რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა სი ძინპინზე, რასაც ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ელჩთან შეხვედრაზე "შემაშფოთებელი და მიუღებელი" უწოდა - კვირის პალიტრა

რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა სი ძინპინზე, რასაც ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ელჩთან შეხვედრაზე "შემაშფოთებელი და მიუღებელი" უწოდა

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. შეხვედრაზე ქართულ-ჩინურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. თუმცა მედიამ უფრო მეტი ყურადღება მიაქცია პრემიერის იმ განცხადებას, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას „შემაშფოთებელს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ის არ გამოხატავს მთავრობის განწყობას, პრემიერი ასევე, იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტის პოზიცია ჩინეთთან ურთიერთობს არ დააზიანებს

" პრემიერ-მინისტრმა, ამავდროულად, შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან დაკავშირებით, რომელიც მან ფრანგულ სატელევიზიო არხ LCI-სთან ინტერვიუში გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადება კატეგორიულად მიუღებელია და შემაშფოთებელია.

აღნიშნული რიტორიკა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის დამოკიდებულებას ჩინეთთან და არ შეესაბამება ორი ქვეყნის მეგობრული, სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას და ის ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას.

პრემიერის განცხადებით, სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევით და სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ, ცალკეულ აქტივობებს ახორციელებს და საკუთარ შეფასებებს აკეთებს საერთაშორისო საკითხებზე, რომელიც თანხვედრაში არ არის ქვეყნის მთავრობის პოზიციასთან, რის გამოც უხერხულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს და სწორედ მისი მხრიდან კონსტიტუციური ნორმების საჯარო და უხეში დარღვევა გახდა მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ინიცირების მიზეზი, "- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

სალომე ზურაბიშვილმა რამდემინე დღის წინ LCI-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

ინტერვიუს დასასრულს ჟურნალისტმა ასეთი კითხვა დაუსვა(სტილი დაცულია. ეპიზოდი აღებულია პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინტერვიუდან):"გულში იმედოვნებთ, რომ პუტინი და ასევე სი ძინპინს როდესმე გასამართლდებიან? ეს ძალიან შორეულ პერსპექტივაში ჩანს, სი ძინპინი, უიგურების გენოციდისთვის, ვლადიმერ პუტინი ბრალდებულია არა მხოლოდ ომის დანაშაულისთვის, არამედ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. თქვენი პირადი სურვილია, რომ ეს ორი ადამიანი გასამართლდეს, პუტინი რა თქმა უნდა, უპირველესად, რადგან თქვენ უფრო გეხებათ..."

სალომე ზურაბიშვილი პასუხობს:"მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? არა.

რატომ?

იმიტომ, რომ ჩვენ რეალისტურ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ეს არ ხდება არ ვართ ალისას (საოცრებათა) სამყაროში."