„ვიფიქრე, რომ ავტომატით ვერაფერს გავხდებოდი, ხელყუმბარა დავიჭირე, ჩავჯექი და ასე ველოდებოდი რუსებს“ - ქართველი ექიმის სიყვარულის ამბავი და ქორწინება ფრონტის ხაზზე - კვირის პალიტრა

„ვიფიქრე, რომ ავტომატით ვერაფერს გავხდებოდი, ხელყუმბარა დავიჭირე, ჩავჯექი და ასე ველოდებოდი რუსებს“ - ქართველი ექიმის სიყვარულის ამბავი და ქორწინება ფრონტის ხაზზე

უკრაინაში ომის მონაწილე ქართველი ექიმი, უმცროსი სერჟანტი ქეთი ლეშკაშელი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოქროს ჯვრის სამკერდე­ ნიშნით დააჯილდოვა. ის "ინტერნაციონალური ლეგიონის" ჯგუფის "ბრავოს" რიგებშია და იარაღით ხელში და ზურგზე სამედიცინო აღჭურვილობით ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლებთან ერთად გადის. "არასდროს მიბრძოლია მედლებისა და წოდებებისთვის, მაგრამ როდესაც გაფასებენ, გაჯილდოვებენ მეტი სტიმული გიჩნდება. პაპა სულ მეუბნებოდა,­ ჩემი ფრონდო პაპა, უბანში გასული ოჯახის სახე ხარო, ქალაქში გასული უბნისო, ქვეყანაში შენს ქალაქს წარმოადგენ და თუ ქვეყნიდან გახვედი, მაშინ მსოფლიოში შენს სამშობლოს სახე ხარ, ეს სულ გახსოვდესო. შენი სახელი პირველი მიდის, სანამ შენ გაგიცნობენო. როგორ მართლდება ჩემი პაპიკოს სიტყვები...", - დაწერა ქეთიმ თავის ფეისბუკის გვერდზე. ქართველი მებრძოლი ქალის ცხოვრებაში კიდევ ერთი სიახლეა, ის ცოტა ხნის წინ დაქორწინდა - პირდაპირ ფრონტის ხაზზე.

- ჩვენ ახლა ბახმუტის მიმართულებაზე­ ვმუშაობთ, ყოველდღე შეტევებია, ანდრეევკას დიდი ხანია გავცდით. ყოველი ნაბიჯი სისხლით არის მორწყული, მაგრამ მაინც წინ მივიწევთ... ეს კონტრშეტევა ზოგს ძალიან ადვილი ჰგონია - წახვედი, ნახე, აიღე.­ ასე არ არის. ხარკოვის შეტევა­ზეც ვიყავი, ახლა აქაც ვარ. განსხვავება ის არის, ხარკოვის ოლქში რუსები ჯერ არ იყვნენ კარგად დაფუძნებული და მარტივად შევძელით მათი გაყრა. აქ მაგრად არიან გამაგრებული, ყველაფერი დანაღმულია, ერთ ადამიანზე ასი ნაღმი მაინც მოდის, არტილერია ცალკე მუშაობს, ცეცხლსასროლი იარაღი - ცალკე. რომ ნახოთ, რას ჰგავს ეს ტერიტორია, გაოცდებით - წარმოიდგინეთ მთვარე კრატერებით. ისიც გაითვალი­სწინეთ, რომ დისტანციური, ქვეითსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით სავსე კრატერების გავლა ადამიანებს უწევთ. კონტრშეტევა არ გაჩერებულა, მაგრამ წინ წაწეულ ერთ მეტრს ათი კაცის სიცოცხლე ეწირება.

- თქვენც იყავით დაჭრილი...

- დიახ, მტრის პოზიციებზე ვიყავით შესული, გამოსვლისას კასეტური ბომბი გვესროლეს, ამერიკელი მებრძოლი, რომელიც ჩემ გვერდით იყო, დაიღუპა - ჭურვმა შუაზე გახეთქა, ერთი მძიმედ დაგვეჭრა, მე ბარძაყის არეში, ძვალსა და არტერიას შორის მომხვდა ჭურვის ნამსხვრევი. ფეხში ჭურვის ნამსხვრევიც დამრჩა და ნაიარევიც, მაგრამ მთავარია, სიარულში არ მიშლის ხელს. მაშინ, როდესაც ჩვენი ევაკუაცია­ მიმდინარეობდა, ექვსი საათის განმავლობაშ, არ ვიცოდი, ფეხი გადატეხილი მქონდა თუ არა. ინტენსიურ დაბომბვაში მოვყევით, სნაიპერული სიზუსტით გვესროდნენ. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ სიკვდილის ისე არ მეშინოდა, როგორც ფეხის დაკარგვის. ერთმა ინგლისელმა მებრძოლმა ზურგზე მომიკიდა და სამი კილომეტრი ფეხით მატარა.

- ბოლოს რომ გესაუბრეთ, თქვენი ფუნქცია ფრონტის ხაზიდან რამდენიმე კილომეტრში ყოფნა და იქ დაჭრილების დახმარება იყო.

- დიახ, ასე იყო, "მედავაკზე" (საევაკუაციო მანქანა) ვმუშაობდი, მერე ვიფიქრე, თუ დაჭრილმა ადამიანმა ფრონტის ხაზიდან ევაკუაციას გაუძლო და "მედავაკამდე" ცოცხალმა მოაღწია, ის ისედაც გადარჩებოდა, დაჭრილებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილზე დახმარება იქნებოდა. იანვარში დავიწყე ფრონტის ხაზზე სიარული და თებერვალში დამჭრეს.

qeti-1699827396.jpg

- ფრონტის ხაზზე მძიმედ დაჭრილი სპარტაკ ლეკიაშვილის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ცოცხალი თქვენი დამსახურებით არის.

- სპარტაკს რომ დავხედე, გული შემეკუმშა. ჩემს თავს ვუთხარი, რომ აუცილებლად გადავარჩენდი. რაც შემეძლო გავაკეთე, ცდას არავის ვაკლებ, უბრალოდ, როდესაც საქმე ქართველს ეხება, უფრო ემოციური ვარ. სპარტაკი ისე მძიმედ იყო დაჭრილი, სასწაულია დღეს რომ ცოცხალია, უკრაინელი ექიმები გაოცებული არიან.

- ყველაზე სახიფათო მომენტში როდის აღმოჩნდი?

- ჩვენთვის ყველა მომენტი სახიფათოა, მაგრამ განსაკუთრებულად სახიფათო მომენტებიც გვაქვს. ერთხელ ერთი კონკრეტული ადგილი ავიღეთ, უკვე დაცვითი პოზიცია გვეკავა, მარჯვენა ფლანგს ექვსი კაცი ვიცავდით და უცებ დაბომბვა დაიწყო... ერთი ბომბით ერთდროულად ორი კაცი მომიკვდა, ორი მძიმედ დაიჭრა, დავრჩით ორნი. დარტყმის ძალამ რაციები გაგვითიშა. ჩემთან ერთად გადარჩენილმა მებრძოლმა თქვა, რომ შტაბისთვის უნდა მიგვეწოდებინა ინფორმაცია დაჭრილების შესახებ. გადაწყდა, რომ დაჭრილებთან მე უნდა დავრჩენილიყავი. დავრჩი სრულიად მარტო ინტენსიურ დაბომბვაში. ჩემი თანამებრძოლი ისეთ ცეცხლში შევიდა, არ მეგონა, ცოცხალი თუ დაბრუნდებოდა, ისიც არ მჯეროდა, რომ შტაბამდე მიაღწევდა ცოცხალი. ინტენსიური დაბომბვა რომ შეწყდა, ქვეითების ხმა შემომესმა. ვიფიქრე, რომ ერთი ავტომატით ვერაფერს გავხდებოდი, ხელყუმბარა დავიჭირე, ჩავჯექი და ასე ველოდებოდი რუსებს. სავარაუდოდ, ნახევარი საათი ვიჯექი ასე, მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გამიარა, ყველა გამახსენდა, ვინც მიყვარდა, მენატრებოდა... ძალიან ძნელი ყოფილა თავის აფეთქება... თუმცა სხვა გზა არ იყო. უცებ რაციის ხმა გავიგონე და მივხვდი, ჩვენები იყვნენ. თავიდან დავიბადე,­ ამ ემოციას სიტყვებით ვერ გადმოვცემ, შეუძლებელია! დაჭრილები გაიყვანეს და მითხრეს, რომ ბრძანების თანახმად პოზიცია არ უნდა დამეტოვებინა.­ მე და კიდევ ერთი მებრძოლი ფლანგს 8 საათის განმავლობაში მარტონი ვიცავდით. ფეხი არ მოგვიცვლია, ვიდრე დამხმარე ჯგუფები არ მოვიდნენ.

- ბოლოდროინდელმა ომებმა დაამტკიცა, რომ ქალები მამაკაცებზე არანაკლები მეომრებიან არიან.

- რა თქმა უნდა, უკრაინელებზე აღარაფერს ვამბობ, ნახეთ, ისრაელის შეიარაღებული ძალების ქალები როგორ იბრძვიან. გენდერი არ გვიშლის ხელს, რომ საკუთარი სახელმწიფო დავიცვათ. როდესაც ამ საკითხზე მეკამათებიან, სულ ამას მეუბნებიან, ტყვედ რომ აგიყვანონ, ხომ იცი, რაც მოგივაო. კი, ვიცი, მაგრამ ისიც ვიცი, მანამდე რა უნდა გავაკეთო და კიდევ ერთი - ტყვედ თუ ჩავარდები, მნიშვნელობა აღარ აქვს, კაცი ხარ თუ ქალი, რუსი მანიაკები კაცებს და ქალებს ერთნაირად ექცევიან.

screenshot-2023-11-18-205537-1700327175.png

- ქეთი, ომმა შეგცვალათ?

- ძალიან! ბოლო დროს ხშირად მიდგება თვალწინ წარსულის მომენტები, მახსენდება ბავშვობა, ოჯახი, მეგობრები... ის ქეთი, რომელიც ორი წლის წინ ვიყავი, რადიკალურად განსხვავდება იმ ადამიანისგან, ვისაც ახლა სარკეში ვუყურებ. ფიზიკური გარდასახვის გარდა, სულიერად უფრო შევიცვალე. ვნანობ ამ ყველაფერს? არა! დრო რომ უკან დაბრუნდეს, მაინც იმავეს გავიმეორებ. მაგრამ ნეტავ ოდესმე თუ წაიშლება იმ ასეულობით ადამიანის ყვირილი, რაც ყურებში მესმის შეუჩერებლივ? ოდესმე დამავიწყდება ტკივილისგან დამახინჯებული ანგელოზივით სახეები?­ თუ წაიშლება მეხსიერებიდან გაყინული თვალები? ამის მეშინია! ადრე სიკვდილი ისეთი შორი იყო ჩემთვის, ახლა კი მასთან დავმეგობრდი. ნეტავ თუ შევძლებ ისევ მეგობრებთან ერთად სეირნობას და­ ცხოვრებისეულ თემებზე საუბარს? თუ შევძლებ ჩემს ოჯახთან ერთად ბუნებაში გასვლას პიკნიკზე, სადაც შიში არ მექნება, რომ დანაღმულია? ნეტავ თუ შევძლებ კიდევ თვითმფრინავის ხმის ნორმალურად აღქმას?

- მაგრამ ასეთ რთულ მომენტში შეხვდით თქვენს მეორე ნახევარს. გვიამბეთ მის შესახებ.

- უკრაინელი ბიჭია, ვოვა ვეგლიჩი, ოფიცერი. სხვათა შორის, ძალიან სიმპათიურია. ერთი წელია რაც ურთიერთობა გვაქვს, ხარკოვზე კონტრშეტევის დროს გავიცანით ერთმანეთი. მერე მიმოწერა გვქონდა. ოქტომბრის თვე იყო, ფრონტის ხაზიდან ვიყავით ახალი გამოსული და ვისვენებ­დით. უცებ ოთახში შემოვიდა ტალახიანი, სისხლიანი, ნაომარი ბიჭი და ჩვენი მთავარი ექიმი იკითხა. მე რომ შემომხედა, მიცნო (უკრაინაში ცნობილი ვარ) და მკითხა, ქეთი ლეშკაშელი ხომ არა ხარო. კი-მეთქი, ვუპასუხე. დავმეგობრდით. ერთ მიმართულებაზე ვმუშაობდით და როგორც ჩვენი ბატალიონის ჯარისკაცები გამომყავდა ფრონტის ხაზიდან, მისი მებრძოლებიც გამომყავდა. ორი თვის მერე მორიგი სამხედრო ოპერაციიდან გამოსულს, ხელში დიდი თაიგულით დამხვდა. ომში ყოფნამ რომანტიზმი კი დამავიწყა და გამიუფერულა, მაგრამ ის დღე ძალიან ლამაზი იყო... ასე დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია.

- მანამდე არ მოგწონდათ?

- კი, მაგრამ არ ვიმჩნევდი. ომი, ჯარი სხვა რამეა, აქ ქალი ძალიან არ უნდა "აითქვიფოს" ურთიერთობებში. ჩემს თავში დავიჭირე მომენტი, რომ მინდოდა ვოვასთვის რაღაცის მიწერა, მაგრამ არ ვწერდი...

359719417-3592120277699660-7758485523136927716-n-59716-1700327195.jpg

- ერთად თუ ყოფილხართ ოპერაციაზე?

- ვოვა პოზიციებზე არ დადის, გარედან აკონტროლებს სიტუაციას. ერთხელ შუა ბრძოლის დროს მომაკითხა, მნახა და წავიდა, ვითომც არაფერი. მე რომ დავიჭერი, დრონით დაინახა, გამოვარდა, მაგრამ ვერ შეძლო შემოსვლა. ყველაფერი რომ დამთავრდა, გამომიცხადა, პოზიციებზე აღარ გახვალო. ნურას უკაცრავად-მეთქი, მე აქ იმისთვის ვარ პოზიციებზე ვიარო და ასე რომ მინდოდეს, საქართველოში წავიდოდი და ჩემს სახლში დავჯდებოდი თბილად-მეთქი. ურთიერთობის დასაწყისშივე ვუთხარი, რომ ჩემს საქმე აუცილებლად გავაკეთებდი და თუ შეურიგდებოდა ამ ამბავს, ხომ კარგი, თუ არადა...

დაქორწინებაზე ძალიან მალე დამიწყო საუბარი, მაგრამ მე ფეხს ვითრევდი, ომის დამთავრებას ველოდებოდი... ჩემი ქორწილი საქართველოში თეთრი კაბით, ლამაზი ვარცხნილობით და ბევრი ყვავილებით წარმომედგინა, მაგრამ ბოლო დროს იმდენი ცუდი ამბავი შეგვემთხვა, მივხვდი, ხვალ­ისთვის არაფერი არ უნდა გადამედო. ასე რომ, თეთრი კაბის გარეშე წავედით და ხელი მოვაწერეთ. იმედია, ამ ომს ორივე გადავურჩებით, მერე ყველაფერი იქნება.

- ფრონტის ხაზზე თაფლობის თვე, ალბათ, ძალიან უჩვეულოა.

- კი, მართლაც. ის სხვა ბრიგადაშია, მე სხვა ბრიგადაში, მაგრამ იმის განცდაც მათბობს და სიხარულით მავსებს, რომ ის ჩემი მეუღლეა, ჩემია...

- მისი მშობლების გაცნობა მოახერხეთ?

- არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავს, მისმა მშობლებმა შვილივით მიმიღეს, როგორც ის ჩემმა მშობლებმა.

- ვოვა რას ფიქრობს ქართველებზე?

- ყველაფერს საუკეთესოს. ვოვას და მის ოჯახს მანამდე ქართველებთან შეხება არ ჰქონიათ. მის ოჯახში სტუმრად რომ მივდიოდით, დედამისმა დაურეკა, ღორის ხორცს ხომ ჭამსო? ახლა ყველაფერი იცის, ჩვენი ისტორია და კულტურა ზედმიწევნით კარგად გავაცანი. ახლა ამბობს, რომ ბედნიერია, ქართველი ცოლი რომ ჰყავს.

ხათუნა ბახტურიძე