წარმოუდგენელ რაღაცას გადავაწყდი... ისრაელში რუსთა სამლოცველო სახლი წმინდა მიწის ერთ-ერთი უდიდესი და უმდიდრესი კომპლექსია, აქაა რუსთა პილიგრიმული ცენტრი, კულტურის სახლი და დიდი მონასტერი, რუსეთისთვის ამ ცენტრს უზარმაზარი სახელმწიფოებრივი და იდეოლოგიური მნიშვნელობა აქვს... 1853 წელს რუსეთის იმპერიამ და წმინდა სინოდმა იერუსალიმის საპატრიარქოს მოსთხოვა ქართველთა ძველი მონასტრების გადაცემა, რადგანაც რუსეთის იმპერატორი ,,ქართველ მეფეთა მემკვიდრე იყო, ხოლო რუსეთის სინოდი საქართველოს ეკლესიისა", (წყარო - ჰენრი ტომას ფორბსი - ,,The Church of the Holy Sepulchre" გვ. 268-270). იერუსალიმის საპატრიარქოს თავზარი დაეცა იბერთა ხსენებისას, რადგანაც ,,არცთუ მცირე ხნის განმავლობაში, იბერებს გოლგოთაც ეპყრათ", წმინდა მიწის მთავარი საკურთხეველი; რუსთა მოთხოვნას დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა ბერძენ ბერებში, მაგრამ ბოლოს ისინი იძულებული გახდნენ, ამ ,,ქართული" არგუმენტის გამო რუსებისთვის დაეთმოთ დიდი მიწები, ასე, 1864 წელს იერუსალიმთან, იაფასკენ, უზარმაზარი რუსული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო, რომელიც დღემდე უდიდეს როლს ასრულებს რუსეთის სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. როცა წმინდა მიწაზე რუსეთის იმპერატორს რუსები ქართველთა მეფის მემკვიდრეებად აცხადებდნენ, რუსეთის ეკლესიას კი - საქართველოს ეკლესიის გამგრძელებლად, თავად საქართველოში რუსები ქართველებს უმტკიცებდნენ, რომ ისტორიულად საქართველოს სამეფო და საქართველოს ეკლესია არაფერს წარმოადგენდა. წმინდა სამართლებრივ დონეზე, ეს უზარმაზარი კომპლექსი წმინდა მიწაზე, როგორც ქართველთა მეფეების უფლებების კომპენსაცია, საქართველოს უნდა ეკუთვნოდეს, რომელიც უკვე დიდი ხანია, გამოსულია რუსეთის იმპერიის ,,მფარველობიდან". სადღეისოდ ისრაელს დიდად ეხამუშება ეს რუსული კუნძული თავის საზღვრებში, ქართული დიპლომატია რომ არსებობდეს და - დიდი გული, რატომ არ შეიძლებოდა ისრაელთან მოლაპარაკება ამ ,,იბერიული მემკვიდრეობის" კანონიერი მემკვიდრისთვის დაბრუნებაზე? ეს იქნებოდა ღირსეული, კრეატიული და ეფექტიანი პასუხი ყველა იმ ისტორიულ უსამართლობაზე და შეურაცხყოფაზე, რაც რუსეთმა გვაწვნია.