო კახა, ვისი ინიციატივით შედგა პავლე კუბლაშვილთან შეხვედრა, რომელსაც თქვენც ესწრებოდით?

- შეხვედრაზე მიმიწვია ამერიკის დემოკრატიულმა ინსტიტუტმა, თუმცა, როგორც ვიცი, ამის ინიციატორი პარლამენტის იურიდიული კომიტეტი იყო. მსჯელობა შეეხებოდა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები გადაიხედება, განსაკუთრებით ის რეგულაციები, რაც არასამთავრობო სექტორს შეეხო. იყო თუ არა ლაპარაკი ამაზე შეხვედრაზე?

- პავლე კუბლაშვილს კონკრეტულ ცვლილებებზე არ ულაპარაკია. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უკვე მერამდენედ ვუთხარით, რომ ის ცვლილებები, რომლებიც მოცემულია კანონში, ბუნდოვანია და ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ამასთან, დასაზუსტებელია მთელი რიგი სიტყვები, რათა მაკონტროლებელმა თვითნებურად არ გადაწყვიტოს, ვინ უნდა მოექცეს ამ რეგულაციების ქვეშ და ვინ - არა. კუბლაშვილის თქმით, ცვლილებები მიზნად ისახავს იმას, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა გვერდი არ აუარონ ფინანსურ ანგარიშებს და არასამთავროებისა და სხვადასხვა ფირმის მეშვეობით არ მოიხმარონ ის ფული, რაც მათი პარტიული კუთვნილება არ არის. იქვე დასძინა, რომ მზად არის მიიღოს არასამთავრობო სექტორისგან ამ ცვლილებების ახლებური ფორმულირებები, ოღონდ ისეთი, რომლებიც არ შეცვლის კანონის არსს, თუმცა ამასთან, ვერ გვპირდება, რომ ამგვარი ფორმულირებები აუცილებლად იქნება მიღებული.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით მოლოდინი, რომ ხელისუფლება რაღაცას შეცვლის, გადაჭარბებული მგონია.

იმ აზრს, რომ პოლიტიკური პარტიების ფინანსები გამჭვირვალე უნდა იყოს, ჩვენც ვიზიარებთ, მაგრამ პრობლემა სხვაა. კანონში არის ისეთი ტერმინოლოგია, რომელიც საჭიროებს განმარტებებს. მაგალითად, რას ნიშნავს "პარტიასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული პირი". პირდაპირ დაკავშირებული კიდევ შეიძლება გავიგოთ, მაგრამ არაპირდაპირ დაკავშირებული რას ნიშნავს? ან რას ნიშნავს, მაგალითად, იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც დაკავშირებული ან ასოცირებულია პოლიტიკურ პარტიასთან ან მის მიზნებთან; როგორ უნდა ავხსნათ: "პოლიტიკურად გაცხადებული მიზნები", ასეთ მიზნად შეიძლება ჩაითვალოს ნათქვამი, რომ რომელიღაც პარტია მომწონს ან არ მომწონს და ისიც, რომ არჩევნების დღეს წავალ საარჩევნო უბანში და რომელიღაც პარტიას მივცემ ხმას. საკითხი ასე დგას: როგორ ისარგებლებს ამ ბუნდოვანი ფრაზეოლოგიით მაკონტროლებელი, რაზეც პასუხი არავის აქვს. ხომ ნახეთ, ამ არაზუსტი დათქმების გამო კონტროლის პალატა აბსურდამდეც კი მივიდა და ერთ-ერთი ორგანიზაციის 2010 წლის ფინანსური მდგომარეობის შემოწმება დაიწყო.

- უკვე დაკანონდა, რომ კონტროლის პალატის ერთი კონკრეტული ჩინოვნიკი, კერძოდ, ამ ორგანიზაციის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი გადაწყვეტს, ესა თუ ის ორგანიზაცია რომელიმე პარტიასთან თუ არის კავშირში და თუ საჭიროდ მიიჩნევს, ქონებაც დაუყადაღოს.

- ეს ნონსენსია. ამას ხელისუფლება ხსნის ასე: თურმე ერთ ჩინოვნიკს იმისთვის მიენიჭა ამდენი უფლება, რომ ეფექტიანად წარიმართოს კონტროლის პალატის საქმიანობა, ამისთვის კი პროცედურების გამარტივებაა საჭირო. ჩვენ თუ ამ კუთხით მივუდექით საკითხს, მაშინ რად გვინდა სასამართლო? მივცეთ პროკრატურას ყველაფრის უფლება: ადამიანის დაკავების სანქციაც მან გასცეს, საერთო ზედამხედველობის ფუნქციაც ჰქონდეს და ა. შ. იმ სახელმწიფოში, რომელსაც

დემოკრატიული ქვეყნის იმიჯზე პრეტენზია აქვს, ეს მართლაც ნონსენსია, თორემ კომუნისტებს სწორედ ამგვარი კანონმდებლობა ჰქონდათ. ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ ეს ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით მოხდა, თუმცა, ვეჭვობდით, რომ კომისიას გაუგზავნეს არასწორად ნათარგმნი ტექსტი, რომელშიც რამდენიმე მნიშვნელოვანი სიტყვა იყო გამორჩენილი. ვენეციის კომისია ამბობს, რომ კანონპროექტში ამგვარი რეგულაციები არ ყოფილა, რომ მათ მიერ მოწონებულ პროექტში პოსტ ფაქტუმ ჩაიწერა ბუნდოვანი სიტყვები.

აშშ-ის ელჩის, ჯონ ბასის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს კანონი არ იძლევა იმგვარი ვარაუდის საშუალებას, რომ საარჩევნოდ პოლიტიკური პარტიები ერთნაირ პირობებში იქნებიან. შესაბამისად, ამ შენიშვნების გათვალისწინებით ხელისუფლება შეეცდება კანონმდებლობაში კოსმეტიკური ცვლილებები შეიტანოს და ამერიკასა და ევროპას მოაჩვენოს, რომ რაღაც შეცვალა. მოვახერხებთ თუ არა ეს ცვლილებები კოსმეტიკურად არ დარჩეს და რეალურად განხორციელდეს, ჩვენი და ოპოზიციური პარტიების აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული. რაც შეიძლება აქტიურად უნდა ვითანამშრომლოთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ავუხსნათ, რა საფრთხეებს შეიცავს ეს კანონი. 

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)