დიდი ტრაგედიის წინათგრძნობა და დაპირისპირება ზელენსკისა და ზალუჟნის შორის - ავდეევკას ხაფანგი
2023 წლის იანვრის შუა რიცხვებში დაეცა სოლედარი, მაისში ბახმუტი...
უკრაინის დონბასის ამ ორი პატარა ქალაქისთვის განსაკუთრებულად დიდი სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობდა 8-10 თვის განმავლობაში და რუსმა ოკუპანტებმა მართალია ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოახერხეს ამ უკრაინული ქალაქების დაპყრობა.
გასაგებია, რომ მსხვერპლი, მართალია რუს ოკუპანტებზე ბევრად ნაკლები, მაგრამ მაინც მტკივნეული, ამ ქალაქების დაცვაში მყოფ უკრაინის არმიის შენაერთებსაც ჰქონდათ მაშინ, როდესაც არც სოლედარისა და არც ბახმუტის შენარჩუნება არ წარმოადგენდა სტრატეგიულ ამოცანას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, თუმცა პოლიტიკური თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანი გახლდათ...ოფიციალური კიევისთვის...
სწორედ , ჯერ სოლედარის და შემდეგ კი ბახმუტის დასაცავად უკრაინული არმიის ახალ-ახალი დანაყოფების გადასროლა გახდა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისა და შეიარაღებული ძალების მთავარსასრდლის ზალუჟნის კულუარული დაპირისპირების მიზეზიც:
გენერალი ზალუჟნი სოლედარისა და ბახმუტის შემთხვევაშიც თვლიდა, რომ ამ ქალაქების დაცვა არ წარმოადგენდა სტრატეგიულ აუცილებლობას და უფრო საჭირო იყო უკრაინის არმიის ძალების კონცეტრირება დაწყებული კონტრშეტევების გაძლიერებაზე, მათ შორის ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზის მონაკვეთზე, სამხრეთით,აზოვის ზღვის სანაპიროზე გასაჭრელად...
პრეზიდენტი ზელენსკის კი მიაჩნია, რომ გასულ წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ბევრი ქალაქის ოკუპაციის შემდეგ, კიდევ ახალი უკრაინული ქალაქების დათმობა რუსი ოკუპანტებისთვის, უდიდესი პოლიტიკური დარტყმა იქნება მისი ხელისუფლების იმიჯისთვის დასავლეთელი პარტნიორების თვალში და ამიტომაც ზელენსკი უკრაინის არმიის მეთაურობისგან, პირველ რიგში კი სწორედ გენერალ ზალუჟნისგან, კატეგორიულად მოითხოვს, არ დათმონ არც ერთი სოფელი, არათუ ქალაქი...
არადა, უკან დახევა და თუგინდ რომელიმე ქალაქის დატოვებაც არ წარმოადგენს კატასტროფას ტაქტიკური ან მითუმეტეს სტრატეგიული თვალსაზრისით, თუკი არ ღირს მისი დაცვისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საბრძოლო რესურსების დახარჯვა, რომლებსაც არმია ფრონტის სხვა უბანზე ბევრად ეფექტიანად გამოიყენებდა...
სხვათაშორის, ზუსტად ერთი წლის წინ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა თავად დატოვეს ოკუპირებული უკრაინული ქალაქი ხერსონი და მთლიანად მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპირო, რაც იმ მომენტში პუტინის რეჟიმის პოლიტიკური რეჟიმისთვის ძლიერი დარტყმა გახლდათ, მაგრამ საბოლოო ჯამში რუსმა ოკუპანტებმა ბევრად უფრო გაიუმჯობესეს პოზიციები მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე და რაც მთავარია, თავიდან აიცილეს დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე მიმწყვდევა, რაც ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდებოდა, ისინი მარცხენა სანაპიროზე დროულად რომ არ გადაბარგებულიყვნენ...
და ის ყველაფერი, რაც ზემოთ მოვყევი, სოლედარისა და ბახმუტისთვის ბრძოლებთან მიმართებაში, დღეს ერთი-ერთზე მეორდება დონბასის კიდევ ერთი პატარა ქალაქის-ავდეევკის თავდაცვის შემთხვევაში...

ქალაქი ავდეევკა და მისთვის ბრძოლა ნამდვილად უკვე შესულია თანამედროვე ომების ისტორიის სახელმძღვანელოში და ერთგვარ რეკორდს ხსნის, რადგან უკრაინის არმია დონეცკის ოლქის ამ ქალაქს... 2014 წლიდან იცავს!
ომამდე ამ პატარა უკრაინულ ქალაქში 30 ათასამდე მოსახლეც კი აღარ ცხოვრობდა და ის წესით არ უნდა წარმოადგენდეს ისეთი სტრტეგიული მნიშვნელობის ობიექტს, რომ მის დასაპყრობად წლების განმავლობაში ამდენი მებრძოლი შეაკლა და უზარმაზარი რაოდენობის ჯავშანტექნიკა დაკარგო, მაგრამ რუსეთში სხვანაირად ფიქრობენ...
პუტინისთვის კონკრეტული ავდევკა თუ ბახმუტი, არაფერს წარმოადგენს, მას უფრო გლობალური პრობლემის მოგვარება სურს - „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ( როგორც უკრაინასთან ომს „მოფერებით“ ეძახიან რუსეთში) „გამარჯვებით“ დამთავრების უწყება თავისი მოსახლეობისთვის, მაგრამ ამისთვის აუცილებლად საჭიროა, რომ რუსეთმა ბოლომდე დაიპყროს დონეცკის ოლქი, რისთვისაც ჯერ კიდევ ბევრი უკლია და ამიტომაც შეაკლა „ვაგნერელები“ ჯერ ბახმუტის აღებას და ეხლა იგივეს იმეორებს ავდეევკის მიმართებაშიც.
10 ოქტომბრიდან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განსაკუთრებული მონდომებითა და დიდი ძალებით შეუტიეს ავდეევკას ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე და მის სრულ ალყაში მოქცევას ცდილობენ...
14 ნოემბრის მდგომარეობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებს სულ რაღაც 5-6 კმ-ღა აქვთ დარჩენილი, რომ ალყის ყელი შეკრან.
მართალია, მათ ამისთვის კიდევ დიდი ბრძოლები მოუწევთ, მაგრამ ის ერთადერთი გზა, რომელიც წვიმებში არ ტალახდება და რომლის საშუალებითაც მარაგდებიან ავდეევკის დამცველები, რუსი ოკუპანტების მუდმივი საარტილერიო ცეცხლის ქვეშაა, ხოლო საბრძოლო მასალებით მომარაგებისა და დაჭრილების გაყვანის საშუალების გარეშე დარჩენილ უკრაინელ მებრძოლებს ძალიან გაუჭირდებათ ავდეევკის დაცვა...
უფრო მეტიც, არსებობს ალყაში ჩარჩენის საშიშროება, რასაც უკრაინელები მართალია გადაურჩნენ ბახმუტში,მაგრამ ავდეევკაში ასეთი საშიშროება კვლავ წამოიჭრა...