"ნაცვლად იმისა, რომ ცივ ნიავს არ გვაკარებდნენ, შეიძლება მართლა გაგვრიცხონ" - ბაჩო დოლიძე "ნაცმოძრაობაში" შექმნილ მდგომარეობაზე - კვირის პალიტრა

"ნაცვლად იმისა, რომ ცივ ნიავს არ გვაკარებდნენ, შეიძლება მართლა გაგვრიცხონ" - ბაჩო დოლიძე "ნაცმოძრაობაში" შექმნილ მდგომარეობაზე

ჩვენი ამოცანაა, „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ოპოზიციაში ვიხილოთ. შესაბამისად, ჩვენზეა ახლა დამოკიდებული, რამდენად აქტიურები ვიქნებით, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრმა ბაჩო დოლიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

ის, ასევე, გამოეხმაურა „ედისონ რისერჩის“ კვლევას, რომლის მიხედვითაც, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 37% ხმას „ქართულ ოცნებას“, 21% „ნაციონალურ მოძრაობა-„სტრატეგია აღმაშენებელს“, 9% პარტია „საქართველოსთვის, 5% კი ხმას „ლელოს“ მისცემდა. დოლიძის თქმით, რაც მეტი ოპოზიციური პარტია შევა პარლამენტში და კვლევებშიც იქნება, ეს საერთო საქმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„დღეს ამოცანაა, რომ „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნების შემდეგ, ყველამ ოპოზიციაში ვიხილოთ, შესაბამისად, ჩვენზეა ახლა დამოკიდებული, რამდენად აქტიურები ვიქნებით, ძალიან ბევრი რამე შეიცვლება, ძალიან ბევრი რამე შეიძლება მოხდეს, მაგრამ შევთანხმდეთ, რომ ურთულესი წელი იქნება განსაკუთრებით, ოპოზიციური პარტიებისთვის, რადგან „ქართული ოცნება“ ყველანაირ რესურსს მოახმარს, შეეცდება ძალაუფლება შეინარჩუნოს. დღესაც კი, ყოველდღიურად ვაწყდებით პრობლემებს. იცით, რომ შეხვედრებს აქტიურად ვატარებთ ჩვენს თანამოაზრეებთან, ელემენტარულად, შეხვედრების ორგანიზებაც კი ჭირს, ვიღაც დარბაზს არ აქირავებს, ვიღაც საკონფერენციო სივრცეს არ გვაძლევს, ვიღაცას არ შეუძლია, იმიტომ რომ მისი შვილი სადღაც მუშაობს, მაქსიმალურად ჰყავს „ქართულ ოცნებას“ „მოჭიმული“, თბილისში კიდევ ასე თუ ისე, შესაძლებელია ლავირება, მაგრამ სხვადასხვა ქალაქებში, რეგიონებში, ეს ამბავი ურთულესია. ზუგდიდში, 12-მა ადამიანმა უარი თქვა დარბაზის გაქირავებაზე, ბოლოს, სად ჩავატარეთ, მე თვითონ აღარ მახსოვს. პოლიტიკის კეთება ზოგადად ურთულესია, ღია მხარდაჭერაზე წარმოიდგინეთ, რა ხდება“, - განაცხადა დოლიძემ.

კითხვაზე, თუ რამდენად აქვს თავად ოპოზიციასაც სამუშაო, დოლიძე პასუხობს, რომ ხშირ შემთხვევაში, „ოპოზიცია ეფექტური არ არის“.

„მედალს ორი მხარე აქვს, ერთი ის, რომ გაცილებით, ძლიერად და ეფექტურად შეიძლება იყოს ოპოზიცია მათ შორის, პარლამენტში წარმოდგენილი. რაოდენობრივად, ფურცელზე საკმაოდ ბევრია ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც ბოლომდე რომ აქტიურობდეს და საკუთარი თავი თავიდან ბოლომდე გადადებული ჰქონდეს იმ საქმისთვის, რისთვისაც იქ შევიდა, სურათიც სხვანაირი იქნებოდა. მეორეს მხრივ, ძალიან ბევრ პრობლემას აწყდება ოპოზიცია. რეალობას ვაცნობიერებ, ხშირ შემთხვევაში, ოპოზიცია იმდენად ეფექტური არ არის სხვადასხვა მიმართულებებით, გაცილებით უფრო ეფექტური შეიძლება იყოს. როგორც მინიმუმ, არ უნდა გიბედავდნენ იმას, რასაც დღეს გიბედავენ. უცებ რომ შეხედო პარლამენტის დარბაზს, ადამიანებს წარმოდგენა ექმნებათ, რომ სრული უმრავლესობა, 99% „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ზის იქ, მაგრამ სიას რომ მიჰყვე, დაინახავ, რომ არც თუ ისე ცოტაა სიით შესული ოპოზიციის წარმომადგენელი, მაგრამ ყველა ერთ მუშტად რომ იყოს შეკრული, სულ სხვა სურათი იქნებოდა“, - განაცხადა დოლიძემ.

მან, ასევე, ისაუბრა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ მდგომარეობაზე და ლევან ხაბეიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელია აღარ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“ და „მას საშუალებას აღარ მისცემს, პარტიის სახელი ტალახში აგორაოს“. კითხვაზე, ელოდება თუ არა, ის მოქმედი თავმჯდომარისგან პარტიიდან ნიკა მელიასა და მისი თანამოაზრეების გარიცხვას, დოლიძე აცხადებს, რომ „მათგან ყველაფერია მოსალოდნელი“.

„ნაცვლად იმისა, რომ ცივ ნიავს არ გვაკარებდნენ, შეიძლება მართლა გაგვრიცხონ. აქ ხომ პრობლემა ამით არ გვარდება? - ბევრი ისეთი წყალგამყოფი გაჩნდა ამ სიტუაციაში, რომ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ“, - განაცხადა დოლიძემ.

გარდა ამისა, დოლიძემ ყურადღება გაამახვილა ნიკა მელიას მიერ პარტიის ახალი მენეჯმენტისთვის ნდობის უფლებამოსილი საბჭოს შექმნის იდეის შეთავაზებაზეც.

„არჩევნები ჩატარდა, ახალი თავმჯდომარე მოვიდა, მაგრამ ამის შემდეგ დაიწყო პრობლემები, 5 დღეში გაყარეს ხალხი პოლიტსაბჭოდან, მერე ხდება მთელი ამბავი, როცა იმ ადამიანებს უარს ეუბნებიან თანამშრომლობაზე, რომელთაც სხვა, განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ. პრობლემა არ ყოფილა 5-6 ადამიანში, უამრავი ადამიანია შეურაცხყოფილი, უამრავი ადამიანია დღეს იზოლირებული, შესაბამისად, კრიზისია პარტიაში შექმნილი. ჩვენ შევთავაზეთ, მოდით, მეგობრებო, არჩევნებამდე მაინც, იქნებ ერთობლივი რაღაც გავაკეთოთ, სადაც ყველა მხარე შევათქო. უარს ბაჩო დოლიძეს, ნიკა მელიას კი არ ეუბნებიან, უარს ეუბნებიან 10 000 ადამიანს, მაგრამ გულწრფელად მინდა გითხრათ, ამ შეთავაზებას როცა ვაკეთებდით, რომ ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმულიყო, აზრადაც არ მომსვლია, რომ შესაძლოა, რაციონალურმა აზრმა გადაწონოს და იქიდან შემხვედრი პოზიცია იყოს“, - განაცხადა დოლიძემ.

მან, ასევე, ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის იდეაზე, რომლის მიხედვითაც, მანიფესტი უნდა შეიქმნას და ვინც მასზე ხელმოწერაზე უარს იტყვის, თავს პარტიის გარეთ დაიყენებს. კითხვაზე, ექნება, თუ არა მას ნიკა მელიას ფლანგის ხელმოწერა, დოლიძე პასუხობს, რომ „შინაარს გააჩნია“.

„მხოლოდ ხელმოწერაზე ხომ არ არის, ხელი მოდით, მოვაწეროთ ნებისმიერ დოკუმენტს? - შინაარსი თუ არ იცი, ისე, [როგორ მოაწერ]. სხვათა შორის, ამ მოწოდებაში წერია, რომ ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია თავისი საკითხები დააყენოს, ჩვენ ჩვენი წამოვაყენეთ, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, არ მგონია, მეორე მხარემ ამ ყველაფერს ხელი მოაწეროს, სხვანაირად ხედავენ, ჰგონიათ, რომ ეს კარჩაკეტილობა რაღაც რეზულტატს მოიტანს. ძალიან დიდია საზოგადოების მხრიდან სურვილი, რაღაცები შეიცვალოს, მაგრამ თუ მკვეთრი კონტრასტი ვერ აჩვენე დღეს ოპოზიციიდან, როგორ აპირებ ხელისუფლების დამარცხებას? რაღაცას ხომ უნდა ეუბნებოდე, შთაბეჭდილებას ხომ უნდა ტოვებდე, რომ რაღაც უკეთესობით შეიცვლება, ვიღაც უკეთესი მოდის?“, - განაცხადა დოლიძემ.

"ინტერპრესნიუსი"