"ხმის მიცემის პროცედურა უმარტივესია და ამომრჩევლის ქცევაში მნიშვნელოვანი თითქმის არაფერი იცვლება" - რა უნდა ვიცოდეთ არჩევნებზე ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ
საარჩევნო პროცესში ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და ელექტრონული არჩევნების უპირატესობები, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების ადმინისტრირებისთვის განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები გაგვაცნო.
თანამედროვე მეთოდი და საინტერესო სიახლე, რომელსაც ქართველი ამომრჩეველი ახლა უკვე საკუთარ თავზე გამოცდის, უცხოეთის წამყვან ქვეყნებში კარგა ხანია დანერგილია, საპილოტე ეტაპი 2023 წლის პირველი ოქტომბრის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე საკმაოდ წარმატებულად გაიარა.
ახალი წესით ხმის მიცემას ამომრჩეველთა თითქმის 90% შეძლებს, დანარჩენ შემთხვევაში კი არჩევნები ტრადიციული მეთოდით ჩატარდება.
ხმის მიცემის პროცედურა უმარტივესია და ამომრჩევლის ქცევაში მნიშვნელოვანი თითქმის არაფერი იცვლება:
საარჩევნო უბანზე მისვლისას მოქალაქე ჩვეულებისამებრ გაივლის მარკირების შემოწმების პროცედურას, შემდეგ წარადგენს პირადობის მოწმობას, რომელსაც რეგისტრატორი კომისიის წევრი ვერიფიკაციის აპარატით გადაამოწმებს, რის შემდეგაც აპარატიდან ამოიბეჭდება ე.წ. ქვითარი, რომელზეც დატანილია მოქალაქის პირადი მონაცემები და რომელზე ხელმოწერითაც ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს;
თუ პირი იმ უბნის ამომრჩეველი არ არის ან ხმის მიცემას ხელმეორედ ცდილობს, აპარატი ხმას გამოსცემს და კომისია შესაბამისად რეაგირებს;
მარკირების პროცედურა, ცხადია, კვლავინდებურად ძალაშია;
მას შემდეგ, რაც ამომრჩეველს გადაეცემა საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური ჩარჩო-კონვერტი, ის კომისიის თანდასწრებით აფერადებს საცდელ წრეს, მიდის ფარული კენჭისყრის კაბინასთან და სპეციალური მარკერით აფერადებს (და არა - შემოხაზავს) იმ წრეს, რომელიც მოცემულია მისთვის სასურველი კანდიდატის წინ.
ბოლოს, ამობრუნებულ ბიულეტენს ხმის მთვლელ აპარატში ათავსებს.
გიორგი კალანდარიშვილი სწორედ ამ სიახლეებზე, ცესკოს თავმჯდომარეობასა და სხვა საკითხებზე „კვირის პალიტრას“ ვრცლად ესაუბრა:
- ჩვენ ვიმყოფებით არჩევნების მოდერნიზების პროცესში, რაც ნიშნავს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის მორიგი შემადგენლობის არჩევისას, საქართველოს ელექტორატის თითქმის 90%-ს ექნება შესაძლებლობა მიიღოს ისეთი სერვისი, რომელიც ახალ საარჩევნო ტექნოლოგიებს უკავშირდება. საუბარია ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმების მოთავსებისა და ხმების დათვლის აპარატების გამოყენებაზე, რაც უზრუნველყოფს წინასწარი მონაცემების, წინასწარი შედეგების უმოკლეს ვადებში დათვლის და გასაჯაროების შესაძლებლობას.
ვერიფიკაციის აპარატი ამარტივებს ამომრჩევლის რეგისტრაციის პროცესს, თუნდაც სიებში ძებნის კუთხით; უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და დაცულობას; მოქალაქის მიერ განმეორებითი ხმის მიცემის შესაძლებლობა ნულზეა დაყვანილი.
რაც შეეხება ხმების დათვლის აპარატის გამოყენებას, სახეზე გვაქვს შედეგების სიზუსტე და უტყუარობა. 2018 წლიდან, დღევანდელ დღემდე 8 საპილოტე არჩევნები ჩავატარეთ, რამაც ცხადყო, რომ აპარატის მიერ ამობეჭდილი და ხელით დათვლილი მონაცემები აბსოლუტურ თანხვედრაში იყო ერთმანეთთან, გარდა უმცირესი სხვაობისა, რაც გამოწვეული იყო ბიულეტენზე არასწორი აღნიშვნების დატანით და ცხადია, შემდგომ კომისიის მიერ ლეგიტიმური კორექტირების განხორციელებით.
ეს აპარატი მნიშვნელოვნად დააჩქარებს წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დროს და უზრუნველყოფს მონაცემთა უტყუარობას. აპარატი არის კატეგორიული და ის ნამდვილად ჩათვლის მხოლოდ იმ ბიულეტენს, რომელიც წესების დაცვით იქნება წარმოდგენილი, სხვა შემთხვევაში, მაგალითად, რამდენიმე სუბიექტის გაფერადებისას ან წარწერების გაკეთებისას, შემოხაზვისას, ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება.
ამ პროცესში კიდევ ერთი კომპონენტი დავამატეთ - პლანშეტების გამოყენება, რომელთა მეშვეობითაც ცესკოში პირდაპირ საარჩევნო უბნებიდან გადმოიგზავნება წინასწარი შედეგები და მყისიერად გასაჯაროვდება ცესკოს ვებგვერდზე. ეს, ცხადია, განვლილი არჩევნებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად შეამცირებს წინასწარი მონაცემების გამოქვეყნების დროს.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ტექნოლოგიურმა ინტერვენციამ ჩრდილი არ უნდა მიაყენოს ტრადიციულ მეთოდს. აღსანიშნავია, რომ მოდერნიზების მთელი რიგი ელემენტები აქაც გავითვალისწინეთ, მათ შორის, ბიულეტენების დიგიტალიზაცია. ანუ, ყველა იმ უბანზე, სადაც არჩევნები ტრადიციული წესით ჩატარდება, ბიულეტენები გაციფრულდება და საჯარო, სანდო პლატფორმაზე განთავსდება, რის ნახვასაც ნებისმიერი პირი შეძლებს.
საარჩევნო ადმინისტრაცია ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიებს ახორციელებს და თითოეულ მოქალაქემდე მიგვაქვს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოიქცეს ხმის მიცემის დროს და ზოგადად, კენჭისყრის შენობაში ყოფნისას..
ცხადია, ჩვენ საერთაშორისო პრაქტიკით ვიხელმძღვანელეთ. რამდენიმე ქვეყანაში ვიმყოფებოდით გაცვლითი და სასწავლო პროგრამების ფარგლებში, მათ შორის, სადამკვირვებლო მისიებში და მათი გამოცდილება გადმოვიტანეთ, საუბარია ისეთ ქვეყნებზე, როგორებიცაა აშშ, ფილიპინები, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, და ა.შ. რიგი საკითხები დავხვეწეთ და გავაუმჯობესეთ. მოვისმინეთ რეკომენდაციები, მიგნებები. ამგვარად, საარჩევნო პროცესი კიდევ უფრო საჯარო და გამჭვირვალე ხდება, მარტივდება, ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული შეცდომები მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში, მაღალ სანდოობასა და მიმღებლობას უზრუნველყოფს.
უნდა აღვნიშნო, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ამ პროცესში მარტო არ არის, მის ტექნოლოგიურ მხარდაჭერას ახორციელებს საერთაშორისო კომპანია - „სმარტმატიკი“, რომელსაც 30-ზე მეტ ქვეყანაში, 115-ზე მეტი არჩევნების ჩატარების გამოცდილება აქვს. ეს არის სოლიდური, გამოცდილი კომპანია, რომელიც საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე შეირჩა.
სხვადასხვა ჩართული მხარის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტიც განვახორციელეთ - ამერიკულმა კომპანიამ - Pro V&V, რომელიც ბაზრის კვლევის საფუძველზე შეირჩა, უზრუნველყო ამ პროცესის აუდიტი. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში გამოყენებული ტექნოლოგიები სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო და ადგილობრივ კანონმდებლობასთან და ე.წ. Source კოდი დაწერილია საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად. დასკვნაში პასუხი გაეცა ყველა კითხვას, წუხილს თუ მანიპულაციას, რომელიც ტექნოლოგიებთან მიმართებაში არსებობდა.
სამწუხაროდ, სხვადასხვა დაინტერესებული მხარისგან დღეს ჩვენ გვესმის არასწორი ინფორმაცია, მითი, მანიპულაცია, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიებისა და ინსტიტუციის დისკრედიტაციას. საუბრობენ არა მის ნაკლოვანებაზე, არამედ, ავრცელებენ არასწორ ნარატივებს. ამით ვხედავთ მცდელობას, რომ მოსახლეობაში არასწორი აღქმები ჩამოყალიბდეს და გაჩნდეს უნდობლობა. თუმცა მოხარული ვარ, რომ არაერთი კვლევის საფუძველზე შემიძლია ვთქვა - ამ მეთოდის მიმართ გამოიკვეთა მოსახლეობის კმაყოფილება და მიმღებლობა. როდესაც შუალედურ თუ რიგგარეშე არჩევნებზე „პილოტები“ ჩავატარეთ, ამომრჩეველმა პრაქტიკაში თავად ნახა ყველაფერი.
ამჟამად, ეს აპარატები დგას მეტროსადგურებში, იუსტიციის სახლებში, შსს-ს მომსახურების სააგენტოებში მთელი ქვეყნის მასშტაბით და ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს თავად გამოცადოს.
თავის დროზე, საკანონმდებლო ორგანოში ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური, მრავალპარტიული შეთანხმება შედგა. არჩევნები საერთო საქმეა. ასე რომ, ხელი შევუწყოთ ერთმანეთს ამ ეროვნული მნიშვნელობის პროექტის განხორციელებაში და ეს ინტერესები ვიწრო პარტიულ თუ პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დავაყენოთ. ამომრჩეველი უნდა იყოს ინფორმირებული, რომ შემდგომ არასწორმა ნარატივებმა, ცრუ ინფორმაციებმა მასზე გავლენა ვერ მოახდინოს და არ მოხდეს მისი შეცდომაში შეყვანა..
გიორგი კალანდარიშვილთან ინტერვიუ სრულად იხილეთ - რა სიახლეები გველის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე