ვეჯინელი ზავრაშვილების დიდი სატკივარი და მცირე ხარჯით გაკეთებული დიდი საქმე - კვირის პალიტრა

ვეჯინელი ზავრაშვილების დიდი სატკივარი და მცირე ხარჯით გაკეთებული დიდი საქმე

"დააპურე თუნდაც ერთი ბავშვი"

დიდხანს ვფიქრობდი, როგორ ჩამომეთვალა ის სატკივარი და ყოველდღიური პრობლემები, რაც სოფელ ვეჯინში მცხოვრებ ზავრაშვილების მრავალსულიან ოჯახს აწუხებს, რადგან იქ ცხოვრების იმაზე უარესი პირობებია, ვიდრე XXI საუკუნის "გაბრჭყვიალებულ საქართველოში" შეუძლია რომელიმე მაღალჩინოსანს წარმოიდგინოს. ისიც ვიცი, რომ მრავლისმნახველ ქართველ საზოგადოებას უარესებიც უნახავს, - მაგალითად, ვარიანელი ზუბაშვილების (და მთელი ერის) ტრაგედია, სადაც სამი მცირეწლოვანი ბავშვი შიმშილით დაიღუპა...…უბედურება ის არის, ღატაკი ოჯახების რაოდენობა ეკონომიკური აღმავლობის გზაზე მდგარ საქართველოში არათუ მცირდება, პირიქით, იზრდება.

შარშან, მარტში, როცა ვარიანელი ოჯახის ტრაგედიის ამბავი გავრცელდა, "თბილისის ფორუმზე" შეიქმნა ფონდი "დააპურე თუნდაც ერთი ბავშვი", სადაც 50-ზე მეტი კაცი გაწევრდა. ისინი თავიანთი შემოსავლიდან ყოველთვიურად 10 (ან მეტ) ლარს რიცხავენ (ფონდში "პალიტრამედიის" არაერთი თანამშრომელია გაწევრებული). შეგროვილი თანხით კი უკიდურესად ღარიბი, ძირითადად, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის აუცილებელ პროდუქტებს ყიდულობენ. ერთ-ერთი ასეთია გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში მცხოვრები ზავრიშვილების მრავალშვილიანი ოჯახი, სადაც 5 მოზარდის ყოველდღიური კვების რაციონი ხშირად მხოლოდ პურია. მათი ავალდიდება ერთი პატარა მაგიდა და სამიოდე სკამია. არის ისეთი დღეებიც, როცა ბავშვების დედას, ნინო ზავრიშვილს, მოზარდები მოხარშულ სიმინდზე გადაჰყავს. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის უქონლობის გამო, ბავშვები სკოლამდელ და სასკოლო განათლებასაც ვერ იღებენ.

ხის "სახლის" ორივე ოთახში ისევე ცივა, როგორც გარეთ. ნინო ზავრაშვილის თქმით, ოჯახს თვიდან თვემდე თავის გატანა სოციალური დახმარებითა (რომელიც 148 შეადგენს) და დედამისის პენსიით უწევს. გაჭირვებამ მათ ერთჯერადი ნივთების მრავალჯერადად გამოყენებაც ასწავლა. ოჯახის მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ 5 წლის დავითს ეპილეფსია აქვს. რამდენიმე დღის წინ კი ნინოსაც მკერდისა და საშვილოსნოს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს.

ნინო ზავრაშვილი:

- უკვე მრცხვენია საკუთარ პრობლემებზე ლაპარაკი, მაგრამ რა წყალში გადავვარდე, არ ვიცი. ოპერაცია რომ არ გავიკეთო, შვილები დაობლდებიან... რაც დრო გადის, პრობლემები მატულობს. ადრე სიღარიბე და ბავშვის ავადმყოფობდა მაწუხებდა. ახლა ჩემი ავადმყოფობაც დაემატა. ჩემს 5 წლის დავითსაც ეპილეფსია აქვს და ძვირად ღირებულებ მედიკამენტებს საჭიროებს. ყოველთვიურად "დეპაკინსა" და "ნოოფენს" ვასმევდი. "დეპაკინი" 10 ლარამდე ღირს, "ნოოფენი" კი 25 ლარზე მეტი. რამდენიმე თვის წინ, დავითის გარდა, ჯანმრთელობის პოლისი ყველას შეგვიწყვიტეს, არ გეკუთვნითო. ახლა ახალი გამგებელი დაგვინიშნეს და იქნებ რამე შეიცვალოს-მეთქი და განცხადების დაწერას ვაპირებდი, მაგრამ მეშინია განაცხადის ხელახლა შეტანა.

- რატომ?

- ადრე რომ განვაცხადე, სოციალური დახმარება შეგვიწყვიტეს და პოლისი დაგვინიშნეს, არადა, ყოველთვიურად 148 ლარს ვიღებდი და იმ ფულით ვაჭმევდი ბავშვებს, თორემ დამეხოცებოდნენ... სოფლის სასურსათო მაღაზიიდან ნისიად მოგვაქვს საჭმელი და თვის ბოლოს ვალს სოციალური დახმარებისა და დედაჩემის პენსიით ვისტუმრებთ. ამ საშინელი დიაგნოზის შემდეგ ხვალინდელი დღის გათენების მეშინია. რაიონის ექიმებს არ დავუჯერე და თბილისში გავგზავნე ანალიზები, მაგრამ იქაც იგივე მითხრეს, ავთვისებიანია და სასწრაფო ოპერაცია გჭრიდებაო. დედაჩემის პენსია 3 თვით წინასწარ გამოვიტანე და ექიმებსა და წამლებში დავხარჯე. არადა, ბავშვები საშინელ პირობებში მყავს. მეშინია ჯანმრთელებიც არ დამიავადდნენ. როცა დამჭირდა, პამპერსი გავრეცხე, გავაშრე და ისევ გამოვიყენე. რა ვქნა, ტყუპი 3 წლისაა და მეშინია, არ გამიცივდნენ. დედაჩემსა და ბავშვებს იატაკზე სძინავთ. ცუდ ამინდში ოთახებშიც ისე წვიმს, როგორც გარეთ. არც არავის იმედი მაქვს. ჩემი ძმები მწყემსები არიან და სხვის საქონელს მწყემსავენ, მე რა უნდა დამეხმარონ, თავადაც ძალიან უჭირთ. მცირე მიწის ნაკვეთი გვაქვს, სადაც ზაფხულობით ხილი და ბოსტნეული მოგვყავს, მაგრამ ზამთარში მართლაც რომ ღვთის ანაბარად ვართ დარჩენილი.

ამას წინათ სრულიად უცნობი ახალგაზრდები მოვიდნენ და უამრავი პროდუქტი მოგვიტანეს. ადრეც იყვნენ, უკვე მესამედ გვესტუმრნენ. თავიდან რომელიღაც პოლიტიკური პარტია გვეგონა, - არა, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და გვინდა, საქართველოში ბავშვები შიმშილით სიკვდილს გადავარჩინოთო. არ ვიცოდი, მადლობა როგორ უნდა გადამეხადა. უფალმა მისცეს ყველას მადლიანი საქმის კეთების ძალა და საშუალება"

ვასილ უტიაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი:

- ერთ მრავალშვილიან ოჯახზე სახელმწიფოსგან გამოყოფილია შესაბამისი თანხა და იმ შემთხვევაში, თუ ისინი მუნიციპალიტეტს წერილობით მიმართავენ, სოფლის გამგეობა მათ საჭირო დახმარებას გაუწევს.

- მათი თქმით, არაერთხელ მიმართეს გამგეობას დახმარებით თხოვნით.

- ეს უკვე სოფლის გამგეობასთან უნდა გაარკვიოთ.

სოფელ ვეჯინის გამგებელ ლევან ჯანიაშვილს ტელეფონით დავუკავშირდით. მისი თქმით, ის ამ თანამდებობაზე ახალი დანიშნულია და ყველა ოჯახის პრობლემების შესახებ ჯერჯერობით სრულყოფილ ინფორმაციას არ ფლობს. ჩვენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ის თავად მივიდა ზავრაშვილების სახლში (რაც ამ ოჯახმაც დამიდასტურა) და შეგვპირდა, რომ მრავალშვილიან ოჯახს ელემენტარული პირობების მოგვარებაში დაეხმარება.

- ამ თანამდებობაზე რამდენიმე დღის დანიშნული ვარ და ყველა ოჯახის  პრობლემები კარგად არ ვიცოდი. მე ვესაუბრე ზავრაშვილებს. მართლაც მძიმე პირობებში არიან ბავშვები. ორშაბათს, 30 იანვარს, პატარების დედა გამგეობაში დავიბარე, რათა ჩამოვაყალიბოთ, თუ საიდან დავიწყოთ მუშაობა.

- ალბათ, ნახავდით, რომ საცხოვრებელი უმძიმეს მდგომარეობაშია და რაც მთავარია, დედა-შვილს გადაუდებელი მკურნალობა სჭირდება.

- დიახ. როცა მათთან მივედი, ბავშვების დედა კლინიკაში იყო წასული. გპირდებით, რომ რითაც შევძლებთ, დავეხმარებით..

იმედია, ვეჯინის გამგებელი სიტყვას შეასრულებს. რაც შეეხება ფონდს "დააპურე თუნდაც ერთი ბავშვი", რომელიც შარშან, მარტში შეიქმნა, განაგრძობს ასეთი გაჭირვებული ოჯახების მოძიებას და ახლა რამდენიმეს ერთდროულად ეხმარება.

თამუნა ხუჭუა, ფონდ "დააპურე თუნდაც ერთი ბავშვის" წევრი:

- მკითხველი ფოტოებით მიხვდება, თუ რა მდგომარეობაში ცხოვრობენ ასეთი ოჯახების ბავშვები, ამიტომაც მათი სიდუხჭირის აღწერას აღარ შევუდგები... მე ვნახე ძალიან ბევრი შიმშილისგან გამხდარი, ბავშვობადაკარგული მოზარდი. შემზარავია, როცა XXI საქართველოში მოზარდები შიმშილით სიკვდილის პირას არიან მისული. ამ მძიმე სოციალურ ვითარებაში ძნელია ადამიანს სრულიად უცხო ადამიანების დახმარება სთხოვო, მაგრამ ჩვენთვის უმნიშვნელო თანხა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელონია. მათთვის, ვისაც სტაბილური შემოსავალი აქვთ, ყოველთვიურად 10 ლარი ბევრს არაფერს ნიშნავს. გვყავს არასტაბილური შემომწირველებიც. ასევე ვაგროვებთ ტანსაცმელს და სათამაშოებს ბავშვებისთვის, რომელიც ამ ოჯახებში საკვებთან ერთად მიგვაქვს. ერთი სიტყვით, საერთო ძალებით ვახერხებთ რამდენიმე ათეულ ბავშვს ერთი ლამაზი და უზრუნველი დღე ვაჩუქოთ...

დახმარების მსურველებს შეუძლიათ ამ მცირედი, მაგრამ მადლიანი საქმის კეთებაში შემოგვიერთდნენ და თქვენი საიტის ადმინისტრაციას, ან ამ სტატიის ავტორს დაუკავშირდნენ.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)