ბრძოლა საქართველოსთვის ევროკავშირსა და რუსეთს შორის ანუ რატომ "გაუსკდა" კრემლს "სიყვარულის ბუშტი" თბილისის მიმართ - Financial Times - კვირის პალიტრა

ბრძოლა საქართველოსთვის ევროკავშირსა და რუსეთს შორის ანუ რატომ "გაუსკდა" კრემლს "სიყვარულის ბუშტი" თბილისის მიმართ - Financial Times

ბრიტანულ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „რუსეთი და ევროკავშირი საქართველოს გამო ერთმანეთს უპირისპირდებიან“ (ავტორი - ტონი ბარბერი). მასალაში განხილულია საქართველოს პერსპექტივა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით: რა პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას ევროინტეგრაციის გზაზე და რა უნდა გააკეთოს თბილისმა მათი მოგვარების მიზნით.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„როგორც უკვე ცნობილია, ბრიუსელში, ევროკომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოს მიეცა რეკომენდაცია, რომ ევროკავშირის ლიდერებმა სამხრეთკავკასიურ სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. რეკომენდაციებში საკვანძო პირობას წარმოადგენს ის, რომ საქართველომ რეფორმები უნდა განახორციელოს ევროკავშირის წევრად მისაღებად.

რა თქმა უნდა, სიტუაციას რეალურად უნდა შევხედოთ. როგორც არ უნდა სურდეს საქართველოს ევროკავშირში წევრობა, მისი გზა საკმაოდ ბევრი დაბრკოლებებით იქნება სავსე - როგორც საშინაო, ისე - საგარეო თვალსაზრისით. ზოგიერთი მათგანი ისეთი მნიშვნელოვანია, რომ გონივრული იქნება, დავსვათ კითხვა - გახდება თუ არა საქართველო ოდესმე ევროკავშირის წევრი?

ომები სამეზობლოში

საქართველო თავისი მდგომარეობით ბევრად განსხვავდება სამხრეთკავკასიური მეზობლებისაგან - სომხეთისგან და აზერბაიჯანისაგან. ამ ორმა სახელმწიფომ ერთმანეთთან ომი ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყეს, რომელიც ახლახან აზერბაიჯანის წარმატებით დასრულდა, ანკლავ მთიანი ყარაბაღის გაკონტროლებით. ომის შედეგად ანკლავის სომხური მოსახლეობა გაიქცა.

პოსტკომუნისტური საქართველოს საომარი გამოცდილება კი განსხვავებულია: 2008 წლის აგვისტოში რუსეთის არმიის შეჭრამ ქართული სახელმწიფო, ფაქტობრივად, ორ ნაწილად გაჰყო, მოსკოვმა „დამოუკიდებლად“ „აღიარა“სეპარატისტული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“, სინამდვილეში კი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია განახორციელა.

რუსეთის თავდასხმის ნეგატიური შედეგები დღემდე არ გამქრალა და საქართველოს ევროკავშირის სამომავლო წევრობასთან დაკავშირებით, ამ ფაქტორს შორს მიმავალი სავარაუდო უარყოფითი შედეგები შეიძლება ჰქონდეს. შეუძლია თუ არა ან ვალდებულია თუ არა ევროკავშირი, თავის შემადგენლობაში წევრად მიიღოს ისეთი ქვეყანა, რომლის ტერიტორიის ნაწილი მტრულად განწყობილ მეზობელს აქვს ოკუპირებული? იგივე პრობლემის წინაშე დგანან მოლდოვაც და უკრაინაც.

კვიპროსი - არასასიამოვნო პრეცედენტი

ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არსებობს კვიპროსის პრეცედენტი, რომელიც ევროკავშირის წევრია, მაგრამ მისი ნახევარი - ჩრდილოეთი ნაწილი თურქეთის მიერ არის ოკუპირებული. ფორმალურად არსებობს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, რომელიც დამოუკიდებლობა მხოლოდ თურქეთს აქვს აღიარებული.

ორად გაყოფილი კვიპროსი ევროკავშირისათვის პრობლემატური ქვეყანაა და ხელს უშლის საერთო პოლიტიკის შემუშავებას და გადაწყვეტილებების მიღებას. კვიპროსელი ლიდერები [ოკუპანტ] თურქეთთან დამოკიდებულების საკითხით ხშირად სუბიექტურად სარგებლობენ და ევროკავშირს გარკვეულ მოთხოვნებს უყენებენ.

რისკი იმით გამოიხატება, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, რომლებიც ევროკავშირის წევრები გახდებიან, ხმის უფლებით და გარკვეული არაფორმალური გავლენებით, იმავეს გააკეთებენ, რასაც კვიპროსი აკეთებს ანუ დაიწყებენ ლაპარაკს ოკუპანტთან - რუსეთთან ურთიერთობის პრობლემებზე და ბრიუსელს პრეტენზიებს წაუყენებენ.

აშკარაა, რომ ბევრი ევროკავშირელი ლიდერი, რომლებიც თბილ სიტყვებს არ იშურებენ ამ სამეულის მხარდასაჭერად, პარალელურად, შეშფოთებულნიც არიან: ევროკავშირის წევრები ხდებიან ისეთი ქვეყნები, რომელთა ტერიტორია ნაწილობრივ მტრის მიერ არის ოკუპირებული.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პროდასავლურად არის განწყობილი. ძალიან მაღალია ევროკავშირში გაწევრებისადმი საზოგადოებრივი მხარდაჭერაც. სწორედ ეს განასხვავებს საქართველოს სომხეთისა და აზერბაიჯანისაგან, რომლებსაც ჯერ განაცხადიც არ წარუდგენიათ ევროკავშირში გაწევრების მიზნით.

„ჩვენი პასუხი... პუტინს“

როცა ევროკომისიამ ბრიუსელში თავისი ვერდიქტი გამოაცხადა საქართველოსთვის რეკომენდაციის მიცემაზე, თბილისში ამ დროს ბევრი რუსეთთან ურთიერთობის პრობლემაზე ფიქრობდა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელის მხარდაჭერა მაღალ დონეზე შეაფასა და მომხდარ ფაქტს ასე უწოდა - „ჩვენი პასუხი რუსეთს და რუსულ ოკუპაციას“.

მაგრამ აშკარაა, რომ დღეს კრემლის გავლენა საქართველოზე საკმაოდ ძლიერია, განსაკუთრებით - რუსეთ-უკრაინის ომის გამო. გასულ თვეში ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთი ამ სეპარატისტული რეგიონის შავი ზღვის სანაპიროზე ახალ სამხედრო-საზღვაო ბაზას შექმნის.

საქართველოსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პრობლემა გააჩინა იმ ფაქტმაც, რომ თბილისს არ სურს ოლიგარქ ოთარ ფარცხალაძის (ყოფილი გენპროკურორის) აქტივების გაყინვა, რომლის მიმართ აშშ-მა სანქციები გამოაცხადა (სავარაუდოდ, ოლიგარქს რუსეთის სადაზვერვო სპეცსამსახურთან აქვს კავშირები).

„რუსეთის ხელი“: სიყვარულით და... უსიყვარულოდ

რუსეთი საქართველოს მიმართ სიყვარულს იჩენს: მოულოდნელად გამოაცხადა უვიზო რეჟიმი და უფრო მეტიც - ქართველი აბიტურიენტები რუსულ უმაღლეს სასწავლებელებში ცოდნის მისაღებად მიიწვია და მათ უფასო სწავლება აღუთქვა.

მოკლედ რომ ვთქვათ, რუსეთი ევროკავშირთან კონკურენციას იწყებს და საქართველოს მიმართ „მათრახსაც იყენებს და თაფლაკვერსაც“, თავისი გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად. „მათრახად“ ამ შემთხვევაში შეიძლება დიმიტრი მედვედევის განცხადება მივიჩნიოთ (2008 წლის ომის დროს იგი რუსეთის პრეზიდენტი იყო), რომლის თანახმად, კრემლს შეუძლია, ოფიციალურად მოახდინოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ანექსია და მათი რუსეთის შემადგენლობაში მიღება.

უნგრეთის ხელი: მეგობრული...

ევროკავშირის წევრობის გზაზე ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ისაა, რომ კანდიდატმა ქვეყანამ თავისი საგარეო პოლიტიკა ბლოკის პოლიტიკის მსგავსად უნდა ააწყოს. თბილისთან მიმართებით ბრიუსელის წარმომადგენელმა მაისში გამოთვალა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა 2022 წლის მდგომარეობით 44%-ით ემთხვეოდა ევროკავშირის კურსს, მაგრამ 2023 წლის მდგომარეობით 31%-დე შემცირდა.

საინტერესოა, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში შეიძლება გვერდითი მოვლენებიც გაჩნდეს: თქვენ წარმოიდგინეთ, რომ თბილისის ევროპული განაცხადის ერთ-ერთი ყველაზე გულანთებული მხარდამჭერია, არც მეტი, არც ნაკლები, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც, ბრიუსელის თვალსაზრისით, ყველაზე პრეტენზიანი და შფოთისთავი ლიდერია ევროკავშირის წევრებს შორის. ვიქტორ ორბანს ბრიუსელთან დავა აქვს ყველაფერზე - დემოკრატიისა და კანონის უზენაესობით დაწყებული, უკრაინასთან პრეტენზიებით და რუსეთთან კეთილგანწყობით დამთავრებული. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აშკარად თვლის, რომ საქართველო ბიძინა ივანიშვილის ან მისი მსგავსი რომელიმე პიროვნების ლიდერობით უნგრეთისათვის სასარგებლო მომხრე იქნება ევროკავშირში. რატომ? იმიტომ, რომ...

ქართული დემოკრატია უკან იხევს

ვიქტორ ორბანის ენთუზიაზმის მიზეზები საქართველოს მიმართ მხოლოდ თბილისის მთავრობის რუსოფილური მიდრეკილებით არ განისაზღვრება: ორივე ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული იმ ფაქტით, რომ საქართველოში, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გავლენით, დაქვეითდა როგორც დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების სტანდარტები, ასევე - პატივისცემაც კანონის უზენაესობისადმი.

განსაკუთრებულ დავას იწვევს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ამას წინათ შეტანილი დამატებები, რომლებიც ვითომდა სიძულვილის გაჩაღების წინააღმდეგ არის მიმართული, მაგრამ ამ შესწორებებით იმავდროულად შეიძლება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაც, მით უმეტეს, რომ საქართველოში არ არსებობს ძლიერი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოები.

და ბოლოს, ქართველმა კანონმდებლებმა სცადეს პრეზიდენტისათვის იმპიჩმენტი მოეწყოთ, თითქოსდა, იგი პრეზიდენტის უფლებამოსილებას აჭარბებსო, მაგრამ საეჭვოა, რომ საქართველოს ხელისუფლების ასეთმა მოქმედებამ ევროკავშირში მოწონება ჰპოვოს: სალომე ზურაბიშვილი დასავლურ დედაქალაქებში და პროდასავლურად განწყობილ ქართველებს შორის პატივიცემით სარგებლობს - როგორც გაბედული ქალი-პოლიტიკოსი, რომელიც ლიბერალური დემოკრატიის პრინციპების ერთგულია.

წინ რთული გზაა

მთლიანობაში, როგორც ჩანს, არსებობს ბევრი მიზეზი, რომ ევროკავშირში ეჭვი შეეპაროთ - მართლაც შეეცდება თუ არა საქართველო რაიმე პროგრესის მიღწევას ევროკავშირის წევრად მიღების კრიტერიუმების შესრულებაში, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით.

ახლა, როცა ევროკომისიამ საქართველოს დადებითი რეკომენდაცია მისცა, ბურთი ევროკავშირის წევრების ლიდერების ხელშია, რომლებიც ბრიუსელში დეკემბერში შეიკრიბებიან და გადაწყვეტენ, ოფიციალურად დაეთანხმნონ თუ არა რეკომენდაციას და მიანიჭონ თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო