ამ სასტიკი მკვლელობებისთვის არავინ დასჯილა!
"კირბალში საოკუპაციო ხაზთან მკვლელობამ მთელი საქართველო აღაშფოთა. თამაზ გინტურის სიცოცხლე ქვეყნის სიყვარულსა და თავისი სალოცავის ნახვის სურვილს შეეწირა. მისთვის ზურგში ნასროლი ოკუპანტების ორი ტყვია მათი დიდი დანაშაული და სირცხვილია. ღმერთმა ნათელში ამყოფოს თამაზ გინტურის უკვდავი სული და სამშობლოსათვის მებრძოლთა თანა სავანე მართალთა დაუმკვიდროს. მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კი მომადლოს ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა მარადიული ცხოვრებისა, რომლის თანაზიარიც თამაზი უკვე გახდა", - ასე უსამძიმრებს უწმინდესი ილია II თამაზ გინტურის ოჯახს. რუსი ოკუპანტის მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახში სამძიმარზე უამრავი ადამიანი მივიდა, მათ შორის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ხელისუფლების წარმომადგენლები. თამაზ გინტური შაბათს, 11 ნოემბერს დაკრძალეს. ცხედარი გორში, ეკლესიაში ესვენა, უამრავი ადამიანი მივიდა დაკრძალვაზე, რის შემდეგ გორიდან ისევ მშობლიურ სოფელში გადაასვენეს და სოფელ კირბალის სასაფლაოზე დაკრძალეს - იქ, სადაც იმყოფებოდა იმ საბედისწერო დღეს. მთელი მსოფლიო გამოეხმაურა ამ შემზარავ ფაქტს და დაგმო. კირბალში მცხოვრები თამაზ გინტური 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა, კარალეთის სპეცრაზმის ყოფილი წევრი, ერთხანს პოლიციაშიც მუშაობდა. ის ყოველთვის იდგა ქვეყნის სადარაჯოზე.
შეგახსენებთ, 6 ნოემბერს ოკუპანტებმა ლომისას ტაძარში სანთლის ასანთებად ასულ თამაზ გინტურს ზურგში ორი ტყვია დაახალეს, მძიმედ დაჭრილი თავისი მანქანის ღია საბარგულში მოათავსეს და ტაძრიდან მოშორებით, საზღვართან ახლოს დატოვეს. გინტურის თანამგზავრმა ლევან დოთიაშვილმა მოახერხა ახლობლებთან დარეკვა, რომ თამაზი დაჭრილი იყო და თვითონ ცხინვალში მიჰყავდათ. სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილას მივიდა, მაგრამ თამაზ გინტური სისხლისგან დაცლილი დახვდათ...
ტრაგედიის დღესვე ერგნეთში საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით საგანგებო შეხვედრა გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. თბილისმა საოკუპაციო ძალების წინაშე ორი საკითხი დააყენა, კერძოდ, მოითხოვდნენ გატაცებული ლევან დოთიაშვილის უპირობო გათავისუფლებას და თამაზ გინტურის მკვლელების დასჯას...
თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო კა-გე-ბემ განცხადება გამოაქვეყნა: "სასაზღვრო პატრულმა ავტომანქანაში საზღვრის ორი დამრღვევი აღმოაჩინა, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. დაკავების მცდელობისას მათ წინააღმდეგობა გასწიეს, რაც საფრთხეს უქმნიდა მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. დამნაშავეებმა ნაჯახი გამოიყენეს. მოგვიანებით მათ სცადეს მანქანით გადაევლოთ მესაზღვრისთვის და შემდეგ საქართველოში გამგზავრებულიყვნენ... ამ უკანონო ქმედებების ჩასახშობად და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის თავიდან ასაცილებლად, მესაზღვრეებმა ჰაერში გაფრთხილების მიზნით ისროლეს და კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობის შემდეგ ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანის საბურავებს", - ნათქვამია განცხადებაში. მათივე ცნობით, სროლის შედეგად ერთ-ერთი მძიმედ დაიჭრა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით ქართულ მხარეს გადაიყვანეს, მეორე კი დააკავეს...
"მათი მიზანი მკვლელობა იყო"
9 ნოემბერს ქართულმა მხარემ ლევან დოთიაშვილის გათავისუფლება შეძლო. ლევანი ამბობს, რომ მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია, რადგან მის თვალწინ მოკლეს თამაზ გინტური. თავად ლევანს სახეზე ეტყობა ნაიარევი, როგორც ირკვევა, მას ოკუპანტებმა ცხინვალში წაყვანამდე სცემეს კიდეც. დოთიაშვილმა ჟურნალისტებთან ის საბედისწერო დღე გაიხსენა:
"ეკლესიის ეზოში რომ ავედით, კარი გავხსენით. რომ გამოვდიოდით ტერიტორიიდან, მოვიდა მხოლოდ ერთი რუსი ჯარისკაცი და პირველი გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა. მას მე დავუძახე, არ გინდათ სროლა, მოვრიგდეთ-მეთქი. ჩვეულებრივად დაწყნარდა რუსი ჯარისკაცი, ვილაპარაკეთ. კამერა მაქვს ჩართულიო... ამ დროს თამაზმაც დაუწყო ლაპარაკი, ჩვეულებრივად ელაპარაკებოდა, არანაირი აღელვება, არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა. ამის შემდეგ თამაზმა მითხრა, დაჯექი მანქანაშიო, მეც დავჯექი, თამაზი და მესაზღვრე საუბრობდნენ, მერე თამაზი წამოვიდა მანქანისკენ, არც ფეხი აუჩქარებია, არც არაფერი. დაჯდა და როგორც კი დავძარით მანქანა, გავიარეთ სამი მეტრი და ეგრევე საბურავებში გვესროლა, სროლა-სროლით მოგვდევდა ეს რუსი. გავიარეთ 15-20 მეტრი და თამაზმა თქვა, დამჭრაო. მანქანა ავტომატურად გაჩერდა, მე გადმოვხტი, თამაზი გადმოვიყვანე, მერე ის რუსი ჯარისკაციც მომეხმარა მის გასწორებაში. მე მას ვუთხარი, უფლება მომეცი, რომ სასწრაფოში დავრეკო-მეთქი. თამაზის ტელეფონი ავიღე, დავრეკე სასწრაფოში და ვუთხარი, ამა და ამ ადგილას ვართ და დროზე მოდით, კაცი დაჭრილია-მეთქი, შემდეგ ამ ნომერზე დარეკა პოლიციამ, მათაც ადგილი ვუთხარი... ამის შემდეგ უკვე შვიდი ჯარისკაცი მოვიდა და ერთ-ერთმა მე დამარტყა, მიწაზე დამაწვინა, თამაზს დაუწყეს ლეიკოების დადება. ამ დროს მე უკვე ბორკილები დამადეს და წამიყვანეს ტყის მიმართულებით. მერე მე თამაზი აღარ მინახავს. გზაში როცა მივყავდით, იყო შეურაცხყოფა, დარტყმაც. ერთი იყო, ვინც მირტყამდა, ხან კონდახით, ხან ხელით... დავინახე ვინც ესროლა თამაზს ტყვია, პოლიციაში ვნახე მათი ფოტოებიც, ყველა დავათვალიერე, მაგრამ ვერც ერთი ვერ ვიცანი. ვინც იქ პირველად იყო, მარტო იმან ისროლა, დანარჩენი 7 ამოვიდა 5-6 წუთის მერე. სროლის შემდეგ თამაზი რომ გადმოვიყვანეთ, სასწრაფოში რომ დავრეკე და ყველას რომ გავაგებინე, ამის შემდეგ მოვიდნენ სხვები და მეც წამიყვანეს..."
ლევან დოთიაშვილი ვარაუდობს, რომ ოკუპანტმა რაციაზე საუბრის შემდეგ მიიღო მათთვის ცეცხლის გახსნის ბრძანება: "ის რაციაზე საუბრობდა... რომ ეთქვა, გაჩერდით, არ წახვიდეთო, ასეთი რამ არ ყოფილა. მერე მოდიოდა სროლა-სროლით, ბევრი გაისროლა. ჩვენ ნამდვილად არ გაგვიგია, რომ ეთქვა, გაჩერდითო. ვფიქრობ უთხრეს, რომ ესროლა. თავიდანვე მოვიდა თუ არა, გამაფრთხილებელი გაისროლა, მაგრამ იმის მერე ვისაუბრეთ, მერე უცებ მოხდა ეს... თამაზს ორი ტყვია აქვს მოხვედრილი, მე თვითონ ვნახე ის ნატყვიარი ზურგში, ხერხემლის არეში. ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო. მხოლოდ ეს თქვა, დამჭრაო. რომ ვკითხე, დიმიტრიჩ, მოგარტყა-მეთქი, ხოო, თქვა და ეს იყო...
თამაზი ჩემს ხელში უკვე დაღუპული იყო, სასწრაფო რომ მოვიდა, ის გარდაცვლილი იყო. პირდაპირ სროლით მოდიოდა ის. ჩვენს უკან ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა, მიზანი მკვლელობა იყო, აბა სათამაშოდ ხომ არ მოდიოდა, - ამბობს ლევანი და დასძენს, - ცხინვალის ციხეში ყოველდღე გავყავდი დაკითხვაზე. ვერ ვიტყვი, რომ შეურაცხყოფას მაყენებდნენ და ზეწოლა იყო. თუ ნერვიულობ, დაწყნარდი, წყალი ხომ არ გინდაო, მეუბნებოდნენ. სანამ მივედით, მანამდე იყო ძალადობა, ოღონდ იმათთვის არ მითქვამს, რომ გზაში ხელი დამარტყეს, წავიქეცი და ეგ არის-მეთქი... თავიდან ვიყავი ღრომში, მერე ცხინვალში. ღრომში დამკითხეს. მეკითხებოდნენ, რა მოხდა, ყველანაირად გიტრიალებენ კითხვას. თვითონაც გაუკვირდათ, ალბათ, ეგეთი რამე არ მომხდარა... მამშვიდებდნენ, მეუბნებოდნენ, წყალი ხომ არ გინდაო. სანამ ადგილამდე მივედი, მანამდე იყო ფიზიკურად შეხება, ძირითადად სახეში მირტყეს. თავიდან სოფელ ღრომში გადამიყვანეს, მერე ცხინვალში..."
ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი სავარაუდო მკვლელებს ასახელებს. როგორც მისი ძმა ამბობს, ეს ინფორმაცია მას სანდო წყარომ მიაწოდა. მისი თქმით, ეს პირები, სავარაუდოდ არიან ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო. ფაქტზე გამოძიება გრძელდება.
ოკუპანტის ტყვიას შეწირულნი
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ოკუპანტების ტყვიას უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ. შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, წლების განმავლობაში ოკუპანტებმა არაერთი ქართველი აიყვანეს მძევლად. 2009 წელს ოკუპირებულ გალში დაჭრეს ზურაბ ბოხუა, 2010 წელს სასტიკად აწამეს და მოკლეს ბესიკ ანჯაფარიძე, რომლის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია გაგზავნილი სხვა საქმეებთან ერთად. ალბათ, ბევრს ახსოვს 2011 წელს გალში საკუთარი საცხოვრებლიდან გატაცებული ნიკა ჯონჯუას წამებით მკვლელობაც, იმავე წლის 18 მაისს კი საჩხერის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ ცეცხლი გაუხსნეს სოფელ ჭალოვანში მცხოვრებ 5 ახალგაზრდას. დიდი ხმაური მოჰყვა 2014 წლის 4 ივნისს ოკუპირებულ ახალგორში 19 წლის დავით ბაშარულის სიკვდილს. ის დააკავეს, ახალგორის მილიციის განყოფილებაში წაიყვანეს და სასტიკად გაუსწორდნენ. ბაშარულს დიდხანს ეძებდა ოჯახი და ხელისუფლება. ის მხოლოდ 2015 წლის 5 იანვარს იპოვეს ტყეში ხეზე ჩამოკიდებული. რა თქმა უნდა, ამ დანაშაულისთვის პასუხი არავის უგია, არც დამნაშავეების ვინაობაა ცნობილი. არ დასჯილა 30 წლის გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობისთვის ბრალდებულიც. მისი ვინაობა ცნობილია. ოთხოზორია აფხაზეთისა და სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტზე, 2016 წლის 19 მაისს რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა. ქართულმა მხარემ დააყენა მკვლელის დასჯის საკითხი, მაგრამ უშედეგოდ. მოგვიანებით ქართველმა სამართალდამცავებმა ეს საქმე გამოიძიეს, რაშიდ კანჯი-ოღლი გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს და მას დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა მიესაჯა. ის საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდა. დაუსჯელი არიან არჩილ ტატუნაშვილის მკვლელებიც. 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს საოკუპაციო ხაზთან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილთან ერთად. 23 თებერვალს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია და იარაღი წაართვა, მისი განეიტრალების მიზნით ძალის გამოყენებისას კი კიბეზე დაგორდა და მოგვიანებით ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 26 დღის შემდეგ გადასცეს. ექსპერტიზით გაირკვა, რომ მას სხეულის სხვადასხვა მიდამოში 100-ზე მეტი დაზიანება აღენიშნებოდა. პროკურატურის ინფორმაციით, ის 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო აწამეს.
პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ რეზოლუციაც დაამტკიცა. სიაში შეყვანილია 33 პირი, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს, თუმცა არც ერთი მათგანი დასჯილი არ არის. 2018 წელს რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში გაიგზავნა საჩივარი, სადაც დეტალურად აღწერილია ოკუპანტების ჩადენილი ყველა უმძიმესი ფაქტი.
"რუსეთი თავხედი, უტიფარი და მკვლელია! "
პაატა ზაქარეიშვილი, ექსპერტი:
- კირბალში მკვლელობა რუსეთის ოკუპაციის გაგრძელებაა. ამ ქმედებამ უფ-რო მეტად დაარწმუნა ევროკავშირი, რომ საჭიროა საქართველოს დახმარება. ამ დანაშაულით უფრო მეტად დაკარგა რუსეთმა რეპუტაციული ფასი იმ ხალხშიც კი, რომელსაც რუსეთის იმედი აქვს. ყველამ ვიცით, როგორ სასტიკად უსწორდებიან წლების განმავლობაში ოკუპანტები ქართველებს - გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილს, ბაშარულსა და სხვებს. ახლაც ვიღაც გარეწარმა ჩათვალა, რომ შეეძლო ადამიანი მოეკლა და მოკლა. სამწუხაროდ, ამაზე ოკუპანტების ხელმძღვანელობა პასუხს არ აგებს. სინანული მაინც გამოთქვან. ბრძანება აქვთ, თუ არ დაგემორჩილებიან, დახოცეთო, და ხოცავენ ქართველებს. ამბობენ, თითქოს თამაზ გინტური ნაჯახით ამტვრევდა ეკლესიის კარს, თითქოს მათ მოწოდებას არ დაემორჩილა... ეს ამაზრზენი, ყოვლად მიუღებელი არგუმენტია. რომც ყოფილიყო ნაჯახით, ის საფრთხეს არ წარმოადგენდა შეიარაღებული ოკუპანტებისთვის. კაცი ხსნიდა ტაძრის უკანონოდ ჩაკეტილ კარს - ლომისა ქართული ტაძარია და არ არსებობს მოტივი, რის გამოც ადამიანი უნდა მოეკლათ. ადამიანები სალოცავად შედიან ტაძარში, მათ სამხედრო ნაწილში შეცვივდნენ თუ რა? სამშვიდობო პროცესის მოდუნების გამო ეს საქართველოს პოლიტიკის კრახია. რუსეთი თავხედი, უტიფარი და მკვლელია. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენი ხელისუფლების ლოიალური დამოკიდებულება უარესის მომტანია, უფრო სასტიკები ხდებიან.
- საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ უფრო ხომ არ გაძლიერდება მათი აგრესია?
- დიახ, შეიძლება უფრო გაძლიერდეს და საოკუპაციო ხაზების გამყარება დაიწყონ ისევ მავთულხლართებით, შეიძლება ადამიანების გატაცებაც უფრო გახშირდეს. რამდენი ადამიანი მოკლეს, რამდენი გაიტაცეს, არავინ დასჯილა. "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი "ნაცმოძრაობას" დააბრალა. იმდენი სინდისიც არა აქვთ, რომ მუდმივად არ იძახონ "ნაცმოძრაობაო". მათ თავიანთი ცოდვებიც ეყოფათ. მე "ნაცმოძრაობის" დიდი მოწინააღმდეგე ვარ, მაგრამ ამდენი ხანია ხელისუფლებაში ხარ და კიდევ წინა ხელისუფლებაზე ლაპარაკობ?
- ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს?
- დიდი სიფრთხილე გვმართებს, მაგრამ ასეთი მძიმე დანაშაულების დროს მკაფიოდ გამოკვეთილი პოზიციები უნდა გვქონდეს. აგერ, აზერბაიჯანმა თურქეთი ამოიყენა გვერდში, როგორც სანდო სახელმწიფო. ჩვენც უნდა გვქონდეს კავშირი თურქეთთან, რათა რუსეთმა დაინახოს, რომ არ ვართ მარტო. უნდა გვქონდეს რაც შეიძლება მეტი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ხელშეკრულებები. ევროკავშირი ჩვენთან არის, სადამკვირვებლო მისიაც. მათ უნდა ვუთხრათ, რომ გვჭირდება ევროკავშირის სამხედრო ძალები, რომ რუსებმა უნდა გაიყვანონ ჯარები. მათ ხელი მოაწერეს 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებას და ეს უნდა შევახსენოთ მუდმივად მსოფლიოსა და რუსეთს, მაგრამ ვდუმვართ. ის ერთი თვე, რაც გვაქვს დეკემბრამდე, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ "ქართულმა ოცნებამ" გამაოგნებელი რაღაც ჩაიდინოს, რუსული კანონის მსგავსი, რათა ევროკავშირი იძულებული გახდეს არ მოგვცეს სტატუსი.
- ამდენი უდანაშაულო ადამიანი მოკლეს ოკუპანტებმა, ოდესმე დაისჯებიან დამნაშავეები?
- არც ერთი საქმე ბოლომდე გამოძიებული არ არის. ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის საქმეებში ცნობილია მკვლელების ვინაობა, მაგრამ არ დასჯილან. ბაშარულის საქმეში მკვლელი არ ჩანს, ის გატაცებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს. ყველამ იცის, რომ თავს არ მოიკლავდა. ახლა გინტური მოკლეს. უნდა იხმაურონ ამ ფაქტებზე, სხვა გზა არ არის. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი იურისდიქცია არ გავრცელდება. არ ვრცელდებოდა არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის დროს. დამნაშავეები იმალებიან იმ ტერიტორიაზე. ეს არის ომის, ოკუპაციის უბედურება. უნდა დააპატიმრონ მაშინვე, თუ გამოვლენ იმ ტერიტორიიდან. ჩვენი სამხედროები დგანან საზღვრებთან ევროკავშირთან ხელმოწერილი შეთანხმების შესაბამისად. რუსებმა კარგად იციან, სად დგანან ისინი და ბოროტებას ჩაიდენენ იქ, სადაც ნაკლები მოწმე ეყოლებათ.