„ლიტერატურაში ფობიის 500-მდე ფორმაა აღწერილი“ - კვირის პალიტრა

„ლიტერატურაში ფობიის 500-მდე ფორმაა აღწერილი“

ზოგიერთი ფობია იმდენად უცნაურია, ფანტაზიაც არ გვყოფნის წარმოვიდგინოთ, როგორ შეიძლება ადამიანს ამის ეშინოდეს. რა სახის ფობიები არსებობს, შეძენილია თუ თანდაყოლილი და მათი დაძლევის რა მეთოდებს იცნობენ - ამ თემებზე ვისაუბრებთ ჩვენს რესპონდენტთან, ფსიქოლოგ ირინე­ ტაბუციძესთან:

- ადამიანებს რაღაცების ეშინიათ ცხოვრებაში... ყველაზე დიდი, მოგეხსენებათ, სიკვდილის შიშია, მაგრამ ჩვეულებრივ ყოფით ცხოვრებაში შეიძლება გეშინოდეთ, მაგალითად, მწერების, ქვეწარმავლების, სიმაღლის, დიდი ხიდების... ჩნდება სხვადასხვა შიში, რომელიც რაღაც გამოცდილებას ახლავს თან. ჩვეულებრივ, შიშს ახასიათებს ის, რომ იძაბები, საბრძოლო მდგომარეობაში გადადიხარ, თუ თავდაცვაა საჭირო, იბრძვი თავდაცვისთვის, თუ გაქცევაა საჭირო, გარბიხარ, თუმცა თანამედროვე სამყარომ სხვა შიშებიც გააჩინა, მაგალითად, გამოცდის პერიოდში, როცა ვერ გაიქცევი, იძულებული ხარ იჯდე იმ სიტუაციაში და ხანგრძლივად გქონდეს ეს შიში.

შიში ნორმალური ფენომენია და გვჭირდება იმისთვის, რომ სხვადასხვა ხიფათისგან დაგვიცვას, რათა თუ მომავალში რაღაც გამაღიზიანებელს შეხვდებით, რისიც ერთხელ შეგეშინდათ და ზიანი მიიღეთ, მომავალში აღარ გაეკაროთ მას. ამისგან განსხვავებით წმინდა ადამიანური ფენომენია ფობიები, ირაციონალური შიში - ანუ ადამიანმა გააზრებულად, რაციონალურად იცის, რომ ამ რაღაცის არ უნდა ეშინოდეს,­ მაგრამ ემოციებს ვერ იმორჩილებს. მაგალითად, შევიდა დახურულ სივრცეში, ვთქვათ, ლიფტში, მეტროში. მშვენივრად აქვს გააზრებული, რომ იქ ხიფათი­ არ უნდა ემუქრებოდეს, ყოველ შემთხვევაში,­ იმაზე მეტად არა, რაც გარე სივრცეში, მაგრამ მიუხედავად ამისა, იწყება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ფეხების კანკალი, სუნთქვის გახშირება, თავბრუსხვევის შეგრძნება, გულის აჩქარება... შეიძლება უფრო რთული ფორმებიც გქონდეთ და ჩნდება განცდა, ეს რომ კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდეს, რაღაცა დაგემართება, უბრალოდ, მოკვდები. რა თქმა უნდა, რეალურად არაფერი გემართება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მძიმე და რთული გადასატანია. ვისაც ძლიერი ფობია აქვს, იცის, ეს რა განცდებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ჩვეულებრივი შიშისაგან ფობია იმით განსხვავდება, რომ ვეგეტაციური გამოვლინებები ახლავს თან და მძიმე გადასატანია.

- როგორ ჩნდება ფობია?

- როგორც წესი, ფობიის გაჩენას ხელს უწყობს ნეგატიური გამოცდილება. მაგალითად, ერთხელ შეხვედი ლიფტში და გაიჭედე, დენი გამოირთო, ვერ შეძელი გამოსვლა, მარტო ხარ და ძალიან შეგეშინდა. შესაძლებელია ამ ერთმა ძლიერმა შიშმაც განაპირობოს ის, რომ მსგავსი სიტუაციის გამეორება აღარ მოგინდეს და ლიფტში აღარასდროს შეხვიდე. თუ მეორეჯერაც მსგავსი შეგრძნება განმეორდა, შესაძლოა ძალიან მყარად ჩაიბეჭდოს ფსიქიკაში და გადავიდეს ფობიაში, რომ ლიფტში არასდროს აღარ უნდა შეხვიდე. ამან შეიძლება შემდეგ ისეთი გენერირება განიცადოს, ცოტა უფრო გაფართოვდეს ეს შიში და ყველაფერი რაც დახურულ სივრცეს გვაგონებს, საშიში გახდეს. შეიძლება ადამიანი აღარ ავიდეს ტრანსპორტში, აღარ შევიდეს მეტროში, პატარა ოთახში და ა.შ. არის ძალიან რთული შემთხვევები და რთული ფორმით გამოვლენილი ფობიები, როცა ადამიანი გარეთ აღარ გამოდის, როცა ღია სივრცის შიში აქვს, სახლში ზის და გარეთ გასვლაზე უარს ამბობს.

გააჩნია ფობიასაც. თუ, მაგალითად, თაგვის გეშინია და ცხოვრობ ქალაქში, ნაკლებია ალბათობა, რომ თაგვი სადმე შეგხვდეს და ამის ადვილად გადატანა შეგიძლია, მაგრამ თუ ისეთ ადგილას ცხოვრობ, სადაც ბევრი თაგვია, ან ლაბორატორიაში მუშაობ, სადაც შენი პროფესია მოითხოვს ხშირი შეხება გქონდეს თაგვთან, რა თქმა უნდა, შეიძლება ამან ცხოვრების ხარისხი დაგიზიანოს, პროფესიაზე უარი გათქმევინოს, ან სხვა რაღაც გამაღიზიანებელი ფაქტორები გამოიწვიოს. გავრცელებულია ასევე, მაგალითად, ფრენის შიში. შეიძლება შენი სამსახური მოითხოვდეს მივლინებებს და შენს კარიერულ ზრდას ეს სჭირდებოდეს, მაგრამ ვერ გააკეთო, იმიტომ, რომ არ შეგიძლია.

- რამდენნაირი ფობია არსებობს?

- ლიტერატურაში ფობიის 500-მდე ფორმაა აღწერილი.

- ზოგი ისეთი წარმოუდგენელი და სასაცილო გვეჩვენება, მაგალითად, სიდედრის შიში...

- ასეთებიც არსებობს... ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ და ეცინებათ, მაგრამ ვისაც აქვს, მაგალითად, ფულის შიში, ესეც ფობიაა და მძიმე გადასატანია. ითვლება, რომ ფობიების ყველაზე დიდი ჯგუფი დახურული და ღია სივრცის შიშია, კლაუსტროფობიები. ამას მოჰყვება სოციუმის შიში, მაგალითად, ადამიანების წინაშე წარდგენის და საჯაროდ გამოსვლის შიში. ეს ორი ყველაზე გავრცელებულია.

- ადამიანი ფობიით არ იბადება, მერე იძენს?

- ფობიას ნეგატიური გამოცდილება აჩენს, თავისით არ ჩნდება. ერთადერთი, ბავშვს თანდაყოლილი შიში აქვს სრიალა და შიშინა რაღაცების, მაგალითად, ქვეწარმავლების თანდაყოლილად გვეშინია, მაშინაც კი, თუ სპეციალურად არ შეგვაშინეს.

- შესაძლებელია ფობიისგან გათავისუფლება?

- რა თქმა უნდა, ფობიების დაძლევაზე ფსიქოლოგები მუშაობენ. ყველაზე გავრცელებული მეთოდებია კლასიკური, კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია (CBT), რომლის მიზანია გამღიზიანებელთან, იმ ობიე­ქტთან, რისი შიშიც გაქვს, ნელა-ნელა­ მიახლოება და საბოლოოდ, შიშის ჩახსნა.­ ამას საშუალოდ 12-დან 24 სეანსამდე სჭირდება. არსებობს მეორე მეთოდი - ნეიროლინგვისტური პროგრამირება (NLP). მას აქვს ტექნიკა, რომელიც პრაქტიკულად 1 საათში ხსნის ფობიას. მათ შორის განსხვავება ისაა, რომ როდესაც NLP-ით ვმუშაობთ, უნდა ვიცოდეთ, პირველად როდის გაჩნდა შიში, ანუ ადამიანს უნდა ახსოვდეს, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. მაგალითად, ერთხელ პეპელა დამაჯდა და მას შემდეგ მეშინია ყველანაირი პეპლის. თუ ეს მეხსიერებაში შენარჩუნებულია, ამას 1 საათი სჭირდება, რომ თავი დააღწიო, ხოლო თუ ადრეული ბავშვობიდან მოდის და მოგონებებში არ არის შემონახული, საიდან­ გაჩნდა და როდის, და შეუძლებელია ფობიის­ გაჩენის პირველწყაროს მივაგნოთ, მაშინ კლასიკურ მეთოდს მივმართავთ, ჩBთ-ს. რაც შეეხება ფობიის მსუბუქ ფორმებს, შეიძლება ადამიანი არც მივიდეს ფსიქოლოგამდე, თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს ხელს მაინცდამაინც არ უშლის.

- ყველაზე უცნაური ფობია თქვენს პრაქტიკაში რომელი შეგხვედრიათ?

- ჩემს ერთ ახლობელს აქვს დიდი ძეგლების შიში. ალბათ, თითო მაინც გვყავს საახლობლოში, ვისაც სიმაღლის ეშინია. ლამაზი ქალების შიში რომ აქვთ, ან მელოტი კაცების, ასეთი ფობიით, ალბათ, ფსიქოლოგთან არ მივლენ, ზოგს ერიდება, ზოგი თავის თავში იკლავს... ჩვენამდე მოდიან უფრო მასშტაბური ფორმის ფობიებით. ყველაზე ხშირად თვითმფრინავით მგზავრობის შიშის დაძლევა სურთ.

ცნობილთა ფობიები

ყველაზე დიდი და ძლიერი "ჰალკიც" კი ამბობს, რომ ეშინია წყლის, სიმაღლისა და კალიების. საინტერესოა, კიდევ რა შიშები აქვთ ცნობილ ქართველებს:

მაკა ზამბახიძე, მომღერალი: - მწერები არ მიყვარს, მათი დანახვისას არასასიამოვნო შეგრძნება მეუფლება. ობობას რომ დავინახავ, შიშისგან პანიკაში ვვარდები, რის გამოც ყველა დამცინის. ძილის წინ ჩვევად მაქვს: ოთახი კარგად უნდა შევამოწმო. ვათვალიერებ იატაკს, ჭერს, კედლის კუთხეებს, რომ სადმე არ იყოს. ეს შიში ბავშვობიდან მომყვება.

ნინო მუმლაძე, მსახიობი: - ალბათ, მსოფლიოში მე მაქვს ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო ფობია: ქათმის მეშინია, თანაც ძალიან. სიზმარშიც კი ყველაზე დიდ კოშმარად ქათმები მევლინება ხოლმე. შეიძლება ეს სასაცილოა, მაგრამ დამიჯერეთ, მათი დანახვისას სულაც არ მეცინება.

ქეთი ორჯონიკიძე, მომღერალი: - მშიშარა ნამდვილად არა ვარ. მწერებისა და კალიების დანახვაზე ისტერიკაში არ ვვარდები. ბავშვობაშიც არაფრის მეშინოდა, მაგრამ უკვე სრულწლოვანს სიმაღლის, სიბნელის და სავსე მთვარის შიში გამიჩნდა. სიმაღლის ფობია დუტა სხირტლაძემ პროექტში "შიშის ფაქტორი" გადამალახვინა. რაც შეეხება სიბნელეში ყოფნას ან სავსემთვარეობის პერიოდს, დღემდე არ მსიამოვნებს.

- სავსე მთვარე ბევრს რომანტიკულ განწყობაზე აყენებს...

- მე კი მეშინია. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, თუ როდის ან რატომ გამიჩნდა ეს ფობია, მაგრამ ფაქტია: ცაზე მისი გამოჩენისას ვცდილობ ზევით არ ავიხედო.

ნიკოლ კიდმანს პეპლები აშინებენ

პეპლებიც შეიძლება გახდნენ ღამის კოშმარების მიზეზი. ახალგაზრდობაში მსახიობ ნიკოლ კიდმანს ძალიან ეშინოდა ამ მწერების და იმის გათვალისწინებით, რომ მის მშობლიურ ავსტრალიაში პეპლის უამრავი სახეობა არსებობს, სკოლაში მიმავალ ნიკოლს მუდმივად უწევდა შემოვლითი გზების მოძებნა. როცა ცნობილი გახდა, ნიკოლმა სცადა, ეს შიში დაემარცხებინა (მაგალითად, პეპლებით სავსე გალიაში შევიდა), მაგრამ სულ ტყუილად - ეს მცდელობები კრახით დასრულდა.

ბრედ პიტი არასოდეს უყურებს თავის ტერფებს

ბრედ პიტის ამოუხსნელი შიში საკუთარი ტერფებისადმი "ტროას" გადაღებებზე გამჟღავნდა. მსახიობმა ითხოვა, მისი გმირის, აქილევსის ტყავის ქალამნები ჩექმებით შეეცვალათ. ასევე, მსახიობმა აღიარა, რომ ძალიან ეშინია ობობებისა და ზვიგენების.

ჯონი დეპს სძულს ჯამბაზები

ჯონი დეპს ეშინია ჯამბაზებისა და მიმების, მიუხედავად იმისა, რომ გრიმის დახმარებით არც ისე იშვიათად განუსახიერებია ისინი. ამ შიშის მიზეზი მის ბავშვობაში იმალება: პატარა დეპი ძალიან შეუშინებია ცირკის მსახიობს.

ნატალი პორტმანს მულტფილმების ეშინიანატალი პორტმანს მულტფილმები არ უყვარს. მაგალითად, ცისფერი გნომები, სმურფიკები, პანიკაში აგდებენ. ეტყობა, სწორედ ამ მიზეზით არასოდეს ახმოვანებს მულტფილმების გმირებს. ერთადერთი გამონაკლისია "სიმპსონების" მეორეხარისხოვანი პერსონაჟი.