სომხურ-აზერბაიჯანულ "შარში" საქართველოც ეხვევა?! - სომხური ჯავშანტრანსპორტიორების "მოგზაურობა" საქართველოში და ბაქოს მწვავე რეაქცია - კვირის პალიტრა

სომხურ-აზერბაიჯანულ "შარში" საქართველოც ეხვევა?! - სომხური ჯავშანტრანსპორტიორების "მოგზაურობა" საქართველოში და ბაქოს მწვავე რეაქცია

მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღის 30 წლიანი კონფლიქტი თითქმის საბოლოოდ გადაიჭრა, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების დონე არ მცირდება და მასში... ჩვენ საქართველოსაც რევენ...

ცოტა ხნის წინ, ფოთის საზღვაო პორტში სატვირთო გემიდან ჩამოიცალა არანაკლებ 24 ერთეული Bastion -ის ტიპის ფრანგული წარმოების ჯავშანმანქანა, რომლებიც შემდეგ, მთელი საქართველოს გავლით გადაიტანეს მეზობელ სომხეთში-ეს გახლდათ საფრანგეთის რესპუბლიკის უსასყიდლო დახმარება სომხეთის რესპუბლიკისთვის, ყარაბაღის ბოლო ომში სომხეთის არმიის საბრძოლო დანაკარგების მცირედით მაინც კომპენსირებისთვის...

1-som-1699868692.png
ფრანგების მიერ სომხებისთვის გაგზავნილი ჯავშანტრანსპორტიორი Bastion APC -ი 12 ტონას იწონის და 8 მედესანტის გადაყვანა შეუძლია...

აზერბაიჯანის დაზვერვისთვის, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩა ამ ფრანგული „ბასტიონების“ სახმელეთო-საზღვაო „მოგზაურობა“, არა მარტო საქართველოს ფოთის პორტსა და რკინიგზაზე, არამედ მანამდეც, მთელი ევროპის გავლით, რუმინეთის კონსტანცას პორტამდეც და ამიტომაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 13 ოქტომბრის დილას პროტესტი განაცხადა საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის შეიარაღების მიწოდებაზე.

აზერბაიჯანული მასმედია და მისი სამხედრო ექსპერტები უფრო შორს წავიდნენ და არც მეტი და არც ნაკლები...ჩვენ საქართველოს პირდაპირ დააბრალეს აზერბაიჯანის მიმართ არამეგობრული ნაბიჯების გადადგმა სომხეთისკენ ფრანგების მიერ ნაჩუქარი ჯავშანმანქანების გატარების გამო...

გულდასაწყვეტია, რომ აზერბაიჯანში ვიღაც ფიქრობს, თითქოს საქართველო სომხეთის შეიარაღებას უწყობს ხელს, მით უფრო მაშინ, როცა აზერბაიჯანის არმიისა და ფლოტის (ასევე - სასაზღვრო ჯარების) უკრაინული, თურქული და ისრაელის წარმოების თითქმის მთლიანმა შეიარაღებამ ლამის მთელი საქართველო გადაკვეთა ბაქომდე ჩასაღწევად და ეს პროცესი წლებია გრძელდება. ან თუ ახსენდებათ ბაქოში საქართველო, როცა აღლუმზე Су-25 ტიპის მოიერიშეები გადაიფრენენ? განა ორ ათეულზე მეტი ასეთი მრისხანე საბრძოლო საშუალება აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალებმა თბილისის საავიაციო ქარხნიდან არ მიიღეს?

2-som-1699868814.png
სომხეთის არმიისთვის განკუთვნილი ფრანგული „ჯავშანსაჩუქრები“ საქართველოს ფოთის პორტში სატვირთო გემის ტრიუმით ჩამოიტანეს, სავარაუდოდ, რუმინეთის კონსტანცას პორტიდან...

კასპიის ზღვაში მცურავი აზერბაიჯანის სამხედრო-საზღვაო ძალების სარაკეტო კატარღები, რომლებიც ბაქომ ისრაელში შეიძინა, დავიჯეროთ, თელ-ავივიდან ბაქოში თავად "ჩაფრინდნენ"? შემთხვევით, წლების განმავლობაში, ფოთის პორტიდან წითელ ხიდამდე ქართულ გზებზე ხომ არ ეზიდებოდნენ, რისთვისაც მოძრაობა იკეტებოდა და ამით ათასობით მძღოლი ზარალდებოდა? ან იქნებ უკრაინიდან ბორანით ფოთში ჩამოტანილი მოდერნიზებული ჯავშანტრანსპორტიორები საქართველოს რკინიგზას არ გადაჰქონდა აზერბაიჯანის მიმართულებით?

ისიც შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ როცა თურქეთი და აზერბაიჯანი ერთობლივ საჰაერო წვრთნებს ატარებენ, ოფიციალური თბილისი დიდსულოვნად უთმობს ქართულ ცას აზერბაიჯანულ საბრძოლო თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებს თურქეთში გადასაფრენად და უკან დასაბრუნებლად. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ეს რთული და სახიფათო პროცესია და ბევრი ქვეყანა ამას არ თანხმდება.

კიდევ არაერთი ფაქტის გახსენება შეიძლება იმის დასამტკიცებლად, როგორ უწყობს ხელს საქართველო აზერბაიჯანული არმიის გაძლიერებას და თუ მაინცდამაინც ვინმე უნდა იყოს ამით უკმაყოფილო, ალბათ, მხოლოდ სომხეთი...

3-som-1699868919.png
ფრანგული „ბასტიონის“ ფოთის პორტში გადმოტვირთვის მომენტი...

სომხეთისთვის საფრანგეთიდან შეიარაღების მიწოდების კატეგორიული წინააღმდეგი არა მარტო აზერბაიჯან-თურქეთის დუეტია, არამედ, თავად...ის რუსეთიც, რომელიც სამხრეთ კავკასიაში სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე დებს თავს.

კრემლს არანაირად არ აწყობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო-პოლიტიკური გავლენის გაძლიერება და მოსკოვი ამას ყველა ხერხით უშლის ხელს საქართველოსთან მიმართებაში და იგივეს გაიმეორებს სომხეთთან დაკავშირებითაც და არ დაუშვებს სომხეთის დასავლეთთან დაახლოების პროცესის გაღრმავებას...

რაც შეეხება ფრანგების „ჯავშანსაჩუქარს“ სომხეთისთვის-

სომხეთის არმიისთვის ჩატანილი 24 ჯავშანტრანსპორტიორი Bastion APC -ის ტიპისაა. ის 12 ტონას იწონის ანუ ქართულ,ანალოგიური დანიშნულების „დიდგორზე“ 3 ტონით მძიმეა და გააჩნია კორპუსის ფსკერის ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა. კორპუსის გვერდითი შეჯავშნა განეკუთვნება დაცვის მესამე დონეს და გათვლილია 7,62 მმ კალიბრის ტყვიებისა და რამდენიმე ათეულ მეტრში აფეთქებისას წარმოქმნილი ნამსხვერევების შესაჩერებლად.