„...აი, რატომ უნდა ისწავლოს მსოფლიომ საქართველოსგან“
"სტუმართმოყვარეობის კუთხით საქართველო მსოფლიო ტოპ-ხუთეულშია", - ამბობს საერთაშორისო ექსპერტი, ქოუჩი მაინდი ლინდერი, რომელიც მესამე წელია მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და იმ ქვეყნებს იკვლევს, რომლებსაც სტუმარმასპინძლობაში ბადალი არა ჰყავთ. მაინდი მალე გამოსცემს სახელმძღვანელოს, სადაც მექსიკელი ექსპერტი ბიზნესმენებსა და მეწარმეებს კონსულტაციას გაუწევს, თუU რა როლი აქვს ბიზნესში სტუმართმოყვარეობას და როგორ შეიძლება ამ თვისებით მოიზიდო მომხმარებელი. სწორედ ამ სახელმძღვანელოში მოხვდა საქართველო, როგორც უბადლო მასპინძელი. წიგნის გაყიდვა სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში იგეგმება. - რა არის შენთვის, როგორც ქართველისთვის, სტუმართმოყვარეობა? - მეკითხება მაინდი ლინდერი. სტუმართმოყვარეობაზე პირველი ვაჟა-ფშაველას "სტუმარ-მასპინძელი" მახსენდება და ვუყვები, ვინ არის ვაჟა ქართველებისთვის და რას გვასწავლის მისი უკვდავი პოემა "სტუმარ-მასპინძელი". მექსიკელი ქოუჩი გაოცებული უსმენს ჩემს ნაამბობ "სტუმარ-მასპინძელს", სავარაუდოდ, მისთვის ცოტა მისტიკა და სიმამაცის გასაოცარი სინთეზია ამ პოემაში. ამით ხსნის ქართველების თავდაუზოგავ მასპინძლობას და უფრო ინტერესდება საქართველოთი. მექსიკელმა ბიზნესექსპერტმა, რომელიც მეწარმეებს ბიზნესის განვითარების იარაღად სწორედ სტუმართმოყვარეობის განვითარებას ურჩევს, რატომ მოახვედრა საქართველო სასურველი ქვეყნების სიაში და რა უნდა ისწავლოს მსოფლიომ საქართველოსგან? - ამ კითხვებზე თავად მაინდი ლინდერი გვიპასუხებს, რომელიც საქართველოს უკვე მესამედ სტუმრობს.
- სითბო და კომუნიკაბელურობაა, რასაც ყოველ ჯერზე ვგრძნობ, როდესაც საქართველოში ჩამოვდივარ. ეს ჩემი მეოთხე სტუმრობაა საქართველოში ბოლო 48 თვის განმავლობაში. თბილისი არის ქალაქი, რომელიც ყოველთვის მაიძულებს გავიღიმო. ვგიჟდები "ქართვლის დედაზე" - ცალ ხელში ღვინით სავსე თასი, რომელიც მასპინძლობის სიმბოლოა, მეორე ხელში კი ხმალი, საჭიროების შემთხვევაში მტერს რომ დახვდეს, საოცრება არ არის? ულამაზესია, მამაცი, იმავდროულად, თბილი და სტუმართმოყვარე. აი, რატომ უნდა ისწავლოს მსოფლიომ საქართველოსგან. მხოლოდ "ქართვლის დედის" მაგალითი კმარა, სხვა თუ არაფერი. 55 ქვეყანა მოვიარე ბოლო 2 თვის განმავლობაში და არცერთია საქართველოსნაირი. სტუმართმოყვარეობაში თქვენ ბადალი არ გყავთ. კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო ჩემთვის უკონკურენტოა.
- რა კრიტერიუმებით არჩევთ ქვეყნებს? ვიცი, რომ რეკომენდაციას უწევთ მექსიკელ ბიზნესმენებს, მეწარმეებს, ურჩევთ მათ ესტუმრონ საქართველოს, ფაქტობრივად, საქართველოს სახელი გაგაქვთ მთელ მსოფლიოში.
- სამი ძირითადი ფაქტორია - სითბო, კეთილგანწყობა, კომფორტი და მზრუნველობა. ეს თვისებებია წარმატების საწინდარი. როდესაც ადამიანი მისთვის სასიამოვნო გარემოშია, საკუთარი თავის გამოხატულების იდეალური შანსი და რაც მთავარია, სურვილი ეძლევა. როდესაც შენზე ზრუნავენ, განწყობაზე მოქმედებს, ეს კი დადებითად აისახება ჩვენს სამუშაო პროცესზე. ყველაფერი კომუნიკაციიდან იწყება, კომუნიკაციის უნარი უმნიშვნელოვანესია, ის ყველას სჭირდება - ბიზნესმენს, ინვესტორს, დამოუკიდებელ პროფესიონალს. გაგიკვირდებათ და 99%-ს ამ უნარის ნაკლებობა აქვს... კომუნიკაციის შემდეგ კომფორტს დავასახელებდი. ეს არის ზუსტად ის, რასაც ველოდებით, როდესაც სტუმრად მივდივართ. ყველა ჩვენგანს კომფორტის სხვადასხვა ახსნა აქვს, მაგრამ უმთავრესია დაცულობისა და თავისუფლების შეგრძნება. შემდეგ გამოვყოფდი სითბოსა და კეთილგანწყობას.
- რომელია ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყნები, სადაც ყოფილხართ?
- 55 ქვეყანაში ვარ ნამყოფი და მათგან ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყნების ხუთეული ასეთია: მექსიკა, საქართველო, იაპონია, დანია და კოსოვო. მექსიკასა და იაპონიასთან ერთად, საქართველოშიც კეთილგანწყობილია ხალხი, სითბო, რომელსაც სტუმარი გრძნობ, ძალიან იშვიათი ელემენტია, კარგი მომსახურებისა და საუკეთესო მასპინძლობის აუცილებელი პირობაა. აქ ჩამოსულ ადამიანს მზრუნველობის შეგრძნება აქვს. მე მივლია თბილისის ქუჩებში და ყოველთვის მიგრძნია თავი დაცულად. "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება", ხშირად გაიგონებთ თქვენს ქვეყანაში. ამიტომაც მინდა ყოველთვის უკან დაბრუნება.
- რომელი ქვეყნებია თქვენს სიაში ბოლოში, რომლებსაც ნაკლებად სტუმართმოყვარედ თვლით?
- ქვეყნები, სადაც არ არის თავისუფლება, გენდერული თანასწორობა, სადაც ქალს საგნად მიიჩნევენ, სადაც ნაკლებია თავისუფლების შეგრძნება, სიღარიბეა, განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა. პატარა ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ ნაყოფიერი მიწა-წყალი, დიდი პოტენციალი აქვთ. სწორედ ასეთია საქართველო.
- რაზე იქნება წიგნი, რომელშიც საქართველოს დიდი ადგილი დაეთმობა?
- წიგნი არის სტუმართმოყვარეობაზე, როგორც ბიზნესის განვითარებისა და წარმატების მთავარ იარაღზე. წიგნი განკუთვნილი იქნება ქოუჩებისთვის, მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, დამოუკიდებელი ექსპერტებისთვის, თუ როგორ განვავითაროთ ბიზნესი და მოვიზიდოთ იღბალი. საქართველო ერთ-ერთი მთავარი ქვეყანაა, რომელიც მაგალითს მისცემს სხვადასხვა ბიზნესს, თქვენისთანა სტუმართმოყვარეობა თავიანთ საქმიანობაში დანერგონ და მიაღწიონ უფრო მეტს. მე ყველას ვურჩევ ჩამოვიდნენ საქართველოში, დააკვირდნენ, როგორ ექცევიან ქართველები სტუმარს, როგორ უმასპინძლდებიან, რადგან თანამედროვე მსოფლიო მხოლოდ ხარისხიანად საქმის კეთებაზე აღარ დგას. დღეს საჭირო გახდა სხვა კომპონენტების ჩართვა საქმიანობის წარმატებით წარმართვაში და სწორედ ეს სხვა კომპონენტია სტუმარმასპინძლობა, რომელიც ძალიან მაღალ დონეზე გაქვთ ქართველებს.