მართვადი ქაოსის ტექნოლოგია - როგორ ცდილობდნენ საქართველოში ანტისემიტიზმის გაღვივებას და ქართულ-სომხური კონფლიქტის პროვოცირებას - კვირის პალიტრა

მართვადი ქაოსის ტექნოლოგია - როგორ ცდილობდნენ საქართველოში ანტისემიტიზმის გაღვივებას და ქართულ-სომხური კონფლიქტის პროვოცირებას

შეიძლება არც იცით, თუ რა მარტივია რელიგიური ან/და ეთნიკური კონფლიქტის პროვოცირება. თუმცა ამ მოჩვენებითი სიმარტივის უკან „ბოროტი“ სპეცსამსახურების ხანგრძლივი და დაძაბული შრომა იმალება. საჭიროა გათვლილი იყოს ყველა დეტალი, რათა ბოროტმა საქმემ შედეგი გამოიღოს, ხოლო თავად ორგანიზატორი ჩრდილში დარჩეს. ეთნო–რელიგიური კონფლიქტის პროვოცირების სპეცოპერაცია რამდენიმე ეტაპისგან შედგება: იდეის დამუშავება; ტექსტის ან მოქმედების სცენარის (შემსრულებლების მსახიობური გარდასახვის ნიჭის გარდა, პროვოკაციის ოპერაციას სცენარიც დამაჯერებელი უნდა ჰქონდეს) შედგენა და ზემდგომი ხელმძღვანელის მიერ დამტკიცება; უშუალო შემსრულელების მოძებნა (ხანდახან მათ არც კი იციან, თუ რა ოპერაციაში მონაწილეობენ) და ბოლოს – დეზინფორმაცია–პროვოკაციის ელექტრონულ–ბეჭდვითი მედიითა და სოციალური ქსელებით ტირაჟირება.

აგერ უკვე თვეზე მეტია, რაც ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენები, ებრაელებსა და პალესტინელებს შორის სამხედრო დაპირისპირება მსოფლიოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ „დღის წესრიგს“ განსაზღვრავს და მასმედიის ყურადღების ცენტრშია. ყველას გვსურს მშვიდობა და ტერორიზმის დამარცხება. თუმცა არიან გამონაკლისებიც, რომლებიც ცდილობენ კიდევ უფრო გააღვივონ ეთნო–რელიგიური კონფლიქტი, რისთვისაც ორივე მხარის პროვოცირებას ახდენენ.

2023 წლის 15 ოქტომბერს გერმანიაში (ბერლინში, დორტმუნდში და სხვა ქალაქებში), იმ სახლების კედლებზე, სადაც ებრაელები ცხოვრობენ ე.წ. „დავითის ვარსკვლავის“ გრაფიტის ნახატები გამოჩნდა.

picture1-1699944166.jpg

დღევანდელი ბერლინი

30 ოქტომბერს, ღამით კი პარიზის ერთ-ერთ უბანში გამოჩნდა პირველი გრაფიტი ისრაელის სახელმწიფოს სიმბოლოს გამოსახულებით. ამის შემდეგ საფრანგეთის დედაქალაქსა და მის შემოგარენში დაახლოებით 250 ასეთი გრაფიტი აღმოაჩინეს. ამ, ერთი შეხედვით, უწყინარმა ფაქტმა კიდევ უფრო დაძაბა გერმანიასა და საფრანგეთში მცხოვრებ ებრაელებსა და არაბებს შორის ისედაც არსებული კონფლიქტი.

picture2-1699944166.jpg

დღევანდელი პარიზი

არაბები და პალესტინის მხარდამჭერები თვლიან, რომ ეს ისრაელის სპეცსამსახურების ნამოქმედარია და ამ სიმბოლიკის გამოსახვით ებრაელები რეკლამას უკეთებენ საკუთარ ქვეყანას. ებრაელებს კი მიაჩნიათ, რომ ეს ანტისემიტური ქმედებებია, რომლებმაც ნაცისტური ოკუპაციის დროინდელი მოგონებები გააღვიძა: როდესაც ნაცისტები დევნიდნენ ებრაელებს და ებრაულ სახლებსა და დაწესებულებებზე „დავითის ვარსკვლავებს“ ხატავდნენ.

picture3-1699944166.jpg

გასული საუკუნის 30 იანი წლების ბერლინი

მკითხველს შევახსენებ, რომ ექვსქიმიანი ვარსკვლავი გამოსახულია ისრაელის დროშაზე და არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი სიმბოლო. ამიტომაც „დავითის ვარსკვლავის“ დახატვა ერთდროულად შეიძლება ჩაითვალოს პროისრაელურ და ანტისემიტურ ქმედებად, რის გამოც ორივე მხრიდან გაჩნდა ურთიერთბრალდებები და საზოგადოებაში დაძაბულობამ პიკს მიაღწია. იქნებ ესეც იყო ამ გრაფიტების მიზანი? ამას ხელი შეუწყო იმ გარემოებამაც, რომ ძალზე სწრაფად დაიწყო გრაფიტის ფოტოების ინტერნეტში გავრცელება.

საფრანგეთის პოლიციამ შეძლო სათვალთვალო კამერებზე დააფიქსირებული „მხატვრების“ – მამაკაცისა და ქალის დაკავება, გაირკვა, რომ ისინი მოლდოვას მოქალაქეები იყვნენ. მათ განაცხადეს, რომ ისინი მოქმედებდნენ მათთვის უცნობი პირის თხოვნით, რომელმაც ანაზღაურების სანაცვლოდ გრაფიტების დახატვა შესთავაზა. ეს პირი მათ ტელეფონზე რუსულად ესაუბრებოდა. გრაფიტის ხატვისას „მხატვრებს“ თან უცნობი ფოტოგრაფი დაჰყვებოდა და ფოტოებს იღებდა. დანარჩენმა "მხატვრებმა" მოასწრეს საფრანგეთის დატოვება.

ამის შემდეგ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „დავითის ვარსკვლავიანი“ გრაფიტის გამო დაძაბულობის გაღვივებაში რუსეთი დაადანაშაულა. საფრანგეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსული ქსელი RRN (Doppelgänger) იყო პირველი, ვინც გამოაქვეყნა სახლებზე გამოსახული „დავითის ვარსკვლავების“ გრაფიტის ფოტოები და აქტიურად დაიწყო მათი ტირაჟირება. ასე, რომ პროვოკაციების კვალი კვლავ „კრემლისკენ“ მიდის“, რაც სულაც არ არის მოულოდნელი.

ისტორია ადასტურებს, რომ დღეს რუსეთის სპეცსამსახურები მემკვიდრეობით მიღებული გეგმებით მოქმედებენ. რომელიმე ქვეყნის შიგნით პროვოკაციების ორგანიზება და ეროვნული შუღლის გაღვივებაც საბჭოთა/ რუსეთის სპეცსამსახურების "სავიზიტო ბარათია". ისტორიული გამოცდილება კი მართლაც შთამბეჭდავი აქვთ: ბუდაპეშტი, პრაღა, თბილისი, სუმგაითი, ბაქო, ვილნიუსი, რიგა, აფხაზეთი, ცხინვალი... - აი, კა-გე-ბე - გე-ერ-უსა და რუსეთის სპეცსამსახურების სისხლიანი პროვოკაციების მცირე ჩამონათვალი.

ბუდაპეშტი, 1956 წლის ოქტომბერი. მაშინდელი კა-გე-ბეს თავმჯდომარის, ი. სეროვის ბრძანებით, საბჭოთა კავშირიდან უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამოგონილი გვარებით სხვადასხვა ეროვნების 20-ზე მეტი სუკ–ის აგენტი ჩავიდა. ისინი ქალაქის ქუჩებში აკრავდნენ პროვოკაციულ პროკლამაციებს და თავს ესხმოდნენ . . .. . საბჭოთა ჯარისკაცებს. ყველაფერი ეს კი მიმართული იყო იქითკენ, რომ გაემართლებინათ საბჭოთა სამხედრო ჩარევა მშვიდობიანი დემონსტრაციების წინააღმდეგ.

picture4-1699944166.jpg

ბუდაპეშტი 1956 წელი. შენობის კედელზე აწერია: „სიკვდილი უშიშროებას“

პრაღა, 1968 წლის აგვისტო. კა-გე-ბეს 30-ზე მეტი არალეგალი აგენტი სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტის ლეგენდით ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქში ჩავიდა. ღამღამობით ისინი ქუჩებში აკრავდნენ პროვოკაციულ პლაკატებს, ლოზუნგებსა და პროკლამაციებს, აკეთებდნენ წარწერებს სადაც... კომუნისტების ფიზიკური განადგურებისკენ მოუწოდებდნენ პრაღელებს. კა-გე-ბე და გე-ერ-უ ამას არ სჯერდებოდა: ჩეხოსლოვაკიის მთელ ტერიტორიაზე თავად აწყობდნენ იარაღის სამალავებს და შემდეგ თავადვე "პოულობდნენ". მეორე დღესვე საბჭოთა პრესაში (უპირველესად, გაზეთები "პრავდა" და "იზვესტია" აქტიურობდნენ) იბეჭდებოდა სტატიები, რომელიც ჩეხოსლოვაკიაში კონტრევოლუციური ძალების გააქტიურებასა და მათ მიერ სამხედრო აჯანყების მომზადებაზე გაჰყვიროდა.

picture5-1699944166.jpg

პრაღა 1968 წელი. საბჭოთა „მშვიდობისმყოფელები“

საბჭოთა სპეცსამსახურები მიზნის მისაღწევად არაფერს თაკილობდნენ. პოლიტიკური მკვლელობები, დივერსიები, სხვადასხვა ეროვნების (არაბი, ქურთი, იტალიელი, გერმანელი და ა.შ. ) ტერორისტების მომზადება, სეპარატისტული რეჟიმების შექმნა და ა.შ. თუმცა ამ ბინძური საქმიანობის "მარგალიტების გვირგვინში" ცალკე, "გამორჩეული" ადგილი უკავია საზღვარგარეთ და საბჭოთა კავშირში ნეოფაშისტური ორგანიზაციების შექმნას და ეროვნებათაშორისი შუღლის პროვოცირებას. საბჭოთა დაზვერვა ფიქტიურ ნეონაცისტურ ორგანიზაციებს, პირველ რიგში, დასავლეთ გერმანიასა და ლათინურ ამერიკაში ქმნიდა, სადაც ყველაზე ბევრი ფაშისტური იდეოლოგიის თაყვანისმცემელი ცხოვრობდა და ცხოვრობს. ამ, სრულიად საიდუმლო ოპერაციებს პირადად კა-გე-ბეს შეფი იური ანდროპოვი უწევდა კონტროლს. ერთ-ერთი პირველი ნეონაცისტური ორგანიზაცია 1971 წლის ბოლოს შეიქმნა მიუნჰენში და მას ყოფილი "ვერმახტის პოლკოვნიკი", "ბარონი ფონ ჰოენშტაინი" ხელმძღვანელობდა. სინამდვილეში კი, ამ გვარით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში წლების მანძილზე ფარულად ცხოვრობდა და მოქმედებდა საბჭოთა არალეგალური დაზვერვის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი იური დროზდოვი. ამ, ვითომდა "ნეოფაშისტური" ორგანიზაციის

picture6-1699944166.jpg

იური დროზდოვი

ძირითადი წევრები გერმანიაში არალეგალურად მცხოვრები რუსი ეროვნების საბჭოთა მზვერავები იყვნენ. ისინი გერმანელ ახალგაზრდებში და მესამე რეიხის ყოფილ ოფიცრებში ფარულ აგიტაციას ეწეოდნენ და ორგანიზაციის წევრობას სთავაზობდნენ. ბევრი თანხმდებოდა და შედეგად მთლიანად ებმებოდა კა-გე-ბეს მახეში. ფაშისტური გამოსვლები, ებრაელთა სასაფლაოების დარბევები და ბევრი ამგვარი "გმირობა" ნეონაცისტური ორგანიზაციების სავიზიტო ბარათი იყო.

ამის პარალელურად, საბჭოთა "დეზინფორმაციული მანქანა" სასწრაფოდ ავრცელებდა ინფორმაციას "გერმანელი ფაშისტების" ახალი ვანდალური მოქმედებების შესახებ. ამ ოპერატიული კომბინაციით საბჭოთა დაზვერვა ერთდროულად ოთხ "კურდღელს იჭერდა": ნეონაცისტური მოძრაობის გააქტიურებით საერთაშორისო საზოგადოების თვალში კომპრომეტირებას უკეთებდა დასავლეთ გერმანიის ხელისუფლებას; ახდენდა ამ ქვეყანაში შიდაპოლიტიკური სიტუაციის უაღრესად დაძაბვას; უკიდურესად აღვივებდა ეროვნებათაშორის შუღლს და ბოლოს - ამ ორგანიზაციების წევრები თანდათანობით კა-გე-ბეს სრული კონტროლის ქვეშ ექცეოდნენ.

ქვეყნის შიგნით ანალოგიური ლეგენდარული "ფაშისტური" ორგანიზაციების შექმნას საბჭოთა კონტრდაზვერვა ხელმძღვანელობდა. ამ ოპერატიულ სპეცოპერაციებს "პროფილაქტიკური ღონისძიებები" ერქვა და ამ გზით ცდილობდნენ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში (უპირატესად, ახალგაზრდებში) ნაცისტური სიმბოლიკის და იდეების მიმდევრების გამოვლენას, შემდეგ კი, შანტაჟის გზით მათ "დავერბოვკებას" არაფერი აბრკოლებდა.

საბჭოთა კავშირი კარგა ხანია, "მიიცვალა", მაგრამ ამჟამად მისი სპეცსამსახურების საქმიანობის "ღირსეულ" მემკვიდრეებად რუსეთის სპეცსამსახურები გვევლინებიან, რომლებიც იმავე მეთოდებით ცდილობენ სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას: პოლიტიკური მდგომარეობის უკიდურესად დაძაბვა, რელიგიური და ეროვნული შუღლის ჩამოგდება, ეკონომიკური მდგომარეობის გამწვავება - ესაა მათი მთავარი მიზანი. შეიძლება ბევრს აღარ ახსოვს 1990-იანი წლების ბოლოს თბილისში ებრაელთა საფლავების შეურაცხყოფის რამდენიმე შემთხვევა. მაშინ ეს დანაშაულებები გაუხსნელი დარჩა, არავითარი ხელჩასაჭიდი კვალი არ იყო დატოვებული და ჩანდა, რომ პროფესიონალების ნამოქმედართან გვქონდა საქმე. ერთ–ერთი ასეთი დარბევა 1998 წლის გაზაფხულზე მოხდა, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ისრაელში ვიზიტის წინ. შემდეგ კი ახალციხესა და ახალქალაქში გავრცელებული პროვოკაციული პროკლამაციებით ქართველებისა და სომხების დაპირისპირებას ცდილობდა საქართველოს მტერი. სამწუხაროდ, მაშინ ეს ფაქტები სათანადო რეაგირების გარეშე დარჩათ ჩვენ სპეცსამსახურებს.

რუსეთის სპეცსამსახურები დღესაც "მართვადი ქაოსის" სცენარით მოქმედებენ: მაგალითად აფრიკის პატარა ქვეყანა „ჯორჯლანდიაში“ პოლიტიკური, ეთნიკური, რელიგიური, სოციალურ-ეკონომიკური, ეკოლოგიური და ა.შ. დაპირისპირების გასამწვავებლად აგენტურას ნერგავენ ორივე მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ორგანიზაციაში და სრულად აკონტროლებენ მათ მოქმედებას: საჭიროების შემთხვევაში, უმატებს ან უკლებს "დაძაბულობის ტემპერატურას".

„ჯორჯლანდიის“ ნატოსა და ევროკავშირისკენ სწრაფვა კიდევ უფრო გაახშირებს მრავალფეროვან პროვოკაციებს. ვითომ არიან ისინი ამ ბრძოლისთვის მზად?