მადლობა სალივანს, რა საფრთხე აგვაცილა სტატუსის მიღებამ და საიდან შემოგვიტევს გაბოროტებული პუტინი?! - კვირის პალიტრა

მადლობა სალივანს, რა საფრთხე აგვაცილა სტატუსის მიღებამ და საიდან შემოგვიტევს გაბოროტებული პუტინი?!

"აი საგანი და აი გზაც მისდა მისაღწევად.­ აი რისთვის უნდა მომზადდეს ჩვენი ყმაწვილკაცობა, მთელის ევროპის მეცნიერებით და გამოცდილების ფარხმლით შეჭურვილი, აი რა მოედანი უნდა შემოიხაზოს თავისის მოქმედებისათვის და რა გზა უნდა ამოირჩიოს. ამისათვის სამყოფი არ არის კაცმა დაისწავლოს პარიზის ყავახანაში მოარული ფრაზები და იმითი თავი მოიტანოს. ყმაწვილ-კაცობა უნდა მომზადდეს ბეჯითის და ზედმიწევნილ ცოდნითა, უნდა, რამდენადაც შესაძლოა, ძირეულად შეისწავლოს ევროპიული მეცნიერება, წინ გაიმძღვაროს ევროპის გამოცდილება, და ამ თოფ-იარაღით შეუდგეს ჩვენი ქვეყნის საქმეს. უამისოდ, იმ მოედანზედ, რომელიც ჩვენ ზემოთ ვიგულისხმეთ, კაცი ერთ ნაბიჯსაც რიგიანად და სამკვიდროდ ვერ წასდგამს, და იმ საგანს და გზას, რომელიც ჩვენ აღვნიშნეთ, ვერაფერს საბოლოოდ ვერ დააჩნევს. ჩვენის მხრით, ამაზედ უკეთესს საგანს, ამაზედ უკეთესს გზას, უკვე სხვაგან გამოცდილს და გამოყენებულს, სხვას ვერას ვუჩვენებთ ჩვენს საიმედო ყმაწვილ-კაცობას"

("შინაური მიმოხილვა" 1881 წ., 27 აპრილს)

ამას ილია ჭავჭავაძე ჯერ კიდევ მაშინ წერდა, როდესაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა კარგი სიზმარიც კი არ იყო.

8 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსი. დეკემბერში ამას ევროკავშირის სახელმწიფოების მეთაურები იურიდიულად გააფორმებენ. შესაბამისად, საქართველო კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს იქითკენ, სადაც ჩვენი ადგილია. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ ან ზეგ ევროკავშირის წევრები გავხდებით. მანამდე გრძელი გზაა გასავლელი. გასატარებელია როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური რეფორმები­. ევროპა­ მარტო მაღალი ხელფას-პენსიები და კომფორტული ცხოვრება არ არის. ევროპა არის სამართლიანი სასამართლო, ადამიანის უფლებების ზედმიწევნით დაცვა, სიტყვის თავისუფლება (ოღონდ ისეთი, რომ ამ სიტყვის თავისუფლებამ არ უნდა შელახოს სხვისი ღირსება), სოციალური გარანტიები, საუკეთესო განათლება, მაღალი­ ტექნოლოგიები და ა.შ. - ანუ, პირველ რიგში, ჩვენთვის არის კარგი, რომ ყველაფერ ამას მივაღწიოთ. თუ ევროპისკენ სწრაფი ნაბიჯებით ვიარეთ და, ბოლოს და ბოლოს, გავხდით ევროკავშირის წევრი, საქართველო თავისი გეოსტრატეგიული მდებარეობით, ხალხით, ისტორიით, ბუნებით თუ ინტელექტუალური შესაძლებლობებით ევროპის მარგალიტი გახდება. თუმცა იქამდე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გრძელი გზაა...

რატომ გადაუხადა პრემიერმა მადლობა ამერიკელებს?

ევროკომისიის გადაწყვეტილებას ყველა გამოეხმაურა - პრეზიდენტით დაწყებული და მცირე ოპოზიციური პარტიის ლიდერით დამთავრებული. მათი გამოსვლები ყველა ერთმანეთს ჰგავდა (ან რა უნდა ეთქვათ განსხვავებული) - გილოცავთ, მადლობა ევროკომისიას, ოცნება აგვიხდა და ა.შ. თუმცა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაში იყო ერთი აქცენტი, რომელსაც თავიდან ძალიან ცოტამ თუ მიაქცია ყურადღება. კერძოდ, ევროპის ლიდერებთან ერთად, მან მადლობა გადაუხადა ამერიკელ მეგობრებსა და ჯეიკ სალივანს.

ვინც მიაქცია ყურადღება, გაუკვირდა - სად ამერიკელები და სად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსიო. თუმცა საკვირველი არც არაფერია. ჯეიკ სალივანი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩეველია უსაფრთხოების საკითხებში. ხაზს ვუსვამთ - უსაფრთხოების საკითხებში და არა, მაგალითად, საგარეო, ევრაზიის ან კავკასიის საკითხებში. სალივანი არის ძალიან სერიოზული ფიგურა და ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე დიდ გავლენას ახდენს. ირაკლი ღარიბაშვილი და ჯეიკ სალივანი ერთმანეთს ვაშინგტონში ამა წლის 21 სექტემბერს შეხვდნენ და არსებული ინფორმაციით, დახურულ კარს მიღმა დაახლოებით ოთხი საათი ისაუბრეს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი რა იქნებოდა, დიდი მკითხაობა არ უნდა - საქართველოს მთავარი საფრთხე რუსეთიდან ემუქრება. საქართველოს რომ არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, ეს გამოიწვევდა ქვეყანაში სერიოზულ პოლიტიკურ რყევებს, რომელიც პიკს მიაღწევდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას.

აქვე ერთ პატარა გადახვევას გავაკეთებთ - სულ ახლახან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ახალი ანგარიში, რომლის მიხედვით, რუსეთი ასეულმილიონობით დოლარს ხარჯავს, რათა სამიზნე სახელმწიფოებში საარჩევნო პროცესების დისკრედიტაცია მოახდინოს, სიტუაცია არიოს და მღვრიე წყალში ითევზაოს.

დავუბრუნდეთ ჩვენს ამბავს. თუ საქართველო სტატუსს არ მიიღებდა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დაძაბულობა პიკს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას მიაღწევდა. აბა, გამოიცანით, რას გააკეთებდნენ რუსული სპეცსამსახურები და მათი მეხუთე კოლონა საქართველოში. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად შეეცდებოდნენ, რომ საარჩევნო პროცესი გადაქცეულიყო სამოქალაქო დაპირისპირებად და ქვეყანა ისეთ ქაოსში ჩაძირულიყო, რომ ევროპერსპექტივას რამდენიმე ათეული წლით დაეყვინა. შესაძლოა სამუდამოდაც, რადგან კრემლი ქაოსით ისარგებლებდა და შეეცდებოდა საქართველო საბოლოოდ ჩაეთრია რუსულ ჭაობში. შეგახსენებთ, რომ პუტინის ოცნება არის რაღაც საბჭოთა კავშირი-რუსეთის იმპერიის ჰიბრიდის აღდგენა და ამ გეგმებში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია. სავარაუდოდ, ამ საფრთხეს ყველაზე ნათლად ამერიკელები მიხვდნენ და სწორედ ჯეიკ სალივანის კაბინეტში (რომელიც შემდეგ შესაბამის რეკომენდაციას მისცემდა ბაიდენს თუ სახელმწიფო დეპარტამენტს) გადაწყდა - ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებდა, რომ საქართველოს სტატუსი მიეღო. როგორ და რა ხერხებით გააკეთა ეს ვაშინგტონმა, ჩვენ არ ვიცით. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ. ზეწოლა, ალბათ, ძალიან ხმამაღალი სიტყვაა. დიდი ალბათობით, ამერიკელებმა ევროპელებს დაჟინებით ურჩიეს, რომ სტატუსი მიეცათ საქართველოსთვის. ევროპაშიც ძალიან კარგად ხვდებიან, რომ მსოფლიოში გაცოფებული პუტინისა თუ განაბული ჩინეთის ერთადერთი საპირწონე ამერიკაა და შესაბამისად, მათი რჩევების იგნორირება არ შეიძლება.

ფაქტი ერთია - სტატუსის მიღებამ საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურა დააგდო, სავარაუდო აქციებსა და პოლიტიკურ რყევებს საფუძველი გამოაცალა. შესაბამისად, პოლიტიკური ელიტა კონცენტრირებულია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, აღარავინ საუბრობს­ რიგგა­რეშე არჩევნებზე, ხელისუფლების დაუყოვნებლივ შეცვლაზე, პარლამენტისა თუ კანცელარიის ბლოკირებაზე - ეს კარგია. აი, საპარლამენტო არჩევნები კი სამაგალითოდ კარგად უნდა ჩავატაროთ და მშვიდი პოლიტიკური ცხოვრების კულტურა უნდა დავამკვიდროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველ წელს ათ-ათი სტატუსიც რომ მოგვცენ, ევროპელები ვერანაირად ვერ გავხდებით. რაც შეეხება რუსეთს - რა თქმა უნდა, კრემლი გულხელდაკრეფილი არ იჯდება...

რას გააკეთებს გაბოროტებული პუტინი?!

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სტატუსის მიღებას ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებს დაუფასდებათ პროდასავლური მისწრაფებები და აორთქლდება ეჭვი, რომ ევროპერსპექტივა ზღაპარია და საქართველომ რაღაც განსაკუთრებული, სხვა გზა უნდა ეძებოს.

შესაბამისად, გამოეცლება საფუძველი რუსულ პროპაგანდასაც, რომელიც ცდილობს ჩვენი მოქალაქეების ტვინებზე შტურმს შემდეგი მესიჯებით: "ევროპამ მიგატოვათ", "დასავლეთს არაფერში სჭირდებით", "თქვენი პატრონი არავინ არის" და ა.შ.

რაც მთავარია, პროდასავლური განწყობების გამყარება და ნიჰილიზმის გაქრობა რუსეთისთვის იქნება დიდი დაბრკოლება, რომ როგორმე ჩვენი ქვეყანა უკან, საბჭოთა ჭაობში ჩაითრიოს. რა თქმა უნდა, პუტინი გულხელდაკრეფილი არ იქნება და შეეცდება, სწორედ სტატუსის შემდეგ უფრო მეტად გაააქტიუროს დესტრუქციული პოლიტიკა, რათა ქვეყანა სტატუსს იქით არ წავიდეს. სავარაუდოდ, პირველ რიგში, გრუ-ს "საინფორმაციო ჯარები" გააძლიერებენ პროპაგანდას, თითქოს სტატუსი რეალურად არაფერს ნიშნავს და მხოლოდ "სატყუარაა" საქართველოსთვის. ასევე, გაძლიერდება პროპაგანდა, რომ რუსეთი უკრაინაში იმარჯვებს (ან, ადრე თუ გვიან, გაიმარჯვებს) და თბილისმა დროულად უნდა აირჩიოს, გამარჯვებული რუსეთის ბანაკში იქნება თუ დამარცხებული დასავლეთის. კიდევ ერთი საშიში მიმართულება ოკუპირებული ტერიტორიებია. რუსებმა კარგად დაინახეს, თუ რა მტკივნეული რეაქცია გამოიწვია საქართველოში თამაზ გინტურის მკვლელობამ. ამიტომაც სტატუსის მიღების შემდეგ, სავარაუდოდ, გახშირდება პროვოკაციები აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებებიდან. რუსები შეეცდებიან პროვოკაციები მოაწყონ აფხაზური და ოსური შეიარაღებული ფორმირებების ხელით.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კარგია, რომ პოლიტიკური რყევები დაცხრება და 2024 წლის არჩევნებამდე მშვიდობიანად­ მივალთ. ამ არჩევნების სამართლიანად და მშვიდობიანად ჩატარება კი არა მარტო­ ევროპერსპექტივისთვის არის კარგი, არამედ,­ პირველ რიგში, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

კიდევ ერთი მიმართულება, სადაც რუსებს პროვოკაციების მოწყობა შეუძლიათ, ეს საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები არიან. არ არის გამორიცხული, რუსულმა სპეცსამსახურებმა თავად მოაწყონ იმის იმიტაცია, რომ აქ რუსებს ავიწროებენ, თავს ესხმიან და სცემენ. შემდეგ კი, კრემლი "ზომებს მიიღებს რუსეთის მოქალაქეების დასაცავად".

ამ საკითზე ცოტა ხნით შევჩერდებით. კერძოდ, "კვირის პალიტრის" საიტზე ბესო ალადაშვილმა (რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა უშიშროების სტრუქტურებში) გამოაქვეყნა საინტერესო ბლოგი­ სათაურით: "თბილისი "ჯაშუშთა ქალაქი" - რატომ არეგისტრირებენ რუსები ბიზნესს საქართველოში მაინცდამაინც იქ, სადაც ადრე რუსული ბაზები იყო?!" - ალბათ, სათაური უკვე თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. გარდა ამისა, დაფიქსირდა უცნაური შემთხვევა - რუსეთის მოქალაქე რაფაელ შეპელევი, რომელიც ანტიპუტინისტად იყო ცნობილი, ტაქსით მშვიდად ჩავიდა კირბალში და გადავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამან გამოიწვია ლოგიკური ეჭვი, რომ შეპელევი აქტივისტი კი არა, ცნობილი რუსული სტრუქტურების წარმომადგენელი იყო. "ჩავარდნის" საფრთხე შეექმნა და გაქცევით უშველა თავს. და რამდენი ასეთი დაიარება ჩვენი ქალაქების ქუჩებში და რას გააკეთებენ, თუ "იქს დღეს" შესაბამისი ბრძანება მიიღეს, ალბათ, ყველასთვის ნათელია. ასე რომ, ქვეყანას განსაკუთრებული სიფრთხილე სწორედ სტატუსის მიღების შემდეგ მართებს.

P.S. 1713-1716 წლებში სულხან-საბა ორბელიანმა დასავლეთ ევროპაში იმოგზაურა. დღეს, 310 წლის შემდეგ, სულხან-საბას ოცნება ხდება!

გიორგი კვიტაშვილი