სანქცირებული რუსეთის ეკონომიკა მაინც იზრდება?! - კვირის პალიტრა

სანქცირებული რუსეთის ეკონომიკა მაინც იზრდება?!

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეტაპობრივად სანქციების 11 პაკეტი მიიღო და ახლა მე-12 პაკეტზე მუშაობს. როგორც ოქტომბრის ბოლოს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საუბარია რუსეთისთვის ევროპაში ბრიალიანტის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების შემცირებაზე. სანქციების მიუხედავად, რუსეთის შემოსავლები მაინც იზრდება და თან ისე, რომ მნიშვნელოვანად გაზარდა სამხედრო წარმოება, რაც ომის მიმდინარეობისთვის ძალიან ნეგატიურ მნიშვნელობას იძენს. საინტერესოა, რომ რუსეთში არც დასავლური ბრენდების ნაკლებობას განიცდიან. ბიზნესის დიდი ნაწილი, ვინც სანქციების დაწესების დასაწყისში რუსეთიდან გავიდა, ან უკან დაბრუნდა თავისივე სახელით, ან სხვა სახელით ოპერირებს. ამის შესახებ დასავლურ მედიაში ბოლო დროს არაერთი სტატია გამოქვეყნდა, სადაც აქცენტი კეთდება იმაზე, რომ სანქციებს სასურველი შედეგები არ მოაქვს. როგორ და რატომ იზრდება რუსეთის ეკონომიკა და რისი გაკეთება შეუძლია დასავლეთს მის წინააღმდეგ, ამ საკითხებ­ზე "კვირის პალიტრა" გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორს, ეკონომიკის დოქტორ ვახტანგ ჭარაიას ესაუბრა.

- მთლიანობაში რომ შევაფასოთ რუსეთის ეკონომიკა, სანქციებიდან სიკეთე ნაკლებად ერგო, თუმცა არც იმ დონის პრობლემები შეჰქმნია, როგორც მოველოდით, მით უმეტეს, სისტემატურად სანქციების ახალ-ახალი პაკეტები ემატება. შეიძლება ითქვას, რუსეთმა იმუნიტეტიც კი გამოიმუშავა ამ სანქციებისადმი. მსგავსი სანქციები საქართველოსა და საქართველოს ტიპის ქვეყანაში, ან თუნდაც ევროპის ქვეყნებში რეალურად იქონიებდა გავლენას, მაგრამ რუსეთში, სადაც არ არის დემოკრატია და ავტორიტარული რეჟიმია, და სადაც ხელისუფლება ახერხებს საზოგადოების ინფორმაციულ ვაკუუმსა და ზემოქმედებაში მოქცევას, მარტივია სიმშვიდის შენარჩუნება ამ სანქციების ფონზე, თუნდაც ცხოვრების სტანდარტების გაუარესების მიუხედავად. ამიტომაც თითქოს ამით რუსეთს დიდი პრობლემა არ შეჰქმნია, თუმცა, ცხადია, პრობლემები აქვს, მაგრამ ისე მტკივნეულად არ განიცდიან, როგორც შეიძლება ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში მომხდარიყო.

- ცნობილი ბრენდები, რომლებიც თითქოს გამოვიდნენ რუსეთიდან, ან პირდაპირ, ან სხვა სახელით დაბრუნდნენ, ეს ხომ ნიშნავს, რომ პრობლემები რეალურად არა აქვთ?

- რა თქმა უნდა, ასეთი ბრენდი უამრავია, ვინც ჯერ გამოვიდა და მერე დაბრუნდა და მათ შორის, სხვა სახელით. მაგალითად, "მაკდონალდსი" თითქოს დღეს რუსეთში არ არის, მაგრამ სხვა ბრენდით ზუსტად იმავე ტიპის პროდუქციას ყიდიან, რასაც "მაკდონალდსი" ყიდის. "ბურგერკინგს" სახელიც არ შეუცვლია და თავისუფლად ოპერირებს, ისევე როგორც "კეი-ეფ-სი". აგრეთვე ოპერირებენ ტანსაცმლის ბრენდები თავისი ან სხვა სახელით. ამიტომაც განსაკუთრებული პრობლემა არ შეჰქმნიათ, გარდა იმისა, რომ რაღაც შემთხვევებში შეიძლება ფასი გაიზარდა, რაღაც შემთხვევებში კი მართლა გაქრა ესა თუ ის პროდუქცია. მაგალითად, ახალი მანქანების რუსეთში პირდაპირ მწარმოებელი ქვეყნებიდან ექსპორტიც აიკრძალა და რეექსპორტიც. საქართველოდან ფიზიკურად არ შეიძლება 50 000 დოლარზე მეტი ღირებულების მანქანების ექსპორტირება და ეს თამასა სულ უფრო და უფრო ქვემოთ მიდის. ახალი, ძვირადღირებული მანქანები რუსეთში მაინც დადის, ანუ აკრძალვების მიუხედავად, მაინც შედის, მაგრამ, ცხადია, შეყვანა გართულებულია და შესაბამისად, გაზრდილია ფასიც. ამდენად, ამ კუთხით იქ დისკომფორტი იქმნება.

საავიაციო დარგზე თუ გადავალთ, მთელმა რიგმა ქვეყნებმა აკრძალეს რუსეთიდან თვითმფრინავების მიღება და ახლა ამ ქვეყნებში ჩასვლა უწევთ გადაჯდომებით და, რა თქმა უნდა, გაცილებით ძვირად. ცხადია, ესეც დიდი დისკომფორტია რუსი საზოგადოებისთვის. მათთვის ცხოვრება გაძვირდა, გაუარესდა რაღაც მიმართულებით, თუმცა არა იმდენად, რომ რუსების გაღატაკება გამოეწვია. ამ დანაკლისებს რუსეთი რაღაცებით აბალანსებს, მათ შორის, მთელ რიგ მიმართულებებზე ადგილობრივი წარმოების შექმნით სხვა, არადასავლელ პარტნიორებთან ერთად. მაგალითად, ავტომობილები ევროპიდან აღარ შედის, მაგრამ შედის ჩინეთიდან ისეთი ბრენდები, რომლებიც შეიძლება აქამდე არც კი გაუგონიათ რუსებს. ფაქტია, რუსეთში გაჩნდა რესურსი და სხვა ქვეყნები ამ რესურსს იყენებენ. საბოლოო ჯამში, რუსეთმა ნავთობისა და გაზის გაძვირების ხარჯზე ბიუჯეტის დაბალანსება კი შეძლო, მაგრამ ომი იმდენად ძვირად ღირებულია, რომ ბიუჯეტს მაინც დიდი პრობლემები ექმნება - ანუ საერთო ჯამში, რუსეთს პრობლემები შეექმნა, მაგრამ არა იმ მასშტაბის, როგორც სანქციების დამწესებლები მოელოდნენ.

- ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ გლობალიზაციის პირობებში სანქციები არ მუშაობს?

- ასე თქმაც, ალბათ, არ იქნება სწორი, რადგან ირანისთვის დაწესებული სანქციები ბევრად მტკივნეულია, ვიდრე რუსეთისთვის. ვერც რუსეთზე ვიტყვით, რომ საერთოდ არ მუშაობს, მუშაობს, მაგრამ ნაკლებად. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სანქციებს ლიმიტები აქვს. მეორე მხრივ, შესაძლოა სანქციები ნაკლებად შეეხო რიგით მოქალაქეებს, მაგრამ მდიდარ და კრემლთან დაახლოებულ ხალხს ქონება რომ ჩამოართვეს და მოგზაურობა აუკრძალეს, ცხადია, მათი ცხოვრება გაუარესდა. გავიმეორებ, არა იმდენად მტკივნეულად, სხვა გზა რომ არ დარჩენოდათ. ევროპაში თუ ვერ წავლენ დასასვენებლად, წავლენ აზიაში. ამიტომაც ასეც ვერ ვიტყვით, რომ სანქციები სულ არ მუშაობს, ზეგავლენას მაინც ახდენს.

- რუსეთმა ენერგორესურსების გაძვირებით სანქციების პირობებში გაცილებით მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე მანამდე. რატომ ვერ მოხერხდა ნავთობზე მსოფლიო ფასების დაწევა, რუსეთს აქედან მაინც რომ არ ჰქონოდა სარგებელი?

- აქ საკითხი მარტო ის კი არ არის, რომ რუსეთმა შეძლო საკმაოდ დიდი თანხების მიღება ნავთობიდან და გაზიდან, არამედ ისიც მნიშვნელოვანია, თუ საიდან შეძლო, რადგან ამ ენერგორესურსებში სწორედ ის ხალხი უხდის მეტს, ვინც იმავდროულად ასანქცირებს. გამოდის, ცალი ხელით ასანქცირებენ და მეორე ხელით ფულს უხდიან, თან უფრო მეტს და ფაქტობრივად უკომპენსირებენ სანქციებით მიღებულ ზარალს. ეს არის რეალობა, მაგრამ მთლად რომ არაფერი გააკეთონ, უარესი იქნება და პირველ რიგში, რეპუტაციულად. ალბათ, ეს იყო გათვლა, ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია, ეს არისო. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირი ცდილობს ენერგორესურსების დივერსიფიცირება მოახდინოს. ცხადია, მოკლევადიან პერიოდში შედეგი არ იქნება, მაგრამ გრძელვადიან, მაგალითად, 5-10 წლის პერიოდში, რუსეთს იმდენად ჩაანაცვლებენ ნავთობისა და გაზის კონტექსტში, რომ ვეღარ შეძლებს სანქციებით მიყენებული ზარალის ჩანაცვლებას. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გრძელვადიან ინტერესზეა გათვლილი და საბოლოო ჯამში მაინც იქონიებს გავლენას, მით უმეტეს, ძალზე აქტიურად ხდება ნავთობის ჩანაცვლება ელექტროენერგიის მიმართულების გაძლიერებით. ეს პროცესი დაწყებულია, ეს არის ევროკავშირის პოლიტიკა და, ადრე თუ გვიან, უფრო საშუალოვადიან პერიოდში, რუსეთს უფრო მძიმედ დააწვება.

- საკმაოდ გაძლიერდა ბისეკი, შეემატა ახალი წევრები, მათ შორის აშშ-ის პარტნიორები. ეს ხომ ნიშნავს რუსეთის გაძლიერებას და რისი გაკეთებაა შესაძლებელი, რათა მისი ეკონომიკური გავლენები უფრო არ გაძლიერდეს, მიუხედავად სანქციებისა?

- ბევრი რამ მოჩვენებითია. რუსეთი ძალიან კი ცდილობს თავისი დომინანტობა რაღაც ორგანიზაციებში გააძლიეროს და თავი ისე წარმოაჩინოს, თითქოს არც არაფერი დაუკარგავს, მაგრამ საქმე ასე მარტივად არ არის. რუსეთი რომ მეორეხარისხოვან ორგანიზაციებში ცდილობს პოზიციონირებას, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გავლენებს არ კარგავს. შორს რომ არ წავიდეთ, აგერ, კავკასიაშიც კი ვხედავთ, რომ მის მფარველობაში ათწლეულების განმავლობაში მყოფი სომხეთი ვერ დაიცვა სწორედ თავისი გასაჭირის გამო. სხვადასხვა გლობალურ წერტილშიც თმობს პოზიციებს. გარდა ამისა, ბევრ დათმობაზე უწევს წასვლა, თუნდაც იგივე ჩინეთთან - თუ აქამდე, კარგ შემთხვევაში, როგორც თანასწორს უყურებდა, ახლა ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეცვლილია და ჩინეთი რუსეთს ბევრ ისეთ რაღაცაზე იყოლიებს, რაც აქამდე რუსეთისთვის მიუღებელი იყო - ანუ რუსეთი მიდის დათმობებზე, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობს არ დაკარგოს სახე.

- ნავთობის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. გასული საუკუნის 70-იანი წლების მოვლენები გავიხსენოთ, როდესაც ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც რუსეთის ავღანეთში მარცხის ერთ-ერთ მიზეზადაც სახელდება. ახლა არ იყო შესაძლებელი პოლიტიკური ნაბიჯები გადაედგათ იმისთვის, რომ ნავთობის მსოფლიო ფასი თუ არ შემცირდებოდა, არ გაზრდილიყო მაინც?

- მაშინ სულ სხვა რეალობა იყო და ახლა სულ სხვაა. სხვა თუ არაფერი, მაშინ ნავთობზე გაცილებით დაბალი მოთხოვნა იყო. რაც მთავარია, მაშინ დასავლეთს შეეძლო გავლენა ჰქონოდა მსოფლიო წარმოებაზე, დღეს კი ისეთი დიდი მოთამაშეები, როგორიც საუდის არაბეთი და ნავთობმომპოვებელი კიდევ სხვა ქვეყნები არიან, არათუ არ ემორჩილებიან დასავლეთს, აშშ-ს და ეხმარებიან იმაში, რომ რუსეთს ხელი შეუშალონ, პირიქით, როდესაც რაღაც გეოპოლიტიკური ძვრები ხდება მსოფლიოში, ცდილობენ მეტი მოგება მიიღონ - ანუ ახლა რუსეთმა კი არ შეძლო ნავთობის ფასების გაზრდა, არამედ ზოგადად ნავთობმწარმოებლებმა და პირველ რიგში, არაბულმა ქვეყნებმა მოინდომეს მეტი მოგების მიღება, დასავლეთი კი მათ ვერ ზღუდავს.

- რუსეთმა ამ ყველაფრის ფონზე მაინც გაზარდა სამხედრო ბიუჯეტი და გაზარდა სამხედრო წარმოება. საბოლოო ჯამში რუსეთს ექნება იმის საშუალება, რომ ომში თავის სასარგებლოდ გარდამტეხი ძვრები შეიტანოს?

- ერთბაშად გარდატეხის შესაძლებლობა, ალბათ, არ ექნება, მაგრამ რუსეთს მაინც აქვს დიდი რესურსი და მათ შორის, სამხედროც, ატომური იარაღის ჩათვლით, რათა საკუთარი გაბრაზება გამოხატოს, მაგრამ პროგნოზირება ძნელია. ამასთან, რაღაც შეზღუდვები არსებობს და ცხადია, რუსეთის შესაძლებლობებსაც აქვს საზღვარი. მეორე მხრივ, რუსეთი შეიძლება შეეცადოს, მაგალითად, უკრაინის არჩევნებში პირდაპირი თუ ირიბი ჩარევით პრორუსული ხელისუფლების მოსვლას შეუწყოს ხელი. ამაში რუსები გამოწვრთნილი არიან, ბევრგან ცდილობენ ამის გაკეთებას. ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინაში არჩევნების გზით მიაღწიონ იმას, რასაც სამხედრო გზით ვერ აღწევენ.

- ჩავთვალოთ, რომ რუსეთი ომის მიუხედავად, ეკონომიკურად მაინც ძლიერდება და ის, რომ ამ დროს კიდევ უფრო გაიზარდა ჩვენი ეკონომიკური დამოკიდებულება, ეს რა საფრთხეს გვიქმნის?

- ჩვენ მუდმივად საფრთხეში ვართ. მთავარია, საქართველომ რაღაც ხაფანგში არ გაყოს თავი, მაქსიმალურად დაიზღვიოს თავი და დასავლეთის მხარდაჭერით ლავირება მოახერხოს. რუსეთს სულ არ სჭირდება მიზეზი, მით უმეტეს, ეკონომიკური, რომ საქართველოს წინააღმდეგ დაიწყოს ქმედებები, ისევე, როგორც უკრაინაში გააკეთა, მანამდე კი საქართველოში, 2008 წელს. ასე რომ, რუსეთთან ურთიერთობისას რისკი ყოველთვის არსებობს.

- ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის ევროკომისიის რეკომენდაციაში ნახსენებია, რომ საქართველო არ შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. რამდენად არის შანსი, რომ ეს გახდეს ჩვენთვის დამაბრკოლებელი, იქნება თუ არა მოთხოვნა, რომ სანქციებს შევუერთდეთ და ასეთ შემთხვევაში ჩვენს ეკონომიკას რა მოუვა?

- ევროკავშირი თავის წევრებსაც კი არ სთხოვს სანქციებზე მიერთებას, არათუ კანდიდატებს. შესაბამისად, არა მგონია, ეს დამაბრკოლებელი ფაქტორი იყოს. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იმდენი არ მოვახერხოთ, ტრიალ მინდორზე ძალით განვაწყოთ ვიღაც ჩვენს წინააღმდეგ. მოთხოვნად ამას არავინ გვიყენებს და არც დაგვიყენებენ, მით უმეტეს, იციან ჩვენი ეკონომიკის სისუსტეები.

რუსა მაჩაიძე