"რაც უნდა ბევრი საქმე მქონდეს, ვარჯიშისთვის ყოველთვის ვპოულობ დროს" - კვირის პალიტრა

"რაც უნდა ბევრი საქმე მქონდეს, ვარჯიშისთვის ყოველთვის ვპოულობ დროს"

რამდენიმე დღის წინ, ჩრდილოეთ კაროლინის უდიდესმა ქალაქმა შარლოტმა World Games 2023-ს უმასპინძლა. მსოფლიო თამაშებზე ქართველი სპორტსმენების წარმატებას მიჩვეული ვართ და გამონაკლისი არც წლევანდელი ტურნირი ყოფილა, თუმცა, მაინც უნდა გამოვარჩიოთ სამჭიდელი, რომელიც, სპორტის საყვარელ სახეობას ვერც ასაკმა ჩამოაშორა და ვერც საცხოვრებელი ქვეყნის შეცვლამ. 46 წლის ივანე კობიაშვილი საქართველოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონია, არა ერთი რეკორდის ავტორი, მსოფლიო პირველობის პრიზიორი... 2015 წლიდან ჩრდილოეთ ამერიკაში ცხოვრობს და, მუშაობის პარალელურად, ვარჯიშსაც აგრძელებს. World Games 2023-ის ჩემპიონატში ვეტარანმა სამჭიდელმა 110 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა და „სუბმასტერების“ (45-დან 50 წლამდე) კატეგორიაში ჩემპიონის ტიტულისა და მორიგი რეკორდის მფლობელი გახდა. ვანო კობიაშვილს აშშ-ში დავუკავშირდით და საჩემპიონო ტურნირის გახსენება ვთხოვეთ:

- შარლოტში გამართულ მსოფლიო თამაშებში მონაწილეობაზე, მიწვევა 365 Strong World Powerlifting-ის ფედერაციის პრეზიდენტისგან - უილიამ ქლერისგან მივიღე. „სუბმასტერებს“ შორის არსებული დიდი კონკურენციის მიუხედავად, 110 კილოგრამ წონით კატეგორიაში საუკეთესო შედეგი ვაჩვენე. ჩემპიონის წოდების გარდა, შარლოტიდან წამოვიღე მორიგი რეკორდიც - არსებული მაჩვენებელი 12 კილოგრამით გავაუმჯობესე, მოძრაობა ჩაჯდომაში (squat). კარგი შედეგები მქონდა წოლჭიმსა და ამოწევაშიც და, საბოლოო ჯამში, დავიმსახურე თასი, მედალი და საუკეთესო სამჭიდელის ქამარი.

- ვიცი, რომ კანადაში 2015 წელს გადასახლდით. რამდენიმე სიტყვით გაიხსენეთ ის წლები, როცა საქართველოში ცხოვრობდით და ვარჯიშობდით.

- ძალისმიერ სამჭიდში ვარჯიში 2002 წელს დავიწყე. ვარ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი... 2015 წელს საცხოვრებლად კანადაში გადავედი და იძულებული გავხდი, სამშობლოსთან ერთად, პროფესიული სპორტიც მიმეტოვებინა. ემიგრანტის ცხოვრების თანმდევი უამრავი სირთულის მიუხედავად, სპორტის სიყვარული არ გამნელებია, ვარჯიშსაც ვაგრძელებდი და განვითარებასაც.

- და, მუშაობის პარალელურად, პერიოდულად მონაწილეობთ ვეტერანთა ტურნირებშიც?

- დიახ. ფიზიკური შრომა ოპტიმალურ სპორტულ ფორმაში ყოფნას ხელს უშლის, თუმცა, მეტ-ნაკლებად, ვახერხებ სამსახურისა და ვარჯიშის შეთავსებას და ყოველთვის მრჩება დრო და ენერგია, სპორტის საყვარელი სახეობით დავკავდე.

- კარგად მახსოვს, რომ ქართველი სამჭიდელები (ზურაბ ჭავჭანიძის ხელმძღვანელობით), საზღვარგარეთ გამართული თითქმის ყველა ტურნირიდან მედლებითა და რეკორდებით დახუნძლულები ბრუნდებოდნენ. თქვენც იმ პერიოდში ასპარეზობდით?

- დიახ, მეც ზურაბ ჭავჭანიძის გაზრდილი თაობ(ებ)ის ერთ-ერთი წარმომადგენელი ვარ. გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ ვეტყვი მადლობას ზურაბ ჭავჭანიძეს, ნუკრი სარალიძეს, ლაშა კვიკვინიას - ყველა იმ ქართველ მწვრთნელს, რომლებმაც უამრავი წარმატებული სამჭიდელი გაზარდეს.

- სულ რამდენი ტიტულისა და რეკორდის მფლობელი ხართ?

- 100 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს მასშტაბით - არა ერთი ტიტულისა და რეკორდის მფლობელი. ზუსტი რიცხვის დასახელება გამიჭირდება, რადგან ჩემს წონით კატეგორიაში პირველობას იშვიათად ვუთმობდი ვინმეს. 2012-2014 წლებში გავიმარჯვე რამდენიმე საერთაშორისო ტურნირში, დავამყარე არა ერთი რეკორდი, მათ შორის - ბრიტანეთში გამართულ ევროპირველობაზე. ჩემი წარმატების „საიდუმლო“? - შრომისმოყვარეობა და მიზნებისკენ დაუღალავი სწრაფვა! რაც უნდა ბევრი საქმე მქონდეს, ყოველთვის ვპოულობ დროს ვარჯიშისთვის და ჩემს თავზე მუშაობისთვის.

- ვანო კობიაშვილის უახლოესი გეგმები ისევ ძალისმიერ სამჭიდს უკავშირდება?

- შესაძლოა. თუმცა, პირველ რიგში, გეგმები უკავშირდება სამშობლოში დაბრუნებას, საქართველოში მუშაობას... დიდ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის. ჩემს ქართველებს კი მშვიდობას და წარმატებას ვუსურვებ!

რატი შელეგია