სტატია, რომელიც ზელენსკისაც გააცოფებს და ბაიდენსაც - "უკრაინა სხვებმა გამოიყენეს, ყველაფერი ვაშინგტონის სამზარეულოში მომზადდა" - კვირის პალიტრა

სტატია, რომელიც ზელენსკისაც გააცოფებს და ბაიდენსაც - "უკრაინა სხვებმა გამოიყენეს, ყველაფერი ვაშინგტონის სამზარეულოში მომზადდა"

ბრიტანული გაზეთი „დეილი მეილი“ (Daily Mail) აქვეყნებს პოლიტიკური მიმომხილველის პიტერ ჰიჩენსის სტატიას სათაურით „დღეს ჩემი ყველაზე მწვავე კრიტიკოსებიც კი მეთანხმებიან: მოვიდა დრო, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

რა მოუვიდა უკრაინის არმიის დიად კონტრშეტევას, რომლის მიზანს, როგორც კიევიდან გვაწმუნებდნენ, ვლადიმერ პუტინის ჯარების განადგურება წარმოადგენდა? ალბათ, გარკვეული სიურპრიზები ჯერ კიდევ შეიძლება მოხდეს, მაგრამ მთლიანობაში, როგორც ჩანს, შეტევა მართლაც ჩიხშია შესული და ჯარისკაცები სანგრებში არიან ჩამჯდარნი - ზუსტად ისე, როგორც ეს პირველ მსოფლიო ომში, პოზიციური ბრძოლების დროს იყო, როცა ირგვლივ სისხლი, ჭუჭყი და მიწა ერთმანეთში იყო არეული, როცა საარტილერიო სროლების დროს მასობრივად იხოცებოდნენ ომში ჩართული ქვეყნების ახალგაზრდები.

ამერიკაში კი ისინი, რომლებიც ოდესღაც ამ ომის გაცხარებული მომხრეები იყვნენ, დღეს უკვე ვნებებს იცხრობენ და თანდათანობით „ცივდებიან“. ამას წინათ ამერიკულმა ტელეარხმა NBC News-მა განაცხადა, რომ უკვე მიმდინარეობს „ფარული საუბრები და მზადება“ სამშვიდობო მოლაპარაკების დასაწყებადო.

მე პირადად ამ საკითხზე ლონდონელი აუდიტორიის წინ ჯერ კიდევ გაზაფხულზე ვლაპარაკობდი და ვამბობდი, რომ ეს სახიფათო და გამანადგურებელ-დამანგრეველი ომი მოლაპარაკების საფუძველზე უნდა დასრულდეს-მეთქი. ერთ-ერთი ჩემი ცხარე მოწინააღმდეგე და შეურიგებელი ოპონენტი იყო ინტერნეტ-კომენტატორი კონსტანტინე კისინი, რომელიც ყოველ ჩემს ნათქვამს დამცინავ და ირონიულ კომენტარს უკეთებდა. ბოლო დროს კი - ჰოი, საკვირველებავ! - მან ომის შეწყვეტის პროპაგანდა დაიწყო.

სწორი გადაწყვეტილებაა. მიხარია, რომ ამ „გზადაკარგულმა ცხვარმა“ საბოლოოდ გზა იპოვა და ჭეშმარიტება აღიარა. არ მინდა, რომ მას ვინმემ ისეთი შეუარაცხმყოფელი სახელი უწოდოს, როგორც ზოგიერთები მე მეძახდნენ - „კრემლის მხარდამჭერი“, „პუტინის აპოლოგეტი“ და ა.შ. უბრალოდ, ამ დასკვნამდე მე სხვებზე უფრო ადრე მივედი. საწყენი და დასანანია, რომ კისინს და მისნაირებს დღევანდელი თვალსაზრისი რვა თვის წინათ არ ჰქონდათ - რამდენი ადამიანი გადაურჩებოდა დაღუპვას და ცოცხალი და საღ-სალამათი იქნებოდა, რამდენი უკრაინული ქალაქი და სოფელი გადაურჩებოდა დანგრევას და განადგურებას, უკრაინას დღეს აღარ ეყოლებოდა მილიონობით ლტოლვილი...

ზოგიერთი შეფასებით, ომით უკრაინისთვის მიყენებული ზარალი 300 მილიარდ გირვანქა სტერლინგს (დაახლოებით 366 მილიარდ აშშ დოლარს) აღემატება. ვინ გადაიხდის ამ ფასს? დაღუპულებს, სამწუხაროდ, ვერანაირი ფულით ვერ აინაზღაურებ, იგივე შეიძლება ითქვას ხეიბრებზე და დასახიჩრებულებზეც. ისიც ცხადია, რომ ომს რაც უფრო ადრე შეწყვეტ, მით უფრო სწრაფად აღადგენ დაზარალებულ ეკონომიკას.

უკრაინისთვის ომი ყოველთვის ზედმეტი იყო. ომს მოსახლეობისა და ქვეყნისათვის უბედურების მეტი არაფერი მოუტანია. უბრალოდ, უკრაინა სხვებმა გამოიყენეს და ქვეყანა მათ დაპირისპირებას მსხვერპლად შეეწირა. პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ვაშინგტონის სამზარეულოში მომზადდა - იქ, სადაც უფრო ადრე ერაყში უსაფუძვლო შეჭრა გადაწყდა. მე ადრეც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ: ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკის წყალობით (ნატოს გაფართოებით), რომლითაც რუსეთს ვაგიჟებთ და წყობიდან გამოგვყავს, ჩვენივე უსაფრთხოების დონეს კი არ ვამტკიცებთ, არამედ უფრო ვაქვეითებთ.

მე მართლაც ძალიან მინდა, რომ ომი მალე დასრულდეს, მაგრამ ვშიშობ, რომ ეს არ მოხდება, სისხლისღვრა და ნგრევა გაგრძელდება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო