რუსეთმა დასავლეთთან ყველა სამხედრო შეთანხმება გააუქმა, რამდენად მოაახლოებს ეს მესამე მსოფლიო ომს? - კვირის პალიტრა

რუსეთმა დასავლეთთან ყველა სამხედრო შეთანხმება გააუქმა, რამდენად მოაახლოებს ეს მესამე მსოფლიო ომს?

დედამიწა სამ სპილოზე დგასო, ამ თქმულებისა არ იყოს, ჩვენი პლანეტის უსაფრთხოება მართლაც სამ უდიდეს სამხედრო ხელშეკრულებაზე „იდგა“ და კაცმა არ იცის, რა მოხდება უახლოეს მომავალში, როდესაც საბოლოოდ მოიშლება კონტროლი ბირთვულ და ჩვეულებრივ შეიარაღებაზე მთელ მსოფლიოში.

საქმე ის არის, რომ რუსეთის ფედერაციამ ერთმანეთის მიყოლებით ცალმხრივად გააუქმა თავისი მონაწილეობა სამ უმთავრეს სამხედრო ხელშეკრულებაში, ზოგი მათგანი არც აშშ-ს ჰქონდა თავიდანვე რატიფიცირებული, თუმცა განვიხილოთ სათითაოდ. უძველესი და უმთავრესი შეთანხმება, რომელმაც პირველი "ცივი ომის" დროს, გასული საუკუნის 70-80-იან წლებში, მსოფლიო მესამე ბირთვულ ომს გადაარჩინა, იყო 1972 წელს ჰელსინკიში აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ხელმოწერილი შეთანხმება „შემტევი შეიარაღების შემცირების შესახებ“ (ვაშინგტონში მას SALT I-ს უწოდებდნენ, მოსკოვში - ОСВ-I-ს), რომელმაც შეზღუდა ორი ზესახელმწიფოს შეიარაღებაში არსებული ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული ქობინების რიცხვი, რითაც შეანელა გამალებული ბირთვული შეიარაღების ტემპი.

1979 წელს ვენაში ამ ხელშეკრულების „გაუმჯობესებულ “ ვარიანტს, SALT II-ს, იგივე ОСВ-II-ს მოაწერეს ხელი, რომელიც დამატებით ბირთვული იარაღის კოსმოსში განთავსებას კრძალავდა.

1991 წლის ბოლოს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საჭირო გახდა ამ ხელშეკრულების განახლება, რომელშიც საბჭოთა მემკვიდრედ გამოდიოდა რუსეთის ფედერაცია, რომელმაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიებიდან სტრატეგიული დანიშნულების (მანამდე ტაქტიკური დანიშნულების) სარაკეტო შეიარაღება და ბირთვული ქობინები თავისთან გადაზიდა, რაც ასევე აწყობდათ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს, რათა თავი არ ეტეხათ უკრაინაში, ბელორუსსა თუ ყაზახეთში დარჩენილი ყოფილი საბჭოთა ბალისტიკური რაკეტებისა და მითუმეტეს, ბირთვული მუხტების ირანისა ან ჩრდილო კორეის არსენალში აღმოჩენის საფრთხეზე; ან უფრო უარესი - კორუმპირებული ყოფილი საბჭოთა გენერლებისაგან თერმობირთვული ბომბი „მერსედესის“ ლიმუზინის ფასად რომელიმე საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციას არ ჩაეგდო ხელში.

შესაბამისად, 1994 წლის დეკემბრიდან აშშ-სა და რუსეთის ფედერაციას შორის ამოქმედდა „სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირების“ ხელშეკრულება START (რუსულად СНВ-I), რომლის თანახმადაც, თითოეულ მხარეს 6 ათასზე მეტი სტრატეგიული დანიშნულების (ამ რიცხვში არ შედიოდა ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული მუხტები) ბირთვული ქობინი არ უნდა ჰქონოდა, ხოლო უკრაინაში, ბელორუსსა და ყაზახეთში დარჩენილი სტრატეგიული ბირთვული შეიარაღება ლისაბონის პროტოკოლის თანახმად რუსეთში გადაიზიდებოდა.

1993 წელს აშშ-რუსეთის ფედერაციას შორის ასევ გაფორმდა ხელშეკრულება START II (რუსულად СНВ-II), რომელიც ინდივიდუალური დამიზნების ბირთვული ქობინებით აღჭურვილი სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტების აკრძალვას ითვალისწინებდა, მაგრამ ეს ხელშეკრულება არ ამოქმედებულა, რადგან კრემლმა ის რუსეთისთვის წამგებიანად ჩათვალა.

samx2-1699827762.jpg
მიწისქვეშა ბირთვული გამოცდები შეიძლება ისევ განახლდეს...

2010 წელს ვაშინგტონმა და მოსკოვმა ახალ, START III (რუსულად СНВ-III) ხელშეკრულებას, „სტრატეგიული შემტევითი შეიარაღების შემდგომი შემცირებისა და შეზღუდვის შესახებ“ მოაწერეს ხელი, რაც სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული ქობინების 1 500-მდე, ხოლო მათი გადამტანი საშუალებების (საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები, წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტები და მძიმე ბომბდამშენები) 700-მდე შემცირებას ითვალისწინებდა თითოეული მხარისთვის.

ამ ათწლიანი შეთანხმების კიდევ ხუთი წლით, 2026 წლამდე გაგრძელებას, მართალია, 2021 წელს ხელი მოაწერეს მოსკოვში, მაგრამ 2023 წლის 21 თებერვალს, ანუ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთი წლისთავზე, პრეზიდენტმა პუტინმა ამ ხელშეკრულებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერება გამოაცხადა.

მსოფლიოსთვის სასიცოცხლოდ არანაკლებ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებაა "ბირთვული გამოცდების ატმოსფეროში, კოსმოსურ სივრცესა და წყლის ქვეშ აკრძალვა", რომელსაც 1963 წელს მოაწერეს ხელი მოსკოვში საბჭოთა კავშირმა, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა.

1945 წლიდან 1963 წლის ჩათვლით აშშ-მა, საბჭოთა კავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მიწის ზემოთ, ატმოსფეროში, წყალზე, წყლის ქვეშ (ხოლო ვაშინგტონმა და მოსკოვმა კოსმოსშიც კი) რამდენიმე ასეული ატომური და თერმობირთვული საგამოცდო აფეთქება მოაწყვეს, რითაც უდიდესი დარტყმა მიაყენეს ჩვენი პლანეტის ეკოსისტემას.

ახალი ხელშეკრულება მხოლოდ მიწისქვეშა ბირთვული გამოცდების ჩატარებას უშვებდა. 1990 წელს საბჭოთა კავშირმა ბოლო მიწისქვეშა ბირთვული აფეთქება ჩაატარა, რის შემდეგაც მოქმედებს მორატორიუმი ასეთ გამოცდაზე, რასაც მთავარი ბირთვული ქვეყნები კი იცავენ, მაგრამ 1998 წელს ინდოეთმა და პაკისტანმა ერთმანეთის „ჯიბრზე“ ორ-ორი მიწისქვეშა ბირთვული გამოცდა ჩაატარეს, ხოლო ჩრდილოეთ კორეამ 2006 წლიდან არანაკლებ 11 მიწისქვეშა ბირთვული აფეთქება მოახდინა საკუთარი თერმობირთვული ქობინების შესაქმნელად.

1963 წლის ხელშეკრულების ბაზაზე 1996 წელს ამოქმედდა ხელშეკრულება "ბირთვული გამოცდების საყოველთაო აკრძალვის შესახებ", რომელზეც 2023 წლისათვის ხელი მსოფლიოს 187 ქვეყანას აქვს მოწერილი (საქართველოს 2002 წელს), თუმცა „ბირთვული კლუბის“ წევრები - ინდოეთი, პაკისტანი და ჩრდილოეთ კორეა უარს აცხადებენ მის ხელმოწერაზე.

და, აი, 2023 წლის 2 ნოემბერს მათ რიცხვს თვით რუსეთის ფედერაციაც შეუერთდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პუტინმა ამ ხელშეკრულების რატიფიცირება უკან გაიწვია.

მესამე - დიდი მნიშვნელობის სამხედრო-პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელზეც დიდადაა დამოკიდებული მსოფლიოში მშვიდობის დაცვა, წარმოადგენს „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ“ ხელშეკრულება, რომელიც 1990 წელს პარიზში გაფორმდა ნატოს წევრ 16 სახელმწიფოსა და ვარშავის პაქტის მონაწილე 6 ქვეყანას შორის.

ამ ხელშეკრულების თანახმად, ატლანტის ოკეანიდან ურალის მთებამდე, მდინარე ურალამდე და კასპიის ზღვამდე წესდებოდა შეზღუდვები ჩვეულებრივი შეიარაღების ხუთ ძირითად კატეგორიაში - ნატოსა და ვარშავის პაქტს ცალ-ცალკე შეიძლება ჰქონოდათ ტანკების (40 ათასი), საბრძოლო შეჯავშნული მანქანების (60 ათასი), 100 მმ-ზე მსხვილი არტილერიის (40 ათასი), დამრტყმელი შვეულმფრენებისა (4 ათასი) და საბრძოლო თვითმფრინავების (13 600) კონკრეტულ რაოდენობაზე არაუმეტესი შეიარაღება.

მაგრამ მალე ჯერ ვარშავის პაქტი დაიშალა (მისი ხუთი ყოფილი წევრი იქით შევიდა ნატოს რიგებში), რასაც საბჭოთა იმპერიის დამხობაც მოჰყვა და მის ადგილზე დამოუკიდებელი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები გაჩნდნენ. ამიტომაც 1999 წელს სტამბოლის სამიტზე ამ ხელშეკრულების ადაპტაციის აუცილებლობა შეიქნა, რაც ზუსტად გადაანაწილებდა მასში მონაწილე ქვეყნებს შორის (მათ შორის ჩვენი საქართველოსთვისაც) ჩვეულებრივი შეიარაღების კვოტებს.

2007 წლის ნოემბერში კრემლმა ოფიციალურად შეაჩერა ამ ხელშეკრულებაში რუსეთის მონაწილეობა. მოსკოვმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ ამ ხელშეკრულების კვოტების დარღვევით მნიშვნელოვნად გაეზარდა მძიმე შეიარაღების რიცხვი ჩრდილოეთ კავკასიაში, საქართველოზე სამხედრო შეტევის დაწყების წინ, რაც გამოჩნდა კიდეც აგვისტოს ომის დროს, როდესაც ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაციის დროს იმდენი რუსული საბრძოლო ტექნიკა შემოიჭრა ქართულ მიწაზე, რომლის ამ რაოდენობით საქართველოს ჩრდილოეთ საზღვართან თავმოყრის უფლება ზემოხსენებული საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად მოსკოვს არ ჰქონდა.

ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რუსეთს ამ ხელშეკრულებაზე მორატორიუმი ჰქონდა გამოცხადებული, აგვისტოს ომის შემდეგაც, 2011 წლის ჩათვლით, რუსეთი ოფიციალურად იღებდა ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ საბრძოლო ტექნიკის რაოდენობისა და დისლოკაციის ადგილებზე, რომლებსაც საერთაშორისო ვერიფიკატორები წელიწადში რამდენჯერმე გვიმოწმებდნენ.

2023 წლის 29 მაისს პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა „"ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ" ხელშეკრულების დენონსაციას - რუსეთმა ამ მხრივაც შეწყვიტა თანამშრომლობა ნატოსთან.

შესაბამისად, კრემლის საპასუხოდ 2023 წლის 7 ნოემბრიდან ნატოს წევრმა ქვეყნებმა დროზე ადრე შეაჩერეს თავიანთი მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან ხელშეკრულებაში.

რას მოუტანს „მეორე ცივი“ ომის პერიოდში შესულ მსოფლიოს სტრატეგიული ბირთვული შეიარაღებისა და ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლის მექანიზმების მოშლა და ბირთვული გამოცდების შესაძლო აღდგენა? ხომ არ ემსგავსება დღევანდელი მსოფლიო იმ განუკითხაობის ჟამს, რაც ქართველებმა 90-იან წლებში გამოვიარეთ, როდესაც ქვეყანას ათასი ჯურის ავტომატიანები მართავდნენ?

„მსოფლიო პოლიციელი“ ზესახელმწიფო ან სახელმწიფოთა ჯგუფი, რომელიც მსოფლიოს უდიდეს ნაწილში რაღაც კანონებით დაარეგულირებდა წესრიგს, აღარ არსებობს. დედამიწა ომებმა მოიცვა. ამჟამად ჩვენს პლანეტაზე არანაკლებ 55 დიდი და მცირე მასშტაბის ომი და შეიარაღებული კონფლიქტი ერთდროულად მიმდინარეობს და ახალი ფრონტების გახსნაზე ზოგიერთი ქვეყანა უკვე „რიგში“ დგას.

და ასეთ დროს ბირთვულ და ჩვეულებრივ შეიარაღებაზე წლობით მეტ-ნაკლებად წარმატებით მოქმედი მექანიზმების სრული მოშლა ჩვენს პლანეტას მესამე, ამჯერად ბირთვული ომის შესაძლო გაჩაღების დიდი საფრთხის წინაშე აყენებს.