შეიძლება თუ არა დაგირავებული ბინის გაქირავება
"კვირის პალიტრაში" გრძელდება სამოქალაქო საკითხებზე კითხვების გამოგზავნა. ჩვენი ერთგული მკითხველების შეკითხვებს პასუხს გასცემს საადვოკატო ფირმის დამფუძნებელი პარტნიორი, თსუ-ის სისხლის სამართლის მიმართულების დოქტორანტი, იურისტი გვანცა გურგენიძე:
- 2019 წელს "მოგოში" დავაბრუნე ავტომობილი, რომლის პროცენტების გადახდა ვეღარ შევძელი, შემდეგ ყოველთვიურად ვიხდიდი დაკისრებულ 100 ლარს, "კოვიდის" დროს "მოგომ" შემიჩერა დროებით ეს გადასახადი, მითხრეს, რომ რაც გამოტანილი მაქვს, ის თანხა დაფარულია, მაგრამ მთხოვენ კიდევ დამატებით 4000 ლარს, პროცენტს და ახლა ვარ პრობლემურში. ამ პერიოდში გარდამეცვალა მეუღლე და ვეღარ ვახერხებ უკვე ამ დარჩენილი თანხის გადახდას, ხშირად მირეკავენ მეც და ჩემს სანათესაოსაც, როგორ მოვიქცე? რას მირჩევთ?
- მოცემული საკითხი საკმაოდ აქტუალური პრობლემაა და რეალურად განეკუთვნება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სფეროს. საქართველოში ცოტამ თუ იცის, რომ ინფორმაცია ჩვენი სასესხო ვალდებულებების თაობაზე წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს და მათი დამუშავება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებშია დასაშვები. საკმაოდ გახშირებული მაგალითია სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული თანხის უკან დაბრუნების მიზნით მოვალის ახლობლებთან კონტაქტი. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს, არის პერსონალური მონაცემი. შესაბამისად, ინფორმაცია ჩვენი სესხის თუ სხვა ფულადი ვალდებულების შესახებ არის ჩვენი პერსონალური მონაცემი და შესაბამისი საფუძვლის გარეშე არავის აქვს უფლება გაამჟღავნოს. ამ დროს მონაცემთა სუბიექტს, ანუ კითხვის ავტორს, სრული უფლება აქვს მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს და მოითხოვოს როგორც მონაცემთა დამუშავების აკრძალვა, ისე კონკრეტული კომპანიისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება. ამ შემთხვევაში განცხადებით უნდა მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და აცნობოთ მომხდარი ფაქტის შესახებ. განცხადებას თან დაურთეთ პირადობის მოწმობის ასლი და არ გამოგრჩეთ ხელმოწერა. შესაბამისი სამსახური განიხილავს საკითხს და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ერთი მხრივ, დააჯარიმებს ორგანიზაციას, მეორე მხრივ, ასევე აუკრძალავს თქვენი მონაცემების მსგავსი ფორმით დამუშავებას.
ამასთან, პროცენტის თანხა, ერთი შეხედვით, საკმაოდ მაღალი ჩანს. უმჯობესია აღნიშნულის თაობაზე კონსულტაცია გაიაროთ იურისტთან და იქნებ დაიწყოთ სამოქალაქო წესით დავა. მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, ხომ არ არის ხელშეკრულება უკვე ხანდაზმული? თუ ვალდებულება ხანდაზმულია, მისი გადახდა არ გეკისრებათ.
- ერთი თვის წინ გარდამეცვალა მეუღლე. მას ჰქონდა საკრედიტო ბარათები, ასევე ბანკიდან აღებული კრედიტი, სადაც მე ვიყავი თავდებში და ამ ვალდებულებას ვასრულებ, თუმცა საკრედიტო ბარათის ვალებს ვერ გადავიხდი, რადგან არ მაქვს საშუალება. არც ჩემი მეუღლის და არც ჩემს სახელზე არანაირი ქონება არ ფიქსირდება, მისი გარდაცვალების შემდეგ მუდმივად მირეკავენ ბანკიდან და ითხოვენ ვალის გადახდას. ზუსტად ისიც არ ვიცი რა თანხაზეა საუბარი. როგორ მოვიქცე?
- კანონის თანხმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. თუმცა აქ მნიშვნელოვანია, მიიღეთ თუ არა მეუღლისგან რაიმე ქონება. როგორც კითხვიდან ჩანს, გარდაცვლილი მეუღლის სახელზე რაიმე სახის ქონება არ ფიქსირდება. ვინაიდან ვალდებულება უნდა დაიფაროს მიღებული მემკვიდრეობის ფარგლებში, თავდაპირველად მნიშვნელოვანია ინფორმაცია, მიიღეთ თუ არა მემკვიდრეობა გარდაცვლილისაგან, რადგან სწორედ ამ მემკვიდრეობის ფარგლებში უნდა დაფაროთ მისგან მიღებული ვალდებულებები.
- ალიმენტის დაკისრება მინდა მამაჩემისთვის. ის ამჟამად ცხოვრობს უცხოეთში, კერძოდ, ევროპაში, და იქ აქვს სხვა გვარი. როგორ მოვიქცე ასეთ დროს? აქ სასამართლოში რომ შევიტანო განცხადება და დააკისრონ ალიმენტი, თანხის ამოღებას შევძლებ?
- თეორიულად, სახელმწიფო საზღვრის დატოვება არ ათავისუფლებს პირს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან. თუმცა აქ მნიშვნელოვანია არაერთი დეტალი - პირველ რიგში ალიმენტის თაობაზე სასამართლოს უნდა მიმართოს დედამ და ამ დროს დასჭირდება ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა მამის მოქმედი მონაცემები, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისი მისამართი, სამუშაო ადგილი და ა.შ. ბუნებრივია, როდესაც პირი საზღვარგარეთაა, მსგავსი საკითხები უფრო კომპლექსურია. თანხის დაკისრების შემთხვევაში, თუ პირი ჯიუტად არიდებს თავს ალიმენტის გადახდას, ეს შესაძლოა გამოძიების დაწყების საგანიც გახდეს. თუმცა პრაქტიკული პრობლემა აქაც თავს იჩენს. ამიტომ მსგავს შემთხვევებში აუცილებელია იურისტთან კონსულტაცია, რომელიც დეტალურად გაეცნობა საქმეს და შეაფასებს მოსალოდნელ შედეგებს.
- ბინა რომ დავაგირავო მეპატრონის ცხოვრების უფლებით და გავაფორმო ოფიციალურად მხარესთან ხელშეკრულება, იმან მიხადოს ყოველთვიურად ქირის სახით გარკვეული თანხა, მე კი ამ თანხის იმედად შევიდე სხვა ბინაში ქირით, ეს რამდენად სარისკოა, რას მირჩევთ? თანხის გადახდა რომ დამიგვიანოს ან არ გადაიხადოს, დავიცავ ჩემს უფლებებს?
- მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად მსგავს ურთიერთობებში შესაძლებელია რისკების დაზღვევა, პრაქტიკაში საკმაოდ ბევრი პრობლემა იჩენს თავს. თუ პირი თანხის გადახდას თავს აარიდებს, ხელშეკრულების საფუძველზე შეგიძლიათ დაიწყოთ სამართლებრივი დავა. თუმცა, საქმე შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს, ხოლო მეორე მხრივ, საქმის მოგების შემდეგაც შესაძლოა პრობლემები შეგექმნათ თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. მსგავსი ვითარება იმ ფონზე, როდესაც გეგმავთ თქვენი ქირა გადაიხადოთ მისი ქირით, საკმაოდ პრობლემურია. შესაბამისად, მხოლოდ კითხვაში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე მსგავს ურთიერთობაში შესვლას რეკომენდაციას ნაკლებად გავუწევ.
- შემიძლია თუ არა დაგირავებული ბინა მე გავაქირავო და ამ დროს მომიწევს თუ არა საშემოსავლოს გადახდა?
- მოიჯარეს არა აქვს ქვეიჯარის უფლება მეიჯარის თანხმობის გარეშე. ამასთან, მოიჯარე პასუხს აგებს მეიჯარის წინაშე იმისათვის, რომ ქვემოიჯარემ ან დამქირავებელმა ნივთი სხვანაირად გამოიყენა, ვიდრე ეს მეიჯარის მიერ იყო ნებადართული. მეიჯარეს შეუძლია უშუალოდ შეაჩეროს ქვემოიჯარის ან დამქირავებლის მიერ ქონების ამგვარად გამოყენება.
რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადს, შემოსავლის მიღებისას, თუ არ არსებობს საგამონაკლისო ნორმა, საშემოსავლო გადასახადის გადახდა ყოველთვის სავალდებულოა. შეგახსენებთ, რომ ფიზიკური პირი საცხოვრებელი ფართის საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად მიღებულ შემოსავალზე, რომელიც მიღებული შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახდენს, იბეგრება საშემოსავლო გადასახადით 5%-ით.
- შესაძლებელია სამკვიდრო მოწმობის აღება ექვს თვეზე ადრე?
- სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ, ნებისმიერ დროს. თუმცა ექვს თვეზე ადრე სამკვიდრო მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევებში, თუ სანოტარო ორგანოს მოეპოვება ცნობა, რომ მოწმობის მთხოვნელ პირთა გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არიან.
- როცა ოჯახის ერთი წევრი იმყოფება უცხოეთში, მის ჩამოსვლამდე ვერ შევძლებ სამკვიდროს მიღებას?
- თუ პირი არის მემკვიდრე, მან უნდა მიიღოს მემკვიდრეობა, ან გამოხატოს თავისი პოზიცია აღნიშნულის თაობაზე. როდესაც პირს აქვს საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, შესაძლებელია ონლაინ ჩაერთოს შესაბამის მოქმედებებში, გასცეს მინდობილობები. დაუკავშირდით ნოტარიუსს.
- გირავნობასთან დაკავშირებით, როდესაც ხელშეკრულება გაფორმებულია და პირი არღვევს ხელშეკრულებას რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ანუ თანხის გადახდას ერთი წელია უშედეგოდ ველოდებით. როგორ შეიძლება თანხა სწრაფად დავიბრუნოთ?
- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისას უნდა მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ პირისათვის თანხის დაკისრება. რაც შეეხება თანხის გადახდის ვადის გადაცილებას, თუ ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული პირგასამტეხლო ან სხვა რაიმე დამატებითი ვალდებულება, მსგავსს ვერ მოითხოვთ.
ისჯება თუ არა სიტყვიერი შეურაცხყოფა
- გამარჯობა. მამაკაცმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, მაქვს მიმოწერები. რომ ვუჩივლო, მოსთხოვენ თუ არა პასუხს?
- საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა არ ისჯება არც სისხლის სამართლის და არც ადმინისტრაციული სამართლის ფარგლებში. სიტყვიერ შეურაცხყოფას სამართლებრივი შედეგი მოჰყვება, თუ არის მინიმუმ წვრილმანი ხულიგნობის ნიშნები. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, წვრილმანი ხულიგნობა არის საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რაც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს. როგორც ციტირებული მუხლიდან ჩანს, ამ შემთხვევაში სიტყვიერი შეურაცხყოფა არღვევს არა მარტო კონკრეტული პირის სიმშვიდეს, არამედ საზოგადოებრივ წესრიგს. თუმცა მნიშვნელოვანია შეფასდეს, რას ემსახურება სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხომ არ არის მასში სხვა დანაშაულის ნიშნები. მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებებია მუქარა და ადევნება. დასახელებული მუხლები შესაძლოა გამოხატული იყოს ვერბალურად ან ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებით, რასაც თან შეიძლება ახლდეს სიტყვიერი შეურაცხყოფაც. კერძოდ, მუქარა სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის განიმარტება როგორც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების, ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის საფუძვლიანი შიში; ხოლო ადევნება არის პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურია და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირზე, ან მის ოჯახის წევრზე, ან ახლო ნათესავზე ძალადობის ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს...
- ვმუშაობდი ერთ-ერთ კომპანიაში, კერძოდ, გაყიდვების სფეროში. ერთი კვირის წინ შემთხვევით ფბპოსტიდან ვიგებ, რომ ჩემს ადგილზე გამოცხადდა ვაკანსია. რომ მოვიკითხე, პასუხად მივიღე, რომ მე გამიშვეს სამსახურიდან ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე საყვედურების გამო. მე რომ არ მენახა პოსტი, იმასაც ვერ გავიგებდი, რომ სამსახური აღარ მაქვს. ვარ სოცდაუცველი, გთხოვთ დამაკვალიანოთ, როგორ მოვიქცე, რა მოვითხოვო და ვის მივმართო. მოვითხოვე სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაც, თუმცა დღემდე არც გამოუგზავნიათ, ჩემს ადგილას კადრი უკვე მოიძიეს და სტაჟირებაზეც დადის. მაგრამ ჩემი გათავისუფლება დღემდე არ დაუმოწმებიათ საბუთით.
- დასახელებული ფაქტის შესახებ შრომითი ნორმების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საჩივრით შეგიძლიათ მიმართოთ შრომის ინსპექციის სამსახურს, რომელიც 2 თვის ვადაში განიხილავს თქვენს საჩივარს. შესაძლებელია შრომითი დავა სასამართლოშიც.
- ნათესავისგან ვიყიდე სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომელსაც აქვს თიბისი ბანკის ვალი. მიწა გავიფორმე, მაგრამ ბანკი მედავება, რომ ჩვენ შორის მოხდა ნათესაური გარიგება და ნასყიდობის გაუქმებას მოითხოვს. როგორ შემიძლია ჩემი სიმართლე დავამტკიცო?
- სავარაუდოდ, საუბარია ისეთ მიწის ნაკვეთზე, რომელიც უფლებრივად დატვირთული არ ყოფილა. მოცემულ შემთხვევაში თქვენი მტკიცების საკითხი უნდა იყოს გარიგების ნამდვილობა. მაგალითად, თუ თანხის გადახდა მოხდა უნაღდო ანგარიშსწორებით, შეგიძლიათ წარადგინოთ გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. თქვენი მთავარი ამოცანაა, სასამართლოსათვის ნათელი გახდეს ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობა. ახსნა-განმარტებაში შეგიძლიათ მიუთითოთ, რატომ გადაწყვიტეთ მისი ყიდვა, რისთვის გამოიყენებთ ან უკვე თუ იყენებთ.